სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს მისამართით გიგი უგულავას განცხადება უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელია .
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 25 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უგულავამ სასჯელაღსრულების სამინისტროს მისამართით უპასუხისმგებლო და გონივრულ არგუმენტებს მოკლებული განცხადებები გააკეთა.
"კერძოდ, მან თქვა, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა იმიტომ, რომ მაყურებლები მართავენ ციხეს და აღარ მართავს ადმინისტრაცია.
გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ, თუ როგორი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებლები 1994 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. აღნიშნული მაჩვენებელი გამოითვლება სპეციალური ფორმულის საშუალებით, ყოველ 10 000 მსჯავრდებულზე სტანდარტულად და პატიმართა რაოდენობას ამ მონაცემზე გავლენა არ აქვს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ისტორიულად ყველაზე დაბალია. რაც შეეხება ციხეებში გარდაცვალების შემთხვევებს აბსოლუტურ ციფრებში, იგი 2013 წელს არათუ გაიზარდა, არამედ 2011 წელთან და 2012 წლის პირველ ნახევართან შედარებით 132 შემთხვევიდან 25 შემთხვევამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია 2013 წელს.
სიკვდილობა აბსოლუტურ ციფრებში კი სამინისტროს ცნობით ასეთია: 1994 წელს - 156; 1995 წელს - 108; 1996 წელს - 78; 1997 წელს - 92; 1998 წელს - 85; 1999 წელს - 54; 2000 წელს - 53; 2001 წელს - 31; 2002 წელს - 39; 2003 წელს - 52; 2004 წელს - 43; 2005 წელს - 47; 2006 წელს - 92; 2007 წელს - 100; 2008 წელს - 90; 2009 წელს - 90; 2010 წელს - 144; 2011 წელს - 132; 2012 წლის პირველი ნახევარი - 58; 2013 წელს კი - 25", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, დიდი განსხვავებაა სამედიცინო მომსახურების მიწოდების მაჩვენებლებშიც.
"2013 წელს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში 5630-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო, მაშინ, როდესაც 24500 პატიმრის პირობებში ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 400-1240 ფარგლებში მერყეობდა. მკვეთრი გაუმჯობესებაა ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლებშიც. ახალი შემთხვევების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 7.5-ჯერ არის შემცირებული. შემუშავდა და ინიცირებულია ჩ ჰეპატიტის პროგრამა. ევროსტანდარტს მიუახლოვდა სამედიცინო პერსონალსა და პატიმრებს შორის თანაფარდობაც. დაინერგა ელექტრონული სამედიცინო ისტორია და რეფერალის მართვის მოდული. შემუშავდა სუიციდის პრევენციის პროგრამა. გაუმჯობესდა კვების სტანდარტი. 35%-ით შემცირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება სისტემაში და გაუმჯობესდა 500 სხვადასხვა სახეობის მედიკამენტით მომარაგება", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გააკეთეს არაერთი შეფასება პენიტენციურ სისტემაში მომხდარ დადებით ცვლილებებზე. მათ შორის ევროკავშირის შემფასებელთა ჯგუფმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის მიერ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები წარმატებით შესრულდა.
"დაუჯერებელია ბატონი უგულავას განცხადება, რომ ეს რეფორმები "მაყურებლებმა" და პატიმრებმა გააკეთეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო დღემდე ერიდებოდა ინფორმაციის გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ გადაჰყავდათ ე.წ. "კანონიერი ქურდები" სხვადასხვა დაწესებულებებში 2-3 დღით ვითარების დასარეგულირებლად. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს მონაცემებიც გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს როგორ მართავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წინა ხელისუფლების პირობებში", - აცხადებენ სუბარის უწყებაში.