მიმდინარე წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 13 დეკემბრისა და გაზეთ „რეზონანსის“ 16 დეკემბრის ნომრებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „ეროვნული მეცნიერების მომავლისათვის“, რომელშიც ხაზი გავუსვით იმას, რომ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეუძლებელია განზე გადგეს იმ პროცესებისაგან, რაც ჩვენი მეცნიერების მომავალს შეეხება“. იქვე აღვნიშნავდით, რომ დღეს მეცნიერების ორგანიზაციის საკითხების დამუშავება ხდება სამეცნიერო წრეებისათვის სრულიად არატრანსფარენტულად და, რაც მთავარია, არაკვალიფიციურად, რაც საზოგადოებაში მკვეთრად არაჯანსაღ აჟიოტაჟს იწვევს.
ასეთ ვითარებაში ჩვენ დავაყენეთ სრულიად ადეკვატური მოთხოვნა: „გასაჯაროვდეს მეცნიერების ორგანიზაციის პროცესი და ამ საქმეში წარმმართველი როლი დაეკისროს თავად მეცნიერებს, კერძოდ, ისეთ ლეგიტიმურ სამეცნიერო დაწესებულებას, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა“. ჩვენ ველოდით ამ წინადადებაზე სამინისტროს მხრიდან სათანადო, დემოკრატიული საზოგადოებისათვის შესაფერის გამოხმაურებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ ამჟამად (როგორც ჩანს) მეცნიერების ორგანიზაციით რეალურად დაკავებულმა მინისტრის მოადგილემ და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დაიწყეს დედაუნივერსიტეტში გაერთიანებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორების ჯგუფურად დაბარება და წაუყენეს წინადადება (არსებითად - ულტიმატუმი), რომ დროა დასრულდეს უნივერსიტეტთან მათი ინტეგრაციის პროცესი და ამისათვის სასწრაფოდ(!) უნდა წარმოადგინონ ისეთი სამეცნიერო პროექტები, რომელთა შეფასება მოხდება აღნიშნული "ინტეგრირების" მოთხოვნებით. თანაც, ჯერაც არ არსებობს ამ "სასწრაფოდ წარმოსადგენი" პროექტების ნორმები და კრიტერიუმები!.. და ეს ხდება მაშინ, როცა ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩება!..
ამგვარად, ირკვევა, რომ სამინისტროში მოულოდნელად გადაწყდა მეცნიერების ორგანიზაცია მოახდინონ წინა ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული „თემატური დაფინანსების პრინციპით“, რაც გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სრულ ლიკვიდაციასა და ცალმხრივად შერჩეული სამეცნიერო პერსონალის "ინტეგრირებას" უნივერსიტეტებში. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე საქართველოში სამეცნიერო კერებზე ასეთი გამანადგურებელ დარტყმის მცდელობას შედეგად მოჰყვა სამეცნიერო საზოგადოების დიდი პროტესტი, რის გამო ნაციონალებმა უკან დაიხიეს...
სამწუხაროდ, დღეს, როგორც ჩანს, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ნაციონალების ამ იდეის რეანიმაცია, უფრო მეტიც, მისი რეალიზაცია ცაიტნოტის რეჟიმში. როგორც ირკვევა, სამინისტროსთან „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ შექმნა, სამინისტროს მესვეურთა ჩანაფიქრით, სინამდვილეში გულისხმობდა არა ობიექტური შეფასების საფუძველზე შერჩეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ერთობას, არამედ ცალკეული სამეცნიერო ჯგუფების („პროექტების“) გაერთიანებას, რომელსაც ამ უწყების „მეცნიერების დეპარტამენტი“ უხელმძღვანელებს. ამ ვერსიის მართებულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ მიერ ნახევრად არალეგალურად გავრცელებულ „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ სქემაში ინსტიტუტები წარმოდგენილია სამეცნიერო საბჭოების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო საბჭოს გარეშე განა ნონსენსი არ არის?!..
როგორც ჩანს, ასეთ გეგმებს ადგენენ ადამიანები, რომელთაც ან არა აქვთ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება და, შესაბამისად, ვერ ითვალისწინებენ იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეცნიერების სწორ ორგანიზაციას, ან ამ რთულ ვითარებაში ცდილობენ სადავეები ხელში იგდონ და ბოლო წერტილი დაუსვან ლომაიას დროს წამოწყებულ მუხანათურ გეგმას - არსებითად ეროვნული მეცნიერების განადგურებას! გამოდის, რომ ცალკეული უწყებები არსებითად უგულებელყოფენ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ნებას, გამოხატულს ქვეყნის ბიუჯეტის კანონით, რომელშიც მეცნიერების ორგანიზაციას პრიორიტეტული პოზიცია აქვს განკუთვნილი...
სწორედ ამიტომ მოვითხოვდით და მოვითხოვთ მეცნიერების ორგანიზაციის პროცესის გასაჯაროებას და ამ საქმეში სამეცნიერო და სამეცნიერო-ორგანიზაციული საქმიანობის გამოცდილების მქონე სპეციალისტების ჩართვას. ვისაც სასარგებლო საქმის ქმნა განუზრახავს, ვისაც გულში უკეთურება არ უდევს, იმას საკითხის სინათლეზე გამოტანისა და საჯარო განსჯის არ უნდა ეშინოდეს! იმედია, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები გულთან მიიტანენ სამეცნიერო საზოგადოების განსაცდელს და ბრმად არ დაჰყვებიან ზემდგომი უწყების ვოლუნტარისტულ მითითებებს!..
წლების განმავლობაში უსამართლოდ დასჯილი და დამცირებული, ამ განუკითხაობის შედეგად საგრძნობლად შეთხელებული სამეცნიერო საზოგადოებაც სამართლიანობის აღდგენას მოუთმენლად ელოდება!..
ამ სახელმწიფოებრივი პრობლემის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრებები და მას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ.