"ამ წელს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1 100 ადამიანი დაფიქსირდა. მანამდე იყო ჯერ 700, შემდეგ - 800, გაიზარდა 900-მდე და უკვე 1100 ოჯახია ასეთი." - მესტიის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა წლებთან ერთად მატულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უჭირთ და დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.
ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ასეთად ასახელებენ ხუდონჰესის მშენებლობას.
პროექტის მნიშვნელობაზე მესტიის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"თუ ჩვენ სახელმწიფოს განვითარება გვინდა, ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია ეს პროექტი ადგილობრივი ეკონომიკისთვის, რადგან ადგილობრივი წარმოება რომ განვითარდეს, ამისთვის გენერაციის დამოუკიდებელი წყარო უნდა არსებობდეს. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსახლეობის აზრი. რამდენად არის ამისთვის მზად ადგილობრივი მოსახლეობა, მზად არიან ისინი სახელმწიფოს ინტერესებისთვის დათმონ თავიანთი საცხოვრებელი? ამ ყველაფერს სიფრთხილით მოკიდება ჭირდება და კარგად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი." - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.