ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბანში ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი გახსნეს.
ღონისძძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადიგენის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფელ უტყისუბანში 17 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც 10 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სამუშაოები კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეასრულა. აშენდა 10 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი, მოეწყო სატრანსფორმატორო პუნქტები. განხორციელებულ სამუშაოებზე 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
გარდა სოფელი უტყისუბანისა, ელექტროგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულებულია თიანეთის რაიონის სოფელ გრძელველში (15 აბონენტი), ქარელის რაიონის სოფელ ლეთეთში (16 აბონენტი), ხაშურის რაიონის სოფელ ღართასა (31 აბონენტი) და გორის რაიონის სოფელ ქსოვრისში (19 აბონენტი). ამჟამად, ელექტროფიცირების სამუშაოები თიანეთის რაიონის სოფელ ჭიაურასა (18 აბონენტი) და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჩხიკვთაში (60 აბონენტი) მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ამ სოფლების ელექტროფიცირებისათვის აუცილებელი თანხები მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, სულ 1,7 მლნ ლარი.
ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო დაფინანსებით ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა უშუქო სოფელი (35 სოფელი) ელექტროფიცირებული იქნება.