ხუდონჰესის მშენებლობას და ამ პროექტის ირგვლივ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დებატებს თავის ფეისბუქის გვერდზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე გამოეხმაურა.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ ხუდონის პროექტზე და როგორც ვატყობ, ადამიანთა გარკვეული წრე მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში აზრის დამკვიდრებას, რომ თითქოს ხუდონჰესის აშენებით „იხეირებს“ მხოლოდ ინვესტორი. ხოლო, ქვეყანა და ქართული საზოგადოება ვერანაირ სარგებელს და ეფექტს ამ პროექტით ვერ მიიღებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფაქტების შეგნებული დამახინჯების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არადა, რეალურად პირიქით არის - ხუდონჰესის პროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ შთამბეჭდავია.
და აი რატომ:
- ხუდონჰესის მშენებლობა და ის 1,2 მილიარდი აშშ დლოლარის ინვესტიცია (200-200 მილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად მშენებლობის 6 წლის განმავლობაში), რომელიც ამ პროექტისთვის განხორციელდება, უშუალო გავლენას მოახდენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის (მშპ) მაჩვენებელზე. თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ კორელაციას, რომლის მიხედვითაც 1 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იწვევს მშპ-ს დაახლოებით 5%-იან ზრდას, ხუდონჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში (2014-2020 წლები) მხოლოდ ეს ერთი პროექტი ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკურ (მშპ-ს) ზრდას დამატებითი 1 %-ით უზრუნველყოფს.
- ხუდონჰესის მშენებლობის აქტიურ ეტაპზე (2014-2020 წლები) სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დამატებით 26 მილიონ ლარს მიიღებს. მათ შორის, სვანეთი და ადგილობრივი ბიუჯეტი ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ლარს მიიღებს.
- ხუდონჰესის ექსპლოატაციის 2020-2037 წლების ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დამატებით 57 მილიონ ლარს მიიღებს. მათ შორის, სვანეთი და ადგილობრივი ბიუჯეტი ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 18 მილიონ ლარს მიიღებს.
- ხუდონჰესის აშენება საშუალებას იძლევა ენგურჰესის და ვარდნილჰესის სიმძლავრე კიდევ დამატებით 470 მლნ. კვტ/სთ-ით გავზარდოთ. და ეს, ენგურჰესსა და ვარდნილჰესში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების ჩადების და ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯების გარეშე. აღნიშნული აჩენს შესაძლებლობას, წლის პიკურ პერიოდში ნაწილობრივ ჩავანაცვლოთ რუსეთიდან იმპორტირებული ე.წ. 10 ცენტიანი ელექტროენერგია საქართველოში გამომუშავებული გაცილებით იაფი ელექტროენერგიით. კერძოდ, ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული 1,18 თეთრიანი 470 მლნ. კვტ/სთ. ელექტროენერგიით და ხუდონჰესის მიერ სახელმწიფოსთვის მიწოდებული 5,84 ცენტიანი 133,9 მლნ. კვტ/სთ. ელექტროენერგიით. მხოლოდ ამით, სახელმწიფო ბიუჯეტი და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, ყოველწლიურად დაახლოებით 34 მილიონ აშშ დოლარის ეკონომიას მივიღებთ.
- ხუდონჰესის ამოქმედების შემდეგ, თავად ხუდონჰესის, ენგურჰესის და ვარდნილჰესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალი დამატებით 1,6 მილიარდი კვტ/სთ-ით იზრდება. მხოლოდ ამ ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით ადგილობრივი ქართული კომპანიები ყოველწლიურად დამატებით 19 მლნ. აშშ დოლარს მიიღებენ.
და ეს, მხოლოდ ის პირდაპირი ფინანსური ეფექტი, რასაც სახელმწიფო და ქართული საზოგადოება მიიღებს ამ პროექტის რეალიზაციით. აღარაფერს ვამბობ ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე. ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, ძალიან დიდი თემა და ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საერთოეროვნული სტრატეგიული საკითხი!“ - წერს თავის ფეისბუქის გვერდზე ლევან კალანდაძე.