რას გაუკეთებს საჩხერელებს ვაკელი მანანა კობახიძე?

რას გაუკეთებს საჩხერელებს ვაკელი მანანა კობახიძე?


 რამდენიმე დღის წინ საჩხერესა და ჩემი წინაპრების სოფელ არგვეთში სტუმრობისას, საჩხერის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ადამიანის უფლებების დამცველსა და პედაგოგს, მანანა კობახიძეს შევხვდი - სოფლის მოსახლეობასთან საუბარი დასრულებული ჰქონდა და ის-ის იყო, მიდიოდა, გზად რომ ჩავიარე. ქალბატონი მანანა საჩხერელი არ გახლავთ და დავინტერესდი, როგორ მიიღო რაიონის მოსახლეობამ, უმეტესად რას ეკითხებიან, რა გასაჭირს უზიარებენ და რა პრეტენზიები აქვთ?

მანანა კობახიძე:
- ხანდახან დღეში 5-6 შეხვედრაც გვაქვს. ძალიან კარგად გვხვდებიან. ხალხს ჩვენი დიდი იმედი აქვს და დიდ მხარდაჭერასაც გამოხატავენ "ქართული ოცნებისადმი". მინდა გითხრათ, რომ აქ არჩევნები მოგებული გვაქვს. და არა მარტო აქ - მთელ საქართველოშიც. პრობლემები, რასაკვირველია, არის. მაგალითად, ამ სოფელს - გამოღმა არგვეთს, წყლის პრობლემა აქვს. გზაც მოსაწესრიგებელია. საჩხერეში კვლავაც დგას 20 წლის წინ მიწისძვრით დაზარალებულთა სახლების პრობლემა. როგორც ჩანს, დეპუტატებისა და საპარლამენტო-სახელისუფლებო დონეზე მხოლოდ ჰპირდებოდნენ და არაფერი გაუკეთებიათ. გარდა ამისა, მაგალითად, სოფელ სავანეში ქვიშის კარიერები სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის - ჰაერი ძალიან დაბინძურდა და ადამიანებს ჯანმრთელობა შეერყათ. აქაც არის საერთო პრობლემები: დაუსაქმებლობა, სოციალური დახმარებების არასწორი განაწილება, ბევრს საერთოდაც მოუხსნეს, რადგან "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერდა მხარს... კარგად იცით, რომ სამწუხაროდ, ბევრი პროექტი შეუჩერეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აქამდე უამრავი რამ გაუკეთა თავის მშობლიურ რაიონს, ახლა ამომრჩევლის მოსყიდვად უთვლიდნენ. მაგალითად, სახლის სახურავები დაწყობილია და ზიანდება, რადგან ამდენ ხანს ერთმანეთზე დადებული იპრესება; გზას აკეთებდა კომპანია "ატუ" და შეაჩერებინეს, რაზეც ძალიან წუხს მოსახლეობა.

- ბიძინა ივანიშვილისადმი აქაური მოსახლეობის განწყობილება ცნობილია, მაგრამ პირადად თქვენ როგორ გხვდებიან?
- ის, რომ არ ვარ საჩხერელი, ამ ადამიანებს დისკომფორტს არ უქმნის. პირიქით - მათ იციან ჩემი ბიოგრაფია, საიდან მოვდივარ და რა მიკეთებია და რომ სწორედ ბატონმა ბიძინამ გამომიცხადა ნდობა და მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელა. იციან, რომ ადამიანების უფლებების დაცვაა ჩემი საქმიანობა და პარლამენტიდანაც დავიცავ ამ რაიონის მცხოვრებლების და სხვა ადამიანების უფლებებსაც.

- და მაინც, განსაკუთრებული პრობლემები რომელ რაიონში შეგექმნათ? სადმე აგრესიით შეგხვდნენ?
ამ დროს საუბარში შეკრებაზე მყოფი არგვეთელი ქალბატონი ჩაერთო: მაგის თქმა ძალიან დიდი ცოდვაა; გეხვეწებით, ასეთი კითხვა საჩხერესა და მის სოფლებში არასდროს დასვათო... მაინც ვფიქრობ, ჟურნალისტის საქმე სწორედ კითხვის დასმაა, - მთავარია, ეს კითხვა კორექტული იყოს. ეს ქალბატონმა მანანამაც კარგად იცის და ამიტომაც, არ დაეთანხმა იმ არგვეთელს და, ბუნებრივია, დასმულ კითხვაზეც მიპასუხა:

- არანაირი აგრესია არსად მიგრძნია, პირიქით - სტუმართმოყვარეობასაც კი იჩენენ. ყოველი შეხვედრის შემდეგ მთხოვენ, რომელიმე ოჯახს ვესტუმრო და მასთან ერთად ლუკმა გავტეხო. ასე რომ, აქ საარჩევნო კამპანია ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გიქმნით დაბრკოლებას?
- არანაირს. პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად ვერ ბედავენ ზეწოლას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეხვედრებისთვის ხელი არასდროს შეუშლიათ. ვიცი, რომ საჯარო მოხელეებზე, განსაკუთრებით კი პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებზე ახდენენ ზეწოლას, მაგრამ სხვა რაიონების დარად - არა. აქ ისეთი ძლიერია "ქართული ოცნება", წარმოუდგენლად მიმაჩნია, მსგავსი რამ მოხდეს. თუმცა დადის გამგებელი და ჩემს დისკრედიტაციას ახდენს: ვაკელმა რა უნდა გაგიკეთოთ, ყავის სმის მეტი არაფერი იცისო!.. არადა, მისი საჩხერელობა სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმეს გააკეთებს, რადგან აქ თუ რამ გაკეთდა, მან კი არა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. კი, ბატონო, მზად ვარ მასთან პაექრობისთვის, დებატებისთვის, თუმცა როგორც ვიცი, ოფიციალურად ის არც დაუსახელებიათ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატად; არც ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა, უბრალოდ, გამგებელია და თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და პროპაგანდასაც ეწევა, მაგრამ... ხალხი შეაფასებს, ვის დაუჭიროს მხარი. როგორც ვიცი, ხალხი აგრესიით სწორედ მას ხვდება. აქაურებს შიშიც დაძლეული აქვთ. ასე რომ, ძალიან მშვიდი საარჩევნო კამპანია გვაქვს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ თავის რაიონში გამომიშვა და მადლობა ამ ხალხსაც, მის საქმეებს რომ აფასებს.
.