"ქართული ოცნების" ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა 25 აგვისტოს დუშეთში ვაჟაობის დღესასწაულზე ამომრჩეველი მოისყიდა - ერთ-ერთ უსინათლო მომღერალს 500 ლარი გადაუხადა. კოალიცია ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვს. გამოძიებას არასამთავრობებიც მოითხოვენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, დაირღვა თუ არა კანონი, მაგრამ აცხადებს, რომ სათანამშრომლოდ ყველა სტრუქტურასთან მზად არიან. კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ოტიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით კი გუშინ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს პროკურატურაში უჩივის / "ოტიაშვილს შეუძლია დაეხმაროს ვისაც უნდა, ოღონდ მას არა აქვს უფლება კანდიტატი იყოს".
"ოტიაშვილს შეუძლია დაეხმაროს ვისაც უნდა, ოღონდ მას არ აქვს უფლება იყოს კანდიტატი და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. თუ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, დაემორჩილოს კანონს. პროკურატურისგან ჩვენ მოვითხოვთ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. თუ არ არის დაწყებული, მოვითხოვთ, რომ დაიწყოს. ანალოგისთვის მაგალითს მოვიყვან - მიხეილ მესხმა, მიხეილ ამაშუკელმა და ჩხენკელმა მოქალაქეებს არასწორად მიუთითეს, თუ როგორ უნდა შეევსოთ ბუკლეტები და ეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაუთვალეს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. ამ თემაზე ინფორმაცია "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმაც" გაავრცელა - ცენტრს ეს თავად დეპუტატობის კანდიდატმაც დაუდასტურა - "გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე... ამომრჩევლის მოსყიდვა რა შუაშია, ჩემი ჯიბიდან დავეხმარე", - განაცხადა ოტიაშვილმა. ეს ინფორმაცია ცენტრს 19 წლის გიორგი ბასილაშვილმაც დაუდასტურა - სწორედ ბასილაშვილს გადასცა დეპუტატობის კანდიდატმა 500 ლარი", - აღნიშნავს გამოცემა.
"აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები", რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტის გამოძიებას სთხოვს - "დუშეთის საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს, "ვაჟაობაზე" ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. მსგავსი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - "ამომრჩევლის მოსყიდვას". მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "რეზონანსი" "ნაციონალური მოძრაობის" პრესპიკერს ესაუბრა. ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ზურაბ უტიაშვილის ფაქტთან დაკავშირებით ვერანაირ კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან ზუსტი დეტალები არ იცის", - დასძენს გამოცემა.
"ამ დარღვევის შესახებ მე ვიდეომასალა არ მინახავს და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ჩვენ მოწოდებულები ვართ იმისათვის, რომ ყველა სტრუქტურასთან ვითანამშრომლოთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საარჩევნო კამპანიის თაობაზე. თუ კონკრეტული სტრუქტურები ამ საკითხზე რეაგირებას მოითხოვენ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ. ამ კანონმა ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. ჩვენ ყოველგვარ უკანონობას ვემიჯნებით და ჩვენი შემოსავლების თაობაზე ამომრჩეველს ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდით. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ბოლოს მოხდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩათვალა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობის" რამდენიმე შემოწირულობა კანონის მოთხოვნის ფარგლებში არ ჯდებოდა. ამიტომ სახელმწიფო აუდიტის მითითებას დავემორჩილეთ და ჩვენ უკან დავაბრუნეთ 315 000 ლარის ოდენობის განხორციელებული შემოწირულობა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჩიორა თაქთაქიშვილი.
"ოპონენტები "ნაციონალებსა" და აუდიტის სამსახურს თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ეს დარღვევა იმიტომ იქნა დაფიქსირებული, რათა "ოცნების" ანგარიშების დაყადაღებების თემა როგორმე "გააპრავონ" და ამით ალიბი ჰქონდეთ, რომ აუდიტის სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებს. რასაც "ნაციონალების" პრესსპიკერი ასე პასუხობს: "ეს არასერიოზული ბრალდებაა. ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მთელ თავის საარჩევნო კამპანიას ამომრჩევლის მოსყიდვაზე აგებს. "ქართულ ოცნებას" უკვე 40 მილიონი ლარი აქვს დახარჯული ამ კამპანიის ჩასატარებლად, საიდანაც 26 მილიონი არაკანონიერადაა დახარჯული. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ოცნებისგან" განსხვავებით, უკანონო შემოწირულობები შემომწირველებს უკან დაუბრუნა და აუდიტის სამსახურს დაემორჩილა. ამიტომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ", - დასძინა თაქთაქიშვილმა. "რეზონანსი" პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. "ოცნება" ამ ფაქტით დაინტერესებას ცესკოსაც სთხოვს, ამიტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებასაც შევეცადეთ, თუმცა ზარებს არც ცესკოს პრესსამსახურში გასცეს პასუხი", - წერს სტატიის ავტორი.