ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან ნიჭიერი. სიმღერებისთვის თვითონ წერს მუსიკასაც და გულიდან ამოსულ ტექსტებსაც ქართულად, ინგლისურად და ფრანგულად. 23 აგვისტოს მის პირველ კონცერტს - "გპირდები" საჩხერეში, საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" სტადიონზე უამრავ გულშემატკივართან ერთად დავესწარით. გამოგიტყდებით და, რეპერის კონცერტზე პირველად ვიყავი და ვფიქრობდი, მოსმენა გამიძნელდებოდა, მაგრამ... ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდა, საათისთვის არც დამიხედავს, მაგრამ სცენიდან რომ გასაოცარი მუხტი მოდიოდა და კონცერტმაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა, ფაქტია. არც ფეხზე დგომას დავუღლივართ და არც მოსმენას.
ბერა ივანიშვილის პირველ სოლო კონცერტს მის მშობლიურ კუთხეში (სხვათა შორის, მეც იმ კუთხიდან ვარ) ყველა თაობის უამრავი ადამიანი ესწრებოდა. სტადიონი თურმე დღის 4 საათიდან ივსებოდა საჩხერის სოფლებიდან ჩამოსული ხალხით, საღამოს 8 საათისთვის კი, კონცერტის დაწყებისას, ისეთი ჭედვა იყო, მიმდებარე ტერიტორიაზეც ვერ მოიქნევდი კუდს. ფორმიანი პოლიციელები არ შემინიშნავს, თუმცა ამდენ ხალხში უმნიშვნელო უსიამოვნო ინციდენტიც კი არ მომხდარა. ჟურნალისტები საგანგებოდ მოწყობილი სცენის კიბესთან, ეგრეთ წოდებულ ღია კულისებში ვიდექით და ბერას გამოჩენას ველოდით, მაყურებელი კი მთელი ძალითა და ღონით მოუხმობდა სცენაზე ქართველ რეპერს.
ვხედავდით, ბოლთას სცემდა შორიახლოს. - ძალიან ვნერვიულობო, - ამ სიტყვებით მოგვიახლოვდა და ვიდრე ახალ მაისურზე ვკითხავდით, თვითონ აგვიხსნა:
- ყველასთვის საყვარელმა და საამაყო ქართველმა კახა კალაძემ "მილანში" თავისი ბოლო თამაშის მაისური მე მაჩუქა, რაც დიდი პატივია ჩემთვის. დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველი სოლო კონცერტი მაქვს. სტუდიაში "კალას" მაისური დავუმზადეთ, ამ მაისურით გავდივარ სცენაზე და კონცერტის შემდეგ აუცილებლად "კალას" ვაჩუქებ...
- რა განწყობით გადიხარ სცენაზე?
- სიტყვებს ვერ ვპოულობ... ერთი სული მაქვს, სცენაზე როდის გავალ...
ბერამ მოცეკვავეები მოიხმო, - სად არიან, ჩემთან მოვიდნენო. მერე იქვე, სცენაზე ასასვლელი კიბის შორიახლოს ხანმოკლე რიტუალი შესრულდა: თითქოს "ხორუმის" ცეკვას აპირებენო, ბერამ მათთან ერთად პატარა წრე შეკრა, ჩანს, ჩუმად რაღაც მნიშვნელოვანი უთხრა. შეიძლება, ილოცეს კიდეც; ჩვენ მხოლოდ ერთხმად შეძახილი "ქართული ოცნება" გავიგონეთ და მუსიკაც ჩაირთო... სტადიონი გუგუნებდა, ბერა სცენაზე რომ ავარდა, და ასე, ხმაურით, შეძახილებით, ტაშის გრიალით მის ერთ-ერთ დიდ ოცნებას ხორცი შეესხა - პირველი სოლო კონცერტი დაიწყო, თანაც - საჩხერეში:
- ბავშვობის უდიდესი ნაწილი აქ გავატარე, სკოლაში აქ დავდიოდი, ჩემი ბავშვობის მეგობრები აქ არიან, მე დღეს სახლში ვარ!
"შინ ყოფნა" აშკარად მატებდა სითამამეს და საჩხერელების შეძახილები დიდ სტიმულს აძლევდა. მაყურებელთან ერთად, ბერაც "ხურდებოდა": საჩხერევ, ყველაზე მეტად მიყვარხარ! ხალხო, ჩემს გულში ხართო! - შიგადაშიგ ესიყვარულებოდა მაყურებელს და უამრავ იმპროვიზებულ სანახაობასაც სთავაზობდა სცენიდან. ხალხიც არ იღლებოდა ბერას მოსმენით, ყურებით და მასთან ერთად სიმღერით. აშკარა იყო - საჩხერელებმა ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდნენ.
ბერა იწყებდა: "რაც არ უნდა გერქვას, შენი სისხლია წითელი" და მაყურებელი იმწამს ასრულებდა: "რაც არ უნდა გეცვას, შენ დაიბადე შიშველი"... სცენიდან განსაკუთრებული სითბოთი სტადიონზე მის მხარდასაჭერად და მოსასმენად მისულ დედას მოესიყვარულა და მისდამი მიძღვნილი სიმღერაც ისე ემოციურად შეუსრულა, არა მარტო ქალბატონ ეკა ხვედელიძეს, არამედ მაყურებელსაც აუჩუყა გული:
"...იცის, როცა მიჭირს, იცის, როცა მცივა,/ რაც არ უნდა ვქნა, იცის, როცა მტკივა./ და როცა ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთად,/ ხანდახან ცრემლებსაც ვიკავებთ ერთად.../ მახსოვს, ყველაფერი სად და როგორ დაიწყო,/ მაშინ შოუბიზნესი არ იყო,/ ვიყავი ვარსკვლავი, ოჯახი ჩემი პატარა ცა იყო,/ პირველი ფანი ჩემი პატარა და იყო./ კლასის ფანჯრიდან ცხოვრება მოკლე არ ჩანდა,/ ერთი სულის შებერვით დრომ ყველა გაგვფანტა./ სიყვარულით გამზარდა და ცხრა თვე მატარა,/ ვინც არ უნდა გავხდე, ვიქნები მისი პატარა..."
"ჩვენ გვაქვს ის, რასაც ვერ იყიდის ფული", - ეს სიტყვებიც ბერამ ქართულ ბუნებას - დედის, ოჯახის, სამშობლოს, მეგობრის განსაკუთრებულ სიყვარულს მიუძღვნა და ამის დასტურად მაყურებელს წარუდგინა ამერიკიდან საგანგებოდ მისი კონცერტისთვის ჩამოსული მეგობარი, ამერიკელი რეპერი ლერილ ფლეი, რომელიც ამერიკაში, მაიკლ ჯექსონის სტუდიაში გაუცნია...
მაყურებელს წუთით არ მოუწყენია, წუთით არ დაღლილა, წუთით არ შეუსვენია: ადგილზე ცეკვავდა და მღეროდა ბერასთან ერთად.
ეს ჩემი პირველი სოლო კონცერტია და სიკვდილამდე მემახსოვრებაო, - და ბერამ სცენიდანვე გადაუხადა მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებს, ხმის ინჟინრებს, კომპოზიტორ ავთო ბადუაშვილს, რომელსაც ეკუთვნის მისი ყველა სიმღერის არანჟირება: ავთო რომ არა, ჩემი ერთი სიმღერაც არ იარსებებდაო... ემადლიერებოდა ყველას და თან ნერვიულობდა, ვინმე არ გამომრჩესო. ამასობაში დაღამდა და ბერას თხოვნით, იქ მყოფმა დიდმა თუ პატარამ მობილურებით გაანათა სტადიონის ცა.
- ოცნებების ღამეა, ხალხო!
ბერას დღესასწაული - პირველი სოლო კონცერტი და პირველი საგასტროლო ტურნეს დასაწყისი საჩხერეში ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.
კონცერტის ბოლოს ბერას ხმა თითქმის აღარ ჰქონდა. ჟურნალისტებთან რომ გამოვიდა, თავისი ამერიკელი რეპერი მეგობარიც ახლდა.
- წარმოგიდგენთ "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" ახალ წევრს, ლერილ ფლეის, რომელიც ამერიკაში გავიცანი და დავმეგობრდით. მერე თანამშრომლობაც დავიწყეთ და დღეს ის უკვე საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად. თავს "ბლექ ჯორჯიანს" - "შავ ქართველს" ეძახის.
- ფლეიკო დევიდსონაშვილი, - ღიმილით "გაგვეცნო" ამერიკელი რეპერი ფლეი. - იმედია, ბევრ კარგ რამეს შევქმნით ერთად, - განაგრძობს ბერა, - ძალიან ნიჭიერი კაცია, ძალიან მაგარი რეპერი, სიმღერაც შეუძლია...
ბერას მობილური კი არ ჩერდებოდა, - ნომერი ხომ კონცერტზე თვითონ გამოაცხადა!
ბერა:
- ნახეთ, რამდენი "ესემესი" შემოდის ახლაც (გვიჩვენებს და პატარა ბავშვივით უხარია).
- ყველას წაიკითხავ? - ვეკითხები.
- რთული საკითხია... ვეცდები...
მერე კვლავ განცდებს გვიზიარებს:
- განსაკუთრებული დღე იყო. სცენაზე დიდ სითბოს ვგრძნობდი მაყურებლისგან. ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ იქ: დედა, უტა, გვანცა, ცოტნე. "კალა" მოვიდა, ჩემი მეგობრები მისმენდნენ - თითქმის ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი. აქ ერთი დიდი ოჯახი იყო. ეს სულ სხვა გრძნობაა და არა მარტო ის, რომ სოლო კონცერტზე გამოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, ბათუმის და დანარჩენი კონცერტებიც კარგად ჩაივლის. გუშინ კიდევ ერთ ამერიკელ მეგობარ რეპერს ველაპარაკე და ბათუმის კონცერტისთვის ჩამოსვლას აპირებს. საერთოდაც, ჩემი მუშაობა მეგობრობაზეა დამყარებული.
- "ქართული ვარიანტია"?
- ჰო, "ქართული ვარიანტია" (იცინის). ჩემს კონცერტებში რომელი სტუმარიც მონაწილეობს, კომერციული ინტერესი არ აქვს, ეს არის სუფთა მეგობრობა. ჩემ გვერდზე ყოველთვის მხოლოდ მეგობრებს დაინახავთ. კონცერტებიც თანდათან დაიხვეწება. რა თქმა უნდა, დღეს მცირედი ტექნიკური ხარვეზები იყო, მაგრამ გამოვასწორებთ. რეპეტიციის დროს ვერაფრით ვისწავლი იმას, რასაც სცენაზე ვსწავლობ. დროსთან ერთად, შოუც უკეთესი იქნება, დღევანდელმა დღემ კი (შეიძლება, სუბიექტურიც ვარ) ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
P.S. მართალია, 26 აგვისტოს ბერას კონცერტს ბათუმშიც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დაესწრებოდა, რომ არა ჩამოხეული აფიშები, სადაც კონცერტის ჩატარების ადგილი იყო მითითებული. ბათუმში დასასვენებლად მყოფმა ჩემმა მეგობრებმა გულდაწყვეტით მითხრეს, - ძალიან გვინდოდა კონცერტზე მისვლა, მაგრამ ვერაფრით მივაგენით ადგილს; ქალაქში მხოლოდ სარეკლამო ფლაერები იყო გაკრული, სადაც კონცერტის მისამართი არ ეწერაო!