"ალია" საგანგებო შემადგენლობით 29 აგვისტოს დღის 4 საათიდან ლოპოტას ხეობაში, სოფელ "ლაფანყურში გამაგრდა". მტელი მოსახლეობაც გარეთ არის და ყველა რაღაცას ელოდება, ტყისკენ მიმავალი გზა, სადაც სპეცოპერაცია ტარდება, პოლიციას აქვს გადაკეტილი და იქით ხალხს უკვე არარ უშვებს. 50-მდე ჟურნალისტი ერთ პატარა ადგილზე დგას და ტყისკენ მიმავალ გზას უყურებს. აქამდე სროლის ხმა არ აღწევს, არადა რამდენიმე ათასი სამხედროა შეყვანილი ტყეში. ტყისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა არ წყდება - სასწრაფო დახმარების მანქანები, სამხედროებით სავსე "პიკაპები", "კრაზები", ჩაბურულმინიანი "სოტკები" ერთიმეორის მიყოლებით მიდიან...", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით "ალიას" საგანგებო რეპორტაჟი ლაფანყურიდან! / "რაც ხდება, ეს ხომ დადგმულია ყველაფერი, მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი? თურმე ის ბოევიკკები, თუ ვინც არიან, ქართულად ლაპარაკობენ!"
"ვინ, როგორ და რა მეთოდით გაათავისუფლა მძევლები, ამაზე არავინ არაფერს ამბობს - უფრო სწორად არაფერს ამბობს შს სამინისტრო, თორემ ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იციან. მათ გათავისუფლებულები თვალით არ უნახავთ, 29 აგვისტოს ღამის პირველი საათის მონაცემებით, ჯერ კიდევ კახეთის სამხარეო პოლიციაში ჰყავთ გამოკეტილი. ხელისუფლებამ კი გაავრცელა მათი ჩვენებების ვიდეოვერსია, მაგრამ განთავისუფლების შესახებ საუბარი აქაც არ არის. ფაქტია, მათ გასათავისუფლებლად სამართალდამცავებს სპეცოპერაცია არ ჩაუტარებიათ და პოლიციისა და სამხედროების შეყვანა ხეობაში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როცა ეს ახალგაზრდები პოლიციაში დაკითხეს. რეალურად რატომ აიყვანეს ბოევიკებმა მძევლები და საერთოდ იყვნენ თუ არა ეს ადამიანები მძევლად აყვანილები, ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი მნიშნველოვან ფაქტს გავუსვათ ხაზი - ვერავინ ამბობს, რატომ არ უშვებენ სახლში უკვე განთავისუფლებულ ბიჭებს პოლიციელები და რატომ იქცნენ ბოევიკების ყოფილი მძევლები ახლა ახალაიას უწყების მძევლებად. აშკარაა, რომ ხელისუფლება რაღაცას და ძალიან მნიშვნელოვანს მალავს", - აღნიშნავს გამოცემა.
"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - 29 აგვისტოს ნაშუადღევს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას თუ დავყრდნობით, სპეცოპერაციისას სამხედროებმა და პოლიციელებმა სამი მძევალი გაათავისუფლეს და ორის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა არავინ თქვა, ვინ არიან ეს მძევლები, როდის აიყვანეს ტყვედ ბოევიკებმა, სად და როდის დაიკარგნენ ეს ადამიანები და საერთოდ ბუნებაში არსებობენ თუ არა. ყოველ შემთხვევაში ლაფანყურსა და მიმდებარე სოფლებში დაკარგულად არავინ ითვლება...", დასძენს გამოცემა.
"პოლიციელების პოსტთან წითელმაისურიანი გლეხი დგას და დაბნეულება ეტყობა - "ეს ბაევიკებია თუ ჯანდაბა, აქ რამდენიმე დღის წინ უნახავთ მონადირეებს, საიდან გადმოვიდნენ და როგორ, ეგ არავინ იცის. იმათ რო დაუნახავთ ჩვენები, გამქრალან - ბუჩქებში გადამხტარან და დამალულან, ეს იყო 5-6 დღის წინ. კი, ჩვენ ვიცოდით და და პოლიციასაც ეცოდინებოდა - ეგეთი რამეები აქ არ იმალება. ჩვენი ბიჭების გარდა იმ სხვა მძევლების ამბავი რომ გამააცხადეს ტელევიზორში, იმით გავიგეთ, თორემ ჩვენ მაგათი არსებობა არ ვიცოდით. მძევლებიო, რომ ამბობენ, არიან კი საერთოდ? ძალიან ჩახლართულია ეს ყველაფერი. განთავისუფლებულები კი თელავის პოლიციაში არიან და ენდე, სამხედრო ქუდი რომ ახურავს, ერთის ბიძა არის, ყადორა და იმას ჰკითხეთ", - ამბობს გლეხი. ვიდრე ყადორამდე მივიდოდით, სამხედროებმა ჩაგვიარეს. ჟურნალისტებთან მოახლოებისას სახეზე ხელს იფარებენ და გვემალებიან", - წერს რეპორტაჟის ავტორი.
"ეს 20-იანი წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, ასე მოიპარონ ქართველები. ჩემს ძმისშვილს ჰქვია ბესიკი ელიზბარაშვილი და საღამოთი რომ არ მოვიდნენ, დაუწყეს ძებნა, ნახეს ნასუფრალი და გაჰყვნენ ნაკვალევს. მეორე დილითაც ვერ ვიპოვეთ. მერე ახალგაზრდები წავიდნენ და კვალი ნახეს, მიჰყვნენ და იქ არის მარმარილოს კარიერი და იქ ახლოს დაუნახავთ იარაღიანები. დაუძახეს მესაზღვრეებს და იმათ გაათავისუფლეს. ხმა გამოვიდა, ამ მოტაცებულ ბიჭებს უთქვამთ - რომ აგვიყვანეს ქართულად გვითხრეს, თქვენ ხართ მძევლები და წაგვიყვანესო... ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, სინამდვილეში სად მიდიან და რა უნდათ, ვერ გავიგეთ. ვდგავართ მთელი სოფელი და ველოდებით. ამბობენ, დახოცეს ის გადმოსულები და გაწმინდეს ტყეო. სასწრაფო რომ მოდის, ისე გასაიდუმლოებულად მოდის, რომ შიგნით არ გვახედებენ. ხმას არავინ გვცემს, ხეობაში შეჰყავთ და შეჰყავთ ჯარისკაცები, ისეთი იარაღი შედის, რომ არც დამსიზმრებია. იმათ უკან არც ჩამოუვლიათ. მარმარილოს კარიერთანაა შეტაკებებიო, აქედან შორია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის ბიძა.
"მძევლად აყვანა მაინც ხმამაღლა ნათქვამია", - ჩუმად გველაპარაკება ერთი ახალგაზრდა - "ეგენი იმათ ბარგის გადსაზიდად დასჭირდათ, წაუყვანიათ და დაუხმარებიათ, მერე დამჯდარან და ერთადაც ხოშიანად უქეიფიათ. ერთს ჩვენიანსა დახეული ფეხსაცმელები რომ ეცა, ბოტაების აჩუქეს იმათ. კაი ხოშიანი ბოტასებია - იმ ბიჭის ბიძაშვილმა ნახა თვითონა - იქ ნახა, თელავშია". ხალხში ვერევით, უმეტესობა ჩუმადაა. ახალგაზრდა კაცი ლაპარაკში გამოგვყვა - "რაც ეს ჯარი ჩაგვიყენეს, მას შემდეგ აირია ქვეყანა. აქ საზღვრის ჩადგმის შემდეგ "დაგვერხა", სოფლის მასაზრდოებელი იყო ეს ტყე, ახლა კი იქ უკვე არავინ გვიშვებს. ჩაკეტეს და მორჩა. შეიძლება გაყიდოს მიშამ ან უკვე გაყიდა! ახლა რაც ხდება, ეს ხომ დადგმულია ყველაფერი, მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი. ის ბაევიკები თურმე ქართულად ლაპარაკობენ, ამბობენ ქისტები იყვნენო - ქისტებმა იციან ჩვენი ენა, მაგრამ ქისტი რომ ქართულად ლაპარაკობს, იმწამსვე ემჩნევა. ის ხალხი ქისტები არ არიან. მიშა იწერს ქულებს, მერე გამოვა და იტყვის ხეობა გავწმინდეო, თქვენ იცით, რომ ის დაკარგული ბიჭები ღამით "ვაბშე" მესაზღვრეებთან იყვნენ?! ეს არის პროვოკაცია. არჩევნები მოდის, არჩევნების დროს რა ხდება? ხალხის გაწირვა, რა პირველი შემთხვევაა, ერთჯერ და ორჯერ გაუწირიათ? ამათი რომლის შვილი ან ძმიშვილი კვდება, სხვის შვილებს ხოცავენ, რა პრობლემაა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "და ვითომც არაფერი?" - პასუხობს:
"ამათ თამაშებში მე ბევრჯერ მიმღია მონაწილეობა. იმდენი ახალგაზრდა დაიღუპა და რა? ვის ვეწირებით, ვიღაცის ჯიბეს? მე ახალგაზრდებს არ ვამტყუნებ, რადგანაც ისინი სამშობლოს სახელით წავიდნენ ომში და, მაგრამ რაც ხდება, ხომ კარგად იცით? ეს ამბავი მალე არ დამთავრდება. იმის მეშინია, რომ თუ არჩევნებამდე არ დასრულდა, ამას სხვა სახე მიეცემა. დღეს მითხრეს, პერევის მხარესაც არეულობააო. ცუდად აქვთ საქმე ხელისუფლებაში. ბევრი მოუვიდათ, ხედავენ, ცუდად აქვთ საქმე, ეს ყველაფერი ამის გამოძახილია".
"მარიამობას, როცა ეს ამბავი დაიწყო, იმ მძევლად აყვანილი ბიჭების მშობლები აქ იყვნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ, მაგრამ მერე რა მოხდა, კაცმა არ იცის. ყველანი სახლებში შეიკეტნენ. მაგათ აშკარად გაფრთხილება მიიღეს ზემოდანა. აღარავის ელაპარაკებიან და არიან თავისთვინა", - საუბარში ერთვება კიდევ ერთი ახალგაზრდა. დღის განმავლობაში დავდივართ, ხან ერთს ველაპარაკებით, ხან მეორეს. განსხვავებულს ვერავინ გვიყვება. ვუყურებთ, ხეობაში როგორ შედიან და შედიან სამხედროებით სავსე მანქანები. თითო-ოროლა მანქანა თუ ბრუნდება უკან. ორი სასწრაფოს მანქანა გამოდის, აშკარად ჩანს, ვიღაცას გადასხმის სისტემა უდგას. თელავში ჩვენს კოლეგას ნინო ლაბარტყავას ვურეკავთ - გაარკვიოს ვინ არიან ეს დაჭრილები, თუმცა თელავის საავადმყოფოში არავინ მიჰყავთ, შესაძლოა თელავის სამხედრო აეროპორტიდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს", - განაგრძობს რეპორტაჟის ავტორი.
"ღამის პირველი საათია. სოფლის ბოლოში, სადაც პოლიციელების პოსტია, ისევ ჟურნალისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის არმია დგას. ყველა ელოდება, რომ რაღაც ახალი გაიგოს, მაგრამ საინტერესოს ვერავინ ვერაფერს იგებს. მთავარი - რეალურად რა მოხდა, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა ხდება მთებში, სადაც ეს სამხედროები მიჰყავთ და რითი დასრულდება, არავინ ვიცით. ის იყო, თელავისკენ გზას დავადექით, რათა მასალა რედაქციაში გადაგვევგზავნა. რომ ხეობაში 8 "კრაზით" სამხედროები შეიყვანეს. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით, როგორი დილა გაგვითენდება", - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.