ეკა დუგლაძე -

ეკა დუგლაძე - "არ მეგონა, თუ ეს ხელისუფლება თავისი ბინძური ხელებით ეკლესიასაც შეეხებოდა!"

"ტელევიზია "არგო" ჩემი ქმრის, იგორ ევტუშენკოს დაარსებულია და წლების განმავლობაში მისი დირექტორი იყო. სწორედ იმიტომ, რომ შეზღუდეს, იგორი საკუთარ ტელევიზიაში აღარ მუშაობს, მხოლოდ მფლობელის სტატუსი აქვს. ჩვენ ამ ტელევიზიაში წილი გვაქვს ("არგოს" წილები 9 პიროვნებას ეკუთვნის), რომლის გაყიდვასაც არ ვაპირებთ. რეგიონულ ტელეარხებს და მათ შორის "არგოსაც" ხელისუფლება მართავს - ბიუჯეტიდან ურიცხავს თანხებს და სანაცვლოდ ტელეკომპანია მათ ინტერესებს მორჩილად ატარებს - ასეთი ტელეარხების ჟურნალისტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებს აღარ უსვამენ. სწორედ იმიტომ გაღიზიანდნენ "ინფო 9"-ის ჟურნალისტებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ გავუბედეთ და მწვავე კითხვები დავუსვით", - აცხადებს "ინფო 9"-ის ჟურნალისტი ეკა დუგლაძე გაზეთ"ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ მეგონა, თუ ეს ხელისუფლება თავისი ბინძური ხელებით ეკლესიასაც შეეხებოდა!" / "მეუფე სპირიდონმა შეძრწუნებულმა დატოვა ეპარქია და ზესტაფონში აღარ ჩამოსულა"

"ის სიბინძურე, რაც ჩვენს ზესტაფონის რაიონში ხდება, ხელისუფალთათვის სამწუხაროდ, "ინფო 9"-ის მედიაჯგუფმა ამოვჩიჩქნეთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არც ერთ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვები - სად და რატომ იხარჯება ბიუჯეტის ფული? რატომ არ აძლევენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს კუთვნილ დახმარებას და ა.შ. ასევე აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში შემოსული თანხების დიდი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების პირადი კეთილდღეობისთვის იხარჯებოდა.. როდესაც ასეთი საკითხების გასარკვევად გამგეობას მივადგებოდით, კამერის დანახვისთანავე გარბოდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ აქეს ჩვენი რაიონის პირველი პირები, უკვე გათამამდნენ და ახლა კამერის წინ პუტინის აგენტებს, შემოგზავნილებს და რუსულ ფულზე გაყიდულებს გვეძახიან, თანაც გვემუქრებიან, ეს არჩევნები რომ დამთავრდება, სად აპირებთ წასვლას, აღარ გინდათ ამ რაიონში ცხოვრებაო?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა დუგლაძე.

"როდესაც პრეზიდენტი ფერმერთა სახლს სტუმრობდა, "რეალ-ტივის" ჟურნალისტმა და ოპერატორმა მუშაობის საშუალება არ მოგვცეს. ისინი საერთოდ არ დაინტერესებულან პრეზიდენტის ვიზიტით, 3 საათის განმავლობაში მე და ჩემს ოპერატორს დაგვდევდნენ. ამ ყველაფერს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძეც უყურებდა და იხუმრა, ახლა პრეზიდენტი "რეალ-ტივის" წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს, ჩემზე მეტ დროს `ინფო 9-ს რატომ უთმობთო. იქ იყო პრეზიდენტი, იმერეთის გუბერნატორი, თითქმის ყველა პირველი პირი და ამ სანახაობით კარგადაც გაერთნენ! სააკაშვილმა ისიც კი თქვა, ჩვენი ოპერატორები ომობანას თამაშობენო. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მერაბიშვილი ჩამოვიდა, გაწვევის სამსახურის უფროსი ვალერი თელია და სახანძრო სამსახურის უფროსი დარდაგანიძე მანქანებით გზას გვიკეტავდნენ, გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდნენ, - ეს ყველაფერი მერაბიშვილის თვალწინ ხდებოდა. მერაბიშვილს რამდენჯერმე პირადად ვთხოვე დახმარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასაც არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონია, კარგად იხალისა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ზესტაფონში ხელისუფლების ყველა პირველი პირის დახვედრას უზრუნველყოფს ვალერი თელია. ეს არის კაცი, რომელიც ნერვებს ვერ აკონტროლებს და თითქოს ყოველთვის ნასვამია. მთელმა ზესტაფონმა იცის, რომ თელია ვანო მერაბიშვილისგან არის გათამამებული. რაიონში ვისაც `ქართულ ოცნებასთან~ აქვს კავშირი, თელია ემუქრება, ჯარში ისეთ ადგილზე გაგიშვებ, იქიდან ვერასდროს დაბრუნდებიო. ამის გამოც ახალგაზრდობა დაზაფრულია... ბიჭიკო გვენეტაძე და ალისტრახო როხვაძე მას შედეგ დაცხრნენ, რაც "ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტს ინტერვიუ მივეცი. ესენი არიან ქუთაისის ვიცე-მერ შუშანიასთან დაახლოებული პირები, ფსიქიკურად გაუწონასწორებული, უკულტურო არსებები. როდესაც "ასოშეიტედ პრესის" ჟურნალისტ მარიას ვუჩვენე კადრები, როგორ გვდევნის ხელისუფლება ჟურნალისტებს, გაუჭირდა ამ ყველაფრის დაჯერება. დღემდე ყოველდღიურად ვაწვდი ყველანაირ ინფორმაციას თავისი კადრებით. აუცილებლად განვაგრძობ მასთან თანამშრომლობას, მსოფლიომ უნდა ნახოს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება დემოკრატიულობანას თამაშის განწყობაზე აღარ არის და მათი ქმედება დემოკრატიის ჩარჩოებში აღარ ჯდება.", - განმარტავს ჟურნალისტი 

"იცით, რა სასაცილო რაღაცები ხდება რაიონის განახლებულ ბიუჯეტში? მაისიდან შევიდა ცვლილება ბიუჯეტში, სადაც 1 200 ლარი არის ინდაურებისთვის გამოყოფილი, 1 200 - ღვინისთვის, ამდენივე - გოჭისთვის და ა.შ. ვერაფრით მივხვდი, მაისში 1 200 ლარის ინდაური და გოჭი რისთვის უნდოდათ? რა, მაისში ახალი წელია? ახლა ვაპირებ ახალ ბიუჯეტს ჩავუჯდე და დეტალურად გავარკვიო ყველაფერი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი წინასწარ ვიცი, რომ რუსეთის აგენტი და შემოგზავნილი ვარ. ხელთ მაქვს ბიუჯეტის კონკრეტული ცვლილებები, აქ ისეთ აბსურდულ რაღაცებზეა თანხები გაწერილი, გაგიჟდებით. მაგალითად, სახანძროს უფროსის, დარდაგანიძის ავტომობილის საბურავი, რომლის შეკეთებაშიც ათასობით ლარია გაწერილი, ყოველთვის ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, სოფელ ვაჭევში ზიანდება. კი მაგრამ, ამ გზაზე ლურსმნებია ჩაჭედებული თუ რა ხდება? ასეთი აბსურდი უამრავია. ეს ყველაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ეს ხელისუფლება თავისი ბინძური ხელებით ეკლესიასაც შეეხებოდა", - დასძენს ეკა დუგლაძე და შეკითხვას - "რას გულისხმობთ?" - პასუხობს:

"ქალაქის ცენტრში, 20 წლის წინ ბიზნესმენმა შარაშენიძემ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. შემდეგ, ფინანსური პრობლემები შეექმნა და რაიონიდან წავიდა. 19 წლის განმავლობაში ეკლესიის მშენებლობა შეჩერებული იყო. გარდაცვალებამდე ჩვენი რაიონის მეუფემ მომავალ მეუფეს, მამა გრიგოლს, დღეს უკვე მეუფე სპირიდონს დაუბარა, ტაძარი ძნელად შენდება და იქნებ შენი ლოცვა-კურთხევით შეძლო ამ ტაძრის დასრულებაო. მეუფე სპირიდონმა დაიწყო ეკლესიის შიდა სამუშაოები. ორი თვის წინ, როდესაც სამუშაოები თითქმის დასრულდა და ეკლესიას გუმბათის გადახურვაღა სჭირდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუფე სპირიდონს განუცხადეს, შეეშვი ამ მშენებლობას და მას ზურაბ ბუცხრიკიძე გააგრძელებსო. ბუცხრიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მეუფე სპირიდონმა შეძრწუნებულმა დატოვა ეპარქია და ზესტაფონში აღარ ჩამოსულა. ბუცხრიკიძემ კი მშენებლებს მუშაობა დააჩქარებინა, სურს, პირველ ოქტომბრამდე ლენტი გაჭრას. მოტანილი აქვთ მილიონობით ლარის ნერგები, რომლებიც ხმება და ყოველდღიურად ყვირილაში ყრიან - ნერგის გადარგვა შუა ზაფხულში ვის გაუგია? მთელი თერჯოლის რესურსი ზესტაფონში ჰყავს ჩამოყვანილი. ეკლესიის ეზოში ფილებს სააქციო საზოგადოება "თერჯოლის" წარმომადგენლები აგებენ. მუშებს მამუკა კვირიკაშვილი ხელზე უხდის ფულს, რომელიც "ზესტაფონგაზის" უფროსი იყო და დღეს ბუცხრიკიძის მეგობარია..."