"საქართველოს ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, თითქოს მათზე ამერიკისა და ევროპის ლაპარაკი და შენიშვნები გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ლაპარაკის გარდა მათ სხვაც ბევრი რამ შეუძლიათ. მათ აქვთ სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები და პოლიტიკური ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებიც. იზოლაციას, განმხოლოებას, ამერიკისა და ევროპისთვის საბოლოოდ ზურგის შექცევას სჭირდება დიდი რესურსი, რაც სააკაშვილს არა აქვს. ამიტომ, სურთ თუ არა, საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ის ნება, რომელსაც არჩევნებზე გამოხატავს ქართველი ხალხი, ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო იქნება".
"რაც შეეხება ლაპარაკს იმაზე, რომ სისხლი დაიღვრება და სხვა, ამგვარ განცხადებებს დაუფარავად გულშემატკივრობს ხელისუფლება, ხალხი რომ შეშინდეს და თქვას: ოღონდ ბუნტი და არეულობა არ იყოს და რაც იქნება, იქნება, დარჩნენ ესენი ხელისუფლებაში ცხოვრების ბოლომდე, გადავიტანთო. არ უნდა დარჩნენ და არც სისხლი დაიღვაროს, ამისი მარტივი საშუალება არსებობს - საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არავის მოეთხოვება სამოქალაქო გმირობა, საჭიროა, არჩევნებზე გამოცხადება და ვინც ნამდვილად მოგწონს და გეიმედება, იმისთვის ხმის მიცემა. მიხეილ სააკაშვილი კი არა, ნაპოლეონი დამარცხდა. მართალია, ტანმაღალი არ იყო, მაგრამ სულ ცოტა, 5-6 მიხეილ სააკაშვილს უდრიდა. უამრავი ომი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბოლოს ისიც დამარცხდა. ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"ევროპამ აშკარად აგრძნობინა ხელისუფლებას, რომ თუ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, - ფეხებზე მკიდია საზოგადოების არჩევანი, აუცილებლად მე უნდა ვიყო გამარჯვებულიო, ამას არ დაუჭერს მხარს. ეს განცხადებები და ლენინიზმის ხსენება შემთხვევით არ ყოფილა. ხელისუფლებაში ნამდვილად განიცდიან ზემოქმედებას ევროპის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ისინი კანონის დარღვევას ისეთი მასშტაბით, როგორც აქამდე არღვევდნენ, ვეღარ გაბედავენ. ვიმეორებ, განცხადებები არ არის მთავარი - ევროპასაც და ამერიკასაც აქვს არაერთი სხვა ბერკეტიც. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელოვნად ეხმარება, საქართველოში მილიარდებია დახმარების სახით შემოსული. ამიტომ ვინმემ ამერიკაც ფეხებზე რომ დაიკიდოს და ევროპაც, არ გამოვა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მიხეილ სააკაშვილმა აიშენა ისეთი სასახლე, რომლის მსგავსიც არც ერთი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს არა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თეთრი სახლიც კი უფრო პატარაა მოცულობით; ის ქმნის ერთპარტიულ სისტემას, ერთი კაცის სურვილით უნდა გადაკეთდეს გორის ციხე, აშენდეს ლაზიკა და ამის შემდეგ კიდევ მე მინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება? ხელისუფლება, რომელსაც მინისტრად ნიკა რურუა ჰყავს, წარსულზე ნურავის ელაპარაკება. ავტომატიანი ბანდიტი უზით ქვეყნის კულტურის მინისტრად. მგონი, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მოქალაქეები ინტენსიურად წერენ განცხადებებს, ჩემი ქონება მინდა ვაჩუქო სახელმწიფოს თუ ამა თუ იმ პირსო. ყველა ბიზნესში ხელისუფლების წარმომადგენლები უფათურებენ ხელს. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც განათლებული ადამიანი იცხოვრებს უკეთესად, ვიდრე გაუნათლებელი, დღეს კი ამ ქვეყანაში გაუნათლებელი პრეზიდენტი ყველაზე უკეთ ცხოვრობს. ადამიანი, რომელმაც მგონი წერა-კითხვაც აღარ იცის, ხომ ნახეთ, ახალციხეში `ვეფხისტყაოსნის~ პირველი სტროფი, რომელიც ყველა ქართველმა იცის, დაწერილიც რომ ვერ წაიკითხა სწორად. ეს ხალხი აშენებს საბჭოთა კავშირზე უარეს ქვეყანას", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
"სხვის რუსოფილობაზე ლაპარაკს შეეშვან და საკუთარს მიხედონ. რუსეთის უშიშროების გენერალია პრეზიდენტის ბიძა, ბატონი თემურ ალასანია. ზუგდიდში მაჟორიტარად როლანდ ახალაიას წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ მოგვახსენა, რომ თურმე ახალაიების ოჯახი ყოფილა ამ ქვეყნის სიმბოლო, არადა, ახალაიების ოჯახი, მამაც და მისი ორი შვილიც, კრიმინალური მენტალობის ადამიანები არიან. მოვა დრო, სამივე ახალაია საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. ისე, ეს ბაქრაძეც ვინ არის?! ეგ ის კაცია, რუსებთან დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ რომ მოგვიწოდებდა. ერთ-ერთი ყველაზე უმწეო პოლიტიკანია საქართველოში", - დასძენს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი.
"სხვათა შორის, თავის დროზე როლანდ ახალაია კორუფციის გამო გააძევეს პროკურატურიდან, მე იმჟამად ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მახსოვს, ჩემთან ჩამოიყვანეს, მთხოვდა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში დავხმარებოდი. ჩემდა ჭირად, მე შევუწყვე ხელი მაგათ შეხვედრას. ასე ცდილობდა ვითომ სიმართლის პოვნას. ეს კაცი იყო კორუფცირებული პროკურორი, ახლა კი სურს მთელი სამეგრელოს დაჩოქება და დატერორება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენსა და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის აზრთა სხვადასხვაობაა ქვეყნის სახელმწიფო მოწყობაზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩეველს დააბნევს" - პასუხობს:P
"რა სისულელეა, ჩვენ ახლა ვატარებთ საპარლამენტო არჩევნებს იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს. დღეს არ წყდება საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საკითხი. ეს არის სამომავლო საკითხი და არა ერთ დღეში გადასაჭრელი, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, როცა კონსტიტუციას მიადგება და ჭრის წაღმა-უკუღმა. ბიძინა ივანიშვილმა გასაგებად თქვა, სამომავლოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხი და ამისთვის იქნებ რეფერენდუმიც მოვაწყოთო. რა არის აქ დასაბნევი? ჩვენ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული აზრი რომ გვაქვს, იმიტომ შევქმენით კოალიცია, თორემ ერთ პარტიად გავერთიანდებოდით. სხვათა შორის, `ნაციონალური მოძრაობა~ ლიბერალად აცხადებდა თავს და იმჟამად, როდესაც მეც ევროსაბჭოს დეპუტატი და ლიბერალური ფრაქციის წევრი ვიყავი, ეგენიც ჩემთან ერთად იყვნენ, დღეს კი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან, ახლა აცხადებენ, რომ ლიბერალები კი არა, კონსერვატორები ყოფილან. მოკლედ, მაგათ საკუთარი იდეოლოგია ვერ განუსაზღვრავთ და ვისზე რას ამბობენ".