"ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გუშინ ონში გააკეთა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის გამართვას ფიქრობს / "რასაც გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ და იმაზე მეტსაც გავაკეთებ..."
"ჩვენ პლურალისტური კოალიცია გვაქვს. კოალიციაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" სურვილი აქვთ, საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, თუმცა "რესპუბლიკელებს" მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ და უფრო საპარლამენტოსკენ იხრებიან. დანარჩენ პარტიებს პრინციპული მოსაზრება არ აქვთ. პირადად მეც, უფრო მეტად საპარლამენტო წყობისკენ ვიხრები და უპირატესობას მას ვანიჭებ, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არც ჩემთვის არ აქვს. მთავარია, კანონი დავიცვათ და მისი პატივისცემა ვისწავლოთ. როცა გუნდში ამ საკითხზე ჭიდილი დაიწყო, მე ვთხოვე, რომ ეს თემა მომავლისთვის გადაგვედო. ჩვენ საზოგადოებას შევეკითხებით. თუ საჭირო იქნება, რეფერენდუმს მოვაწყობთ და ქართველ მოსახლეობასთან შევათანხმებთ, რომელ წყობას აირჩევს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას", - აღნიშნავს გამოცემა.
"ონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აქცია ამბროლაურში საღამოს 6 საათზე გაიმართა. "ძალიან ბევრი ხალხი იყო. ონში შედარებით მცირე ზომის შეხვედრა იყო, ამბროლაურში კი დიდი აქცია მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაურში ხალხის დაშინებები იყო, გაგიკვირდებოდათ, ამ დაცარიელებულ რაჭაში ამდენი ადამიანის შეკრება როგორ მოხერხდა. ამბროლაურში ასეთი რამეც გვითხრეს: "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დადიოდნენ და ხალხს აფრთხილებდნენ, "ოცნების" ხალხი რომ მოვა, ფარდები არ გადასწიოთ და ფანჯრებიდან არ გაიხედოთო. ექსცესები არ ყოფილა", - განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. ცნობისათვის, ონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტელის თეატრის მსახიობი გია ჯაფარიძეა, ამბროლაურის რაიონში კი კენჭს ბიზნესმენი დავით დარახველიძე იყრის. ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე რაჭველებს პირობა მისცა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, მათი გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში აბსოლუტურად განსხვავებული, სახალხო ხელისუფლება მოვა, რომელიც საკუთარ ხალხზე იზრუნებს", - დასძენს გამოცემა.
"საკუთარი მიწის სიყვარულმა შემოგვინახა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთიც. რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, საქართველოს კუთხეებია, მაგრამ გული და შუაგულია ყველგან, სადაც საქართველოა. კავკასიონის ფერდობებზე ცხოვრებას ძალიან დიდი სიმტკიცე სჭირდება და არც ისტორიის შენახვას უნდა ნაკლები ამტანობა. ჩვენ ღირსეულად და ადამიანურად უნდა გვეცხოვრებოდეს საკუთარ მიწაზე. მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად სათავეში აბსოლუტურად განსხვავებული, სახალხო ხელისუფლება მოვა. დღეს ამდენ განსაცდელგამოვლილ კუთხეებს - რაჭას, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს დაცლის საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვერ ვეღირსეთ ისეთ ხელისუფლებას, რომლისთვისაც ქვეყნის მოვლა-პატრონობა მთავარი საზრუნავი იქნებოდა. იჩეხება ტყე, ნადგურდება ბუნება, გლეხს ტყე წაართვეს და ეს ერთი ჯგუფის ხელშია მოქცეული", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ამ მხარეში არ არის სოფელი, რომელსაც საკუთარი რესურსი არ ჰქონდეს და ნებისმიერი ქვეყანა ასეთ რესურსს გამოიყენებდა. ივანიშვილის განცხადებით, მჟავე წყლებს, ბუნებას, ხეტყეს მიმხედავი არავინ ჰყავს", - წერს სტატიის ავტორი.
"ხელისუფლება ამ კუთხეში აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად არის მიღებული, როგორც სჩვევია. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს სპეციალისტებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს თუ გიგანტური ჰესებისა", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ურავი და ლენტეხი დარიშხანის მომპოვებელი იყო და დღეს საცავები მიტოვებული და დაზიანებულია, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და საგრძნობლად გაიზარდა ონკოლოგიური ავადმყოფების რაოდენობა. "ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ გაუთვლელი და უგუნური გადაწყვეტილებების შედეგად ახლა მამისონის უღელტეხილს რუსეთი აკონტროლებს და ქართველი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ 18 კილომეტრით უკან დაეხიათ, თუმცა, ამას უტიფრად უარყოფს ხელისუფლება. ასე ჩააბარა კავკასიონის საზღვარი რუსეთს და ეს თავისი უგუნური პოლიტიკით მოახერხა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ სასაზღვრო ზონები მოსახლეობისგან არ დაცლილიყო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამ ეტაპზე ოფიციალურად 47 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, ისედაც მცირე მოსახლეობა კიდევ უფრო მცირდება და ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. არ შეიძლება, ეს უნიკალური სილამაზე დაიცალოს. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს კუთხეები კიდევ უფრო დაიცალა, რაჭველებს ამ მიწიერი სამოთხიდან წასვლა უწევს. ეს უნდა შევაჩეროთ. გპირდებით, არაფერს მოგატყუებთ. რასაც გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ და იმაზე მეტსაც გავაკეთებ... ძალიან მიყვარხართ, ჩემო რაჭველებო. ნამდვილად არ ვარ ბახუსში, თქვენი სიყვარული მათრობს. თუმცა არ გამოვრიცხავ, დღეს საღამოს ბახუსში ვიყო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მომდევნო აქცია თელავში 2 სექტემბერს იქნება. 9 სექტემბერს კი შეკრება ზუგდიდშია დაგეგმილი. "ქართულმა ოცნებამ" აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი უკვე შეიტანა", - დასძენს სტატიის ავტორი.