ნანა კაკაბაძე - "ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა თქვან რაც ხდება ან ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოუცხადონ ასეთ არჩევნებს ბოიკოტი - სხვა მექანიზმი არ ჩანს, რომ არ დაიღვაროს სისხლი"
"ის რომ ყველაფერზე წამსვლელია, თვითონვე იძახის და სწორედ ეს არის საფრთხე. ხელისუფლება მიდის ყველანაირ უკანონო ქმედებაზე იმისთვის, რომ შეინარჩუნის ძალაუფლება - პირდაპირ გეუბნება, რომ ნებისმიერი ფორმით - კანონით იქნება გათვალისწინებული თუ კანონის გარეშე, მე ამ ძალაუფლებას ვინარჩუნებ. სააკაშვილმა განაცხადა - "როგორ, ჩემ აშენებულ ქვეყანას იმათ დავუტოვებ და დავანგრევინებო?!" - ანუ ის თავის საკუთრებად მიიჩნევს ამ ქვეყანას, ხელისუფალის როლში კი არ არის, რომელიც გარკვეული ვადით აირჩია საზოგადოებამ - არა, მან ჩათვალა, ეს ეს ქვეყანა მისი საკუთრებაა, უდევს ჯიბეში და არავის მისცემს საშუალებას, ჯიბიდან ამოაცალონ", - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა კაკაბაძე: "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სისხლი არ დაიღვაროს".
"ასე მოაზროვნე ხელისუფლებისგან უნდა ელოდო ყოველივე ცუდს, მაგრამ, საზოგადოება იმისთვის უნდა იყოს მოწოდებული, რომ რაღაცნაირად თავი დაიცვას თუნდაც ამ სიტუაციაში და თავის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტების ძალისხმევა და საზოგადოების აქტიურობა იმისთვის, რომ დაინახოს ხელისუფლებამ, რომ არანაირი ძალის გამოყენებას არ ექნება აზრი, უნდა დაინახოს, რომ ძალის მასშტაბური გამოყენება ამ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი კრახი იქნება, ვიდრე არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლა. ძალიან მოკლე დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს კარგად გაიაზროს. ის არის აბსოლუტურ აგონიაში - მან ქვების სროლა დაიწყო და ეს არის აგონიის პირველი ნიშანი. ყველა ის გამონათქვამი, რომელსაც დღეს პირველი პირი აკეთებს, ეს არის სრული აგონია ხელისუფალის. ღრუბელ-ღრუბელ მალვას და მიუნჰაუზენობას რომ თავი დავანებოთ, რასაც ის იმუქრება და მოწოდებებს აკეთებს, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
"ნიკა რურუას ეუთოს დასკვნაზე მოუწია უკან დახევა და თავისი სიტყვების უკან წაღება. ამიტომაც თუკი მხოლოდ ეუთო კი არა, მთელი სადამკვირვებლო მისიები იტყვიან ერთ ხმაში იმას, რაც არის რეალურად, ამ შემთხვევაში უკვე რიტორიკას ვეღარ მიმართავენ და იძულებული დახდებიან აღიარონ შეცდომები. რაც მტავარია, დასავლეთმა არ უნდა აღიაროს არალეგიტიმური არჩევნები - ხელისუფლებამ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ გაყალბებულ არჩევნებს არავინ "გაუპრავებს". ეს თუ მას ეცოდინება, მაშინ ისინი ამაზე აღარ წავლენ. მთავარია, ეს დაანახვონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ ეს არ არის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს ის დრო აღარ არას, რაღაც შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა და ილუზია, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა, დაიმსხვრა. აი, ეს უნდა დაანახვონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"მართლაც დიდი მადლობა აუთოს და ოდირის წარმომადგენლებს, რამლებმაც ასეტი ობიექტური დასკვნა დადეს და გაბედეს და თქვეს ის, რასაც აქამდე სხვები ვერ იძახდნენ, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ეტაპზე მაინც ითქვა ეს. მე მიმაჩნია, რომ დღეს ასეთი სწორი შეფასებები, ადეკვატური შეფასებები მხოლოდ და მხოლოდ წაადგება როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ჩვენ მოკავშირეებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და არა თვალის დახუჭვა ყველა იმ სისაძაგლეზე, რომელსაც დღეს ხელისუფლება სჩადის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მათი ობიექტურობა დღეს ჩვენი სტაბილურობის გარანტიაა. დღეს მათი ობიექტურობა გადაწყვეტს საქართველოში იმას, მოხდება თუ არა სერიზული ფიზიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მხოლოდ და მხოლოდ მათი ობიექტურობა შეძლებს დღეს ამის შეჩერებას", - დასძენს ნანა კაკაბაძე და შეკითხვას - "და იმ სისხლისღვრასაც, რომელზეც ამერიკელი ექსპერტი საუბრობს ამ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ", - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები მხოლოდ ასეთი ძალისხმევით შეიძლება ავიცილოთ თავიდან - თუ არადა, მართლაც ჩვენ დღეს ვდგავართ სერიოზული კატასტროფის წინაშე. ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ და თქვან ის, რაც ხდება ან ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოუცხადონ ასეთ არჩევნებს ბოიკოტი - გამოსავლის სხვა მექანიზმი არ ჩანს, რომ არ დაიღვაროს სისხლი. საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულებაცაა და მათი ღირსების საკითხიც დღეს, რომ სწორი პოზიცია დააფიქსირონ. მე ვერ ვიხსენებ, ამაზე კრიტიკული პერიოდი საქართველოს თუ ჰქონია. იმდენად ზედაპირზე დევს ხელისუფლების ეს ძალადობა, ისე თვალსაჩინოა პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ყველა ექსპერტისთვის, ყველა დამკვირვებლისთვის ძალიან მარტივი უნდა იყოს ადეკვატური და სწორი შეფასება. სწორედ ადეკვატური და სწორი შეფასება იქნება ამ ქვეყნისთვის ის გადამრჩენელი ფაქტორი, რომელიც შეაჩერებს ხელისუფლების აგრესიას და საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებას".