რატომ ვარ მტერი?

რატომ ვარ მტერი?

"დღეს თვალები ამეხილა და სხვა სამყაროში მოვხვდი - დავინახე რა დღეშია ხალხი"

"სახელმწიფოს განათლებული ადამიანები აშენებენ. შესაბამისად, თუ სახელმწიფო კი არ აშენებს,  არამედ ანგრევს ამ სისტემას, ჩიხი გარდაუვალია. ჩიხში შესული საგანმანათლებლო სფერო კი უმძიმესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის. თუ არსებული ვითარება ძალიან მალე და რადიკალურად არ შეიცვლება, ეს პერსპექტივა განაჩენად იქცევა ჩვენი ახალგაზრდებისა და სახელმწიფოსთვის." - ასე მიმართა პედაგოგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

"კვირის პალიტრა" მას ზუგდიდში, ანსამბლ "შინის" კონცერტის წინ ესაუბრა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანსამბლის ხელმძღვანელი ზაზა მიმინოშვილი ქალბატონი მაიას ძმაა. "შინმა" 24 აგვისტოს ზუგდიდიდან დაიწყო ახალი პროექტი - "ერთი ხმა, რომელიც ემსახურება მოწოდებას, "ვიყოთ ერთად, რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ". 

მაია მიმინოშვილი: - ეს არის საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ერთად ყოფნისაკენ, თავისუფლებისაკენ, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა ემსახურებოდნენ და რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ პირველ ოქტომბერს. არჩევნების დროს, როდესაც თანამდებობაზე ვიყავი, ჩემგანაც იყო ხმების მოზიდვის მოლოდინი, მაგრამ არასოდეს მითქვამს პედაგოგებისთვის, ვისთვის მიეცათ ხმა და ვისთვის არა. ალბათ ამიტომაც არ აღვიქმებოდი "მათი გუნდის" წევრად. საერთოდ რას ნიშნავს გუნდის წევრობა? ყველას გუნდის წევრი ვარ, ვისაც შეუძლია ჩემი საქმიანობა დააფასოს. რაც დღეს ხდება, მსგავსი რამ არ მახსოვს. თითქოს  თვალები ამეხილა და სხვა სამყაროში მოვხვდი - დავინახე რა დღეშია ხალხი. ეს არის კატასტროფა. პრეზიდენტი, რომელიც თითოეული მოქალაქის დამცველი უნდა იყოს, პირში გეუბნება, არ ხარ ჩემთან, ე.ი. ჩემი მტერი ხარო. რატომ ვარ მტერი? იმიტომ, რომ ყველაფერი შემიძლია საერთო საქმისათვის და არა ვინმეს პირადი ინტერესებისთვის? ამ ხელისუფლებას მთავარი და მნიშვნელოვანი რამ დაავიწყდა, ისინი ხშირად იმეორებენ ფრაზას "ხალხის სამსახურში," რას ნიშნავს ეს? თუ ხალხის არჩეული ხარ, მართლა მისი მსახური უნდა იყო. ბატონი ხალხია, ამიტომაც კეთილი ინებონ და სიტყვები შეარჩიონ მასთან და არა ერთ, სათავისოდ გამორჩეულ ჯგუფთან სალაპარაკოდ.   

- თქვენი მოწოდება პედაგოგებისადმი, წინასაარჩევნო მოწოდებასავით გახმოვანდა. 
- იმის გამო, რომ სამწუხაროდ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ყველას შეეხო, პოლიტიკისგან შორს მდგომ ადამიანებსაც კი, ნებისმიერი ხმამაღალი განცხადება აღიქმება პოლიტიკურ განცხადებად, არადა, სულ არ მინდოდა პოლიტიკური ტონალობა მიმეცა პედაგოგებისადმი ჩემი მიმართვისათვის. მაგრამ მტკივნეულია, როდესაც მასწავლებელი საარჩევნო ხმად, სახელისუფლებო რესურსად განიხილება. მათ დიდი ტვირთი და მინიმალური დაფასება აქვთ, ზემდგომი უწყება მხოლოდ მუქარის ენით ესაუბრება.  შველა სჭირდება მთელ ქვეყანას და სწორედ ამიტომ უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ გულახდილები მთელი ერის წინაშე. სწორედ ამიტომ უნდა  მივიღოთ  ის გადაწყვეტილება, რაც ნაკარნახევი იქნება არა შიშით, ან ვიღაცის წინაშე ვალდებულებით, არამედ ჩვენი გულისა და გონების კარნახით. მეც თქვენთან ერთად ველი იმ დღეს, როცა პედაგოგის ერთადერთი საზრუნავი კარგი გაკვეთილის დაგეგმვა იქნება. ვეცადოთ, რომ ეს დღე მალე დადგეს. საგამოცდო პერიოდი მიმდინარეობდა და არ მინდოდა ამ პროცესს ხელი შეშლოდა, ამიტომაც ამ დრომდე ვდუმდი.