რეიტინგების ომი

რეიტინგების ომი

"ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მათი რეიტინგი იზრდება და მთავარი კონკურენტის მონაცემებს თითქმის 2-ჯერ უსწრებს. კომპანია "გრინბერგ ქუინლან როზნერის" (Greenberg Qiunlan Rosner) გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 46%-ს, "ქართული ოცნება" კი - 24%-ს მიიღებს. "ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. მას ორჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი და აღნიშნავს, რომ "ეს კვლევის შედეგები ემთხვევა სხვა ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებს, როგორიცაა "ენდიაი" და "აირაი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რეიტინგების ომი.

"ბოლო პერიოდში ჩატარებული მსგავსი კვლევებიდან განსხვავებული შედეგი აჩვენა კომპანია "პენ შონ ბერლანდის" კვლევამ: "ნაცმოძრაობა" - 41%, "ოცნება" - 42%. ასეთი განსხვავება, კერძოდ კი ის, რომ ამ კვლევის "ქართული ოცნების" რეიტინგი მმართველი პარტიისაზე მაღალი აღმოჩნდა, კვლევის მეთოდოლოგიით - "ფარული კენჭისყრის" მეთოდით იქნა ახსნილი. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ თავის წერილში "გრინბერგ ქუინლან როზნერის" წარმომადგენელი, დოქტორი ჯერემი როზნერი აცხადებს, რომ "პენ შონ ბერლანდის" მიერ განსხვავებული შედეგის ახსნის ეს არგუმენტი არადამაჯერებელია. მისი განმარტებით, "გრინბერგ ქუინლან როზნერმაც" გამოიყენა მსგავსი მეთოდი საკონტროლო ექსპერიმენტის სახით, - ნახევარმა არჩევანი ფარული კენჭისყრის მეთოდის გამოყენებით გააკეთა. თუმცა სტატისტიკურად სხვაობა საჯაროდ და ფარულად ჩატარებულ გამოკითხვებს შორის უმნიშვნელოა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გრინბერგ ქუინლან როზნერის" კვლევის თანახმად, კითხვაზე "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 46%-ით ლიდერობს, მას მოსდევს "ქართული ოცნება" - 24%-ით, შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 5%, "ახალი მემარჯვენეები" - 3%, "ლეიბორისტული პარტია" - 1%. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევაში სულ 1500 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილება 3 პროცენტამდეა. კვლევა 1-დან 6 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევისას ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: "როგორია თქვენი დამოკიდებულება ქვემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისა და ორგანიზაციების მიმართ?" შემდეგ კი კითხვას მოსდევდა ასეთი ჩამონათვალი: "მიხეილ სააკაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბიძინა ივანიშვილი". გამოკითხულთა 51% კეთილგანწყობილია სააკაშვილისადმი, 28% კი - არაკეთილგანწყობილი; "ნაცმოძრაობისადმი" გამოკითხულთა 44%-ია კეთილგანწყობილი და 34% - არაკეთილგანწყობილი. რაც შეეხება ივანიშვილს, მის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 32% და არაკეთილგანწყობილია 39%", - განაგრძობს გამოცემა

"პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო კვირების და თვეების მანძილზე შესრულებულ სამუშაოს გამოკითხულთა 73 % დადებითად მიიჩნევს. ამ მაჩვენებელს სულ ერთი პროცენტით ჩამორჩება პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დადებითი შეფასება. 56%-ს მიაჩნია, რომ საქართველომ იმ მიმართულებით უნდა გააგრძელოს სვლა, საითკენაც სააკაშვილს მიჰყავს. გარდა ამისა, ამომრჩევლის 69% 1 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას მოელის. მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ 2008 და 2010 წლების არჩევნების წინაპერიოდთან შედარებით ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია", - დასძენს გამოცემა

"ოპოზიციურმა პარტიებმა "გრინბერგ ქუინლან როზნერის" კვლევის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. მათი თქმით, ეს მონაცემები "ნაციონალურ მოძრაობის" პიარისთვისაა განკუთვნილი. ექსპრეტებს კი ეჭვი კვლევის მეთოდოლოგიაში ეპარებათ, რადგან ცნობილი არაა რა კონტრაქტი არსებობს დამკვეთ პარტიასა და შემსრულებელ კომპანიას შორის. გარდა ამისა, პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დეტალურად საუბარი არაა, თუ მოსახლეობის რა კატეგორიაში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა. სოციოლოგი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ 1500 ადამიანის გამოკითხვით ზოგადი სურათის წარმოდგენა შესაძლებელია, თუმცა, ის ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიით ინტერესდება", - წერს სტატიის ავტორი.

"1500 კაცის გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ზოგადი სურათი დაიდოს, მაგრამ ამ დროს გარკვეული შეკითხვები არ უნდა ჩნდებოდეს. ზოგადად 1500 კაცის გამოკითხვა განზოგადების საშუალებას იძლევა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც გამოკითხულებმა განაცხადეს, ობიექტურ რეალობას ასახავს. არაფერი არ ვიცით ეს კვლევა როგორ ჩატარდა, როგორ იყო კითხვები ფორმულირებული, ხომ არ იყო პასუხების მიმანიშნებელი კითხვები. ეს უკვე იმ კომპანიის პასუხისმგებლობაა, რომელიც დამკვეთის კვალობაზე ან ცვლის, ან არ ცვლის თავის მონაცემებს. "გრინბერგი" რამდენად ასრულებს კერძო დაკვეთას და რამდენად ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებს, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინე ჩიტაშვილი.

"არსებობენ კომპანიები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება დამკვეთი, თავიანთი მონაცემების ფალსიფიკაციას არ ახდენენ. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტში წინასწარ იწერება ხოლმე, რომ, თუკი კლიენტმა არასწორი მონაცემები გამოაქვეყნა, კვლევითი კომპანია იტოვებს უფლებას, რომ რეალური მონაცემები საჯარო გახადოს. რა ტიპის კონტრაქტია "გრინბერგსა" და "ნაციონალებს" შორის, მე არ ვიცი. სულ რომ იდეალური ვარიანტი იყოს, კონტრაქტიც არსებობდეს, "გრინბერგიც" პატიოსნად აქვეყნებდეს მხოლოდ იმ მონაცემებს რაც მიიღო, ეს არ გამორიცხავს მესამე საკითხს - როგორ არის კითხვები დასმული და სად არის ეს კვლევა ჩატარებული. თუ ასაკი, სქესი და ადგილი არ არის მითითებული, რა უნდა გითხრათ? მაშინ სამცხე-ჯავახეთში და მარნეულში თუ ჩაატარებდნენ გამოკითხვას, 87 პროცენტსაც მიიღებდნენ. ამ სიტუაციაში, როდესაც ქვის სროლის რეჟიმია ქვეყანაში და რა ტიპის სარეკლამო კამპანიაც მიდის "ნაციონალური არხებით", ძალიან მეპარება ეჭვი, რომელიმე გამოკითხვის კვალობაზე ცდომილება არ იყოს დაახლოებით 10 პროცენტი მაინც", - დაასკვნის მარინე ჩიტაშვილი.

"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კრიტიკული შეფასებების განეიტრალების მცდელობაა. როგორც მან "ივერონთან" საუბარში განაცხადა, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში სანდო კვლევის ჩატარებას შეძლებს, რადგან ხალხი დაშინებულია - "არ არსებობს ყველაზე სანდო ორგანიზაციაც კი, რომელიც საქართველოში რეალურ შედეგს მიიღებს. კვლევების შედეგების არ მჯერა. ხალხი შეშინებულია. საბჭოთა კავშირში თუნდაც "გრინბერგს" რომ ჩაეტარებინა კვლევა, ან ენდიას-ის ან აირაის-ს, მოსახლეობის 100%-ვე უპასუხებდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ სურს. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმეტესობა აცხადებდეს, რომ სამართლიანი არჩევნების იმედი აქვს, როდესაც არჩევნების წინ დიდი ლოდები დაფრინავს, პეპლების საწინააღმდეგო შხამით წამლავენ ხალხს და სახალხო დღესასწაულებზე დასწრების უფლება მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს აქვთ?!" - აცხადებს კახი კახიშვილი. "გრინბერგ ქუინლან როზნერი" საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით 2007 წლიდან ატარებს. მას კვლევები 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული, მათ შორის ისეთი ლიდერებისათვის, როგორებიც არიან ბილ კლინტონი, ნელსონ მანდელა, ეჰუდ ბარაკი", - დასძენს სტატიის ავტორი.