ამერიკელი დიპლომატი -

ამერიკელი დიპლომატი - "საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სისხლის დასაღვრელად! თუ არ გიშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია..."

"ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოში და ვხედავთ, რა ხდება. საქართველოში მიმდინარე მოვლენები აშკარად არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. თავს მოვალედ ვთვლი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში დავეხმარო ქართველ ხალხს, ამიტომაც გადავწყვიტე, შევერთებოდი "საქართველოს მეგობართა ჯგუფს", სადაც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ბევრი გავლენიანი ამერიკელი, სხვადასხვა დონის საერთაშორისო მოღვაწეა გაწევრებული. აუცილებლად გავაგებინებთ ამერიკელ ხალხს, რომ ქართველი ხალხი მათგან დახმარებას ითხოვს", - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი, 90-იანი წლებიდან გაეროს წარმომადგენელი, ამჟამად მსოფლიოს შავკანიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენელი და "საქართველოს მეგობართა ჯგუფის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი იუჯინ პურსო გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იუჯინ პურსო: "თუ არ გიშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია" / "საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სისხლის დასაღვრელად".

"ხალხის გათავისუფლება სამსახურებიდან იმის გამო, რომ თავად ან მათი შვილები გამოხატავენ სიმპათიას სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, მარწმუნებს, რომ მთავრობა მოქალაქეებს პოლიტიკურად დევნის - ეს ძალიან მძიმე ფაქტია ხელისუფლებისათვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრად აცხადებს თავს. ქვეყანაში მოხდა არაერთი მკვლელობა, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია. თუნდაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და მიუთითა საქართველოს მთავრობას, თავიდან გამოეძიებინა საქმე, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. ცოტა ხნის წინ კი ქართველმა ემიგრანტებმა საშინელი ამბავი მაცნობეს - დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთი პროვინციის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, 25 წლის ბიჭს, 50 წლის ცნობილი ექიმი ალექსანდრე ტატიშვილი უმოწყალოდ მხოლოდ იმიტომ უცემია, რომ ექიმი "ქართული ოცნების" მომხრე ყოფილა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იუჯინ პურსო.

"ახალგაზრდა "პოლიტიკურმა მოღვაწემ" თურმე ლიანდაგებზე არტყმევინა თავი, ექიმი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ოჯახის მეგობარი ყოფილა. მათგან შევიტყვე, რომ ეს ამბავი, რომელიც ჭიათურაში მოხდა, არ გაშუქებულა ქართულ მედიაში. გარდაცვლილის ოჯახი ისეა დაშინებული, ხმის ამოღ|ებას ვერ ბედავს. დამნაშავე არ დასჯილა, კი დააკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს, დანაშაულის მოწმე არ არსებობსო... იმ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, რასაც მე სხვადასხვა წყაროსგან ვიღებ, განმიმტკიცდა აზრი, რომ ხალხი უფლებაწართმეული და დაშინებულია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როცა არჩევნები თანდათან ბრძოლის ველს ემსგავსება, არა გვაქვს უფლება, შორიდან ვუყუროთ, როდის მივა საქმე კონფრონტაციამდე. როდესაც ვითარება იქამდე მიდის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ჩვენი მოვალეობაა, ჩავერიოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა უბედურებას. ეგვიპტეში საქმე სისხლის ღვრამდე სწორედ იმის გამო მივიდა, რომ იქ არსებულ პრობლემებზე მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად რეაგირება. თავს მოვალედ ვთვლი, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ეგვიპტე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა თავიდან აიცილოს სისხლის ღვრა. ამიტომაც შევუერთდი საქართველოს მეგობართა ჯგუფს", - განმარტავს იუჯინ პურსო.

"უკვე მივიღე წერილი, სადაც ქართველი ხალხი ამერიკელ ხალხს დახმარებას სთხოვს. წერილს ამერიკაში მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტიც აწერს ხელს. თუმცა, წერილი არც იყო საჭირო იმის დასანახავად, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონფრონტაციის დასაწყებად და სისხლის დასაღვრელად. როდესაც ამოწურულია ყველა შესაძლებლობა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისა, მერე იწყება სისხლის ღვრა და ესკალაცია. უკვე აშკარაა, რომ საქართველოში საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის რესურსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ ვთვლი, რომ მისი გამოყენება ბოლომდეა საჭირო. სირიასა და ეგვიპტეში ერთ დღეში არ დაწყებულა ხოცვა-ჟლეტა. ნაღმი, რომელიც ამ ქვეყნებში აფეთქდა, ერთ დღეში არ შეკოწიწებულა. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება საქართველოში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ არ ვუშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია",- მიიჩნევს `საქართველოს საერთაშორისო მეგობრების~ დამფუძნებელი.

"საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში ჩაფლულ ქვეყანას არაფრით ჰგავს, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება. როცა ერთი ქვეყნის ხალხი სხვა ქვეყნის მთავრობას შველას სთხოვს, ესე იგი, ამოწურულია ყველა რესურსი და ცივილიზებული გზა, რომ ხალხმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიღწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მოსახლეობას არ უსმენს, მისი აზრი არ აინტერესებს. როცა ვხედავ, რომ ოპოზიციის აქციაზე ასიათასობით ქართველი დგას მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, ჩემთვის და ბევრი ამერიკელისთვისაც ყველაფერი გასაგებია, აცხადებს იუჯინ პურსო და შეკითხვას - "იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ გაქვთ ასეთი პესიმისტური პროგნოზი?" - პასუხობს:

"მე შეკითხვითვე გიპასუხებთ: მშვიდობიანი დემონსტრაცია ხომ სასტიკად დაარბია საქართველოს ხელისუფლებამ? 26 მაისს დაიღუპა თუ არა ხალხი? ეს ფაქტი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და მოხსენებებშია მოყვანილი. ის, რომ ქართველი ხალხი უუფლებოა, წართმეული აქვს ქონება, ესეც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში წერია. მე ციფრებსა და სტატისტიკას ვეყრდნობი. შემაშფოთებელია გამამართლებელი განაჩენების გამოტანის საოცრად დაბალი პროცენტი. ჩემთვის მრავლისმეტყველია ის, რომ საქართველო სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ევროპაში. რას ნიშნავს ყოველივე ეს, თუ არა იმას, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობს და ის სრულიად უუფლებოა. თუ ხალხი იხოცება, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში და მისი განვითარების დინამიკა არადემოკრატიულ სურათს აჩვენებს, რაღას ველოდებით?!"

"მე ვნახე ქვების სროლისა და რაღაც გაუგებარი ფორმირებების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ვიდეოფირები და ამან შემზარა. ბოლოს და ბოლოს, იფეთქებს უფლებაწართმეული და დაჩაგრული ადამიანების პროტესტი და სისხლი წალეკავს ქვეყანას. ამას დაველოდოთ? ამას ვერ ვუყურებ მშვიდად. როცა ვხედავ, რომ რომელიმე ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, იხოცება ხალხი, არ მეშინია, რომ ამის წინააღმდეგ თამამად გავილაშქრო!", - დასძენს იუჯინ პურსო.