"ქართული ოცნების" ადიგენის სარჩევნო შტაბი კარავშია განთავსებული-ეს ფაქტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთ-ერთ მათავარ კურიოზად შემორჩება. მიუხედავად ამისა, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გუჯაბიძე ამ უხერხულობას არ იმჩნევს და იძახის- შტაბის მუშაობა ნორმალურად მიმდინარეობს და ადიგენში "ნაციონალურ მოძრაობას" ბრდღვინს ვადენთო. რა და როგორ მოხდება ადიგენში, ეს I ოქტომბრის არჩევნებისას გამოჩნდება. მანამდე კი, ადიგენის რაიონის საველე პირობებში მყოფი ქართული ოცნების "გენერალი" ბიძინა გუჯაბიძე მოვიკითხეთ.
_ბატონო ბიძინა, ახლაც კარავში იმყოფებით?
_კი, კარავში ვართ, აქ არის ჩვენი შტაბი განთავსებული.
_დიდი კარავია?
_არა უშავს... გვყოფნის. 2 განყოფილებიანია, ერთში შტაბის სხდომებს ვატარებთ, მეორეში მოქალაქეებს ვღებულობთ.
_მართლა არავინ მოგაქირავათ სახლი მთელ ადიგენში და კარავში იმიტომ განათავსეთ შტაბი?
_აბა, რომელი ბოისკაუტები ჩვენ ვიყავით, რომ რომანტიკული თავგადასავლების გამო, კარავში გვეცხოვრა და გვემუშავა? ყველა დააშინეს აქურმა"ნაციონალებმა" - "ქართულ ოცნებას" ვინც სახლს მიაქირავებს საოფისედ, დაგიჭერთო. დაშინდა ხალხი და თანაც, არ გვინდოდა შარში გაგვეხვია ვინმე. ამიტომ, როგორც იტყვიან, კარავი დავეცით ადიგენის ცენტრში.
_თან ადიგენის პოლიციის გვერდით. ეს განზრახ გააკეთეთ?
_პოლიციიდან 25 მეტრშია ჩვენი კარავი. ეს იმიტომ გავაკეთეთ, ვინმეს რაიმე პროვოკაცია რომ არ მოეწყო ჩვენთვის, მერე არ ეთქვათ, - ვერ გავიგეთ, რეაგირება დროზე ვერ მოვახდინეთო. ახლა კი, მთლად მათ ცხვირწინ ვართ.
_გიცავთ ადგილობრივი პოლიცია?
_კაი, კაცო. რას გვიცავენ... რამე არ დაგვიშაონ, მადლობლები დავრჩებით. არ გაიშვა ამათი დაცული ოპოზიცია.
_პროვოკაციებს ხომ არ გიწყობენ-ხოლმე?
_კი, მთვრალ ხალხს შემოგზავნიან "ოფისში" და ცდილობენ, რომ რომელიმე ჩვენგანი გამოიწვიონ, რაიმე შარი აგვიტეხონ, მაგრამ ამათ პროვოკაციებს წამოვეგებით? მაგის ჩიტები ვართ ახლა?
_ბატონო ბიძინა, ჰიგიენურ პრობლემებზე რას იტყვით? არ გაწუხებთ ეს საკითხი?
_მოგვარებული გვაქვს ეგ საკითხი. ჩვენი მომხრე, ქალბატონი ციცო ნარიმანიშვილი ცხოვრობს აქვე, მის სახლში დავიარებით ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. სხვათა შორის, ქალბატონ ციცოს სურდა, მის სახლში განთავსებულიყო ოფისი, მაგრამ რა ქნეს იცით? მისი ვაჟი ისრაელში მუშაობს, აქედან დაურეკეს, თუ დედაშენი "ქართულ ოცნებას" ოფისს მიაქირავებს, პრობლემებს მანდ, ისრაელში შეგიქმნითო და აქაც, როცა ჩამოხვალ, არ გაგახარებთო. დაარეკინეს შვილს ისრაელიდან-დედა, არ მიაქირავო მაგათ ოფისი, თორემ დიდ შარში გავეხვევით ორივეო. აი, ასე ცდილობენ "ნაციონალები" ოჯახებშიც კი ჩამოაგდონ შუღლი, დედა-შვილიც კი დააპირისპირონ ერთმანეთთან. თუმცა, მაინც არაფერი გამოუვიდათ - ქალბატონი ციცო ახლა უფრო მონდომებულია, რომ მის სახლში გადავიდეთ და ახლაც ყველანაირად გვიწყობს ხელს. მალე მეორე ოფისიც გვექნება ადიგენში. მასაც, ცხადია, კერძო სახლში გავხსნით. ამ, მეორე სახლის მეპატრონეს, ქალბატონ ნინო ლომთაძეს დაემუქრნენ, თუ მაგათ სახლს მიაქირავებ, ოჯახში 5 ადამიანი ხართ და ხუთივეს,ხანგრძლივი დროით ჩაგსვამთ ციხეშიო. არ გატყდა ქალბატონი ნინო და მაინც გადაწყვიტა, რომ მოგვაქირავოს სახლი. მალე, ადიგენის ყველა სოფელში გვექნება ოფისი.
_ეგ კარავი იყიდეთ?
_კი, ერთი აქაური კაცისგან შევიძინეთ.
_ყველა წესის დაცვით გაქვთ ნაყიდი კარავი?
_კი, რა თქმა უნდა. რაშია საქმე?
_მაინც გადაამოწმეთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები. რაიმე შეცდომა არ გქონდეთ დაშვებული, ბატონო ბიძინა, თორემ დაგიყადაღებენ მაგ კარავს და დარჩებით ღია ცის ქვეშ.
_(იცინის) არა, ამათგან ყველაფერი კია მოსალოდნელი, მაგრამ არა მგონია, ახლა, ამხელა სისულელე გააკეთონ.
_რა ვიცი, ფრთხილად იყავით მაინც, 150 000 ლარით უკვე დაგაჯარიმათ კონტროლის პალატამ და თქვენი სახლი დაყადაღებული და გასაყიდადაა გამზადებული. ეგ კარავიც არ წაგვართვან.
_დიდი მადლობა, ვიფრთხილებთ ბატონო, მართლა კაცმა არ იცის, ამათ რა სისულელე მოუვათ თავში. ისე, დააყადაღონ თუ უნდათ, ორშაბათს გადავდივართ ოფისში და 2 დღე ღია ცის ქვეშაც გაძლებს კაცი.
_ღამით კარავში გძინავთ?
_კი, დიდ კოცონს ვანთებთ კარვის წინ და ვსაუბრობთ, ვიდრე დავიძინებთ
_რას ერჩით "ნაციონალებს, ბატონო ბიძინა, თქვენ და თქვენი შტაბის წევრებს რომ რომანტიკულ-ეგზოტიკური წინასაარჩევნო დღეები მოგიწყოთ, სხვას არც დაესიზმრება.
_მადლობელი ვარ დიდად "ნაციონალების"... აბა, ამ სიკეთეს როგორ დავუვიწეყებ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.( იცინის)
_ადიგენი ვანო მერაბიშვილის მშობლიური რაიონია, მანდ რომ არჩევნებისას ბრძოლა გაიმართება, მტრისას! ეს გურული კაცი რატომ გიგიმეტათ ასე, ბიძინა ივანიშვილმა? რა დაუშავეთ ასეთი, რომ ადიგენის მაჟორიტარად დაგასახელათ? სეხნიები ხართ, ბოლოს და ბოლოს.
_არ გავუმეტებივარ, კაცო. ბატონმა ბიძინამ და კოალიციამ ერთად გადაწყვიტა, რომ ადიგენში მეყარა კენჭი და მეც დავთანხმდი მათ გადაწყვეტილებას.
_კი, მესმის რომ პარტიამ გაგაგზავნათ ადიგენში, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე რომ იმყოფებით, ხვდებით ბატონო ბიძინა?
_კაი ხანია, მაგას მიხვედრილი ვარ(იცინის). თან საველე პირობებში ვცხოვრობთ და ფრონტზე ვართ, აბა, რა არის ეს? მერაბიშვილის სამშობლოში გამარჯვება ურთულესი საქმეა, მაგრამ, მერწმუნეთ, ხალხი მხარს გვიჭერს და სწორედ ადიგენიდან დაიწყება "ნაციონალთა" საყოველთაო მარცხი .
_ზოგიერთები ამბობენ, წასულიყო ბაძინა გუჯაბიძე და ეყარა კენჭი გურიაში, ადიგენში მაგას არავინ მისცემს ხმასო.
_ილაპარაკონ, ბატონო, ენა მაგისთვის აქვს ადამიანს... კი, გურული ვარ, მაგრამ ქართველი ვარ უპირველესად და მინდა ადიგენში ვიყრი კენჭს და მინდა-ლანჩხუში. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და რაიონში მაქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება და ეს უფლება კანონითაც მაქვს მონიჭებული. თავის ქებაში არ ჩამომართვათ და მორალურადაც მაქვს უფლება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ აქ მოვიგებ არჩევნებს და მაგას ისინი ლაპარაკობენ, ვინც წინასწარ იცის, რომ "ნაციონალთა" კანდიდატი -ზურაბ ჩილინგარიშვილი განწირულია მარცხისთვის .
_ცოტა ხნის წინ ვიყავი ახალციხეში და ხალხი საოცრად დათრგუნული და შეშინებულია. ამ შიშის დაძლევას როგორ აპირებთ ხალხში?
_კი, შიშის ფაქტორი შემორჩა ხალხში, მაგრამ საგანგაშოდ არ არის საქმე. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის და მხარდაჭერას გვიცხადებს. და ეს ხდება პოლიციის შენობიდან 25 მეტრში. როგორ ფიქრობთ, ამ ხალხს ეშინია? თუ ვერ ხედავენ პოლიციის იმხელა შენობას? ხალხში შიში, პრონციპში, გატეხილია და ეს პროცესი შეუქცევადია. არჩევნების მერე დაინახავს ვანო მერაბიშვილი, რომ ადიგენში მისი "ძლევამოსილებიდან" აჩრდილიღა დარჩება.
_ძალიან ოპტიმისტურად ხომ არ ხართ განწყობილი?
_არა, რეალურად ასეთი მდგომარეობაა. არ ეშინია ხალხს მერაბიშვილისა და მისი აქაური კლანის, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ამ ხალხის მთელი ქონება, გლეხებს მიწები წაართვა ვანომ, ბიძამისზე, ლევან თუმანიშვილზე გადააფორმა და ახლა იძახის, რომ მილიარდი უნდა ჩავდო სოფლის მეურნეობაშიო. ჯერ ის წართმეული მიწები დაუბრუნოს ხალხს და მერე ჩადოს ის ფული სოფელში. ნეტავ განახათ, აბასთუმანში რამხელა სასახლე წამოჭიმა მერაბიშვილმა. არ ვაჭარბებ-3 სართილიანი სასახლეა, დიდი გალავნით,ალაყაფის დიდი ჭიშკრით და უძვირფასესი მასალით მოპირკეთებული.
_ხელისუფლებაში რომ მოხვალთ, რას იზამთ, გააკულაკებთ მერაბიშვილსა და მისნაირებს?
_გაკულაკება ცუდი სიტყვაა და საბჭოთა კავშირის, უსამართლობის ასოციაციას იწვევს ხალხში. კი არ გავაკულაკებთ, რაც უკანონოდ აქვთ მითვისებული, რაც ხალხს წაგლიჯეს, იმას კანონი ჩამოართმევს ამათ. რაც კანონიერად აქვთ შეძენილი, ღმერთმა შეარგოს ყველას, იმას არავინ ედავება.
_ბატონო ბიძინა, რამდენადაც ვიცი, მანდ ვიდრე კარავს გაშალიდით, ადიგენის პოლიციაში დიდი აურზაური ყოფილა. რა მოხდა?
_მე და ჩვენი შტაბის უფროსი, დათო ბაციკაძე შევედით პოლიციის შენობაში "ქართული ოცნების" მაისურებით, თან რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერი შემოგვყვა. პოლიციელებმა, თურმე, იფიქრეს, ესენი ისე თამამად შემოვიდნენ შენობაში, მგონი დამთავრდა "ნაციონალური მოძრაობის" პარპაში საქართველოში, გადადგა ხელისუფლება და ჩვენ არაფერი ვიცითო. ფერი არ ედო არც ერთს სახეზე. პოლიციის უფროსი ენას ძლივს ატრიალებდა. რომ გვეთქვა, წადით აქედან, აირაღი ჩაგვაბარეთო, იზამდნენ მაგას.დათო ბაციკაძეს რომ ეთქვა, მე ვიქნები აწი პოლიციის უფროსიო, დაუთმობდა თავის კაბინეტს. არადა, იმის გამო მივედით, რომ გაგვეფრთხილებინა,-კარავი უნდა გავშალოთ თქვენს მეზობლად და დაგვიცავით პროვოკაციისგან_თქო.
_ისე, ეწყინებათ ადიგენელ პოლიციელებს თქვენი ოფისში გადასვლა.
_რატომ, კაცო?
_მანდ უპრობლემოდ გაკონტროლებენ, ოფისში კი "ჟუჩოკების" დაყენება მოუწევთ, აგენტურის გაააქტიურება და ათასი დამატებითი ხარჯი და თავში სახლელი გამოუჩნდებათ.
_კარგი, კაცო, მე ვიდარდო ესეც?! კვირაზე მეტია კარავში ვართ და გვეყოფა. გაისარჯოს ცოტა ვანო, არჩევნებამდე ამ კარავში ხომ არ დავრჩებით?