რატომ ვერ იძიებენ ძალოვნები ბადრი ტაბიძის სიკვდილის მიზეზს?

რატომ ვერ იძიებენ ძალოვნები ბადრი ტაბიძის სიკვდილის მიზეზს?

"არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი შვილის საქმეს გამოიძიებენ. ვითხოვ, კანონის ფარგლებში გაირკვეს, რა მოხდა. ვტოვებ საქართველოს, დამატოვებინეს ჩემი შვილის საფლავი, დავიღალე ჩივილით... რას ვიფიქრებდი, ჩემი პრეზიდენტი რომ არ მიმიღებდა. თბილისამდე ფეხით ძლივს ჩამოვედი, 4 დღე და ღამე მე და ჩემი ქალიშვილი კანცელარიასთან მიწაზე ვეყარეთ და ველოდით პრეზიდენტთან შეხვედრას..." - ეს სიტყვები 24 წლის ბადრი ტაბიძის დედამ, თვალცრემლიანმა ქეთევან გადელიამ საქართველოდან წასვლის წინ თქვა, ტირილით საზღვარი დატოვა და თურქეთში მყოფ უფროს ვაჟიშვილთან წავიდა.

მისი შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ დღემდე სამართალდამცავებს არ გამოუძიებიათ, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ქეთევან გადელია ეჭვობს, რომ პოლიციელები დამნაშავეს ხელს აფარებენ. პრეზიდენტთან შეხვედრის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ერთხელ ზუგდიდიდან ზესტაფონამდე ფეხით ჩავიდა და თბილისისკენ მომავალი, ძალოვნებმა მანქანით ქუთაისის პოლიციაში დააბრუნეს. იქ დაჰპირდნენ, რომ ორ თვეში მისი შვილის საქმეს გამოიძიებდნენ. მიცემული პირობა ირწმუნა და მოუთმენლად ელოდა. მაგრამ ძალოვნებმა ისევ გაუცრუეს იმედი და ისევ პრეზიდენტთან შეხვედრაში ხედავდა ხსნას. ამჯერად გზა იმ ადგილიდან განაგრძო, სადაც გააჩერეს და ქალიშვილთან, ლიკა ტაბიძესთან ერთად, პაპანაქება სიცხეში თბილისამდე ფეხით იარა. მაგრამ მას არავინ მოუსმინა. უფრო მეტიც, 4 დღის შემდეგ დედა-შვილი ძალოვნებმა ძალით ჩატენეს მანქანაში და ზუგდიდში დააბრუნეს. არადა, ქეთევან გადელია თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში ცხოვრობს(!).

ნუნუ ჯანაშია, ქეთევან ტაბიძის ბიძაშვილი:
- აფხაზეთიდან, სოფელ აჩიგვარადან დევნილები არიან. საოცრად მძიმე ცხოვრება გამოიარეს. ბადრის მამა მეომარი იყო, იბრძოდა სამშობლოს დასაცავად. ომის წაგების შემდეგ, სხვა მებრძოლებთან ერთად გადმოდიოდა, როცა ენგურის ხიდთან, სნაიპერის ტყვია ზურგში მოხვდა... ობლად დარჩა მისი სამი შვილი. ქეთინომ და მისმა დედამთილმა ბავშვები წვალებით გაზარდეს. დევნილი ოჯახი თავიდან მე მყავდა შეფარებული. ბადრი 7 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. მამამისიც ჩემი სახლიდან გავასვენეთ და ჩვენს სოფელში დავკრძალეთ. ბებიაც ზუგდიდშია დაკრძალული და ბადრიც ჩემი სახლიდან, სოფელ ახალი სოფელიდან გავასვენეთ.

- სად ცხოვრობს მათი ოჯახი?
- შრომითა და წვალებით, ცხოვრება ნელ-ნელა ააწყვეს. თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, დევნილების ბინაში ცხოვრობდნენ. ბადრის მეუღლე და ერთი წლის ქალიშვილი დარჩა. ზუგდიდში მათ სახლი არა აქვთ, ქეთოს აქ მხოლოდ მათი საფლავები აქვს.

- რა გახდა ბადრი ტაბიძის სიკვდილის მიზეზი?
- ახალი წლის ღამეს ბადრი თბილისიდან ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. ჩემს მეუღლეს ეძინა. მე, ჩემმა ვაჟმა და ბადრიმ სუფრასთან ერთი გრაფინი ღვინო დავლიეთ. ნასვამი მოვიდა, მაგრამ მთვრალი არ იყო. მეორე დღეს ბადრის ძმა და რძალიც გვესტუმრნენ. რძალმა თქვა, რომ 1-ელ იანვარს, 5 საათზე მის ძმისშვილს თეატრში გამოსვლა ჰქონდა და იქ წავიდნენ. ბადრი კი ჩვენთან დარჩა. ყველა სტუმარს იცნობდა, რადგან დევნილობის დროს ჩემთან იზრდებოდა. მთელი დღე სტუმრიანობა გვქონდა, მაგრამ ბადრი ცოტას სვამდა. ჩემმა შვილმა მეგობრები სოფელ ხურჩაში წაიყვანა, ბადრიმ კონცერტზე წასვლა გადაწყვიტა. უკვე ბნელოდა და ვთხოვე, უკან დაბრუნებულიყო. ვდიე კარგა მანძილზე, რადგან არ მინდოდა, სადმე მთვრალი წასულიყო. ძლივს მოვაბრუნე, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან ისევ დამისხლტდა. მითხრა, - ნუნუ დეიდა, ნუ გეშინია, კონცერტს ვუყურებ და მალე დავბრუნდებიო... ჩემს შვილთან დარეკვა ვცადე, მაგრამ მისი ტელეფონი სახლში აღმოვაჩინე... მეორე დილით პატრული მოვიდა და შემატყობინეს, რომ ბადრი მომაკვდავი იწვა საავადმყოფოში. რომ მივედი, საშინელ მდგომარეობაში დამხვდა, უგონოდ იყო, რეანიმაციაში აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. ჭრილობა საფეთქელთან ჰქონდა, თავის ქალაც დაზიანებული აღმოჩნდა, სხეულის სხვა ადგილებზე განაკაწრიც არ ეტყობოდა. მაშინ ექიმმა მითხრა, ავარია და დაცემა გამორიცხეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით, მე არც ექსპერტი ვარ და არც პოლიციელი, რომ ეს საქმე გამოვიძიოო. 18 დღის შემდეგ გვითხრეს, რომ კომიდან თითქმის გამოსული იყო და გადარჩებოდა. თვალები გაახილა, ხელ-ფეხი აამოძრავა, აპარატიდანაც მოხსნეს და მისი გადარჩენის იმედი გაგვიჩნდა. ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველას გვცნობდა და ეს რეაქციაზე ეტყობოდა. ასე იცოცხლა 3 თვე და მოულოდნელად, 29 მარტს ისე გარდაიცვალა, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. დღემდე არ ვიცით, სად და ვინ მიაყენა დაზიანება და რატომ.

- ფაქტზე საქმე თავიდანვე აღიძრა?
- საქმეს გამომძიებელი ანზორ როგავა იძიებდა. მაგრამ თავიდანვე გაჭიანურდა გამოძიება. მხოლოდ მაისის ბოლოს გვაჩვენეს ის ადგილი, სადაც დაშავებული იპოვეს. როგორც გამოძიება ირწმუნება, ვიღაც გოგომ ნახა, ბადრი ქუჩაში გონდაკარგული რომ ეგდო და ძალოვნებს შეატყობინა; გზის ნაპირზე ვიპოვეო, - უთქვამს. ჩემი სახლიდან 250 მეტრში უნახავს. მანქანის შუქი რომ მივანათეთ, მამაკაცი აღმოჩნდა. მივუახლოვდით. ის ცოცხალი იყო, ხელებს ამოძრავებდა და დახმარებას ითხოვდა; საპატრულო პოლიციაში და "სასწრაფო დახმარებაში" დავრეკეო... ერთ-ერთი ვერსიით, მას მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მიაგდო და მიიმალა. გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. რამდენი თვეა, ველოდებით და ვერ გვითხრეს, რა დაემართა სიცოცხლით სავსე ბიჭს.

- ქალბატონმა ქეთინომ რა გიამბოთ - როგორ წამოიყვანეს იგი ღამით პრეზიდენტის რეზიდენციიდან პოლიციელებმა?
- ოთხი დღე და ღამე უშედეგოდ, ქუჩაში იწვა დედა-შვილი მშიერ-მწყურვალი, საშინელ დღეში იყვნენ. მათ თბილისში მე და ჩემმა მეუღლემ ჩავაკითხეთ და იმ ღამით მათ გვერდით ვიყავით, როცა პოლიცია თავზე წამოგვადგა და მანქანაში ძალით ჩაგვსვეს. გამთენიის 6 საათი იყო, ზუგდიდში რომ ჩამოგვიყვანეს.

- რა გითხრეს პოლიციელებმა და როგორ გექცეოდნენ?
- ამბობდნენ, ბრძანება გვაქვს, რომ ზუგდიდში უნდა დაგაბრუნოთ, სხვა არაფერი გვაინტერესებსო. ქეთო არ დაემორჩილა და ძალით ჩატენეს მანქანაში. ვუხსნიდი, რომ მას ზუგდიდში სახლი არა აქვს, თბილისში, ნუცუბიძეზე ცხოვრობს და იქ წაეყვანათ, მაგრამ არ მოგვისმინეს. ნაბრძანები ასე გვაქვს, ზუგდიდში უნდა ჩაგიყვანოთო, - ეს იყო მათი პასუხი. რამდენჯერმე ვუთხარი, შვილის საფლავის მეტი ზუგდიდში არაფერი აქვს, მე ჩემს სახლში არ შევუშვებ და ამხელა გზაზე ნუ მიგყავთ-მეთქი, მაგრამ ვინ გაიგონა?! მერე ისეთი სისწრაფით მიდიოდა მანქანა, შიშისგან გული კინაღამ გაგვისკდა და ხმასაც ვეღარ ვიღებდით. ორსაათ-ნახევარში ზუგდიდში ჩაგვიყვანეს. ორხიდიან ჯიპში ვისხედით ჩვენ, ოთხნი და 5 პოლიციელი. კიდევ ორი საპატრულო მანქანა გვაცილებდა - წინ და უკან მოგვყვებოდა.

- ანუ ესკორტის თანხლებით წაგიყვანეს?..
- გაძლიერებული დაცვით ჩაგვიყვანეს. ტელეფონებიც ჩამოგვართვეს და ვერც ვერავის ვუკავშირდებოდით. სირენები ჰქონდათ ჩართული, ხელში მიკროფონი ეჭირათ და სხვა მანქანებს გზის დათმობას სთხოვდნენ... ყველანი ჩემს სახლში მიგვიყვანეს. მე და ჩემს მეუღლეს გვითხრეს, - გაფრთხილებთ, ამ ქალს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, თავის მოკვლა არ სცადოს ან რაიმე დაზიანება არ მიიღოს, თორემ იცოდეთ, თქვენ მოგიწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაო. ქეთო საშინელ დღეში იყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა, ისე ჰქონდა დასივებული ფეხები ამ ნატანჯ ქალს.

- თქვენ რატომ დაგემუქრნენ?
- არ ვიცი, ასე გვითხრეს, სამი დღე უყარაულეთო. რა მექნა, სახლში ხომ ვერ დავჯდებოდი. მეორე დღეს სამსახურში წავედი და ქეთო ჩემს მეუღლესთან დავტოვე. ცოტა ხანში სამსახურში პოლიცია მომადგა და სამმართველოში დამიბარეს. მკითხეს, სად გყავსო? სახლშია-მეთქი. მართლა იქ მეგულებოდა. არა, აგერ, პროკურატურასთან ზის, ჟურნალისტები მისგან ინტერვიუებს იღებენ, ამბობს, რომ შიმშილობას იწყებს და სახლიდან რატომ გამოუშვიო?!. მოითხოვდნენ, რომ ქეთოს იქაურობა დაეტოვებინა. მანამდეც, ვინ იცის, რამდენჯერ დამიბარეს, - დააწყნარეთ, დრო მოგვეცითო.

- ვინ გიბარებდათ?
- გამომძიებელი მერაბ შენგელია, პროკურორი ხვიტია და სამმართველოს უფროსი ლევან ქირია ითხოვდნენ, რომ დამეწყნარებინა შვილმკვდარი დედა. წარმოიდგინეთ - პროკურატურასთან რომ მივედი, წვიმაში ფეხშიშველი იჯდა. მთელი ნათესავები ვეხვეწებოდით ადგომას, ვეუბნებოდით, რომ ასე ჯანმრთელობას გაინადგურებდა, ვთხოვდით, ცოტა ხანს მაინც დაესვენა, ფიზიკურად მოძლიერებულიყო და მერე ეშიმშილა... ქეთოს ძმა გალში ცხოვრობს და ჩვენ რომ ვერაფერს გავხდით, მასაც ვაცნობეთ. რძალმა სასწრაფოდ გადაიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე და თავის სახლში წაიყვანა. მაშინ გამწარებულმა ძალოვნებს უთხრა, - მიმიფურთხებია თქვენი გამოძიებისთვის! აღარაფერი მინდა, აფხაზეთში მივდივარო,

- და წავიდა. მაგრამ ეტყობა, როცა იქ ჩასულმა გააანალიზა ყველაფერი, უფრო ცუდად გახდა. უთქვამს, ჩემი შვილის საფლავს არ მივატოვებო, და აფხაზეთიდან ისევ აქეთ გამოიქცა. ისევ შვილის საფლავზე დაემხო და ტიროდა. საშინლად წვიმდა, ის კი შვილის საფლავს ვერ მოვაცილეთ. მისი ვაჟი თურქეთშია და მასაც ვაცნობეთ. თქვა, - რამენაირად ჩემამდე გამოუშვით და მე მივხედავო. ძალიან არ მინდა, ბადრის სიკვდილის თემა პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს, ეს ერთი გაუბედურებული დედის გასაჭირია, რომელიც საკუთარი შვილის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას სამართლიანად ითხოვს, მაგრამ - უშედეგოდ.

- თურქეთში წასვლაზე დაიყოლიეთ?
- შვილთან ფაქტობრივად, ძალით გავუშვით. ვაიძულეთ, აქაურობა დაეტოვებინა, რადგან სხვა გზა არ იყო. აქ ჯანმრთელობა სულ შეერყეოდა და შესაძლოა, ყველაფერი ახალი უბედურებით დასრულებულიყო... თურქეთში წასვლაზე უარი თქვა, მაგრამ ბათუმის საზღვართან დახვდნენ და წაიყვანეს. სხვა გამოსავალი არ იყო. მიხვდა, რომ იქით ვუშვებდით, წინა ღამით სახლიდან ისევ გაგვეპარა და თავსხმა წვიმაში ისევ შვილის საფლავზე წავიდა. შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რა დღეში იყო ქეთო. საშინლად წვიმდა. ღამის 12 საათი სრულდებოდა, როცა სასაფლაოზე წავედით. ყველანი ვემუდარებოდით, წამოგვყოლოდა, მაგრამ უარს ამბობდა: ხვალ მიშვებთ აქედან და ამ ღამეს ჩემს ქმარ-შვილთან გავატარებო!.. შვილის სურათს ჩაებღაუჭა და ვერაფრით დავიყოლიეთ. სულ სველი იყო. მე და ჩემმა ქმარმა ძალა ვერ გამოვიყენეთ. მერე, სხვა გზა არ იყო და, ჩემმა შვილმა გამწარებული დედა შვილის საფლავს ააგლიჯა. საფლავის ქვას ახლაც ეტყობა გამწარებული ქალის ფრჩხილების კვალი... გავუშვით თურქეთში იმ იმედით, რომ იქნებ იქ შვილმა მოახერხოს მისი დამშვიდება. ამ გასაცოდავებული დედის მდგომარეობაში იქნებ ვინმე შევიდეს, გულთან მიიტანოს მისი გასაჭირი და გამოიძიონ ეს საქმე. ის სხვას არაფერს ითხოვს. იმის გარკვევა უნდა, ვინ და რატომ მოუკლა შვილი, რატომ დაუობლეს ობლობაში წვალებით გაზრდილ ბადრისაც პატარა გოგონა.