"ხალხის მტკიცე ნება თუ ვერ დაინახა სააკაშვილმა, შესაძლებელია სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზებაც მოახდინოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ასეთი ქმედებებით ცივილიზებული სამყაროს წინაშე უკვე მერამდენედ წარვდგებით არა როგორც მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და კულტურის შექმნელი ერი, არამედ როგორც გამოქვაბულიდან ახლახან გამოსული ბრბო... ჰილარი კლინტონის შეფასებაც კმარა - საბჭოთა სივრციდან ოცი წლის გამოსულების პირობაზე არა გიშავთო", - აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გიორგაძე: "ამ ხელისუფლებას ყველამ უნდა გამოვაცალოთ საყრდენი ბოძი" .
"დასავლეთის ფაქტორს სააკაშვილი იყენებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც დაშვებულია რუსეთის სპეცსამსახურებისგან, ვინც უზრუნველყოფს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას. დასავლეთი მთელი რიგი მიზეზების გამო თვალს ხუჭავს სააკაშვილის ქმედებებზე. ამის მიზეზი ოპოზიციის ბევრ შემთხვევაში დასავლეთისთვის გაუგებარ ქმედებებშიც უნდა ვეძებოთ. მაქსიმალურად უნდა წამოვწიოთ ერთი მხრივ, თემები, რომელზეც დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს და მეორე მხრივ, ქართული ოპოზიციისა და დასავლეთის საერთო ინტერესები - ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი იზოლაციაში აღმოჩნდება და ქართული საქმის გაკეთებაც გაიოლდება. ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა - მთლიანად ოპოზიციური სპექტრისა და განსაკუთრებით, "ქართული ცონების" მიმართ, მისი ფაშისტურ-კომუნისტური რბევის გზით, არის ხელისუფალთა ბოლო შანსი, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უღირსებო, მორჩილი მასა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გიორგაძე.
"სააკაშვილი ტიპური ბოლშევიკურად მოაზროვნე ადამიანია, მას არ შეუძლია კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირება. მას უშუალო კონკურენტთან არც კამათი შეუძლია და არც დიალოგი. ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც თავის დროზე ჩვენი დებატები პარლამენტში თუ მის მიღმა. მოწინააღმდეგეს თუ კონკურენტს, როგორც ბოლშევიკი, განიხილავს როგორც მტერს. რადგანაც მას ოპონირება არ შეუძლია, ოპონენტებს არ აღიარებს და პირდაპირ მტრად მიიჩნევს, იმიტომ რომ მის პირად კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს. მიაჩნია, რომ მან ამდენს მიაღწია და ახლა ვიღაც უპირებს განუსაზღვრელი ძალაუფლების შეზღუდვას. მტერია, აბა, რა! ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთი ნაბიჯითაც რომ დაიხიოს უკან და ცოტათი მაინც დასწიოს დაპირისპირების ტემპერატურა, ხუხულასავით ჩამოეშლება თავზე მისი ნაქები ხელისუფლება. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ აშკარად მიუღებელია ქართველი ერისთვის. იციან, რომ უმცირესობაში არიან და ამიტომ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები", - განაგრძობს სახალხო პარტიის ლიდერი.
"აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილი ხალხის სტრუქტურირება და ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბება, საერთო ეროვნული ამოცანის განაზრება, თითოეული თანამებრძოლის ადგილის განსაზღვრა. პოლიტიკაში ადამიანების შეფასება უნდა ხდებოდეს მისი პოლიტიკური საქმიანობის და პოლიტიკური პოტენციალის მიხედვით და არა სხვა სფეროებში მიღწეული წარმატებების მიხედვით. აღნიშნული ქმედებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ სისტემის დამარცხების შესაძლებლობის რწმენა, ხოლო ყველა აქტივისტს დაცულობის განცდა და იმის გარანტია, რომ ის მარტო არ იქნება მიტოვებული რეჟიმთან ბრძოლისას. ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ არ იქნება გამოყენებული კაცობრიობის მიერ აპრობირებული ყველა ის მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, რითაც ცივილიზებულმა ერებმა მიაღწიეს წარმატებას", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"გაუმართლებელია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ავკიდოთ მთლიანი პასუხისმგებლობა და ვიყოთ მომლოდინე, ან ჩასაფრებული, გულგრილი მაყურებლის მდგომარეობაში. თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ ის ქმედუნარიანია, სიტყვა ეთქმის და აქვს ძალა, ამ რეჟიმს რომელიმე საყრდენი ბოძი მაინც გამოაცალოს, ეს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად და ცალკეც. ჩვენი ამოცანაა, მტერს გავუფანტოთ ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს ქართველ ხალხს, როგორც სურს და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ ის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება. უნდა გავაგებინოთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა და მსოფლიო თანამეგობრობა, რომ ჩვენ ძალგვიძს დავამარცხოთ ტერორი და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო”, - დასძენს მამუკა გიორგაძე.