"ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!"

"საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! საქართველოში წინასაარჩევნო პროცესის ასეთი შეფასება, ევროსაბჭოსა და ეუთოს შემდეგ, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც გააკეთა. ხელისუფლებას კი ამ თემაზე საუბარი არ სურს. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" წარმომადგენლებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ამ ორგანიზაციის სპეციალურმა მრჩეველმა, საარჩევნო საკითხების ექსპერტმა, ტერი ბენჰემმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არის შექმნილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

"ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია ერთი და იმავე პრობლემებზე მიუთითებს, მათგან ყველაზე დიდი ორგანიზაციები უშუალოდ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, არსებული პოლიტიკური ჯარიმების სიდიდესა და ე.წ. კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ", - განაცხადა ტერი ბენჰემმა. მან აღნიშნა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანონის შერჩევითი გამოყენების შემთხვევებიც. მისი განმარტებით,, ცესკომ ამომრჩეველთა საბოლოო სია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა და აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში მისი გასაჩივრება შეუძლებელია. ამასთან, მან პრესკონფერენციაზე რამდენიმე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც ასახულია თბილისში, ჯავახიშვილის N13-19-ში, დადიანის N22-სა და ბარნოვის N84-ში არსებული შენობების ნანგრევები და აღნიშნა, რომ ამ ადგილებზე, შესაბამისად 46, 42 და 8 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თუმცა, ბენჰემმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული მონაცემები გასულ თვეს დადებულ სიაში აღმოაჩინეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს უზუსტობები ახალ სიაში აღმოფხვრილია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბენჰემის მტკიცებით, ბოლო პერიოდში შეინიშნება გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრება და კანონის შერჩევითი გამკაცრება - "უკანასკნელ ხანს სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით შემოღებული იქნა ახალი კანონი. ჩვენთან ამას თამაშის შუაში წესების შეცვლას ეძახიან, რაც აჩენს ეჭვებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკურად მოტივირებულია. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის გადაჭარბებული ჯარიმა დაეკისრა პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონის ოდენობით. ეს ჯარიმა სამ ერთად აღებულ იმ ჯარიმასაც კი აჭარბებს, რომელიც აშშ-ში ოდესმე დაუწესებიათ. ასეთი ფაქტები საარჩევნო პროცესს ვნებს" - აღნიშნა მან. ამასთან, მან აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ ის საქართველოში იმყოფება არა იმისთვის, რომ ვინმე ოპოზიციიდან ან ხელისუფლებიდან გააკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს რჩევა პოლიტიკურ სუბიექტებს, დაემორჩილონ კანონის უზენაესობას", - დასძენს გამოცემა.

"საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და არავის ინტერესებში არ არის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები ლაკმუსის ტესტია," - განაცხადა ბერნჰემმა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე "ღია დემოკრატიის კომიტეტს" 20 დამკვირვებელი ეყოლება. ამასთან, როგორც "ღია დემოკრატიის კომიტეტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა განმარტა, შესაბამის პროცედურებს ცესკო-ში დასარეგისტრირებლად დამკვირვებლები უახლოეს დღეებში გაივლიან", - წერს სტატიის ავტორი.

"ხელისუფლებას ამ შენიშვნებზე საუბარი არ სურს მიუხედავად იმისა, რომ იგივე შინაარსის განცხადებებზე, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ევროსაბჭოსა და ეუთოს მხრიდან გამოითქვა, ის მაინც თქვეს, რომ ამ ორგანიზაციებს "ივანიშვილის ლობისტურმა კომპანიებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს". ამ შემთხვევაში კი კომენტარის გაკეთება ხელისუფლებიდან არავინ მოისურვა. ამის მიზეზად კი პირად საუბრებში იმას ასახელებენ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არავინ იცნობს და ის "ივანიშვილის მიერ არის დაქირავებული". ტერი ბენჰემის განმარტებით, "ღია დემოკრატიის კომიტეტი" არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კერძო შემოწირულობებით არსებობს და საარჩევნო პროცესებს საქართველოსა და უკრაინაში აკვირდება. ამ ორგანიზაციის შენიშვნებზე კომენტარი მხოლოდ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ გააკეთა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ჩემს გაკვირვებას იწვევს, თუ "ღია დემოკრატიის კომიტეტმა" რატომ არ წარმოადგინა ეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციასთან ერთად, ვისი თხოვნით და ინიციატივითაც არის შექმნილი და ჩამოსული საქართველოში. მხედველობაში მაქვს "ქართული ოცნება", - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ "ღია დემოკრატიის კომიტეტი" არის ფლორიდაში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის აქ ჩამოყვანაც უზრუნველყოფილია ივანიშვილის მიერ. "ამიტომ ივანიშვილი ერთი მხრივ, 56000 განცხადებას გზავნის და მეორე მხრივ 3-4 მისამართზე ასაუბრებს ფლორიდულ არასამთავრობოს. ეს ჩემთვის გაუგებარია", - ამბობს კაციტაძე, რომელიც მიიჩნევს რომ კარდაკარის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5.3%, დაახლოებით 66 ათასი მონაცემი ვერ გადამოწმდა მისამართის ვერ მოძებნის გამო და "ამაში კატასტროფული არაფერია", - დასძენს სტატიის ავტორი.

"პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დაფინანსების წყაროებითაც დაინტერესდნენ, რაზეც აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა განაცხადა, რომ "ღია დემოკრატიის კომიტეტი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კერშო შემოწირულობით არსებობს და საარჩევნო პროცესებს საქართველოსა და უკრაინაში აკვირდება", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ტერი ბენჰამი ამომრჩეველთა სიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"

"კომიტეტმა მე თბილისში იმ მიზნით მომიწვია, რომ შევაფასო საარჩევნო გარემო და კონსულტაცია გავუწიო მათ ბიულეტების დაცულობისა და შეუვალობის საფრთხეებში. იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იყოს, არსებობს საბაზისო საკითხები, რომლებიც ყველა პარტიისთვის ერთი უნდა იყოს. ეს არის პირველ რიგში ერთნაირი წვდომა საარჩევნო სიებზე და კონკურენტები ერთნაირად უნდა ემორჩილებოდნენ კანონს - ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა სადაც საქართველოს მოსახლეობას შეეძლება თავისი ნდობით აღჭურვილი ლიდერი აირჩიოს", - განაცხადა კომიტეტის სპეციალურმა მრჩეველმა ტერი ბენჰამმა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრესკონფერენციის ბოლოს ტელეკომპანია "რეალ ტივის" ჟურნალისტმა პრესკონფერენცია დემოსტრაციულად, პროტესტის ნიშნად დატოვა - მას პრესკონფერენციაზე სიტყვის დასასმელად სიტყვა მისცეს, თუმცა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კახი კალაძე საკუთარი კარში ორი გოლის გატანის შემდეგ პოპულარული არარ არის, ბიძინა ივანიშვილს კი მის გუნდში ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკოსები ჰყავს და იგი ნინო ბურჯანაძესთან ერთად პუტინის პროექტია. "წარსულში დაბრუნება არ მსურს და ამიტომ ვტოვებ თქვენს პრესკონფერენციას", - განაცხადა ჟურნალისტმა - ამ დროს პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელი კახა კალაძისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება", - წერს სტატიის ავტორი.