მმართველი პარტია რეგიონებში მოქალაქეებთან "საარჩევნო ხელშეკრულებებს" აფორმებს. მათი შინაარსის მიხედვით, ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობა" იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერს 1 თვით დაასაქმებს რომელიმე ადგილობრივ ადმინისტრაციაში, მეორე მხრივ კი, ხელმომწერი მოქალაქე იღებს ვალდებულებას, რომ პირადად ის და მისი ოჯახის ყველა წევრი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ ხმას.
როგორც "ქართული ოცნების" ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება დასაქმების სამინისტროს სახელით ხდება.
"დასაქმების სამსახური ყველა რაიონში 200-200 ადამიანს უფორმებს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ არჩევნებში ხმა "ნაციონალებს" უნდა მისცეს და ამის სანაცვლოდ იგი ერთი თვით გაურკვეველ თანამდებობაზე დასაქმდება, ხელფასის სახით კი 300 ლარს აიღებს. ეს არა მარტო ამბროლაურში, ცაგერსა და ონშიც ხდება.
ამისთვის ისეთ ხალხს არჩევენ, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან, თუ ვის მისცემენ ხმას და შეიძლება ოპოზიციისკენ გადაიხარონ. ამით ისინი თავისკენ იზიდავენ. ანუ, ამ ყველაფერს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ აკეთებენ. საქმე მოსყიდვის მცდელობასთან გვაქვს", - ამბობს დარახველიძე.
მისივე თქმით, ხელშეკრულება ოფიციალურად ფორმდება ბეჭდითა და ხელმოწერით. მისი ასლები კი "ქართულ ოცნებასაც" გააჩნია.
ელისო ჩაფიძე:
"ნაციონალების" მომხრეებს აწერინებენ განცხადებას, რომლის საფუძველზეც მათ გარკვეულ თანხას აძლევენ. იმის საფასურს, რომ ისინი "ნაციონალების" მხარდამჭერები არიან".
ამ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძეც ადასტურებს და იმასაც ამბობს, რომ ტყიბულში, მსგავსი შემთხვევების გარდა, სხვა დარღვევებიც ფიქსირდება. კერძოდ, სოფლებში ნაციონალების მხარდამჭერებს "ერთჯერადი დახმარების" სახით გარკვეულ თანხას უხდიან.
"აქ ძალიან საინტერესო ამბები ხდება. ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ეხმარებიან. ანუ "ნაციონალების" მომხრეებს აწერინებენ განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებას ერთჯერადი დახმარების გამოყოფას სთხოვს. ამ განცხადების საფუძველზე მათ გარკვეულ თანხას აძლევენ, იმის საფასურს, რომ ისინი "ნაციონალების" მხარდამჭერები არიან.
გვყავს ადამიანები, რომლებსაც შესთავაზეს, დაწერონ ასეთი ტიპის განცხადებები. გვყავს ისეთი ხალხი, ვინც ისაუბრებს ამაზე. ჩვენ ცოტა ხანში წარმოვადგენთ კიდეც ამ მასალებს. უბრალოდ, ჯერ მერიისგან გვაქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, თუ ვისზე გაიცა ეს დახმარებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს "დახმარებები" ქალაქის ბიუჯეტიდან გაიცემა. ეს ყველაფერი კი იურიდიულად ისე გააფორმეს, რომ ამის უფლება აქვთ, მაგრამ ფულს მხოლოდ "ნაციონალების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს აძლევენ", - აცხადებს ჩაფიძე.
იგი იმასაც ამბობს, რომ დარღვევები ამით არ ამოიწურება. მისი თქმით, "ნაციონალებს" თავიანთი შტაბები ადმინისტრაციულ შენობებში აქვთ გახსნილი, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევაა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს ფაქტები უკვე აცნობეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ გეგმავენ, რადგან, მათი აზრით, ამას აზრი არ აქვს.
"ამას, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ და NDI და IRI-საც ვაცნობებთ. მე დღეს ძალიან გამახარა უილიამ კორტნის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ, არ გააყალბონ არჩევნები. ტყიბულში კი კუბლაშვილს არანაირი იმედი არ აქვს, გაყალბების გარდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაფერს მივაწვდით, რადგან მსგავსი დარღვევებით არ ინტერესდება. რა აზრი აქვს მოგელაძისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას? ის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" თანხების წართმევითაა დაინტერესებული", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩაფიძე.
დავით დარახველიძე:
"მოქალაქემ არჩევნებში ხმა "ნაციონალებს" უნდა მისცეს და ამის სანაცვლოდ იგი ერთი თვით გაურკვეველ თანამდებობაზე დასაქმდება. ხელფასის სახით კი 300 ლარს აიღებს.
ცნობას "ნაცმოძრაობის" მიერ ამომრჩევლებთან ამგვარი "საარჩევნო ხელშეკრულების" გაფორმების შესახებ სააგენტო "პირველიც" ავრცელებს. მათი ცნობით, ამგვარი რამ ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვში მოხდა. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ მმართველი პარტიის აგიტატორები მოსახლეობას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთავაზობენ. იგი არ აკონკრეტებს, რა სახის ხელშეკრულებაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელის მოწერას არ აპირებს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ნინო რიჟამაძე მოქალაქეებისთვის ერთჯერადად თანხის გადაცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გასარკვევია, ეს პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყო, თუ მას შემდეგ.
მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თუ რა სახის პროექტია ეს. თუ მას ბიუჯეტი არჩევნების გამოცხადებამდეც ითვალისწინებდა, მაშინ სამართლებრივად არსებობის უფლება აქვს. თუმცა, ის ფაქტი, რომ დახმარებას მხოლოდ ერთი პარტიის მომხრეებს სთავაზობენ, რა თქმა უნდა, უსამართლობაა. ასეთი დისკრიმინაცია პარტიული ნიშნით გაუმართლებელია.
მაგრამ თუ პროექტი გაჩნდა და დაიწყო არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ როდიდან ამოქმედდა ის", - ამბობს რიჟამაძე.
რაც შეეხება მოსახლეობის ერთთვიან დასაქმებას არჩევნებში "ნაციონალების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, აქ, იურისტის თქმით, საქმე უფრო რთულადაა, რადგან კანონი ირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ ის ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და იმ შემთხვევაშიც, თუ "ხელფასები" პარტიის სახსრებით გაიცემა.
"მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რა პროექტის ფარგლებში სთავაზობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოქალაქეებს დასაქმებას. მიუხედავად იმისა, ეს პროექტი არჩევნების დანიშვნის შემდეგ დაიწყო თუ მანამდე, თუ ის ბიუჯეტით ფინანსდება, უკვე დარღვევაა.
არც ერთ პარტიას არ აქვს საბიუჯეტო პროექტის სახელით სარგებლობის უფლება. მსგავსი ქმედება აკრძალულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით. ეს კანონი პარტიებს უკრძალავს საბიუჯეტო თანხების გამოყენებას პარტიის სახელით", - განმარტავს ნინო რიჟამაძე.
იურისტის აზრით, ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს:
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, თუ პარტია ამას თავისი სახსრებით ახორციელებს, მოსყიდვის მცდელობაა, ხოლო თუ ქალაქის ბიუჯეტს იყენებენ, ესეც აკრძალული საქმიანობაა, რადგან სახელმწიფო რესურსის უკანონო გამოყენებასთან გვაქვს საქმე. მოკლედ, საბიუჯეტო რესურსით კეთდება ეს თუ არასაბიუჯეტოთი, ორივე შემთხვევაში დარღვევაა".
ინფორმირებულები არიან თუ არა მოგელაძის უწყებაში მსგავსი ფაქტების თაობაზე და დაინტერესებულნი არიან თუ არა მათი შესწავლით? - ამ კითხვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურს მივმართეთ. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფატი მამიაშვილის თქმით, ისინი ამ ფაქტს ისევე შეისწავლიან, როგორც სხვა დანარჩენებს.