შესაძლებელია თუ არა, რომ 8 წელიწადში ამომრჩეველთა რაოდენობა 1,2 მილიონით გაზრდილიყო

შესაძლებელია თუ არა, რომ 8 წელიწადში ამომრჩეველთა რაოდენობა 1,2 მილიონით გაზრდილიყო

"ამომრჩეველთა ლიგამ" საარჩევნო სიაში დაუდგენელი მისამართის მქონე პირებთან დაკავშირებით კანპანია - "სად ცხოვრობ შენ" დაიწყო. კამპანია ლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარეობს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება საკუთარი თავის გადამოწმება და უზუსტობის შემთხვევაში ლიგისთვის მიმართვა. გუნცაძის განცხადებით, კამპანიის დაწყების აუცილებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილითაა განპირობებული. "ამომრჩეველთა ლიგის" კარდაკარმა, რომელსაც იგი თბილისსა და ზუგდიდში ატარებდა, სიების დაზუსტების კომისიის მონაცემებთან შედარებით, 107 ათასზე მეტი უზუსტობა აღმოაჩინა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შესაძლებელია თუ არა, რომ 8 წელიწადში ამომრჩეველთა რაოდენობა 1,2 მილიონით გაზრდილიყო / "ამომრჩეველთა ლიგამ" ახალი კამპანია დაიწყო - "სად ცხოვრობ შენ?"

"ამომრჩეველთა ლიგა" შეიქმნა იმისთვის, რომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის კომპრომეტაცია მოეხდინა. ჩვენ დავდეთ უაღრესად შთამბეჭდავი შედეგები და ამას აღიარებს საზოგადოებასთან ერთად ევროკავშირის ელჩი, ევროსაბჭოს და ეუთოს დელეგაცია, "ენდიაი", "აირაი" და სხვა კვლევები. ის ტენდერი, რომელიც გუნცაძემ მოიგო სახელმწიფო კომისიის საკომპრომეტაციოდ, ჩავარდა. ბუნებრივია, დონორი პასუხს სთხოვს პროექტის განმხორციელებელს, რომელმაც მისცა პირობა და ვერ შეასრულა. მე მესმის ასეთ მგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის და უფრო მეტიც, შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ უადგილობის გამო უკან გამოვდივარ. გუნცაძე ამბობს, მილიონ 200 ათასი ადამიანია საზღვარგარეთ გასულიო. ლიგამ კი დღეს გამოაქვეყნა, რომ თბილისში და ზუგდიდში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 30% ცხოვრობს, 46 ათასი ადამიანია საზღვარგარეთ. როცა კარდაკარით აღმოაჩენ 46 ათას ადამიანს უცხოეთში გასულს და აცხადებ, მილიონ 200 ათასია გასული, რა გავიგოთ?!" - - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საუბრისას სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

"მე თავიდანვე ვთქვი, თუ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის პარალელურად ჩატარებული კარდაკარები აღმოაჩენენ, რომ სახელმწიფო კომისიას რამე გამორჩა, მოგვაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ავსახავთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში-მეთქი. "ქართულმა ოცნებამ" მოგვაწოდა მის მიერ აღმოჩენილი დარღვევები და ჩვენ გავითვალისწინეთ. მაგრამ გუნცაძე ამბობს, რომ არანარ განცხადებებს, არანარი რიცხვებს არ მივაწვდი სიების დაზუსტების კომისიას და ციფრებს დავდებ საიტზეო. ციფრები შეუძლია ჩაკეტოს უჯრაში, ან სეიფში და კარგად შეინახოს. ციფრებით ვერ "გააპრავებს" იმ გაუმართლებელი ტენდერის შედეგებს, რომელიც მოიგო. მაგრამ დონორს დამაკმაყოფილებელი რეზულტატები ვერ წარუდგინა. თუ ვინმეს უნდა, უზუსტობის თაობაზე მისი ნამუშევარი ასახულ იქნეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მე 1 სექტემბრამდე ველოდები მათ", - დასძენს კახა კაციტაძე.

"ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის მიერ გამოქვეყნებული სია, 2004 წელთან შედარებით, მილიონ 200 ათასი ამომრჩევლითაა გაზრდილი. ეს ხომ არის სრული აბსურდი, ნათელი ტყუილი. აქედან და ბევრი სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, დავიწყეთ კამპანია "სად ცხოვრობ შენ", რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რაც შეიძლება ნაკლები უზუსტობები იქნეს და არჩევნებმა ტოტალური გაყალბების გარეშე ჩაიაროს. ჩვენ დღეს გამოვაქვეყნებთ დაუდგენელი პირების სიას, რომელიც მოვიპოვეთ ჩვენი ალტერნატიული გზების მეშვეობით. ყველა ადამიანმა, რომელიც ამ სიაში თავის თავს იპოვის, უნდა მოგვმართოს, რათა გადავამოწმოთ და არ ჩაითვალოს დაუდგენელ პირად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე.

"შეგახსენებთ, რომ დაუდგენელია პირი, რომლის შესახებაც ოჯახმა, ბინის მესაკუთრემ არ იცის, ვინაა, რეგისტრირებული მის მისამართზე. ეს ადამიანი შეიძლება იყოს შიდა მიგრანტი, შეიძლება იყოს მიწერილი და ფიქტიური ამომრჩეველი. ჩვენ მიერ დაწყებული ზემოხსენებული კამპანია ემსახურება იმას, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შიდა მიგრანტი და მიწერილი და ფიქტიური ამომრჩეველი. ფიქტიური ამომრჩეველი, უცხოეთში წასულ ამომრჩეველთან ერთად, ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება არჩევნებში. ასე იყო ყოველთვის. იგივე ხდება მიწერილი ამომრჩევლის შემთხვევაშიც. ამიტომ ჩვენი ყურადღება ამაზე განსაკუთრებით გამახვილდება. რაც შეეხება ჩვენ მიერ აღმოჩენილ უზუსტობებს, რიცხვები დაიდება ვებ-გვერდზე და ყველა იხილავს იქ. თუ კაციტაძეს აინტერესებს ჩვენ მიერ აღმოჩენილი უზუსტობები, შეუძლია, ნახოს ვებ-გვერდზე", - განმარტავს გუნცაძე.