რამდენიმე თვის წინ ნათია მიქიაშვილი "მაესტროს" ეთერიდან მოულოდნელად გაქრა. მიზეზი საპატიო აღმოჩნდა. ჟურნალისტი გათხოვდა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ტელევიზიას საავტორო გადაცემა "ანატომიით" დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად "მეცხრე არხზე". ნათიას სკანდალური ჟურნალისტური კარიერა მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. ის არაერთხელ გამხდარა სახელისუფლებო გუნდის კრიტიკის ობიექტიც, მაგრამ უკან არასოდეს დაუხევია.
- ნათია, "მაესტროს" ეთერიდან მოულოდნელად გაუჩინარდით...
- ასე ხდება, პერიოდულად ვქრები და მერე ისევ ვჩნდები. გავთხოვდი და მომინდა სახლში, შვილსა და ქმართან ერთად ვყოფილიყავი. ცოტა გრძელვადიანი თაფლობისთვე მოვიწყვე. კმაყოფილი ვარ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ამის საშუალებას რომ იძლეოდეს. ვინც მიცნობს, იცის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ. შეიძლება, ეს არც არის კარგი და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩემს კარიერას ან პირად ცხოვრებას ვნებს, მაგრამ მაინც ასეა. კარიერა, ფული, მდგომარეობა, გავლენა, ყველაფერი მესმის, მაგრამ ოჯახი პირველ ადგილზე დგას. მერე მომენატრა ტელევიზია. საპარლამენტო არჩევნები მოდის და ვფიქრობ, ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი იქნება.
- ამ ხნის განმავლობაში როგორ ცხოვრობდით?
- სახლში არ ვმჯდარვარ, მონატრებული მყავდნენ მეგობრები, ოჯახის წევრები, შვილი. გავიცანი ჩემი მეუღლის ნათესავები. ძალიან კარგად ვიყავი (იღიმება). მერე უცებ გადავწყვიტე, დამოუკიდებელი სტუდია "ანატომია" გამეკეთებინა. ამ შემთხვევაში ჩვენს პროდუქტს "მეცხრე არხი" ყიდულობს.
- იმ პერიოდში პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდით...
- არ ვიცოდი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ეს ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული. პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც დღეს ვმუშაობ. ესენი თუ არ იქნებოდნენ ჩემ გვერდით, "ანატომიას" არ გავაკეთებდი. "ვიღაცებთან" ერთად მუშაობა რთულია. ჩვენთან არასოდეს ყოფილა ნდობის პრობლემა. თუ დამიჯერებთ, მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტუდიის შესახებ, რაც საჯარო რეესტრში დავრეგისტრირდით. მანამდე ინფორმაცია არ გასულა.
- ვინ არიან თქვენი ჯგუფის წევრები?
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს ვანდობ. სულ ცხრა კაცი ვმუშაობთ. ოპერატორი ირაკლი ყიფიანი ათი წლის წინ "იმედში" გავიცანი. ის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორია. ასევე რეჟისორი ზაზა ღუდუშაური, რომელიც კარგი პროფესიონალია. ჩემთვის მთავარია, ადამიანი ნიჭიერი იყოს, ის აუცილებლად აითვისებს ყველაფერს.
- ამ შეთხვევაში არჩევანი "მეცხრე არხზე" რატომ შეაჩერეთ?
- სიახლეები მიყვარს, მეც და იმ ადამიანებსაც, რომელიც გარშემო მყავს. ვფიქრობ, "მაესტრო" შემდგარი სატელევიზიო არხია. "მეცხრე არხი" პირველ ნაბიჯებს დგამს და გაძლიერება სჭირდება. ჩვენ შევთავაზეთ თანამშრომლობა, მივედი და ვუთხარი, თუ გინდათ, "ანატომიას" გავაკეთებ-მეთქი.
- ნათია, არ გიჭირთ იმ ადამიანების კომენტარის ჩაწერა, ვის "ანატომიასაც" ამზადებთ?
- ერთადერთი ადამიანი, ვინც ანატომიის ობიექტებიდან კომენტარზე დაგვთანხმდა, იყო მარკ მალენი და ინტერვიუს დასასრულსვე ინანა. ალბათ არ ეგონა, თუ ინფორმაციულად ასეთი მომზადებულები მივიდოდით. უცებ გახდა საინტერესო ვიღაც მარკ მალენი, რომლის სახელი და გვარი ჟურნალისტურ წრეებში მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ ბებიაჩემმა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო. არ არის მოსაწონი, როცა ჩვენს ქვეყანაში ვიღაც მარკ მალენი რაღაცებს წყვეტს და იმავდროულად თავისი ბიზნესკომპანიის პრეზენტაციაზე სააკაშვილის გვერდით დგას. რაც შეეხება თანამშრომლობას, ხელისუფლების მხრიდან ნულამდეა დასული. საჯაროდ გვიმალავენ ყველაფერს. ღამეების გათენება გვიწევს ისეთი ინფორმაციების მოძიებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა იდოს და არ უნდა მიწევდეს გაყიდული ობიექტების შენობების ძებნა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებში.
- უკვე გასულ მასალებზე როგორ რეაგირებს ხელისუფლება, რაიმე ზეწოლა ხომ არ ხდება?
- გვაშინებენ თუ არა? პირდაპირ არა, მაგრამ ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლის ფაქტები. პირადად ჩემი და ჩემი თანამშრომლების ოჯახის წევრებზე. ვერ გეტყვით, რომ დამირეკეს და დამემუქრენ, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის ირიბი ზეწოლა, რომელიც მაშინ იგრძნობა, როცა რაღაცის კეთებას იწყებ. პირობითად გეტყვით, როცა შენი ქმარი რაღაცას აკეთებს, ვეღარ გააკეთებს. როცა გვიან ღამე გვიწევს სამსახურიდან გასვლა, მემონტაჟესაც კი არ ვუშვებ მარტო.
- ნათია, ვინ გაწვდით თქვენი გადაცემის გმირების შესახებ ინფორმაციას?
- მათივე გუნდის წევრები. "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად "მჭიდროდ შეკრული" გუნდია, რომ ინფორმაცია ყოველთვის შიგნიდან ჟონავს.
- ლაპარაკობენ შიდა დაპირისპირებაზე, მაგრამ ეს არასოდეს დადასტურებულა...
- ეს დასტურდება მათი ბიზნესსაქმიანობით. მმართველ გუნდში დაპირისპირება მხოლოდ ფულის გამო ჩნდება. ახლა გაცილებით რთულად აქვთ საქმე. უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვინც მათ შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. ალბათ ცვლილებების მოლოდინში არიან ან ხვდებიან, რომ უსასრულო არაფერია და ინდულგენციას იღებენ. მომავალში ხელისუფლება რომ შეიცვლება, ის მაინც თქვან, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. თუმცა მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
- რა პრინციპით არჩევთ თემებს, ხომ შეიძლება, საზოგადოებას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ანატომიაც აინტერესებდეს...
- თემებს აქტუალობის მიხედვით ვარჩევთ. რატომ უნდა გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრზე გადაცემა, ეს ადამიანი ხელისუფლებაშია, ქვეყანას მართავს, მომპარა რამე, დაიჭირა ვინმე თუ მოკლა? თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფინანსური პირამიდის იმ სისტემას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ნაკეთები. რატომ არ აშენდა სასტუმრო "ჰაიატი", რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა ჩაბარებულიყო? ამ დროს მიშა წყალტუბოში მიდის და ამბობს, აქ იხსნება "ჰაიატიო". იდიოტიზმია, რა წყალტუბო, რა "ჰაიატი", ჯერ ის ააშენე, რაც გათხარე.
- ლაზიკის მშენებლობა იწყება, არ აპირებთ ამ თემაზე გადაცემის მომზადებას?
- (იცინის) ლაზიკა ჩემთვის დაკარგული სამოთხის თემაა. გამოდის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ლაზიკა მისი ოცნების ქალაქია. 19 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ. ამ პერიოდს დაემთხვა სააკაშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე და მას შემდეგ თვალს ვადევნებ. როგორ გითხრათ, დარჩა, დასუსტდა, შოკშია თუ გამოსავალს ვეღარ პოულობს, არ ვიცი. ძალიან აგრესიული გამოსვლები აქვს, არ ვიცი, ამას პიარტექნოლოგების რჩევით აკეთებს თუ თავად. იდიოტი უნდა იყო, ბაჩო ახალია რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნო. ორი ძმა, რომლებიც მანიაკური პათოლოგიის სინდრომით არიან დაავადებულები, თანამდებობებზე დანიშნო. პატიმრების ჩვენებებიდან, რაც ბაჩო ახალიასთან დაკავშირებით წამიკითხავს, ჩანს, რომ ის არ უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანი, გამორიცხულია.
- ნათია, ბოლო დროს პრობლემად იქცა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობაც.
- მე არასოდეს შევწუხებულვარ ამ პრობლემით. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოება გაიხლიჩა. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში მიდგანან და ასეთი ბევრია, მაგრამ არც იმათ გავკიცხავ, ვინც რაიმე სხვას აკეთებს. სად არიან ობიექტური ჟურნალისტები, ვინმემ მითხრას, ან რატომ თვლის ვინმე, რომ მე ოპოზიციური ჟურნალისტი ვარ. უბრალოდ, არ მომწონს ის, რომ მისმენენ, მითვალთვალებენ. ყველაზე მეტად უსამართლობა მახრჩობს. არ ვიცი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში სწორ ნაბიჯებს თუ გადადგამენ, მაგრამ იმავენაირად გავაკრიტიკებ მათაც.
- სანდრო გირგვლიანის თემა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ყველას დაასწარით ამ თემის გაშუქება...
- ყველას შეეძლო ამ მასალის გაკეთება. მთელმა თბილისმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ არავინ გააკეთა. არც მიფიქრია, უნდა გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. დღესაც ბევრია ასეთი თემა, მაგრამ არ დასტურდება. ერთი ინფორმაცია ვიცი, ბელინსკის ქუჩაზე ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც იმავე ჯგუფის წევრებმა თითქმის სასიკვდილოდ სცემეს პეროვსკაიაზე, ერთ-ერთი ბარის წინ. წელს ქვემოთ არის ეს ადამიანი მოწყვეტილი, მაგრამ კომენტარზე უარს ამბობს. მაშინ გამიმართლა, რომ ვიღაცების ფარულად ჩაწერა მოვახერხე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც გადაცემაში ფარული ჩანაწერი გამოვიყენე. "ანატომიის" კეთების პერიოდში უამრავი ფარული ჩანაწერი გამიკეთებია, მაგრამ არ გამომიყენებია და იმ შემთხვევისთვის ვინახავ, თუ ვინმე გაბედავს და სასამართლოში წავა. ფარულ ჩანაწერს არასოდეს აღარ გამოვიყენებ, თუ ვიღაცის სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. ეს უზნეობად მიმაჩნია.
- თუმცა ამ ხერხს ჟურნალისტები დღემდე იყენებენ, ბოლოს იყო სტუდია "ჯიენესის" შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი სასულიერო პირი ფარულად ჩაწერეს.
- ვერ განვიხილავ ამ შემთხვევას, როგორც უბრალო ჟურნალისტიკის სიუჟეტს. აქ საქმე გვაქვს ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირებასთან, რომელიც მუდმივი ჭორის თემად იქცა. ყველა კვლევაში პატრიარქი ნდობის ხარისხით პირველ ადგილზეა და ვიღაც ცდილობს მისი როლის დაკნინებას სახელმწიფოს მართვაში. მიუხედავად კონკორდატისა, მე მაინც მიმაჩნია, რომ პატრიარქი ხელისუფლებამ წყობიდან არ უნდა გამოიყვანოს. ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას ეკლესიასთან ბრძოლა. ვიცი, რომ ისინი აგროვებენ მასალას სასულიერო პირების წინააღმდეგ, თუმცა მათიც არ მესმის, კონკრეტულ შემთხვევაში თუ შენს ქვეყანას დასჭირდა და შენზე კომპრომატი აქვთ, გაიხადე ანაფორა, ჩაერთე საერო ბრძოლაში და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. ამის გამო არავინ განგიკითხავს. თუ ვინმე ვინმეს რამეს აპატიებს, ეს იქნება ღმერთი.
- კომპრომატებში ჯიპების თემას გულისხმობთ, რომელიც მათ გარკვეულ ნაწილს ხელისუფლებამ გადასცა?
- კარგით, რა, რა ჯიპები... დამიჯერეთ, სხვა, უფრო მძიმე კომპრომატებზეა ლაპარაკი, მაგრამ მგონია, რომ არც ეგ არის პრობლემა და მარტივად შეიძლება ამის მოგვარება.
- ბოლო დროს სასულიერო პირები "ქართული ოცნების" აქციებზეც გამოჩნდნენ...
- ვის რა უფლება აქვს, სასულიერო პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აუკრძალოს. თქვენ ხვდებით, ახლა რა ტერორია და რა შეიძლება დაიწყოს არჩვენების შემდეგ?
- თუ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, რა მოხდება?
- (იღიმება) მოდი, შევთანხმდეთ, რომ ავტორიტარიზმის ნიშნები ქვეყანაში არსებობს. ისევ ახალაიების თემას დავუბრუნდები. ერთი ძმა შინაგან საქმეთა მინისტრია და მეორე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ფაქტობრივი თავდაცვის მინისტრია. შაშკინი თავის კაბინეტში ვერ შედის, უთხრა, კაბინეტი სადმე გაირემონტე და იქ დაჯექიო. ბაჩო ახალაია "მოდულის" შენობაში ზის, გამჭვირვალე შენობაში არ ჯდება. ეს არ არის დიქტატურა? უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. კლანურ პრინციპს გავიგებდი, საოცარი ტვინის პატრონი რომ იყოს რომელიმე, გავიგებდი, ორივე ძმა ნიჭიერი რომ იყოს, კარგად მართავდეს იმ უწყებას, რომელშიც არის, არ ხოცავდნენ ადამიანებს, არ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, არ ჭამდნენ ბიუჯეტს, არ იპარავდნენ... თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით თუ ბაჩო ახალაია არ ისრიალებდა შვეიცარიის ალპებში, გავიგებდი ამ ამბავს, მაგრამ ახლა არ მესმის.
- რა ელის ტელევიზიებსა და ჟურნალისტებს, თუ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვა?
- ამაზე ყველა სათითაოდ უნდა დაფიქრდეს. ხელისუფლება ვერ იტანს კრიტიკულ აზრს. დახრჩობა უნდათ იმ ადამიანების, რომლებიც მათ გააკრიტიკებენ. პრეზიდენტი დაფრინავს ღრუბელ-ღრუბელ, თან იტყუება. ვინ ნახა ფოთში ომის პერიოდში მიშა სააკაშვილი. საინტერესოა, ვინ იყო იმ თვითმფრინავის პილოტი, ეგ რომ ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა. მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ლაზიკა მიშას დაკარგული სამოთხეა. რამე კი არ მაქვს ვინმეს საწინააღმდეგო, უბრალოდ კრეტინიზმია, როდესაც თბილისიდან ოც კილომეტრში სოფელი გაქვს, სადაც არ არის დენი, გაზი, წყალი, სკოლა, სამედიცინო დახმარების პუნქტი და შენ ჭაობზე ქალაქს აშენებ.
- ნათია, მეორე შვილზე ხართ ფეხმძიმედ, როგორ ახერხებთ ასეთ რთულ თემებზე მუშაობას?
- რთულია, ძალიან ვიღლები. ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ, მეორე ვაჟს ახალი წლისთვის ველოდები. ამ მდგომარეობაში მიჭირს ღამეების გათენება. ოქტომბერში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს, ადვილად გადავივლით ამ პერიოდს. მძიმეა, მაგრამ იმდენად აზარტში ვარ შესული, ყველა ხელს მიწყობს, განსაკუთრებით ოჯახის წევრები.
- მეუღლის შესახებ რატომ არ ლაპარაკობთ?
- ოჯახში ერთი ცნობილიც საკმარისია. დავანებოთ იმ კაცს თავი, თავისი საქმე აქვს და მშვიდად ცხოვრობს. მომწონს, რომ ყველა ჩემს გადაწყვეტილებას გვერდზე უდგას. ერთ კვირაში შეგვიყვარდა ერთმანეთი, ერთ თვეში გადავწყვიტე, რომ ცოლად უნდა გავყოლოდი და სამ თვეში დავოჯახდით.
- უეცარი გადაწყვეტილებების მიუხედავად, მაინც გიმართლებთ...
- ყოველთვის მიმართლებს და ამას იმ ადამიანებს ვაბრალებ, რომლებიც გარს მახვევიან. ყველა სირთულეებს მეგობრების დახმარებით ვძლევ.
- თქვენი თავი მაინც საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში იპოვეთ?
- "ანატომია" არ არის საგამომძიებლო ჟურნალისტიკა. მე არ მეყოფა თავხედობა, ამას საგამომძიებლო ჟურნალისტიკა დავარქვა. ეს არის ინფორმაციულ-ანალიტიკური გადაცემა. ჩვენ ვდებთ ინფორმაციას ყველაფერის შესახებ, რაზეც ხელი მიგვიწვდება, მაყურებელს მხოლოდ ფაქტებს ვთავაზობთ და დასკვნა თავად გააკეთონ.
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი მიიღებს პრემიერმინისტრობის ან პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას?
- ჯანმრთელი ადამიანი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩემი პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ჯანმრთელი არ არის. ხვდებით, ვისთან გვაქვს საქმე, არაპროგნოზირებადი ადამიანია, რაც ადრე მის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ახლა მისი არაპროგნოზირებადობა ყველას ყელში ამოუვიდა. ერთ-ერთ რესპონდენტს, ლაშა ნაცვლიშვილს ვეკითხებოდი, ამის შემდეგ მისი ამერიკელი პატრონები რა ხასიათზე დადგებიან-მეთქი, სააკაშვილი უპატრონოაო და მართლაც ასეა.
- ნათია, ალბათ წინაასაარჩევნო პერიოდში თქვენი გადაცემების სახით მმართველი გუნდისთვის ბევრი "სიურპრიზი" გექნებათ მომზადებული.
- (იღიმება) დიახ... ამის იმედი მაქვს. ახლა ზაფხულია და ეს სეზონი ახალი წელივით არის საქართველოში. ახალ წელს თვე-ნახევარი არ ფხიზლდებიან, ახლა კი თვე-ნახევარი ტელევიზორს არ რთავენ.