58 მოსამართლე სახელმწიფოსგან საჩუქრად ოროთახიან ბინას მიიღებს!

58 მოსამართლე სახელმწიფოსგან საჩუქრად ოროთახიან ბინას მიიღებს!

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლების დეპარტამენტმა მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი 6 120 000 ლარი ღირს და ეს თანხა ქართველი მოსამართლეების ბინებით უზრუნველყოფისათვის დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გათვალისწინებულია ორსადარბაზოიანი 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. დაახლოებით 8 თვეში, დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან ახლოს, 58 მოსამართლე სახელმწიფოსგან საჩუქრად ოროთახიან ბინას მიიღებს.

საერთო სასამრთლოების დეპარტამენტში „გურია ნიუსს“ უპასუხეს, რომ აღნიშნული პროექტი 2 წლიანია და მშენებლობის ხარჯები 2012 და 2013 წლის ბიუჯეტითა გათვალისწინებული.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ეფექტური სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტიაა. ეს არის სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის საშუალებაც.

მიუხედავად იმისა რომ 90-იან წლებში მოსამართლის ხელფასი 30 ლარს არ აღემატებოდა, ამჟამად კი 2300-დან 5650 ლარამდეა, სასამართლო მაინც ვერ ჩამოყალიბდა საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტად.რაც შეეხება ხელფასის მომატების გზით კორუფციის აღმოფხვრას, ვარდების რევოლუციის შემდეგ სწორედ კორუფციის ბრალდებით დააკავეს არაერთი მოსამართლე

„50 მოსამართლე ფაქტზე დააკავეს, 40 მათგანს ვიდეო გადაუღეს, როგორ იღებდნენ ქრთამს. ჩვენ ძალიან კარგი ანტიკორუფციული სამსახური გვყავს, „-ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის ივნისში The New Times"-ის ჟურნალისტს უთხრა.

არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია საკუთარ დასკვნებში სწორედ სასამართლოს არაობიექტურობასა და მიკერძოებულებაზე აკეთებს აქცენტს. უფლებადამცველები ფიქრობენ რომ სასამართლო პოლიტიზირებულია და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

2013 წლიდან მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავენ.ექსპერტები ამტიკეცებენ რომ ეს დიდი მიღწევაა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას იძლევა.