"არ ვიცი და, რაღა დაგიმალოთ, არც მაინტერესებს, რას აპირებს სააკაშვილი. რა ვიცი, შეიძლება მოისურვოს და თავი გამოაცხადოს ნაბუქოდონოსორად ან ადგეს და გვითხრას, რომ "უხვლაშქრიანი" როსტევანისა და "მოდერნისტი" აღმაშენებლის ნაზავია. ბოლო ხანს მისი განცხადებები და ქცევა რაციონალიზმს არ ექვემდებარება, ხოლო როცა რამე რაციონალიზმს არ ექვემდებარება, მასზე მსჯელობა დროის ფუჭი ხარჯვაა. მე ის უფრო მაინტერესებს, რას აპირებს ქართველი ხალხი - მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილზე არაფერი იქნება დამოკიდებული, ყველაფერი ჩვენზეა. ჩვენ დავისვით თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი თავზე და როგორ გავისტუმრებთ, ესეც ჩვენზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებს საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს ჰყავდეს ასეთი კარიკატურული და კორუფციით გარყვნილი ხელისუფლება".
"სამოქალაქო დაპირისპირებას სჭირდება თანაბარი ძალის მქონე სუბიექტები. დღეს ამგვარი რამ არ ჩანს. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გაცილებით მეტია. მე უფრო იმის საფრთხეს ვხედავ, რომ ხელისუფლება შეიძლება დაუპირისპირდეს ხალხს, იგი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებს. მთავარია, ჩვენ რის საშუალებას მივცემთ. თუ საზოგადოება იქნება მობილიზებული და საკუთარ ხმებს დაიცავს საარჩევნო ყუთთან თუ შემდეგ, ყველაფერი რიგზე იქნება. სააკაშვილი, თავისი ახალაიებითა და მათი "ზონდერებით", სტატისტიკურად არის უმცირესობა, მარგინალების ერთი ჯგუფი, რომელიც მთელ საზოგადოებას ვერ დაიმონებს. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი ეცდება, გააყალბოს და გაამრუდოს არჩევნების შედეგები, მაგრამ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანი იქნება ხალხის ნება და ის, ჩვენ რის საშუალებას მივცემთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.
"ნათლად ჩანს, რომ რუსეთი, ფინანსურადაც და იდეოლოგიურადაც, მხარში სწორედ სააკაშვილს უდგას. რუსეთი ცდილობს, სააკაშვილს შეუქმნას საფუძველი, რომ მან კიდევ უფრო კარგად დაასაბუთოს თავისი და თავისი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა. ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, საქართველოში იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, ლეგიტიმური ხელისუფლება. რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს ჰყავდეს ასეთი კარიკატურული, ლეგიტიმაციადაკარგული, კორუფციით გარყვნილი და არაფრის მაქნისი ხელისუფლება, რომელსაც არც მორალური და არც მატერიალური რესურსი არ აქვს, დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები. კრემლი დაინტერესებულია ასეთი ტიპის ხელისუფლებისთვის ვადის გახანგრძლივებით. ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი და სააკაშვილი შეკრული არიან, ეს ნიშნავს, რომ დღეს მათი ინტერესები თანხვდენილია, რაც განაპირობებს ქმედებების სინქრონულობას", - მიიჩნევს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე.
"პუტინი აცხადებს, რომ ის სააკაშვილის ხელისუფლებას არ დაელაპარაკება და ამას უკვე შეეგუა დასავლეთი. შესაბამისად, რაც დიდხანს იქნება სააკაშვილი, რუსეთი საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე სერიოზულ დიალოგს არ დაიწყებს. ამ გზით საქართველოს ოკუპაციას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს. ამისთვის სჭირდება კრემლს სააკაშვილის რეჟიმი, ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და ამას დიდი კონსპიროლოგია არ სჭირდება. რაც შეეხება ფინანსურ ინტერესებს, კრემლს ესეც ბევრი აქვს საქართველოში. რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც მსხვილ ოლიგარქიულ ბიზნესს კრემლი აკონტროლებს. კრემლის ეს კონტროლი რომ ძლიერდებოდა ბიზნესზე, სწორედაც ამიტომ დატოვა რუსეთი ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს - მაშინ, როდესაც ძალას იკრებდა პუტინის რეჟიმი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კიდევ ერთხელ განვმარტავ იმათთვის, ვისაც თვალი აქვს და არ ხედავს, ყური აქვს და არ ისმენს: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესი და კოლოსალური სიმდიდრე დააგროვა დაშლილი და კოლაფსში მყოფი სახელმწიფოს პირობებში, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, დაინგრა საბჭოთა უშიშროება, პარტია, იდეოლოგია. მან მაშინ დააგროვა ეს ქონება, როდესაც რუსული სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობდა. როგორც კი რუსული სახელმწიფო პუტინის ხელში აღმოჩნდა და დაიწყო გაძლიერება, ივანიშვილმა მოახდინა თავისი ბიზნესის დივერსიფიცირება და პრაქტიკულად წამოვიდა რუსეთიდან. დღეს რუსეთის მთელი მსხვილი ბიზნესი ნამდვილად კონტროლდება კრემლის მიერ, შესაბამისად, ამ ბიზნესის ექსპანსია სამხრეთის მიმართულებით არის რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მით უფრო, ძვირფასი ლითონებსა და ენერგორესურსებში ექსპანსია", - განმარტავს ლაშა ნაცვლიშვილი.
"მოკლედ, რაც კარგია მსხვილი რუსული ბიზნესისთვის, კარგია პუტინისთვისაც. რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ამბობდა, რუსეთს ორი მოკავშირე ჰყავს - არმია და ფლოტიო, დღეს იმავე რუსეთს უკვე ორი მეგობარი ჰყავს: გაზი და ნავთობი. შესაბამისად, რუსეთის ბიზნესის ექსპანსია სამხრეთის მიმართულებით შედის რუსეთის "დერჟავნიკულ" მისწრაფებებში. მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, ვინც ხელს უწყობს კრემლს ამ მისწრაფებების განხორციელებაში, ვინც რუსეთს ჩვენს ენერგოსისტემასა თუ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს აბარებს, თანაც ამით საკუთარ კორუფციულ თუ სხვა მიზნებს ისრულებს, ის მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის", - დასძენს ლაშა ნაცვლიშვილი.