დუშელებმა გოდერძი ჩოხელის მეუღლე შეურაცხყვეს

დუშელებმა გოდერძი ჩოხელის მეუღლე შეურაცხყვეს

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი დუშეთის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრაზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და რაიონის მასწავლებლები, რომლებმაც შეძახილით "წადი!" ირაკლი ტრიპოლსკის ქალაქის დატოვება მოსთხოვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა გოდერძი ჩოხელის მეუღლე ნინო მელაშვილი-ჩოხელიც, რომელიც რამდენიმე ქალბატონმა საშინლად შეურაცხყო.

- ქალბატონო ნინო, ირაკლი ტრიპოლსკისთან რა გაკავშირებთ?
- ირაკლი ჩვენი ნათესავია, მისი მამა იაკობ ტრიპოლსკი და გოდერძის დედა მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ. მე, ჩემს შვილებთან ერთად, როგორც ირაკლის ახლობელი, ვესწრებოდი ამ შეხვედრას. ამასთანავე, როგორც გოდერძი ჩოხელის მეუღლეს, ამ რაიონზე გული შემტკივა... უცებ მოვიდა ადამიანების ჯგუფი, ძირითადად, ქალები, აგრეთვე, რამდენიმე ნასვამი მამაკაცი და დაიწყეს ხმამაღალი ლაპარაკი, სვამდნენ პროვოკაციულ კითხვებს. ერთ-ერთს, ვინმე თინა საღირაშვილს ეცვა ნაციონალების მაისური და მაშინვე მივხვდით, რომ მოგზავნილები იყვნენ შფოთის ასატეხად. ირაკლი მათ ეუბნებოდა, ყველაფერზე გიპასუხებთო, მაგრამ პასუხი არავის აინტერესებდა, მხოლოდ დაპირისპირების გამოწვევა და შეხვედრის ჩაშლა სურდათ. მეც შეურაცხმყვეს... ასეთი შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ.

- აგრესია თქვენზე რატომ გადმოიტანეს?
- ამ არეულობისას შუაში ჩავდექი, არ მინდოდა, ვითარება გამწვავებულიყო და ამაზე გაღიზიანდნენ, - დუშეთში რა გინდა, საერთოდ ვინ ხარო. მივხვდი, რომ არ იცოდნენ, ვინ ვიყავი და ვიფიქრე, გოდერძის სახელს თუ ვუხსენებდი, დადებითად განვაწყობდი. გოდერძი ჩოხელის მეუღლე ვარ და დუშეთში ამოსვლის უფლება არა მაქვს-მეთქი? ვინ არის გოდერძი ჩოხელი, რა გაუკეთებიაო. გამლანძღეს, - გოდერძის სულით ვაჭრობო. დარტყმა ვერ გამიბედეს, მაგრამ იმ ჯანჯღარს ცემამდე არაფერი აკლდა. ერთ-ერთმა ქალბატონმა, გამგებლის დედამ, ასევე გამგეობის თანამშრომელმა, ვინმე მერი ფოლადაშვილმა, კინაღამ თვალები დამთხარა. მე, როგორც დედა, ვამბობ, რომ არასოდეს არავის ვუპირისპირდები, მხარე ჩემთვის არ არსებობს. იმ ქალებიდან, როგორც გავიგე, რამდენიმე მასწავლებელი იყო. ამათ ვის რა უნდა ასწავლონ? მოვუწოდებ ქართველ დედებს და ქალებს, გონს მოვეგოთ და სამშობლოს, შვილების მომავალს გავუფრთხილდეთ. ის დაჯგუფება თუ ასეთი მებრძოლია, ერთი მთის გადაღმა, ახალგორში მტერი დგას და იმათ ებრძოლონ.

როდესაც მეუბნებოდნენ, რაღა ახლა მოხვედიო, ვკითხე, გოდერძის ხსოვნის ერთი საღამო მაინც გაგიკეთებიათ, რომ მოვსულიყავი, სირცხვილი თქვენ-მეთქი! ჩემი ვაჟი, ლუკა მეუბნებოდა, თავი დაანებე, ახლა ისეთი განცდა მაქვს, ვაჟა-ფშაველა რომ გააცოცხლო, ესენი ვაჟასაც დაარტყამენო.

- როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებას რომ შესწრებოდა, რას იტყოდა გოდერძი ჩოხელი?
- ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. ჯერ ჩემთვის რა შეურაცხმყოფელი იყო და გოდერძისთვის ათმაგად უფრო შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ეს ამბავი დუშეთში რომ მოხდა. სხვაგან რომ მომხდარიყო, ასე არ მეწყინებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს არც ერთ კუთხეში ამას არ მაკადრებდნენ. მოგვიანებით დამირეკეს დუშელებმა, ბოდიშს მიხდიდნენ, წუხდნენ ამ ქალების საქციელის გამო და რცხვენოდათ, თუმცა შეურაცხმყოფელთაგან ბოდიში არავის მოუხდია. ბოლოს იმ დუშელების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გოდერძის არაფერი გაუკეთებია, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, რეანიმაციაში, როდესაც მან უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, დამშვიდობება დუშელებისგან დაიწყო და საქართველოს სხვა კუთხეები მერე ჩამოთვალა...