2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებისთვის ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დროისთვის მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა: როლანდ ახალაია - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მანანა ნაჭყებია - „ახალმა მემარჯვენეებმა“ და ირაკლი ალასანია - „პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, კრივის სკოლის ეზოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია დღეს, 21 აგვისტოს, დაასახელა. დავით ბაქრაძის განცხადებით, როლანდ ახალაია არის პიროვნება, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას.
„თუ ვინმეს შეუძლია წელში გამართულმა შეხედოს ხალხს და უთხრას, მე რაც შემეძლო, გავაკეთე, რომ თქვენ ყოფილიყავით უსაფრთხოდ, ერთ–ერთი ასეთი ადამიანი არის როლანდ ახალაია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, როლანდ ახალაიამ განაცხადა, რომ ის ამაყი და ბედნიერია, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს.
„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულმა პროგრამამ „მეტი სარგებელი ხალხს“ შეაღწიოს ყველას ოჯახში და ყველა პიროვნებამ მიიღოს სარგებელი“, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ 20 ივლისს პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას დასახელებისას განაცხადა, რომ მანანა არის ის ადამიანი, რომლისთვისაც ზუგდიდი და სამეგრელო არის ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი:
”ზუგდიდში ჩვენ ძალიან მაღალი შედეგი უნდა დავდოთ და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ჩვენ დავასახელეთ ამ პარტიის ერთ-ერთი პოპულარული და გამოკვეთილი ადამიანი, ჩემი მეგობარი მანანა ნაჭყებია. მანანა მთელი თავისი ბავშვობით დაკავშირებულია ზუგდიდთან და ის არ არის ჩვენი შემთხვევითი არჩევანი.“
მანანა ნაჭყებიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუგდიდში მისი კანდიდატურის წარდგენა:
„თითოეული პარტია თავისი პრესტიჟის საქმედ თვლის, რომ სამეგრელოში ჰყავდეს კარგი დეპუტაცია და სამეგრელოში ჰქონდეს კარგი პოზიციები. ჩვენი პარტიაც მთელი ამ წლების განმავლობაში და არჩევნების წინაც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამეგრელოში კარგი პოზიციები გვქონდეს.“
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ალასანია 15 აგვისტოს ზუგდიდში - ირაკლი ალასანიას ბაბუის, ჟორა ალასანიას სახლის ეზოში - დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანია ჯერ კიდევ 18 წლის ასაკიდან იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის:
„ისე მოხდა, რომ 18 წლიდან სამშობლოს სამსახურში ჩადგა, 18 წლიდან იბრძვის საქართველოს გამთლიანებისა და სწორი გზის არჩევისთვის. კიდევ სხვა მაგალითები მინდა გავიხსენო ირაკლიზე... ალბათ, გრძნობთ, რომ ის იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილსა და მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვების პირობა მისცა:
„ყველაზე მეტად რაც დღეს ხალხს აკლია, არის პატრონის, სოლიდარობის და თანადგომის განცდა. სწორედ ზუგდიდი და ზუგდიდელები ბევრად მეტს ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ იმას, რომ აქ ჯანდაცვა და უმუშევრობა მართლაც რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაძლეული. ბატონო ბიძინა, ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენგან აქვს ხალხს, ზედმიწევნით იქნება შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ, უახლოეს მომავალში დასახელება მოუწევთ. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა წარადგინონ.