ყარაბაღისკენ საქართველოს გავლით?!  ყარაბაღში ომის განახლების შემთხვევაში საქართველო ოთხი მხრიდან დაიწნეხება

ყარაბაღისკენ საქართველოს გავლით?! ყარაბაღში ომის განახლების შემთხვევაში საქართველო ოთხი მხრიდან დაიწნეხება

"რამდენიმე დღის წინ თურქეთის პარლამენტის წევრმა, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა საინან ოგანმა სენსაციური ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ თურქულ საინფორმაციო საშუალებას. "თუკი რუსეთი სომხეთს რამე სახის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს, ეს კონფლიქტში ჩაითრევს არა მარტო სომხეთს, არამედ რუსეთსაც და სხვა ქვეყნებსაც, არ დაივიწყონ, რომ ეს ომი მძიმე მდგომარეობაში თავად რუსეთსაც ჩააგდებს", - თურქი დეპუტატის ეს მუქარანარევი განცხადება ყურადსაღებია, მით უმეტეს, რომ საინან ოგანმა დააკონკრეტა, - თუ ომი დაიწყო და რუსეთი სომხეთს დაეხმარება, მაშინ თურქეთი აზერბაიჯანის მხარეს დადგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალური ბაქო ანკარას არ სთხოვს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (17-30 აგვისტო, 2012) სტატიაში სათაურით ყარაბაღისკენ საქართველოს გავლით?! / ყარაბაღის ომში სომხეთის დახმარებას თურქეთი რუსეთს არ ურჩევს.

"საქართველოსთვის საინტერესოა, თუ თურქეთი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას გადაწყვეტს, როგორი გზით გააკეთებს ამას - საერთო საზღვრიდან მიიტანს იერიშს სომხეთზე თუ საქართველოს გავლით გადაუზიდავს აზერბაიჯანელ მოკავშირეებს შეიარაღებას. ასეთ შემთხვევაში საქართველოც ერთგვარად ჩათრეული იქნება ამ ომში, რადგან სომხეთი ყველანაირად შეეცდება, ჩაშალოს თურქეთიდან აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდება, რისთვისაც საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო მაგისტრალებზე არც დივერსიული აქტების მოწყობაზე იტყვის უარს (მათ შორის სომხური ეროვნების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებითაც)", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და განაგრძობს:

"თავის მხრივ, მოსკოვს ოფიციალურად აქვს აღებული სომხეთის დაცვისა და დახმარების ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ გადგება განზე, თუ ყარაბაღში ომი დაიწყო და შეეცდება სამხედრო დახმარება გაუწიოს სომხეთს. ამ შემთხვევაშიც დახმარების მარშრუტი რუსეთიდან სომხეთამდე ისევ საქართველოზე უნდა გავიდეს, სახმელეთო იქნება გზა ეს თუ საჰაერო. სახმელეთო გზის გაჭრა საქართველოზე სომხეთამდე რუსეთს ალბათ, ძალისმიერი გზით მოუწევს, რასაც დაგმობს დასავლეთი. საჰაერო გზის გამოყენება შედარებით უფრო მარტივია, მაგრამ ბევრად ძვირი. მართალია, საქართველომ ჩაკეტა თავისი საჰაერო სივრცე რუსეთიდან სომხეთისკენ მფრენი რუსეთის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, მაგრამ თუ ყარაბაღის ომის განახლდა, მოსკოვმა შეიძლება განაახლოს საჰაერო ხიდი სომხეთისკენ და საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს რომელიმე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ძალით დასმა ან სულაც ჩამოგდება. გვსურს თუ არა, ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების განახლების შემთხვევაში საქართველო ირიბად მაინც იქნება ჩათრეული".

"ავად მოსაგონარი თვეა, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ბრძოლას თავისი ახლობელი შესწირა. ისინი ცხოვრებას გმირის დედის, მამის, ქვრივის სტატუსით აგრძელებენ. ეს სტატუსი საამაყოა, მაგრამ ძალიან მძიმე... ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ცხოვრობენ ქართველი გმირების ოჯახის წევრები", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით როგორ ცხოვრობენ გმირების ახლობლები / ცხოვრება ომის შემდგომ.

"ჩემს მეუღლეს დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მამა ავადმყოფი იყო, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი... მისი დაბადების დღე 18 აგვისტოს არის, 27 წელი შეუსრულდებოდა... ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი კი არ ჩანდა, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დაღუპული გვეგონა და ყველგან ვეძებდით. ოქტომბერში ნათესავმა ოსის ქალმა, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობდა, მითხრა, გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანესო. იმედი გაგვიჩნდა, იქნებ ცოცხალი იყოს-მეთქი. ერთ დღეს გავიგეთ, თურმე "ალანია" იღებდა ფილმს, სადაც იყო კადრები, როგორ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტ გიორგი ანწუხელიძეს. "ალანიას" მივაკითხეთ და ფილმის გასვლამდე ვნახეთ ის კადრები, სადაც გიორგი წელზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემდნენ და თან ეკითხებოდნენ, გუშინ სად იყავიო. პასუხობდა, არ ვიციო. შემდეგ გონება დაკარგა და წყალი შეასხეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაკა ჩიკვილაძე, ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალ გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

"გიორგი ტყვედ ჩავარდნილა. მისი ძმაკაცი, თანამებრძოლი იყო ამოსული ჩვენთან, ნასვამი იყო და გვითხრა, არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ვეღარ ვითმენ, გიორგი ფეხში დაიჭრა, 9 აგვისტოს, ბოლო შეტაკების დროს, სამმა ბიჭმა ნახა. ეხვეწებოდა, გიორგი, აქ არ დამტოვოთ, წამიყვანეთ, სახლში ფეხმძიმე ცოლი მყავსო და არ წამოიყვანეს, მძიმე ხარ და ვერ გათრევთო. ვერ დავადგინეთ, ვინ იყო ის სამი კაცი. არ ვიცი, ეჭვი მაქვს, თვითონ იყო იმ სამიდან. ალბათ, მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემი ქმარი ასე არავის მიატოვებდა. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა... ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, როგორ ვცხოვრობ უმისოდ? ვცხოვრობ, შვილებს ვზრდი, მის ხსოვნას ვინახავ და გმირი ქართველის ქვრივის სახელს ვატარებ", - ამბობს მაკა ჩიკვილაძე.

"ის იარაღით ხელში მოკვდა ისე, როგორც ნამდვილ მეომარს შეეფერება. ბესიკ კაპანაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ახალგაზრდა თანამშრომელი ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით არ მავიწყდება, რომ მისი სისხლი მაქვს ასაღები...

"2008 წლის 7 აგვისტოს ჩვენი სამსახურის 30-კაციანი ჯგუფი ცხინვალისკენ გადაიყვანეს. ვიცოდით, რომ ოსური ბანდფორმირებებისგან უნდა გაგვეწმინდა ქალაქი. 8 აგვისტოს დილის 8 საათზე უკვე ზემო ნიქოზში ვიყავით. ჯავშანტრანსპორტიორიდან რომ ჩამოვედით, მეთაურმა მოგვაწყო, ბრძანება მოგვცა და ცხინვალისკენ წავედით. ქალაქის შესასვლელთან, მარჯვნივ, რუსი სამშვიდობოები იდგნენ, მარცხნივ კი ოსები. გვიბრძანეს, რუსებისთვის არ გვესროლა, ცეცხლი მხოლოდ ოსებისთვის უნდა გაგვეხსნა. ჩვენდა მოულოდნელად რუსმა სამშვიდობოებმა თავად გახსნეს ცეცხლი. მერე ჩვენც ვუპასუხეთ. რამდენიმე წუთში რუსულმა არტილერიამაც დაგვარტყა. ვითარება დაიძაბა, მაგრამ შეტევას მაინც ვაგრძელებდით. უკვე ცხინვალში შევდიოდით, ბესოს ნაღმის ნამსხვრევები რომ მოხვდა", - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბესიკ კაპანაძის თანამშრომელი მამუკა ზამბახიძე. "ნაღმის ნამსხვრევებმა ბესოს ჯავშანჟილეტი დაუფლითა. ერთი ნამსხვრევი "მაკაროვზეც" მოხვდა. სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში მიიღო. იარაღისთვის ხელიც კი არ გაუშვია, მუხლებზე დაიჩოქა და თავი ჩაქინდრა. ბრძოლის ველზე სხვებიც დაცემულან, მაგრამ ის განსაკუთრებულად ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან. ერთიც კი არ დაუკვნესია. იარაღით ხელში მოკვდა, ისე, როგორც ნამდვილ მეომარს შეეფერება", - ამბობს სხვა თანამშრომელი სოსო ჭიჭინაძე.

"ბესო სასწრაფო დახმარების მანქანას რომ გავაყოლეთ, ისევ ცხინვალის შესასვლელისკენ გავემართეთ. ჩვენი ქვედანაყოფი უკვე გამოსულიყო და ახალი შეტევისთვის ემზადებოდა. ერთ საათში შეტევის ბრძანება მივიღეთ. ქალაქის შესასვლელთან ოსური ბანდფორმირებებიც გავანადგურეთ, რუსი სამშვიდობოების საგუშაგო გადავლახეთ და ცხინვალში შევედით. სხვათა შორის, რუსი სამშვიდობოები თავად რუსებმა დაბომბეს. არ ვიცი, შეეშალათ თუ განგებ გაწირეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ჩემი თვალით დავინახე, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს. ცხინვალი ავიღეთ, მაგრამ მერე უკან დახევის ბრძანება მივიღეთ და ქალაქი დავტოვეთ", - აცხადებს მამუკა ზამბახიძე.

"არმიაში სამსახური დავაწყებინე. მთხოვა და უარი არ მითქვამს. ან როგორ მეთქვა, აშკარად ამ საქმისთვის იყო დაბადებული. საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, გონებაც უჭრიდა, სამშობლოც უყვარდა და უშიშარიც იყო", - ამბობს გამოცემის კორესპოდენტთან საუბრისას ბესიკ კაპანაძის ძმა ზვიად კაპანაძე და შეკითხვას - "არ ნანობთ, რომ არმიაში სამსახური არ გადააფიქრებინეთ?" - პასუხობს:

"არა. არავითარ შემთხვევაში. ამ საქმეზე უკეთესი რა უნდა გაეკეთებინა? თვითონვე ამბობდა, ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, მთავარი ის არის, ვინ რისთვის და როგორ მოკვდებაო. მართალია, მირჩევნია, ახლა გვერდით მყავდეს, მაგრამ ღვთის მაინც მადლიერი ვარ, რომ ჩემმა ძმამ გმირის სახელი დატოვა. ისე, მე თუ მკითხავთ, კაცი ასეთ სიკვდილს უნდა ეძებდეს... კი, ნამდვილად ვეძებ. უნდა ვაღიაროთ, რომ ომის მერე ძალიან ბევრმა დატოვა შეიარაღებული ძალები... აგვისტოს ომმა ბევრი მიახვედრა, რომ იარაღი და ბრძოლა მისი საქმე არ იყო. ვინც დავრჩით, ყველანი მზად ვართ ღირსეული სიკვდილისთვის. ჩემი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, უწინდელზე დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებ. არ მავიწყდება, რომ სისხლი მაქვს ასაღები. ახალი ომისთვის ვემზადებით თუ არა? ვნახოთ, რა იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე მზად ვარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მტრისთვის ასე მარტივად აღარ ჩაივლის საქმე. ძველი შეცდომები უკვე გავითვალისწინეთ. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. ჩვენ ძალიან გაბრაზებული და მოტივირებული ვართ".

"2006 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის არმია მასშტაბურ სწავლებას თითქმის ყოველწლიურად აწყობს და მას ყოველთვის კავკასიაში შექმნილ რთულ ვითარებას უკავშირებს. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზიც, _ თბილისის პროდასავლური ორიენტაცია და NATO-ში შესვლის სურვილი მოსკოვისთვის მიუღებელია და სწავლება, ძალის დემონსტრირებასთან ერთად, საქართველოში ძალის გამოყენების შესაძლო სცენარების დამუშავებასაც ემსახურება", - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით "კავკაზ 2012" / სწავლება საქართველოს საზღვრებთან და მისი მიზნები.

"2006-08 წლების სწავლებებით რუსეთის არმიამ დაამუშავა ჯარების სწრაფი გადაყვანის სქემები და ნორმები, შეარჩიეს მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტები, გაწერილ იქნა საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობა და ძალები, პირადი შემადგენლობა მორალურად მომზადდა ქართულ არმიასთან საბრძოლველად, რუსეთში საზოგადოებრივი აზრი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნეგატიურად განეწყო და სხვ. 2010-11 წლებში სამხრეთის სამხედრო ოლქში (ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი) "კავკაზის" სახის სწავლება არ გამართულა, მაგრამ ოლქის შენაერთები სხვა სწავლებებზე საბრძოლო მომზადებას მუდმივად ხვეწდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:

"როგორც ცნობილია, ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლება "კავკაზ 2012" 17-23 სექტემბერს მოეწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებს 8 ათასი სამხედრო, ჯავშანტექნიკის 200 ერთეული, 100 ქვემეხი, ათამდე ხომალდი და კატარღა, აგრეთვე, თვითმფრინავები და შვეულმფრენები. დაგეგმილია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსს "ისკანდერიდან" სროლების შესრულება. სწავლებაზე ალბათ შემოწმდება უახლესი შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი ქვედანაყოფების ეფექტურობა, მედესანტეებისა და სამხედრო მეზღვაურების ერთობლივი მოქმედების ხერხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალების უმოკლეს დროში გაზრდის ოპტიმალური გზები, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლების ან ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემთხვევისთვის შესაძლო სამოქმედო სცენარები და სხვ".