სააკაშვილმა პრემიერობაზე საბოლოოდ უარი თქვა?

სააკაშვილმა პრემიერობაზე საბოლოოდ უარი თქვა?

"ხელისუფლებამ საარჩევნოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაასახელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე სააკაშვილს პრეტენზია არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც პრემიერ-მინისტრის უფლებები იზრდება, ორი წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მუდმივად არის მოლოდინი, რომ სააკაშვილი რუსული სცენარის გამეორებას აპირებს და ეს ცვლილებაც საკუთარი თავისთვის განახორციელა. ამას ისიც ამძაფრებს, რომ აქამდე სააკაშვილს ღიად არსად, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, პირდაპირ არ უთქვამს, რომ ის ამ თანამდებობაზე დარჩენას არ გეგმავს. კონსტიტუციის ეს ნორმა ძალაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილმა პრემიერობაზე საბოლოოდ უარი თქვა? / მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი, სიის N1 კი დავით ბაქრაძე იქნებიან.

"გუშინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სახელისუფლებო პარტიის პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე იქნება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი კი სამომავლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც პოლიტიკური დებატებში დაიცავს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს. ამასთან, სახელისუფლებო პარტიის პრესსპიკერმა ისიც განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა მიიღოს. თუკი წინა წლების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ცალსახაა, რომ ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ დავით ბაქრაძეს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სახელისუფლებო კულუარებში პირველნომრობის რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი. მათ შორის დავით ბაქრაძეზე, კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელზე, ლევან ბეჟაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე და თავად სააკაშვილზეც კი. ყველა ვარიანტს თავისი არგუმენტი ჰქონდა, მაგრამ ახლა, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე დასახელებული ვარიანტია. ანუ, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე და პრემიერ-მინისტრი - ვანო მერაბიშვილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, თუ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. აღსანიშნავია, რომ ახლად არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტმა მთავრობა თავიდან უნდა წარუდგინოს ნდობის გამოსაცხადებლად. ნდობის გამოცხადების შემდეგ კი პრეზიდენტი მთელი წლის განმავლობაში, უკვე ოფიციალურადაც ერთპიროვნულად წყვეტს მთავრობის საკადრო საკითხებს. საქმე ის არის, რომ ახლად არჩეული პარლამენტი 6 თვის განმავლობაში მთავრობას ვერ გადააყენებს. ასევე ვერ გადააყენებს არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა მთლიანად პრეზიდენტის ხელში რჩება. ექსპერტთა ნაწილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ გადაწყვეტილების გახმოვანებით "საქართველოში პუტინ-მედვედევის როქი გამოირიცხა", - დასძენს გამოცემა.

"ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობაში იმაზეც საუბრობენ, რომ ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება "ნაციონალების" სიისთვის კანდიდატების შერჩევას, რადგან შიშობენ, რომ, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათი რიგებიდან ივანიშვილმა ცალკეული წევრების გადაბირება მოახერხოს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრებს პირად საუბრებში არაერთხელ უთქვამთ. ამ შემთხვევაში კი ეს უკვე მერაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებასა და ასევე მის საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნასაც უკავშირდება. იმის გამო, რომ გაძლიერებული პრემიერი 2013 წლის შემდეგ პარლამენტმა უნდა აირჩიოს, კაცმა არ იცის, იმ დროისთვის პარლამენტში რა მდგომარეობა იქნება. ამიტომაც დღეს იმის თქმა, რომ მერაბიშვილი 2013 წლის შემდეგაც პრემიერი იქნება, არც ისეთი დამაჯერებელია. მეორეს მხრივ კი, თუკი მერაბიშვილი პარლამენტში იქნებოდა, მას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვერაფერი შეეხებოდა და პრემიერად დანიშვნა არც მისი პარლამენტარობიდან იქნებოდა შეუძლებელი. მაგრამ, სამთავრობო კულუარებში ისევ იმაზე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილებაც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც მერაბიშვილისთვის ძალის ჩამოშორებით დაიწყო", - წერს სტატიის ავტორი.