"არ გამოუვათ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საფეხბურთო სამყაროს ჩემთან დაპირისპირება"
"პოლიტიკური პოლიცია, კრიმინალი ჩინოვნიკები და პლანტატორი გამგებლები"
რეგიონებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებს ინციდენტებიც ახლავს. გამონაკლისი არც კახი კალაძეა, რომელიც მაჟორიტარული წესით კენჭს სამტრედიაში იყრის. იგი "კვირის პალიტრას" პროვოკაციებსა და იმ გაუხმაურებელ დეტალებზე ესაუბრა, რომელიც ამ ინციდენტების უკან იმალება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, ხელისუფლება კალაძის წინააღმდეგ ვეტერანი ფეხბურთელების გამოყენებას გეგმავსო. კახი კალაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- არ ვიცი, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ამ ავანტიურაში ჩართული. ამ ბინძურ პროცესს მართავს არსებული კრიმინალური რეჟიმი მშიშარა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. არ გამოუვათ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საფეხბურთო სამყაროს ჩემთან დაპირისპირება. თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ვინმე სულმდაბალი ადამიანი გამოძებნონ, რომელიც რაღაც თემით ეყოლებათ გამოჭერილი, და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ.
- სამტრედიაში პოლიტიკურ ვითარებას მართლა ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური და გია უდესიანი აკონტროლებენ და არა ადგილობრივი "ნაციონალები"?
- დიახ, "ნაციონალურ მოძრაობას" ამჟამად კრიტიკული დღეები უდგას. ამიტომ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ადგილობრივი ძალებით "ქართულ ოცნებასთან" ვერაფერს გახდება და თბილისიდან "მაშველი რგოლი", ზემოხსენებული პერსონები გამოგზავნეს.
ვარძელაშვილისა და ნამგალაურის კუნთმაგარი ზონდერების ჩაყვანა "ნაცმოძრაობას" სამტრედიაში სასტიკი მარცხისგან მაინც ვერ იხსნის. აქეთ-იქით დარბის სამტრედიის პოლიციის უფროსი, ვინმე ობოლაძე თბილისიდან ჩამოსულ ზონდერებთან ერთად და ამაოდ ცდილობს ჩვენი მომხრეების დაშინებას. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს არაკაცები არც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე იხევენ უკან. მაგალითად, როცა სოფელ გომში მოსახლეობას ვხვდებოდით, დაგვახვედრეს უცხო პირები, რომლებიც ვერც გომელებმა ამოიცნეს და ვერც სამტრედიელებმა. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს აქტივისტებს, ამ ყველაფერს კი პოლიციის მაღალჩინოსანი მშვიდად უყურებდა. არც მას და არც მის ხელქვეითებს ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ასეთი ინციდენტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხდება.
ამას ინციდენტებიც აღარ ჰქვია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელებისა და გუბერნატორების მიერ ორგანიზებული შტურმი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე. ამ პროცესში ყველას თავისი როლი აქვს. სოფლის გამგებელი და მისი დამქაშები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ, შემდეგ წინა პლანზე გამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი ზონდერები და თავიანთ "საქმეს" ასრულებენ. ამ ყველაფერს უყურებს და აკონტროლებს პოლიცია და დანაშაულებრივ ფაქტებზე არ რეაგირებს, ანგაჟირებული ტელევიზიის წარმომადგენლები კი ცალმხრივად აშუქებენ და ა.შ.
- ვინ იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე და რამდენპროცენტიანი გამარჯვების იმედი გაქვთ?
- არა მარტო ჩემი, არამედ კოალიციის მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იქნება პოლიტიკური პოლიცია, ასევე, კრიმინალი ჩინოვნიკები, პლანტატორებად ქცეული სოფლის გამგებლები. ჩვენი მოკავშირე და მთავარი მხარდამჭერი ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობა იქნება. ხალხი ცვლილებებს ელის და შიშიც უკვე გადალახა.
- გვახსოვს, როგორ გამოგიყვანათ მოთმინებიდან თქვენი ძმის სახელის ხსენებამ და ბინძურმა ბრალდებამ. მსგავსი შემთხვევა კიდევ რომ განმეორდეს, როგორ მოიქცევით?
- ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში, მაგრამ მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით ვიცი, რა არის ადამიანობა, კაცობა, ცოცხლის დაფასება, მიცვალებულის სულის პატივისცემა. არსებობს ზღვარი, რომელსაც კაცმა კი არა, არაკაცმაც არ უნდა გადააბიჯოს!
- სააკაშვილმა რაბათის ციხის გახსნისას ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი შეაქო, მან ამაყად თქვა, ზოგიერთ ქვეყანას, ჩვენგან განსხვავებით, ოლიმპიური ჩემპიონი არა ჰყავსო. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტისგან ხოტბაშესხმულ სპორტსმენებს დაუფასდებათ ღვაწლი თუ ეს მხოლოდ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე იქნება დამოკიდებული?
- სააკაშვილს ისე ადარდებს ჩვენი ოლიმპიელები, როგორც მე ბანგლადეშის ოლიმპიელთა გამოსვლა. არ უხდება მშიშარა პრეზიდენტს ერის მამის როლი. ის ერის მამა კი არა, ქართველი ერის სირცხვილია! როგორ შეიძლება იმ ოლიმპიელებს დაუფასოს შრომა, რომლებმაც არცთუ დიდი ხნის წინ საკუთარი თვალით დაინახეს, თუ როგორ გადაარქვა დღევანდელმა კრიმინალურმა რეჟიმმა ზვიადაურის სახელი ახმეტის სპორტდარბაზს, ხოლო გორში ოლიმპიური კედელი, სადაც ბეჭდაუდებელი ფალავნის, შოთა ხაბარელის სახელიც იყო ამოტვიფრული, დაანგრია და მიწასთან გაასწორა! მიშას სძულს მოწინავე ადამიანები, მით უმეტეს, სპორტსმენები. ამიტომაც ნიშნავენ ნებისმიერი ფედერაციის ხელმძღვანელად მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წევრს.
- წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ანგარიშებს ინკასო ადევს. ამაზე რას იტყვით?
- ხელისუფლება აგონიაშია, მას ძალიან ცოტა დრო დარჩა. იმედია, ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ხელისუფლებას იმ ტანჯვისა და დამცირებისთვის, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში მიიღო. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, არ გვეშინია არც ანგარიშების დაყადაღების, არც ქონების ჩამორთმევის, არც ზონდერების, არც ქვების სროლის. XXI საუკუნეში არ არის ქვასროლია ხელისუფლების ადგილი. ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს.
- მაგრამ პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, მეტი საქმე არა მაქვს, ეს აწყობილი ქვეყანა თქვენ დაგიტოვოთო.
- ამით მკაფიო და აგრესიული მესიჯი გაუგზავნა როგორც ქართველ ხალხს, ასევე ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ნათლად გამოჩნდა, რომ ეს კაცი არ ირჩევს დასავლეთისკენ, გამჭვირვალე არჩევნების ან სხვა დემოკრატიული ფასეულობებისკენ მიმავალ გზას. მან ყველას თვალწინ მოისხა დიქტატორის მანტია და ასე უნდა ქვეყნის მართვა, მაგრამ ავიწყდება, რომ სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე. საქართველოს მოსახლეობას ისღა დარჩენია, მალე დაივიწყოს სააკაშვილის მმართველობის კოშმარული 10 წელი და ლაღი და ბედნიერი ცხოვრებისკენ განაგრძოს სვლა.
- თქვენი აზრით, მივა სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებამდე?
- ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციასა და ჯიბის ტელევიზიებთან ერთად აღრმავებს სამოქალაქო დაპირისპირებას. პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ პროცესზე სააკაშვილის კორუმპირებულ და კრიმინალურ რეჟიმს ეკისრება. მისთვის ქართველი ხალხის აზრი და არჩევანი მთავარი არ არის, მთავარია, ყველანაირი ხერხით მოიგოს არჩევნები, რაც პრეზიდენტმა საჯაროდაც განაცხადა. თუმცა, დღეს სულ სხვა რეალობაა, მსოფლიო თანამეგობრობაც სააკაშვილის ცრემლების და ტყუილების დაჯერებას ნამდვილად არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, 1-ელ ოქტომბერს ხალხი გააკეთებს არჩევანს და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.