რატომ თქვა გია ბურჯანაძემ დეპუტატობაზე უარი

რატომ თქვა გია ბურჯანაძემ დეპუტატობაზე უარი

ორად გახლეჩილი სამოქალაქო საზოგადოება და "პოტიომკინის სოფელს" დამსგავსებული ქვეყანა, - ასეთია მსახიობ გია ბურჯანაძის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. იმედი არ აქვს, რომ ოქტომბერში ხელისუფლება ადვილად დათმობს ძალაუფლებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდება და ხელისუფლებას უკან დახევას აიძულებს.

- ტერიტორიების დაკარგვისა და უსამართლო სასამართლოს ჩამოყალიბების გარდა, ამ ხელისუფლებამ, სხვა უპატიებელ დანაშაულებთან ერთად, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა - დღევანდელი საქართველო ძალიან მძიმე სანახავია, რადგან ორად არის გახლეჩილი. სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდა, რაც ყველაზე ცუდია, რაც კი შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მომხდარიყო. ქვეყანაში მიმდინარე როგორც კარგ, ისე ცუდ პროცესებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირების მთავარი საფუძველი მისი არასწორი პოლიტიკაა. მაგრამ მოდით, ყველაფერს ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ, - საზოგადოებასაც არ უნდა თეთრისა და შავის გარჩევა. ნათქვამია, ქართველი კაცი ბრძენიაო, მაგრამ ეს ყველა ერზე შეიძლება ითქვას, ყველა ერშია რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც ბრძნულად აზროვნებს, მაგრამ თითო-ოროლას არავინ უსმენს. ხალხს ოდიოზური ადამიანები მოსწონთ და სჭირდებათ, რომელთაც დღეს ქარიზმატულს ეძახიან. ასეთებს მასებზე ზემოქმედება შეუძლიათ. ისინი ლაპარაკობენ იმ ენით, რომელიც მოსახლეობისთვის უფრო ადვილად გასაგებია და თან თავიანთი გამონათქვამებით სპეკულირებენ... საზოგადოებაში ასეთი ვითარება არსებობს, მკვიდრდება და ამას საფუძველიც აქვს, რადგან ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმია. ერთადერთი, რითაც მოსახლეობა სიმართლეს იგებს, არის ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ მათი შეძენის საშუალება რეგიონების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს. რეგიონში კი არა, თბილისშიც კი, რომელიმე გაზეთს რომ ვიძენ, მას ჩემი მეზობლები მთელი კვირა კითხულობენ... ამიტომაც რეგიონის მოსახლეობა უფრო მეტად ტელევიზიებზეა მიჯაჭვული. ყველასთვის ხელმისაწვდომი ცენტრალური ტელევიზიები იმაზე ლაპარაკობენ, როგორ შენდება საქართველო.

- თუმცა პარალელურად არის "მაესტრო", "მე-9 არხი", "კავკასია"...
- დიახ, მაგრამ მათ მოსახლეობის მცირე ნაწილი უყურებს და ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო ინფორმირებულია. ნაციონალური ტელევიზიის თანამშრომლები სრული დიქტატის ქვეშ არიან. ხალხიც იმას უყურებს, რაც მათთვის ხელმისაწვდომია. ამიტომაც ხელისუფლება თავისი ტელევიზიებით მართავს ქვეყანას. მას ორი მექანიზმი აქვს - ძალადობა და ტყუილი, რომელიც ყოველდღე გვესმის. ხალხს ყველა მხრიდან უტევენ, მათზე ძალადობენ და აშინებენ, მაგრამ პარალელურად ის ნაციონალურ ტელევიზიებში უყურებს, რომ მის გარშემო ქვეყანა "შენდება" და ფიქრობს, მართალია, მე მიჭირს, მაგრამ აგერ რამდენი რამე კეთდება. ეტყობა, მე ვერ ვგრძნობ, თორემ ბათუმი, სვანეთი, ანაკლია გაბდღვიალებულია და ცოტა ხანში ალბათ ჩემთანაც მოვლენო. მან არ იცი, რომ ეს ყველაფერი ბუტაფორიაა...

როცა ვამბობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაყოფილია, ამაში სხვა რამესაც ვგულისხმობ, - ხელისუფლებამ დაამკვიდრა ჩემი და სხვისი ომი, ჩემი და სხვისი დევნილები. ამაში დამნაშავე არიან ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, 8 აგვისტოს რომ დაიბნევენ გულზე ყაყაჩოს, 14 აგვისტო და 27 სექტემბერი სხვისი ომი იყო?.. თუ აფხაზეთი საქართველო არ არის?.. ხელისუფლება რეალობას ემალება, ხალხი რეგიონებში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მე მთელი ცხოვრება დავდიოდი, გადაღებები მქონდა და გარდა ამისა, ჩემი ქვეყნის დათვალიერება მაინტერესებდა. ახლაც ბევრს დავდივარ, საქართველოს კუთხე-კუნჭული მაქვს შემოვლილი და ვიცი, როგორ ცხოვრობდა ხალხი ადრე და როგორ ცხოვრობს ახლა. როცა მათ იმ უბედურებაზე ვუამბობ, რაც გარშემო ხდება, სჯერათ ჩემი, მაგრამ ჩემი წასვლის შემდეგ ისევ "რუსთავი 2-სა" და "იმედს" უყურებენ. ეს არ არის მათი ბრალი.

- ბატონო გია, კვირიკობის დღესასწაულზე, სვანეთში ყოფნისას, თქვენ მიერ ნათქვამი ფრაზა, "დეგრადირებული მეგრელები", დიდი განსჯის საგანი გახდა...
- ეს არის პროვოკაცია, თანაც ძალიან იაფფასიანი და ბინძური. დიახ, ვთქვი ეს ფრაზა, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს გია ბურჯანაძე, ოდესმე ეს მთელი სამეგრელოს მისამართით თქვას. კვირიკობას წმინდა სალოცავზე "ნაციონალების" 5-ნომრიანი მაისურებით ხეებზე რომ აძვრებიან და მიშა, მიშას ძახილს დაიწყებენ, ისინი დეგრადირებული არიან, აბა რა?..

- საიდან იცით, რომ მეგრელები იყვნენ?
- მეგრულად ლაპარაკობდნენ... სამეგრელო ჩემი უსაყვარლესი კუთხეა. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ, რადგან უამრავი მეგობარი მყავს. მთელი სამეგრელოს მთიანი რაიონები ფეხით მაქვს შემოვლილი და უზომოდ მიყვარს იქაურობა. სვანურსა და მეგრულსაც ვარჩევ ერთმანეთისგან, მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ასეთ შემთხვევაში იმავეს ვიტყოდი იმერლებზე, გურულებზე, კახელებზე. მათ შორს ჩემი ძმაც რომ ყოფილიყო, მისი მისამართითაც იმავეს ვიტყოდი... უბრალოდ, ვიღაცას, ხელისუფლების წვრილფეხა მხარდამჭერს სჭირდება ასეთი პროვოკაციები ჩემი მისამართით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ. რა ქნან, მიშას როგორღაც ხომ უნდა ასიამოვნონ? არ მიკვირს. "ნაციონალებმა" რწმენას დაუწყეს ბრძოლა და ეს გამიკვირდება?.. სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ტარაკნებივით მარტო, უმეგობროდ ცხოვრობენ და ჰგონიათ, ყველა ასე უნდა იყოს. სააკაშვილს ასეთი რაღაცები სიამოვნებს, რა ქნას, ავადმყოფია და მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.

- თქვენი აზრით, მართლა ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, თუ მიზანმიმართულ ქმედებებთან?
- ერთდროულად ორივესთან. ვინც ეს ავადმყოფი თავს მოგვახვია, ის მიზანმიმართულად მოქმედებდა. ყოველდღიურად ხომ ჩანს, რომ ისინი არ არიან ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანები. ნორმალურია ადამიანი, რომელიც გზების გასაკეთებლად მილიარდიან საგარეო ვალებს აიღებს? ან დალაგებულია ადამიანი, რომელიც თაბაშირ-მუყაოს ფილებით აღმაშენებლის პროსპექტს გააკეთებს?!. რომელი ერთი დავასახელო. ამას აღმშენებლობა კი არა, "პოტიომკინის სოფელი" ჰქვია. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მაინც ჰყავთ ტაშის დამკვრელები.

ეს აგულიანებს ხელისუფლებას და ამიტომაც ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ კი თავი გადაირჩინონ. ეს ვირთხების დამახასიათებელი სინდრომია. კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა კისერში სწვდება ხოლმე ადამიანს. ამიტომაც სავსებით დამსახურებულად უწოდებენ ამ ხელისუფლების "ვერხუშკაში" მყოფებს "კრისებს", ქვემოთ მყოფებს კი - "კაზიოლებს". ბევრს შეიძლება ეგონა, რომ კარგის კეთება შეეძლო, მაგრამ იმას ვერ მიხვდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული ცუდი საქმეები კარგ შედეგს მოიტანდა და ერთ დღეს თავად მიუტრიალდებოდათ. ეს ბიჭები ძალიან ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ბევრი შეცდომა დაუშვეს. მერე კი, როცა ჭკუაში ჩავარდნენ, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, აქ არ დაედგომებოდათ, საუკეთესო შემთხვევაში, სასამართლო და ციხე ელით და ამიტომაც იბრძვიან ასე გამწარებულები სკამების შესანარჩუნებლად.

- მათთან საუბრისას მიხვდებით, რომ თავიანთი კეთილი საქმეების სჯერათ...
- თამაშობენ. მათ ხომ იციან, როგორ აგროვებენ იმ ხალხს სააკაშვილის დასახვედრებლად ყვითელი ავტობუსებით რაღაც თანხის საფასურად და წინ და უკან დაატარებენ. ასევე ჩვენზე უკეთ უწყიან, რომ ტყუილზე არის ყველაფერი აგებული. შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მიხეილ სააკაშვილზე თქვას, ძალიან მაგარი პრეზიდენტი გვყავსო?.. არადა, ამბობენ. რუკას მაინც ხომ უნდა დახედო?.. სააკაშვილმა არ იცის, რამხელა საქართველო დახვდა და რას ტოვებს?..

- მიგაჩნიათ, რომ დატოვებს?
- სამყაროს ვერც მიშა გააჩერებს და ვერც "ნაციონალები". მარადიული არაფერი არსებობს სულის, უფლისა და სამშობლოს გარდა. ქართველ კაცს სამშობლო უფალთან ჰყავს გაიგივებული. "ნაციონალებმა" კი შეგვჭამეს, ყველაფერი 2003 წლიდან დაიწყოო, ამბობენ, მაგრამ, საბედნიეროდ, არ ყოფილა ასე.

- განხეთქილება ახსენეთ, ვერც ხელოვნების მოღვაწეები დარჩნენ ერთ პოზიციაზე...
- უკაცრავად გამოთქმაზე, მაგრამ ვინც ხელისუფლებასთან არის შემძვრალი, ის ხელოვანი და შემოქმედი ვერ იქნება. ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს, აზროვნებდეს და ქმნიდეს. ქართველმა კაცმა მათ უფლის სახელი, შემოქმედი უწოდა, რადგან ისინი თავიანთი საქმიანობით ერის სულიერებას ქმნიდნენ. მიშასთან ჩახუტებული ადამიანი შემოქმედი როგორ შეიძლება იყოს?.. ინტელექტისა და გონების გარეშე ხელოვანი ვერაფერს შექმნის, თუ მას ეს ორივე აქვს ღვთისგან ნაბოძები, უბრალოდ შეუძლებელია ამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყოს განწყობილი.

33 წელია მსახიობი ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა მიშა თუმანიშვილმა თეატრში მომიყვანა. ამდენი წლის განმავლობაში შემოქმედის ცხოვრებით ვიცხოვრე და არც ერთ ხელისუფლებასთან ჩახუტებული არ ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის მოქალაქეობრივი ვალი. როცა ხელისუფალს რამე შეეშლება, უნდა ვურჩიო და მივუთითო. ამიტომაც ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს უარი დეპუტატის მანდატზე.

- ანუ პოლიტიკაში ჩაურევლობა ამჯობინეთ?
- დიახ, მე ხელოვანი ვარ, მსახიობი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალია გავაპროტესტო ის, რაც არ მომწონს. იცით, რატომ ვერ გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოება, პრობლემას ყოველთვის ასე ვსვამთ, - გვეშველება რამე? - არადა, ჩვენზე, საზოგადოებაზე, ბევრი რამეა დამოკიდებული, რათა სახელმწიფოს დავემსგავსოთ. ჩვენ ვიმსახურებთ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას, რომელიც გვყავს და ხელისუფლებაც იმდენს გვიბედავს, რამდენსაც ვაბედვინებთ. სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არ არის, არაფერი გვეშველება. თუმცა არც მაქვს იმის ილუზია, რომ ოდესმე ძალიან მაგარი ქვეყანა გავხდებით.

- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენ ამის არც ადამიანური რესურს გვაქვს და არც ბუნებრივი.

- არადა, მუდმივად გვესმის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სასარგებლო ბუნებრივი რესურსები გვაქვს, რაც ტურიზმის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს...
- ვინც ტურიზმის განვითარებით ქვეყნის გაძლიერებაზე ლაპარაკობს, ის ჩვენი მტერია. ტურიზმი არის ბალი, ნაყინი ან რაღაც დესერტი, რომელიც კარგად ნასადილევ ადამიანს უნდა მიართვა. როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ჩვენზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნები გაკოტრდნენ და გაუბედურდნენ. მაგალითად, საბერძნეთი და ეგვიპტე. ამ ქვეყნების მოსახლეობა მართლაც ტურიზმით ცხოვრობდა. ამას წინათ ვიყავი ეგვიპტეში და ვნახე ინგლისურად მოლაპარაკე 98 მილიონი არაბი მათხოვარი. კრიზისმა ისინი მათხოვრებად აქცია. მსოფლიო კრიზისს რევოლუცია დაემთხვა და ქვეყანა, რომელიც ტურიზმით არსებობდა, ისეთ დღეში ჩავარდა, რომ 15 თეთრის შესაბამისი თანხისთვის კილომეტრობით მოგვდევდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ტურიზმი ჩვენი პრიორიტეტი ვერ იქნება.

- მაშ, რა გამოსავალს ხედავთ?
- სოფლის მეურნეობის, აგრარული სექტორის განვითარება... შემოქმედი ერი ვიყავით და ახლა მომხმარებელი გაგვხადეს. ახლა კი არ ვქმნით, სხვის გაკეთებულს მოვიხმართ, ეს მხოლოდ პროდუქტებს არ ეხება. ხელისუფლებას უნდა, ინტელექტი ამოძირკვოს ჩვენში. ამიტომაც მიადგნენ და ყველანაირი ცოდნის წყარო ან დახურეს, ან გადააგვარეს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენი სულიერი და მატერიალური ფასეულობა გავიდეს ქვეყნიდან. ციურიხში იმდენი ქართველი პროფესორი მუშაობს, გაოცებული დავრჩი, - რა ვქნათ, საქართველოში ჩემი სპეციალობა არავის სჭირდებაო, მითხრეს.

- ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა. რას ელოდებით?
- პროვოკაციებს, ძალადობას, დაუსრულებელ უსამართლობას. სამოქალაქო საზოგადოება უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე და არ უნდა მისცენ ხელისუფლებას იმის უფლება, რომ 20-30-იანი წლების ბოლშევიზმი დაბრუნდეს. ამათზე უარესს კი არაფერს აკეთებდნენ. მედია და სასამართლო ჯიბეში ჰყავდათ ჩასმული და ეკლესიას ებრძოდნენ. მე მახსოვს, როგორ იწყებოდა მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები - ბრეჟნევის გამოსვლით. ეს "ბოლშევიკები" ახლა ბევრად უფრო ფასადურად მუშაობენ, ვიდრე მაშინ. თუმცა სისტემურად ეს ქვეყანა ზედმიწევნით ჰგავს საბჭოთა კავშირს. ამიტომ მათი წინასაარჩევნო ლოზუნგი, - "მეტი სარგებელი ხალხს" მე და ბევრ ჩემნაირს ასე გვესმის, - ქართველი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მათი მშვიდობიანი წასვლა იქნება. მანამდე კი ისეთი ადამიანები გვჭირდება, ვინც სამოქალაქო გმირობებს ჩაიდენს.

- კონკრეტულად?
- ეს რომ ვიცოდე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, ან, სულ მცირე, პოლიტიკოსი ვიქნებოდი...