პოლიტიკური დოღი ბახმაროში - პოლიცია და სპეცრაზმელები მოსახლეობას ბახმაროს შესასვლელთან დიდი დავთრით დახვდნენ

პოლიტიკური დოღი ბახმაროში - პოლიცია და სპეცრაზმელები მოსახლეობას ბახმაროს შესასვლელთან დიდი დავთრით დახვდნენ

"ბახმაროში, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი და სახალხო ღონისძიებები იმართება, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქვე მობილიზებულმა სპეცრაზმმა არ შეუშვა. აღსანიშნავია, რომ გუშინ ბახმაროში პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიტიკური დოღი ბახმაროში / "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტმა არასრულწლოვანი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ მან უდიერად მოიხსენია პრეზიდენტი".

"წამოვედით, რომ ფერისცვალების დღესასწაულს შევხვედროდით ბახმაროში და დავსწრებოდით სახალხო ღონისძიებებს, რომელიც აქ იმართება. ბახმაროს შესასვლელთან დაგვხვდნენ შავებში ჩაცმული სპეცრაზმელები და ჩოხატაურის პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი დავთარი - იქ ჩამოთვლილია მანქანის ნომრები, ვინ გაატარონ და ვინ - არა. სამწუხაროდ, ჩვენ შავ სიაში მოვხვდით. ვკითხე, თუ რატომ არ გვიშვებდნენ და მითხრეს, რომ უსაფრთხოების გამო. სრულიად გაუგებარია, მე ან ის ახალგაზრდები, რომლებსაც გვსურდა ბახმაროში მისვლა სახალხო ღონისძიებებზე დასასწრებად, რითი ვარღვევეთ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა იმ ახალგაზრდებისა, რომლეთაც აცვიათ "ქართული ოცნების" მაისურები, არ გაატარეს ბავშვები და ადგილობრივები; ასევე მშობელი, რომლის შვილიც ისვენებს ბახმაროში, ავადაა და ითხოვს დედის ჩასვლას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი.

"მანქანიდან გადმოსვეს და უკან გამოაბრუნეს ფეხმძიმე ქალბატონი. აქ არის ადგილობრივების პატარა დასახლება, რომლებსაც არ აძლევენ საშუალებას, დაესწრონ ღონისძიებებს. ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ ხდება, რომ მათ კარგად იციან ამ ადამიანების ოპოზიციური განწყობა. საოცრებები ხდება. მე და ამ ახალგაზრდებს აქ გვიცნობენ, ადგილობრივები არიან. ადამიანებს, რომელებიც ჩვენ მოგვესალმნენ, არ უშვებენ, თუმცა მათ არანაირი საერთო კოალიციასთან არ აქვთ, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და ამიტომ უარს ეუბნებიან შესვლაზე - ესაა იმ დონის განუკითხაობა, სიტყვები არ მყოფნის, ვილაპარაკო. ადამიანები დაგვყვეს ხარისხების მიხედვით. ჩვენ აღმოვჩნდით მეორეხარისხოვნები.", - ამბობს რესპონდენტი.

"ბახმაროში, სადაც ახლა სახალხო დღესასწაულია, სადაც ეკლესიაში მინდოდა შესვლა და მოლოცვა, არ გამატარეს და მეუბნებიან, რომ სხვა ეკლესიაში წავიდე. ეს ყველაფერი ხდება იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენს აქტივისტებს ყოველგვარი დროშებისა და ყიჟინის გარეშე სურდათ ღონისძიებებზე დასწრება. საბედნიეროდ, შიგნით, ბახმაროში არიან ჩვენი მხარდამჭერები, რომელებიც ისვენებენ აქ. ისინი გვირეკავენ და გვაწვდიან ინფორმაციას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტმა სცემა არასრულწლოვანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან უდიერად მოიხსენია პრეზიდენტი", - დასძენს თემურ ჭკუასელი.

"ესაა ის ბინძური მეთოდები, რითაც ხელისუფლება ცდილობს, "ქართული ოცნების" აქტივობას შეუშალოს ხელი ბახმაროში არის სახალხო ღონისძიებები - არანაირი პარტიული ღონისძიება არ იმართება და, შესაბამისად, იქ მისვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. იგივე მოხდა ბეშუმში, დიდგორში, სვანეთში... მათ ეშინიათ ჩვენი ახალგაზრდების გამოჩენის და ჩვენი აქტიურობის და ასეთი ბინძური ხელებით გვებრძვიან. ესაა დარღვევა, რადგან აქ "ნაციონალების" პარტიული მიტინგი არ იმართება და, შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, მივიდეს და დაესწროს ღონისძიებებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

"დაპირისპირებები ბახმაროში და კოალიციის აქტივისტების "შავ სიაში" შეყვანის ფაქტი არ დაადასტურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესმდივანმა გიორგი პატარაიამ. მისი თქმით, "ყველა დაგეგმილი ღონისძიება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ბახმაროსა და მის შემოგარენში სრული სიმშვიდეა". "რეზონანსი" შეეცადა, გაერკვია, "რუსთავი 2"- ის რომელი კორესპონდენტი მონაწილეობდა ინციდენტში. თუმცა, ტელეკომპანიაში პასუხის გაცემა არ მოისურვეს", - წერს სტატიის ავტორი