"ბოლოს მივალთ იქამდე, რომ მიშა "ვეფხისტყაოსნის" ხმამაღლა კითხვას დაიწყებს, გარემოცვა კი ეტყვის, რა კარგი დეკლამატორი ხარო"
მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლები ანეკდოტების თემად იქცა. ხალხი ხუმრობს ფოთამდე პრეზიდენტის ღრუბელ-ღრუბელ მალვით ფრენისა და უცნობი "სუპერმენი" პოლიციელის შესახებ, რომელმაც თითქოს ფოთი აოხრებას, სააკაშვილი კი ტყვედ ჩავარდნას გადაარჩინა; ხუმრობენ "ვეფხისტყაოსნის" სააკაშვილისეული ეპილოგისა და ბაგრატის ტაძრის დამანგრევლის ვინაობის შესახებ, რომ თითქოს ეს ცოდვაც ქართველთა სისხლით გაუმაძღარ რუსებს ჩაუდენიათ და ოსმალებს იოტისოდენა ბრალიც არ მიუძღვით...
წარსულში ხელისუფლებაში მყოფმა ვასილ მაღლაფერიძემ მეცხრე არხზე საავტორო გადაცემაში სააკაშვილისეულ წინასაარჩევნო "იგავებსა და ზღაპრებს" სპეციალური გამოშვებები მიუძღვნა, თუმცა, არავის უცდია მოსმენილის სერიოზულად გაანალიზება. ყველაფერი ხუმრობად მიიღეს. რატომ?
ვასილ მაღლაფერიძე: - ყოველ კონკრეტულ სიტუაციას თავისი ჟანრი უხდება. ამ შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ იუმორისტულად უნდა განგვეხილა პრეზიდენტის ზღაპარი ღრუბელ-ღრუბელ მალვით ფოთში ჩასვლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება სერიოზულად აღიქვამდა პრეზიდენტის "გმირულ საქციელს", ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივდგომოდით და სტუდიაში მოგვეწვია ნავიგაციის სპეციალისტები, პილოტები, მაგრამ არ მგონია, საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც დაიჯერებს თვითმფრინავის ღრუბელ-ღრუბელ დამალვის ამბავს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ასევე სასაცილოა "ვეფხისტყაოსნის" მიმართ სააკაშვილის დამოკიდებულება. ზღვარს გადასვლა ჰქვია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აბუჩად იგდებს ჩვენს ეროვნულ საგანძურს, თან თავს იქებს, რომ კარგად იცის ეს ნაწარმოები, მან ისე იცის "ვეფხისტყაოსანი", როგორც მართავს ქვეყანას. შესაძლოა, ეს ვინმესთვის კომედიაა, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად არის ტრაგედია.
რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის რუსებისგან დანგრევას, ეს დაახლოებით ისეთივე ისტორიაა, როგორიც თემურ ლენგის წყალტუბოში გაბრაზების ამბავი - ტალახის გასინჯვაზე უთხრეს უარი და ამიტომ დაანგრია თბილისიო...
მან არ იცის ისტორია და ლიტერატურა, ამიტომ რასაც ეტყვიან კარის ისტორიკოსები, იმას იმეორებს. მან უკეთ იცის თანამედროვე პოეზია, მაგალითად, პარლამენტარი პოეტის, კაკალაშვილის პოეზიიდან უკეთ მოჰყავს ციტატები, ვიდრე "ვეფხისტყაოსნიდან". ძველ ისტორიას და ლიტერატურას ნაკლებად იცნობს.
- ალბათ, ნახეთ ერთ-ერთი, სახელისუფლებოდ წოდებული ტელესტუდიის მომზადებული კლიპი "ქართული ოცნების" ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც თურმე არცხვენენ ქართულ მედიას. თქვენც ხართ მოხსენიებული, თანაც თითქოს ბრალდებასავით ჟღერს, რომ ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყავით და რომ თქვენ დაიქირავეთ ბინა, სადაც ის მკვდარი ნახეს... ამ კლიპის ჩვენების შემდეგ ითქვა, თითქოს ასეთი "ბრალდებით" ამ კლიპის დამკვეთმა აღიარა, რომ ჟვანია მოკლეს...
- ეს არის პირდაპირ ხელისუფლების პიარჯგუფის მომზადებული სიბინძურე, სადაც შელახულია ადამიანის უფლებები, გალანძღულია ხალხი, რომელსაც მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით... ვფიქრობ, რომ ამას სათანადო გაგრძელება მოჰყვება და არც ის დასკვნაა უსაფუძვლო, რომ მათ ამით აღიარეს ჟვანიას მკვლელობა. ეს კლიპი მიანიშნებს, რომ ესენი მთლად საღ გონებაზე ვეღარ არიან. და მათი ცხოვრების წესი სიბინძურის კეთებაა.
- თქვენ ახლოს იყავით გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრთან, როგორი იქნებოდა დღევანდელი საქართველო, ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო?
- ძალიან ბევრ ადამიანს არ მიეცემოდა საშუალება, თავისი ნაკლი გამოემჟღავნებინა და შესაძლოა, ახლაც ღირსეულ მებრძოლებად მოგვჩვენებოდნენ ისინი. ჟვანია არ იბრძოდა იმისათვის, რაც დღეს ხდება საქართველოში, იმისთვის, რომ 2012 წელს სატელიტური თეფშების დაყადაღება, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა და ტელეფონების მოსმენა ყოფილიყო საზოგადოების განსჯის საგანი.
ჟვანიას სახით სააკაშვილმა დაკარგა შემპასუხებელი, უფრო კი მრჩეველი, რომელიც ეტყოდა, რა არის კარგი და რა - არა. სააკაშვილის გარშემოც არ იქნებოდა ის ხალხი, ვინც თავისი კარიერა და კეთილდღეობა არასწორი ბრძანებებისა და მითითებების უყოყმანოდ შესრულებაზე დააფუძნა, რითაც დათვური სამსახური გაუწიეს პრეზიდენტს. ერთპარტიული მმართველობა ერთპიროვნულად იქცა. ერთპიროვნული მმართველი, ღმერთი არ არის, ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომებს და თუ მათ არ აღიარებს, მათივე ტყვე ხდება. შემდეგ შეცდომას შეცდომა მოსდევს და ბოლოს მივალთ იქამდე, რომ "ვეფხისტყაოსნის" ხმამაღლა კითხვას დაიწყებს, გარემოცვა კი ეტყვის, რა კარგი დეკლამატორი ხარო. ისტორიამ იცის ასეთი ტრაგედიები.
- დღეს ზოგი ფიქრობს, რომ თქვენ ერთ-ერთი მხარის ინტერესებს გამოხატავთ... საერთოდ, რა ნიშნავს ასეთი დაჯგუფება: ერთ მხარეს "რუსთავი 2", საზოგადოებრივი მაუწყებელი და "იმედი", მეორე მხარეს - "კავკასია", "მაესტრო" და მეცხრე არხი?
- ჩვეულებრივი ამბავია, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს ჰქონდეს თავისი სიმპათია პოლიტიკური სუბიექტების მიმართ და ეს დაუფარავად თქვას, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მოვლენის კეთილსინდისიერად აღწერაში. მოკლედ, მედია, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, მედია აღარ არის, ის არის პროპაგანდის საშუალება.
- საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: დღეს ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიებიც ხომ არ გახდებიან ხელისუფლების მსახურნი, თუ ხელისუფლებაში მოვა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერენ?
- მე არ ვარ რომელიმე პარტიის მხარდამჭერი. მე მინდა, დასრულდეს ის რეჟიმი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და მიმაჩნია, რომ სწორედ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამის გაკეთება. "ქართული ოცნება" არ არის ერთპარტიული და მისი გამარჯვების შემთხვევაში თუ პარტიები დამოუკიდებლად გააგრძელებენ თანამშრომლობას, ამით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს. დაბალანსებული პოლიტიკური სპექტრის დროს პრესაც დაბალანსებული იქნება.