"ქართული ოცნების" მოახლოებული აქციის გამო რუსთავში დაძაბულობა მატულობს. მმართველი პარტიის აქტივისტები "ოცნების" ლოგოიან მაისურებში ჩაცმულ ახალგაზრდებს აჩერებენ და ეკითხებიან, რატომ აცვიათ მათ მაისურები. ხშირ შემთხვევაში მაისურებს ხდიან. რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურის თქმით, ორ ახალგაზრდას დაკითხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმაც მოუწყვეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდებს მაისურები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა გახადეს. პოლიციის მიერ ახალგაზრდების დაკითხვას შსს-ს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მაისურების "ომი" რუსთავში / მმართველი პარტიის აქტივისტები "ოცნების" მხარდამჭერებს პარტიის ლოგოიანი მაისურების გახდას აიძულებენ.
"ამ ბოლო დროს "ქართული ოცნების" მაისურიან ახალგაზრდებზე ნადირობა გამოაცხადეს. ახალგაზრდებს მაისურების გახდას აიძულებენ. მაგალითად, გუშინ პოლიციელებმა "ქართული ოცნების" მაისურიანი ორი ახალგაზრდა ბიჭი გააჩერეს და დაკითხვა მოუწყვეს - რატომ გაცვიათ ეგ მაისურებიო. ამ ახალგაზრდებმა უპასუხეს, რომ კოალიციის მხარდამჭერები არიან. ბიჭებისთვის მაისურები თავად პოლიციელებს არ გაუხდიათ, მაგრამ პოლიციელების "გასაკეთებელი საქმე" ხელისუფლების მხარდამჭერებმა ზორბა მამაკაცებმა გააკეთეს და ბავშვებს მაისურები გაახდევინეს. მაგრამ ამის მერე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მოდის და მაისურებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"ქართული ოცნების" რუსთავის შტაბის ხელმძღვანელ ნინო ლომიძის თქმით, ამ ეტაპზე ხალხის მიმართ განსაკუთრებული ზეწოლა არ შეინიშნება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელები მათ წარმომადგნელებს დავალებებს აძლევენ, რომ ხალხს "ოცნების" ლიდერებთან მისვლაში ხელი შეუშალონ და ამით ადგილობრივები ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ. მისივე თქმით, "ნაციონალებისგან" ასეთ დავალებებს მმართველი პარტიის კოორდინატორები იღებენ. "კოალიციის ლიდერები რუსთაველებს უბან-უბან ხვდებიან და არის მცდელობა, რომ ეს შეხვედრები ჩაშალონ. ისინი თავიანთი უბნის კოორდინატორებს აფრთხილებენ, ხალხს კოალიციის ლიდერებთან შეხვედრა აუკრძალონ", - ამბობს ნინო ლომიძე, რომელიც აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, "ოცნების" ლიდერებისა და ხალხის კომუნიკაცია მაინც მაღალ დონეზე მიმდინარეობს და შეხვედრებზე ხალხის საკმაოდ მაღალი აქტიურობა შეინიშნება", - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:
"კოალიციის რუსთავის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პატარა ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდები კოალიციის ლოგოიანი მაისურებით გადაადგილდებოდნენ და უცნობებმა ახალგაზრდებს მაისურები გახადეს. "ქუჩაში მოსიარულე ორ ახალგაზრდა ბიჭს, გურამ გოდოლაძესა და ზვიად ბაგალიშვილს ოთხი უცხო პირი მივარდა და "დაკითხეს", რატომ ეცვათ "რუსული მაიკები". შესთავაზეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლა, სადაც კარგი ანაზღაურებაც ექნებოდათ და პირობებიც გაუუმჯობესდებოდათ", - ამბობს ნინო ლომიძე, რომლის ინფორმაციითაც, ეს პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ინფორმაციის გადამოწმება "ნაციონალების" პრესსამსახურში ვცადეთ, თუმცა პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი პატარაიამ "რეზონანსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა".