როგორია ქართველი ჟურნალისტის თვალით უცხოეთიდან დანახული საქართველო და რას ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საფრანგეთის ელიტური წრეები? _ ამის შესახებ ,,ქართული სიტყვა” ტელეკომპანია ,,მაესტროს” პარიზელ კორესპონდენტ სოფო ჯაჯანაშვილს ესაუბრა:
_ ემიგრანტებსა და ემიგრაციის პრობლემებზე პარიზიდან, სტრასბურგსა და ბრიუსელიდან რამდენიმე სიუჟეტი გავაკეთე, რამაც ქართველების გააქტიურება გამოიწვია და, როგორც ამბობენ, უკვე აქვთ საშუალება, რომ სამშობლოს ხმა “მაესტროს” მეშვეობით მიაწვდინონ და პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩაერთონ. საერთოდ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების იმედი გაუჩნდათ. აქამდე მათ ხელისუფლება არ მოსწონდათ, მაგრამ არც ოპოზიციის იმედი ჰქონდათ. საფრანგეთში პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსით უამრავი ქართველია, ბევრმა ცხოვრება რაღაცნაირად აიწყო _ მუშაობს, ბავშვები სკოლაში სწავლობენ. საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარით ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი ხარ ბინით, გაქვს 500-ევროიანი დახმარება. როგორც ემიგრანტები კერძო საუბრებში აღნიშნავენ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არასტაბილურია, რომ სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ... როცა საფრანგეთის რიგით მოქალაქეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ წრეებსა და სხვა სტრუქტურებს ვუხსნი, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ, ემოციას გამოხატავენ და ამბობენ, რომელი საქართველო, ის ხომ არა, რომელსაც სარკოზი ომის დროს დაეხმარაო. ამით ფრანგები ძალიან ამაყობენ. მართალია, საფრანგეთი დიდი ხანი არჩევნებით იყო დაკავებული, მთელი ევროპა კი, ეკონომიკური კრიზისისა და ევროს გამო წუწუნებს, მაგრამ საფრანგეთის ყველაზე ცნობილ გაზეთებში _ ,,მონდი” და ,,ფიგარო” ყოველ დღე იბეჭდება სტატიები მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და აქაურ დემოკრატიულ პროცესებზე. ფრანგები ამბობენ, ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი და ქართულ-ევროპული დემოკრატიის ერთგვარი გამოცდა იქნება და ეს დიდი შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოსო.
_ ,,მონდი” და ,,ფიგარო” ჩვენზე მაინც, რას წერენ?
_ საერთოდ, დემოკრატია მედიის თავისუფლებით, სასამართლოთი და იმ კვლევებით იზომება, რომლებსაც ქვეყანაში საერთაშორისო ინსტიტუტები ატარებენ. გაზეთები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ გაამართლა ხალხის იმედი, რასაც დაყადაღებული ანტენები, მედიაზე ზეწოლა და სტრასბურგში მომრავლებული საქართველოს მოქალაქეების საჩივრებიც მოწმობს. ამ სტატიებს თავისუფალი ჟურნალისტები წერენ, თუმცა არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ დაქირავებულებიც. ამის მიუხედავად, ევროპაში რეალური სურათი არსებობს, თუ რა ხდება საქართველოში. ძალიან გააქტიურებულნი არიან როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიებიც. ევროპაში ლობისტური კომპანიების გამოყენება აპრობირებული მეთოდია. ლობისტებმა დიდი სამუშაო გასწიეს ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის მოსაწყობად. ახლა კი, როგორც ვიცი, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანისა და სააკაშვილის შეხვედრაზე მუშაობენ. ისე, ჩვენი პრეზიდენტი მოწადინებული იყო, რომ ფრანსუა ოლანს პუტინზე ადრე, ან იმავე კვირაში შეხვედროდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
_ ფრანგები ბიძინა ივანიშვილზე რას ამბობენ?
_ ამასწინათ, ერთ-ერთ ჟურნალში ფრანგი მილიარდერების სია გამოქვეყნდა, სადაც ივანიშვილი მე-5 ადგილზეა...
_ ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით გვახსენებს, რომ კორუფცია აღმოიფხვრა. უცხოეთში ამ და მსგავსი განცხადებების სჯერათ?
_ ევროპაში სხვა ქვეყნის იმიჯი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით იზომება. ჩვენი პრეზიდენტი ხშირად აცხადებს, ევროპაში ამა თუ იმ საკითხით პირველ ადგილზე ვართო. საქართველოში კვლევებს ის ორგანიზაციები ატარებენ, რომლებსაც დამოუკიდებელს ვერ დაარქმევ _ ისინი სამთავრობო სტრუქტურებისგან იმართებიან და, შესაბამისად, სურათიც არარეალურია. ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა ამ კვლევების ამ შედეგებს აღარ ამოწმებენ და ენდობიან.
_ ფრანგებს, როგორც ვიცი, მოგზაურობა უყვართ. პარიზელები საქართველოს, როგორც ტურისტისთვის მიმზიდველ ქვეყანას, იცნობენ?
_ 60 წელია, ტურიზმი ვითარდება და დღეს საფრანგეთი ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ტურისტებს სიძველეები, კულტურა და ისტორია იზიდავს. ჩვენი ტურიზმის განვითარების გეგმა კი, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი ავითარებს, გადაღებილი შენობები და მაღალი კლასის სასტუმროების მშებნებლობაა. ამით უცხოელებს ვერ გავაკვირვებთ. ბევრ ტურისტს არ აქვს ინფორმაცია საქართველოზე, ან ისევ შიშშია, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა. ასევე, აშინებთ ხშირი განცხადებები, რომ შეიძლება, ომი დაიწყოს... საერთოდ, ფრანგებს ეკოტურიზმი ხიბლავთ და ფეშენებელურ სასტუმროებს ოჯახური ტიპის სასტუმროები, ან სახლები ურჩევნიათ.
_ სოფო, პარიზში ქართული პროდუქცია იყიდება?
_ ნაკლებად. ამასწინათ, ქართული ღვინის ძებნაში უამრავი მაღაზია შემოვიარე, მაგრამ ამაოდ.
_ ამასწინათ, “ნაციონალებმა” ერთი ამბავი ატეხეს, ინგლისის პარლამენტი ჩვენებური იუსტიციის სახლებით მოხიბლულიაო. “ვარდოსნული” რეფორმებით პარიზიც გაოცებულია?
_ ტელევიზიით გასული სიუჟეტი რეალური და, ალბათ, გადაჭარბებული იქნებოდა. ამას უნდა დავუმატოთ თარგმანის გაყალბებაც, რაც ქართულ ტელესივრცეში ხშირია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადამიანები, რომლებიც ინგლისის პარლამენტში იუსტიციის სახლებს იცავდნენ, ჩვენი ხელისუფლებისგან იყვნენ დავალებულნი, თუმცა იუსტიციის სახლი შესანიშნავი პროექტია _ საფრანგეთში ერთი ცნობის ასაღებად შეიძლება, თვეები დაგჭირდეს, საქართველოში კი, ნებისმიერი საბუთის აღება ძალიან გამარტივებულია. ეს წინგადაგმული ნაბიჯია, რასაც ხელისუფლებას ვერ დაუკარგავ... ზოგი ქართველი ემიგრანტისთვის საქართველო ვარდისფერი ჩანს. ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებიც უფრო უცხოელებზეა გათვლილი და იმის გადამოწმება, თუ რა ხდება სინამდვილეში, შეუძლებელია. ევროპელებზე კარგად მუშაობს, რომ ჩვენი პრეზიდენტი მათთვის გასაგებ რამდენიმე ენაზე საუბრობს... როცა სააკაშვილი ამბობს, რომ აშენდა სკოლა თუ საავადმყოფო, უცხოეთში გვეჩვენება, რომ ყველაფერი, მართლაც, ასეა. სინამდვილეში კი, ყველაფერი სხვანაირადაა. საქართველოში ერთი წელი არ ვყოფილვარ და რომ ჩამოვედი, გადათხრილი ქალაქი დამხვდა _ ჩემს ქუჩაზე ისევ ასფალტს აგებენ. ესეც ,,საგარეო სურათია” _Pწანასაარჩევნოდ ხალხს აჩვენებენ, აი, როგორი მუშაობა მიდის და ქალაქი შენდებაო. ხალხის ცხოვრება კი, უკან-უკან მიდის... ევროპელები ამბობენ, არჩევნებზე ჩვენი იმედი ნუ გექნებათ და ნუ ქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ხელისუფლებას ვინმე შეცვლის. თქვენი საქმე თქვენი გასაკეთებელიაო. ქართველ დამკვირვებლებს უჭირთ არჩევნებზე დარღვევების აღმოჩენა, რადგან ხელისუფლება ყოველ არჩევნებზე გაყალბების მეთოდებს აუმჯობესებს. უცხოელებმა ქართული ენა არ იციან და ყველაფერზე ხელს აწერენ. მათი იმედი არც უნდა გვქონდეს.
ქართველ ემიგრანტებს კი, ის აღელვებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ივლისის განკარგულების გამო, არჩევნებში მონაწილეობას ვარ მიიღებენ...
_ საქართველოში საპასუხიხმგებლო თანამდებობები ახალგაზრდებს უკავიათ, რომელთაც, პრაქტიკულად, გამოცდიელბა არ აქვთ. ამ მხრივ საფრანგეთში როგორი მდგომარეობაა?
_ იქ უფრო გენდერული თანასწორობის საკითხი დგას _ არიან თუ არა საარჩევნო სიაში ქალები. ერთხელ, ფრანსუა ოლანის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან მქონდა ინტერვიუ და შეკითხვა დეპუტატობის კანდიდატებზე დავუსვი. მიპასუხა, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ეს არაა პრიორიტეტულიო. სამსახურებში ნახავთ 60 წლის ადამიანებს, რომელთაც არავინ ეუბნება, რომ ასაკის გამო სამსახური უნდა დატოვონ. იქ ყურადღება არც იმას ექცევა, თუ ვინ ვისი ნათესავია, აქვს თუ არა განათლება უცხოეთში მიღებული და ასე შემდეგ.
_ სოფო, საუბრის თემას შევცვლი და ლევილის ქართულ სოფელზე შეგეკითხებით. როგორც ვიცი, ბავშვობაში იქ ბაბუას, მიხეილ ქავთარაძეს ხშირად სტუმრობდით...
_ საქართველოს მთავრობა და დიასპორას სამინისტრო ლევილის გადმოცემის საკითხზე აქტიურობდა. სარკოზიმ თბილისში სტუმრობისას დაადასტურა, რომ ლევილი ქართველებს გადმოეცემოდა. ქართული ემიგრაცია კი, გაყოფილია. ერთნი ფიქრობენ, რომ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას საკუთრება, მეორენი კი ამბობენ, თუ ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ვერ იცავს და ყიდის სახელმწიფო საკუთრებას, საფრანგეთში მისი დაცვა გაუჭირდებაო და სჯობს, ლევილს ისევ საფრანგეთის მთავრობამ მოაუაროსო. ერთი წელია, ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ლევილის მერმა მითხრა, რომ არსებობს ლევილის განვითარების საფრანგეთის ხელისუფლებისა და საქართველოს დიასპორის სამინისტროს ერთობლივი გეგმა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული მაინც არ არის. მიხაკო წერეთლის ნეშთის გადმოსვენებაც ხელისუფლების პიარ-კამპანიაა _ ეს ამბავი პაპუნა დავითაიამ ისე გაახმაურა, რომ მიხაკო წერეთლის შთამომავლებსა და ლევილის მცხოვრებლებთან ეს საკითხი შეთანხმებული არ იყო. აზრები აქაც გაყოფილია: მამული და ლევილი საქართველო-საფრანგეთის უკვდავი ურთიერთობების ისტორიაა, საფლავების გარეშე კი, მამული ფუნქციას დაკარგავს.