"გუშინ განახლებულ ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს, თუმცა ცერემონიალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრებოდა. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ალბათ ამის აუცილებლობა არ იყო. პოლიტოლოგთა შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირების არსებობას. "რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციათან დაკავშირებას და ამ თემაზე მათი კომენტარის მოსმენას, თუმცა უშედეგოდ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ არ დაესწრო პატრიარქი ბაგრატზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალს / "იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს, სულაც არ იყო საჭირო დღევანდელი დღე".
"ტელევიზიით ვნახე ჯვრის აღმართვის ცერემონია. რატომ არ ჩავიდა პატრიარქი, ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი კვირის წინ ვიყავი თბილისში და ჩემთვის ცნობილია მისი განრიგი - ამ ცერემონიალზე წასვლა დაგეგმილი არ ყოფილა. არ წავიდა იმიტომ, რომ ალბათ არ იყო ამის აუცილებლობა", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია, რაზეც ხელისუფლებას გავლენა არ აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.
"სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან რთულია. არ მგონია დიდი ანალიზი სჭირდებოდეს, რატომ წარიმართა ყველაზე დაბალი ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირის ამარა ეს საზეიმო ცერემონიალი. მოვა დრო, ყველაფერი თავის ადგილას დადგება და ბაგრატის ტაძარი კვლავ დიდებული იქნება. იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის განსაზღვრული უთანხმოება არსებობს, სულაც არ იყო საჭირო დღევანდელი დღე. ამ საკითხზე აქამდეც სრულიად მკაფიო წარმოდგენა გვქონდა. "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია ცდილობს, სულ უფრო უხეში ფორმებით გამოხატოს გაღიზიანება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ ეკლესიაა ყველაზე სანდო ინსტიტუტი ქართველი ადამიანებისათვის. ჩვენი ეკლესიის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტისა, და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სწორედ ეს აღიზიანებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"მათ შეძლეს და პროკურატურას დაუქვემდებარეს ეროვნული ბანკი, მედიის დიდი ნაწილი, კონტროლის პალატა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ვერანაირი ჩრდილი ვერ მიაყენეს და ვერაფერი მოუხერხეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ის ისეთივე მძლავრია, როგორც ადრე და უაღრესად დიდი პატივისცემით ეკიდება მას მთელი ქართული საზოგადოება. რეიგანის ძეგლის დადგმას ჯობდა სააკაშვილს მისი აზრები წაეკითხა, თუნდაც დემოკრატიაზე. რეიგანი ბრძანებდა: "ღმერთის გარეშე დემოკრატია დიდხანს ვერ გაძლებს". ჩვენ ყველანი მოწმე ვართ, რომ სწორედ დემოკრატია აფრთხობს სააკაშვილის ხელისუფლებას და შესაბამისად, ღმერთის მიმართაც მათი დამოკიდებულება თვალსაჩინოდ უღმერთოა", - განმარტავს პოლიტოლოგი.
"ჩემი აზრით, სასურველი იყო, პატრიარქი ჩასულიყო და მისი კურთხევით აღემართათ ჯვარი. სხვა თემაა, რამდენად სწორად განხორციელდა ტაძრის რესტავრაცია, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ - ტაძარი განახლებულია და გულდასაწყვეტია, რომ პატრიარქი ამ მნიშვნელოვან დღეს იქ არ იყო. ჩემი თვალსაზრისით, გაცილებით სწორი და გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, რომ დალოდებოდნენ, როდის ექნებოდა პატრიარქს ბაგრატის ტაძარში ჩასვლის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გაემართათ ჯვრის აღმართვის ცერემონიალი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე.
"პატრიარქი შეიძლება სულაც არ იმყოფება საქართველოში. მე ის მაღელვებს, რომ ბაგრატის ტაძარმა ძველი დიდებულება, რომელიც თავიდან ჰქონდა, დაკარგა. დღევანდელი ბაგრატის ტაძარი კი ხელოვნური ხელოვნებაა. მე ვნახე გარე ფასადი და ეს აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. რა თქმა უნდა, უნდა გაკეთებულიყო რაღაც, უნდა გაეკეთებინათ რესტავრაცია, მაგრამ ის ძველი სახე უნდა შეენარჩუნებინათ. ძველი სახე კი დაკარგულია, ეს არის მთავარი. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ გვატყუებენ და გვეუბნებიან, რომ ტაძარი რუსებმა დაანგრიეს. როგორც ვიცი, რუსებს არ დაუნგრევიათ და არ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი", - აღნიშნავს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.