მართლა ემზადება თუ არა “ოცნება” რევოლუციისთვის

მართლა ემზადება თუ არა “ოცნება” რევოლუციისთვის

“ქართული ოცნება” საჯაროდ დასახელებული მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატის შეცვლაზე ფიქრობს. მართალია, “ოცნების” მხარდამჭერები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ჩველებრივი სამუშაო პროცესია, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ მაჟორიტარების კუთხით კოალიციამ გარკვეული შეცდომა დაუშვა... დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “მაჟორიტარული როტაცია” “ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატს არ შეეხება _ ეკა ბესელიას საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ივანიშვილმა გახსნა... მართალია, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ეკა ბესელიას მინი-დოსიე ასეთია: “ვარდების რევოლუციამდე” ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ადვოკატად ითვლებოდა. მეტიც, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ანუ მაშინ, ვიდრე საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდებოდა, ეკამ მოახერხა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფს სასიკვდილო განაჩენი აარიდა... 2007 წლის შემოდგომაზე აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო და მას შემდეგ ყველა მძლავრი ოპოზიციური გაერთიანებისა თუ საპროტესტო ტალღის ავანგარდშია. ეკა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ივანიშვილი პოლიტიკაში შემოსვლის პირველსავე დღეებში საკუთარი ინიციატივით შეხვდა. მიუხედავა ამისა, ეკა ბესელია ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელთა რიგებში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ითქვა, რომ კოალიციის ლიდერმა მასზე თითქოს გული აიცრუა, თუმცა ასე რომ ყოფილიყო, ცხადია, “ოცნება” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად არ დაასახელებდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, ეკა ბესელია ნაძალადევის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა და, როგორც “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა კოორდინატორმა ახლახან განაცხადა, მაშინ არჩევნების შედეგები მმართველი გუნდის კანდიდატის, მერაბ სამდაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა...

_ ეკა, როგორ შეგხვდა ფოთი და როგორ შეხვდი ფოთს?
_ ფოთს ფოთელობით შევხდი _ ფოთელი ოფიციალურად გავხდი და ამით ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე... ფოთი სიყვარულითა და იმედით შემხვდა...

_ სხვათა შორის, “ოცნების” მაჟორიტარობის პირველი კანდიდატი ხარ, რომელიც მოსახლეობას თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. არადა, თავის დროზე კოალიციის კულარებში ამბობდნენ, ივანიშვილს ბესელიაზე გული აქვს აცრუებულიო...
_ ვანო, ადამიანმა ყველა ჭორი კი არ უნდა დაიჯეროს, არამედ, მოვლენები და ფაქტები ცოტა უფრო სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს. საერთოდ, სააკაშვილს ჭორების გავრცელების ინსტიტუტი აქვს შექმნილი. მართლაც, ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე კოალიციის ლიდერისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ფოთელებთან გულწრფელად და განსაკუთრებულად წარმადგინა. ეს მხოლოდ ჩემთვის კი არა, ფოთელებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ასევე, მხარადჭერისთის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რობერტ სტურიას, მერაბ თავაძეს, ზაზა მამალაძეს, მერაბ შათირიშვილს, სოზარ სუბარს, ზურა აზმაიფარაშვილს, ქეთი დუმბაძეს, კახი კალაძეს, თინა ხიდაშელს, გურამ ოდიშარიას, ლევან იზორიას და, საერთოდ, ყველას, ვინც იმ დღეს ფოთში ჩემს მხარადასაჭერად ჩამოვიდა. ასეთმა წარდგენამ ძალიან გამაძლიერა. საარჩევნო კამპანიის სტარტი ბრწყინვალე, მართლაც, შდამბეჭდავი იყო. ბატონი ბიძინა საოცარი სიტყვით გამოვიდა... ხალხი ემოციას ვერ მალავდა...

_ ეს შენი შეფასებაა, თუმცა ვიღაცები ამბობენ, ფოთელების ნაწილი უკმაყოფილოა, რა უნდა ბესელიას ფოთში, წავიდეს და კენჭი თავის სენაკში იყაროსო. ისე, “ოცნების” სტრატეგია მეც ვერ ავხსენი _ არ ჯობდა, ყველა ქალაქსა თუ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად, ასე ვთქვათ, ადგილობრივი დაგესახელებინათ?
_ ეს “ვიღაცები” ვინ არიან, არ ვიცი... შესაძლოა ასე ერთეულები ფიქრობდნენ, თორემ ხალხი სიყვარულით მხვდება. შესაძლოა, ჩემს სენაკელებსაც ეწყინათ, მაგრამ დღეს ყველაგან ბრძოლა საპასუხისმგებლოა და შეიძლება, ასეთი ტაქტიკა უფრო გამართლებულია. სნეაკს, გურამ ოდიშარიას სახით, ბრწყინვალე კანდიდატი ჰყავს და სენაკელებმა ბატონ გურამს მხარი უნდა დაუჭირონ. ჩვენ ყველგან ერთნი ვართ, რადგან სამშობლოსთვის ეს გენერალური ბრძოლაა!

_ რა ამის პასუხია და, ამასწინათ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსებს ჩემი მოკვლა ფოთში უნდოდათო... გჯერა?
_ სააკაშვილის ეს გამოსვლა იმ ხარისხის მძიმე მოვლენა იყო, რომ შეფასება მიჭირს... ღრუბლებში დამალულ და ფოთში შემოპარული მხედრმთავარ სააკაშვილს, თურმე, რუსი ოკუპანტები ეძებდნენ... მას ურჩევნია, ბოდიში მოუხადოს იმ შვილმკვდარ დედებს, რომელთაც დახმარება, მზრუნველობა სჭირდებათ და ემალება! ისე, ბოდიშის მოხდაც ვეღარ უშველის. რამდენიმე გარდაცვლილის დედას შევხდი _ სასაფლოზე მივედი, დედები ტიროდნენ და ამ ტირილის ადრესატი იყო ქვეყნის მეთაური იყო... კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა დედას და ყველა ოჯახს, ვინც 2008 წლის აგვისტოში შვილი, ან ახლობელი დაკარგა...

_ სხვათა შორის, “ოცნებიდან” 8 აგვისტოს რუს ოკუპანტებთან დაღუპული ქართველი გმირების მემორიალთან მხოლოდ შენ და ირაკლი ალასანია მიხვედით. შენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ძმათა სასაფლაოზე უნდა მისულიყო თუ არა?
_ მთავარი სასაფლაოზე მისვლა კი არა, დამოკიდებულებაა და ბიძინა ივანიშვილი ომში დაღუპულთა მიმართ პატივისცემას მუდამ განსაკუთრებულად გამოხატავს... სააკაშვილმა მეომარი ბიჭები დააპატიმრა და ამის მერე გმირების საფლავებზე გვირგვინს რომ მიიტანს, ეს რამეს ნიშნავს? ეს ხომ ფარისევლობისა!

_ ...ეკა, ვიდრე კონკრეტულად ფოთზე გკითხავ, როგორც იურისტმა, ამიხსენი, ეს მასიური დაყადაღებები რას ემსახურება და მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი?
_ ყველაფერი, რაც ბოლო თვეებში ხდება _ დაყადაღება, დაპატიმრება, დაჯარიმება _ აგონიააა. სააკაშვილი აგონიაშია, სასამართლო კი, სააკაშვილის პირადი ადვოკატია. სასამართლო სამარცხვინოდ იქცევა _ არ არსებობს პრეცედენტი, ადამიანი იმისთვის დააჯარიმო, რომ პირადი თანხა მოიხმარა. სად არის კანონი და სად არის სამართლისადმი პატივისცემა?

_ “ნაციონალები” დაუფარავად მიუთითებენ, რომ “ოცნება” რევოლუციისთვის ემზადება. მართლა ასეა?
_ ჩვენ ძალიან მშვიდობიან კამპანიას ვეწევით და ულტრარადიკალური სააკაშვილის გამოხტომებსაც ძალიან მშვიდად ვხვდებით. სააკაშვილი ასეთი რადიკალური ოპოზიციაში ყოფნის დროსაც არ ყოფილა. რევოლუცია სააკაშვილს აწყობს, ჩვენ კი, მშვიდობიანი არჩევნები გვინდა! ხელისუფლება იმ გზით მიდის, რომელიც ქვეყანას ანგრევს, ასუსტებს, წონასწორობასა და საერთაშორისო მხარდაჭერას აკარგვინებს. სააკაშვილმა ის თქვა, რასაც ფიქრობს, არ დაგითმობთ ჩემს აშენებულ ქვეყანასო. მას ჰგონია, რომ საქართველო მისი შპს-ა! სააკაშვილის ამ ფრაზის ფონზე მუბარაქისა და კადაფის დიქტატორობა გაფერმკრთალდა! ეს არანორმალური აზროვნებაა!

_ წეღან თქვი, რევოლუცია სააკაშვილს აწყობსო. დამისაბუთე, რატომ აძლევთ ხელს სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ და-ძმებს არჩევნების მერე არეულობა?
_ მათ იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და არეულობა, როგორც ჩანს, თავის გადარჩენის გზაა. სააკაშვილს მშვიდად წასვლა არ შეუძლია... ის არაა უკრაინის, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ღირსეულად წასვლა იცის!

_ ...ეკა, “ზონდერები” ფოთშიც არიან და, საერთოდ, არის თუ არა ხელისუფლებისთვის ფოთი საარჩევნოდ სტრატეგიული?
_ ფოთი საქართველოს კარიბჭე და, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, უნიკალურია რეგიონში, მაგრამ ფოთი ის ქალაქი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილს ხმა არ მისცა და ამის გამო სააკაშვილმა შეიძულა, გაძარცვა და მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთის გამოიყენა. ახლა ფოთში კვირაში ორჯერ რომ ჩამოდის, სააკაშვილს ეს ვერ უშველის. ფოთი გრძნობს, რომ ცვლილებების დროა. აქაურები იმასაც ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ქალაქი უვარგისმა ჩინოვნიკებმა გააპარტახეს _ გაიყიდა პორტი, ქუჩაში გამოყარეს მეზღვაურები, ქალაქი უწყლოობით იტანჯება, გადათხრილია გზები, უმუშევრობაა. ამ საპორტო ქალაქში, რომელსაც საოცარი რესურსები აქვს, სიღარიბეა!

_ გამარჯვებაში დარწმუნებული ხარ თუ მაშინ მაინც, როცა მარტო რჩები, უშვებ, რომ ფოთს წააგებ?
_ ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება, რომ ფოთელები “ქართულ ოცნებას” მხარს ჩემთან ერთად დაუჭერენ! ვანო, ფოთელების მხარადჭერაში დარწმინებული ვარ! დავდივარ ქუჩაში, ბაზარში და ყველგან, სადაც ხალხი მოძრაობს და უნდა ნახო, თუ რა საოცარ სითბოთი, იმედითა და სიყვარულით მხვდებიან. ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ მიმიღო ფოთმა _ იმაზე მეტი სიყვარულით, ვიდრე ველოდი...

_ სხვათა შორის, “მაჟორიტარული ომის” გამოცდილება გაქვს _ 2008 წელს ნაძალადევისთვის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სახელით იბრძოდი. მაშინ უფრო მყარი იყო შენი პოზიციები თუ დღეს უფრო მყარია?
_ მაშინ არჩვევნები მოვიგე, მაგრამ ზნეობრივი გადაწყვეტილება მივიღე და მანდატზე უარი ვთქვი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა პოლიტიკური ცხოვრება, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და შესაბამისად, ძლიერი პოზიცია მიკავია _ დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოვადგენ და ეს ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რაც კი ბოლო წლებში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოფილა. ასეთი გამაერთიანებელი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია.

_ ეკა, მახსოვს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მითხარი, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან არ დგას ქვეყნის მტერიაო. დღესაც ასეა, ანუ ის, ვინც მხარს “ოცნებას” კი არა, სხვა ოპოზიციურ ძალას, მაგალითად, “ქრისტიან-დემოკრატებს” ან, სულაც, ედპ-ს უჭერს, ქვეყნის მტერია?
_ სიტყვა ,,მტერს“ ასე იოლად არ ვამბობ... მტერი ისაა, ვინც ქვეყანას ანგრევს და მის ინტერესებს განზრახ აზიანებს. ასეთი “ნაციონალური მოძრაობა” და ისაა, ვინც ამ ძალას აძლიერებს. რამდენი წელია, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დავდივართ და უფალი გვცდის. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ უმწეო დღეში მაშინ, როცა ჩვენს ხელთაა გამარჯვება?! რატომ ვერ მოვრევით ამ “ნაციონალებს”, როცა ისინი, ვისაც სამართლიანობა გვინდა, მეტნი ვართ! ყველამ გააკეთოს მორალური არჩევანი. ვანო, ნახე, ვინ დგას “ქართული ოცნების” გვერდით _ რეჟისორი მერაბ თავაძე, რომელიც პირველად გახდა პარტიის წევრი და “ქართული ოცნების” მაისურით დადის; ზაზა მამალაძე; მერაბ შათირიშვილი; რობერტ სტურუა... ჯანსუღ ჩარკვიანმა ხელჯოხით სოფლები ჩვენთან ერთად მოიარა _ ბატონ ჯანსუღს ხალხი სიყვარულით ეგებებოდა. ნუთუ, ეს ცოტაა და როგორ შეიძლება, ახლა იყოყმანოს ადამიანმა?!

_ შენი ინფორმაციით, წლევანდელ არჩევნებზე გაყალბების რა ნოვაცია იქნება გამოყენებული?
_ იმ უბნებზე, სადაც “ნაციონალებს” ხმები არ ექნებათ, ბიულეტინების გაფუჭება, ე.წ. კარუსელი, აქტივისტების მობილიზება, შიში და მუქარა, მაგრამ ხალხის აქტიურობა მაღალი იქნება და გაყალბებას ვერ შეძლებენ. ჩვენ ვიბრძოლებთ ხმების დასაცავად!

_ ელოდები თუ არა პროვოკაციებს შენი ოჯახის, მაგალითად, შვილის წინააღმდეგ?
_ დღეს ჩემი შვილი და ძმა, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ჩემთან დგანან და ხელისუფლებისგან, რასაკვირველია, ყველაფერს ველოდები, მით უფრო, სამეგრელოში, სადაც ახალაიები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, მაგრამ არ მეშინია _ უფალს დიდება, მათი ჩემი გაჩერება არშეუძლიათ და ეს უკვე ნახეს!

_ კოალიციის ცალკეული წევრები ამბობენ, რომ “ოცნებას” ფინანსური პრობლემები აქვს. მართლა ასეა?
_ საარჩევნო კამპანიას ისე, როგორც უნდა ვატარებდეთ, ვერ ვატარებთ _ მაგალითად, ვერ ვბეჭდავთ გაზეთს, მაჟორიტარები ვერ ბეჭდავენ ბუკლეტებს. არ გვაქვს ფინანსები და თუ ვინმე შემოგვწირავს, აჯარიმებენ, დაგვიყადღეს ყველაფერი. ასე შეუძლებელია, თავაშვებულ “ნაციონალებს” ებრძოლო. მედია-სივრცეში კი, მხოლოდ სააკაშვილი და მისი სატელიტები არიან _ ნახე, თუ როგორ შუქდება მმართელი გუნდი. “ნაცმოძრაობის” მთავარ ოფისში ბიზნესმენების რიგი დგას _ ყველას იბარებენ და ეუბნებიან, რომ თანხები პარტიის ანგარიშზე ფიზიკური პირის სახელით გადარიცხონ, ზოგს კი, თავად აძლევენ ფულს, რომ პარტიის ანგარიშზე შეიტანოს... ესაა თანაბარი პირობები?

_ ეკა, ჩათვალე, რომ მოგელაძის თანამშრომელი ვარ. ჰოდა, მომახსენე, შენი საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტი რამდენია და გექმნება თუ არა პრობლომები, ვთქვათ, ბუკლეტების დაბეჭდვის გამო? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ხმა დადის, “ნაციონალებმა” სტამბების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, “ოცნების” საარჩევნო პროდუქციის დაბეჭდვა არ გაბედოთ, თორემ “გაგაციმბირებთო”...
_ მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს ცალკე ბიუჯეტი ვერ მექნება, თანხა კოალიციამ ფონდიდან უნდა გამომიყოს... ძალიან, ძალიან რთულ პირობებში ვართ, პრაქტიკულად, მოხალისეების, ანუ მათ იმედზე ვართ, ვინც მზადაა, დახმარება უსასყიდლოდ გაგვიწიოს...

_ მაინც, რას ჰპირდები ფოთელებს?
_ ფოთს სამართლიანობის აღგენას ვპირდები _ ისტორიული ფაზისის მემკვიდრე ფოთს ძველი დიდება უნდა დავუბრუოთ, უნდა გადავარჩინოთ და ფეხზე დავაყენოთ ქალაქი! ყველა აღმასრულებელი რგოლი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ! ფოთს უნდა დავუბრუნოთ ისტორიული მისია _ იყოს საქართველოს კარიბჭე და ევრაზიის დერეფანი, რომელიც აღადგენს და გააძლიერებს იმ ტრადიციებს, რომლებითაც ფოთი მდიდარი და ამაყი ქალაქი იყო.

_ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, რიგით დეპუტატობას დასჯერდები თუ საპარლამენტო თანამდებობას მოითხოვ? ოღონდ, ახლა, არ მითხრა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევიაო...
_ ვანო, კარგად მიცნობ და იცი, რომ თანამდებობები არ მხიბლავს. ამიტომაც არასოდეს ვყოფილვარ ხელისუფლებაში. თანამდებობა ჩემთვის ხალხის სიყვარულია, რომელიც მაქვს და არ ვიცი, ამაზე დიდი თანამდებობა რაღა უნდა იყოს!

_ ეკა, რასაც ახლა გკითხავ, პოლიტიკური სარჩული არ დაუდო. უბრალოდ, მაინტერსებს, მეოცნებე ხარ თუ პრაგმატიკოსი?
_ მეოცნებეც ვარ და რეალისტიც... ოცნება მეხმარება, რომ მისი რეალობად ქცევისთვის ვიბრძოლო. ჩემთვის ქართული ოცნება ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი საქართველოა. ისე, ამას ერთი ახალი ოცნება დაემატა: ყველა ფოთელის პრობლემის მოგვარებასა და ამ ქალაქის აღირძინებაზე ვოცნებობ! რაც მიოცნებია, ყველაფერი ამსრულებია და მჯერა, უფლის შეწევნით და ბატონი ბიძინას მხარდაჭერით ამ ოცნებასაც ავისრულებ. ამ ოცნმების ახდენა ჩემთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის მინდა!