ორი კვირის წინ "ყველა სიახლის" 31-ე ნომერში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ფაცაციამ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პერიოდში რუსეთს მიჰყიდა. დღეს დავით ფაცაცია ამბობს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე საქართველოში რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების მიერ იქნა გამოგზავნილი სტრატეგიული ობიექტების გასასხვისებლად.
- 2004 წლის გაზაფხულზე კახა ბენდუქიძე უკვე შემზადებული იყო იმისთვის, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და შეესრულებინა გე-ერ-უს (რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო - თ.ბ.) მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც უკვე 2003 წლის შემოდგომაზე იყო შემუშავებული. საქმე ეხება ბენდუქიძის საქართველოში გამოგზავნას ეკონომიკური ოკუპაციის ანუ ე.წ. ინვესტიციებით მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით. გასაოცარია, რაოდენ ეფექტიანად და, მეორე მხრივ, თვალთმაქცურად მოახერხა სააკაშვილმა მტრის ხატის პერმანენტული რიტორიკის ფონზე რუსეთისთვის პრაქტიკულად მთელი ქართული ენერგოსისტემის გადაცემა, აგრეთვე, 2008 წლის საომარი მოვლენების პარალელურად, საზოგადოებისგან ფარულად "ენგურჰესის" გადაცემა, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება და შემდგომი ეკონომიკური გარიგებები, ე.წ. დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების - თემურ ალასანიას, კახა ბენდუქიძისა და გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით. ბენდუქიძის ერთ-ერთი "მოსწავლის", ეკონომიკური ანალიზის რუსული ინსტიტუტის თანამშრომლის, ლარისა ბურაკოვას მიერ 2011 წელს გამოცემულ წიგნში ("რატომ გამოუვიდა საქართველოს") არის ასეთი პასაჟი: რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე 1992-2005 წლებში არკადი ვოლსკი ეუბნება ბენდუქიძეს: "საჭიროა საქართველოში წასვლა". ბენდუქიძე პასუხობს: "მე მაქვს სხვა გეგმები". ვოლსკი: "საჭიროა, გაიგე, როგორ ვიქნებით შენ გარეშე? მორჩა, მივდივართ... სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა!" ამის შემდეგ სააკაშვილის გადაწყვეტილებით და პუტინის თანხმობით, ბენდუქიძე დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, უგულებელყო ცნება "სტრატეგიული ობიექტები" და ნაბიჯ-ნაბიჯ გაასხვისა ყველა ის საწარმო, ქარხანა, ენერგოსადგური, საკომუნიკაციო სისტემა და შენობა, რომლებიც გადაურჩა 1990-იანი წლების პრივატიზაციას. ამასთანავე, 2005 წელს ბენდუქიძე სარფიანად ყიდის საკუთარ "ურალმაშ-იჟორას" აქციებს "გაზპრომის" არაფორმალურ შვილობილ კომპანიებზე. პირდაპირ ვერ გაყიდეს (ОАО "ОМЗ" (Группа Уралмаш-Ижора), რადგან მის წილების მფლობელი იყო ჩეხური შკოდა Skoda steel-ი და Skoda JS-იც. ამ ამბავს წინ უძღოდა ბენდუქიძის ძველი პარტნიორის, გე-ერ-უს პოლკოვნიკის, ვიტალი შლიკოვის გამოცდილება და კონტაქტები.
შლიკოვი 1958 წლიდან მუშაობდა რუსეთის კა-გე-ბეში, ის უცხოეთში მოქმედი მზვერავების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1983 წელს ვიტალი შლიკოვი დააკავა შვეიცარიის პოლიციამ და გაასამართლა აშშ-ის წინააღმდეგ შპიონაჟის ბრალდებით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ისევ ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში. ის თავიდანვე ეხმარებოდა ბენდუქიძეს. 1988 წელს ბენდუქიძის მიერ სს "ბიოპროცესის" დაფუძნების შემდეგ, 1990 წელს, შეიქმნა რუსულ-ლიბანური ერთობლივი კომპანია "მაჯესი", რომლის საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული შლიკოვი. 1991 წელს შეიქმნა ნავთობის საინვესტიციო-საწარმო, ევრაზიული კომპანია (НИПЕК), რომლის წილობრივი პარტნიორები იყვნენ 53%-ით - "ბიოპროცესი" და "მაჯესი", 28 პროცენტით - მოსკოვის ნავთობის ბირჟა, აგრეთვე, საწარმოო გაერთიანება "ნიჟნევარტოვსკნეფტეგაზი", "კომინეფტი", "ორენბურგნეფტი", ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის მთავრობა და რუსეთის სოციალური განვითარების ფონდ "ვოზროჟდენიეს" ტიუმენის განყოფილება. 1992 წელს "ნიპეკის" (НИПЕК) მიერ შეიქმნა სს "კომიტიტანი" ("კომინეფტთან" და "პიგმენტთან" ერთად), "ნიპებანკი" (ერთობლივად, კორპორაცია "როსნეფტეგაზი" და მოსკოვის ნავთობის ბირჟა), სს "ტრანსსიბირსკიე ლინიინიე სვიაზი" (ტიუმენში ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ხაზები) და სხვა. ამ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების საკონტროლო პაკეტს ფლობდა კახა ბენდუქიძე, უკვე მოგვიანებით მან შლიკოვი ოფიციალურად დანიშნა "ურალმაშ-იჟორას" და "ატომსტროიექსპორტის" მრჩევლად. ცნობისათვის: სს ო-ემ-ზე ასრულებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვან დაკვეთებს, აწარმოებდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკას, რაკეტებს, ტანკებს და ნავთობპროდუქტებს, ხოლო "ატომსტროიექსპორტი" აშენებს ატომურ სადგურებს, მათ შორის, ირანში ბუშერის ატომურ სადგურს და სხვა საიდუმლო ობიექტებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთ კორპორაციების ვერ უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც, სულ ცოტა, არ არის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი, თანაც ამ ტიპის ლიცენზია უბრალო გარიგებით არ კეთდება.
2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ეკონომიკური ოკუპაციის კამპანიის პროცესში, ბენდუქიძის უშუალო კურატორობით, შეიქმნა საზოგადოების იდეოლოგიური შემზადების სისტემები - ე.წ. ლიბერტარიანული სკოლა, ახალი ეკონომიკური სკოლა და თავისუფალი უნივერსიტეტი. ეს არის მექანიზმი, რომელიც, ერთი მხრივ, იდეოლოგიური "გაპრავების" მანქანაა, შეფარული ე.წ. ღია ეკონომიკისა და პროევროპულობის რიტორიკით, რეალურად კი არის იდეოლოგიური ქვედანაყოფი, რომელიც ამართლებს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვისა და გასხვისების კამპანიას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბენდუქიძის ურთიერთობა რუსეთის გოსდუმის დეპუტატ ოთარ არშბასთან - კა-გე-ბეს მეხუთე განყოფილების თანამშრომელთან. ეს ის ბიზნესმენია, რომელმაც 2005 წელს ბენდუქიძის დახმარებითა და კომპანია "ევრაზია ჰოლდინგის" მეშვეობით მოახერხა "ჭიათურმანგანუმის", "ვარციხეჰესისა" და ბათუმის სავაჭრო ცენტრის შეძენა. არშბა არის პარტნიორი სსრკ-ს კა-გე-ბეს ყოფილი ხელმძღვანელის, ვადიმ ბაკატინისა, რომელიც "კაპიტალ ვოსტოკისა" და "ევორდის" უკან დგას.
კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის გასხვისებაც იყო, მაგრამ ამას დაუპირისპირდა აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მეთიუ ბრაიზას მეუღლე ზეინო ბარანი, რომელსაც ბენდუქიძემ ფულზე გაყიდული ექსპერტი უწოდა. პრაქტიკულად, ამ გაზსადენის გადარჩენა ამერიკის დამსახურებაა.
- რა გამოდის, კახა ბენდუქიძე რუსეთის ინტერესებს ემსახურება?
- ის პუტინისა და სააკაშვილის გენერალია. აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და პოლკოვნიკი თუ კაპიტანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც. მათ გარეშე რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ობიექტების გადაცემა ვერ მოხერხდებოდა. ბენდუქიძემ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს გადასცა სააკაშვილთან შეთანხმებით.
P.S. დავით ფაცაციას ბრალდებებზე კომენტარისთვის რამდენჯერმე ვცადეთ ბატონ კახა ბენდუქიძესთან დაკავშირება. მას სოციალურ ქსელშიც კი მივწერეთ. თუმცა, ჩვენი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.