ამბობს, კრივი ძალიან აზარტული, რთული და ზოგჯერ სპორტის უხეში სახეობაა, მაგრამ თუ ადამიანი გარკვეულია წესებში, მის სილამაზეს აუცილებლად დაინახავსო. საბჭოთა კავშირის კრივის ენციკლოპედიაში კი მასზე წერია: "მოკრივე, რომლის დაცვის გარღვევაც შეუძლებელი იყო". კრივში საბჭოთა კავშირის სამგზის და ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი, მწვრთნელი და უნიჭიერესი ფოტოხელოვანი, რომლის გამოფენებიც სანკტ-პეტერბურგში, საფრანგეთში, ბელგიაში და, ცხადია, თბილისშიც ეწყობოდა, დღეს ვეღარც სპორტისთვის იცლის და ვეღარც ფოტოხელოვნებისთვის. პირისპირ უკვე "ქართული ოცნების" წევრი, ბატონი დავით კვაჭაძე გვესაუბრება:
- ადრე თბილისში კრივის ორი სკოლა ჩამოვაყალიბე, მათგან ერთი ჩემი სახელობისა იყო, მაგრამ მისი სავარჯიშო დარბაზი გაყიდეს. კრივის კლუბი ჩამოვაყალიბეთ დიდუბის მძლეოსნობის კომპლექსის შენობაში, მაგრამ შემდეგ ის შენობაც გაყიდეს. დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, კრივის სკოლა არ არსებობს. საერთოდაც, ყველა სასპორტო სკოლას ხურავენ. არადა, სპორტის ნებისმიერ სახეობაში კარგი ნაკრების შესაქმნელად ყოველთვის უნდა გყავდეს ცვლა. ერთი თაობის იმედად ვერ იქნები. სპორტი მარტო ჩემპიონობისთვის ხომ არ არის მნიშვნელოვანი? მას აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს: ადამიანი დისციპლინას, შრომას, ურთიერთობას ეჩვევა... ეგ კი არა, საგულდაგულოდ ცდილობენ, წარსულში ცნობილ სპორტსმენებს, ვისაც ავტორიტეტი აქვთ და სპორტში ჭკუა ეკითხებათ, გასაქანი არ მისცენ, ყველაფრიდან ამოშალონ. მაგრამ, ელდარ შენგელაიას "შერეკილებში" რომ არის, - აქედან ვერ წაშლიო, - სწორედ ასეა. ამაში კარგად დავრწმუნდით მაღალმთიან აჭარაში "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრისას მოსახლეობასთან. რომ გგონია, იქ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, არ იცის, ქვეყნად რა ხდება, გაზეთებიდან ყველაფერი იცოდნენ ჩვენ შესახებ. მაგრამ თაობები იცვლება და სულ უფრო ცოტა ინტერესდება სპორტით, მით უფრო - ცოტა აღწევს წარმატებას.
- ეს ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლამაც ცხადყო.
- იმიტომ, რომ სპორტი პოლიტიზებულია. არსებობენ "ნაციონალური მოძრაობის" ფავორიტი სპორტსმენები, ცალკეა - ყველა დანარჩენი. სპორტსმენი წნეხის ქვეშ არის, შებოჭილია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩაბუდებულია შიში... "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სოფლებსა და ქალაქებში სტუმრობისას შორიდან გვიქნევენ ხელს და ჩუმად გვეუბნებიან, გამგებლებისა და პოლიციელების გამო აშკარად ვერ გგულშემატკივრობთო, სპორტსმენსაც ეშინია, არ დაბლოკონ და რაიმე უბედურება არ დამართონ.
- არადა, ვინ წარმოიდგენს, რომ რინგზე ან ტატამიზე მოასპარეზე სპორტსმენი მხდალია?
- შემოსავლის დაკარგვის შიში აქვთ, ახლობლის, ოჯახის წევრის შევიწროების, დაზარალების. შეიძლება ვიღაცას ბანკის სესხი აქვს და ამით მოაქციონ წნეხის ქვეშ. როგორ შეიძლება ასეთი რამ სპორტსმენს დამართო. ის ქვეყნის სიამაყეა, მის წარმატებას ყველა შეჰხარის, ნებისმიერი პარტია თუ მოქალაქე. ჩვენთან კი აუცილებლად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი უნდა იყოს. რამდენი შესანიშნავი მწვრთნელი გაათავისუფლეს თავის დროზე სახელგანთქმული სპორტსმენი რომ იყო?! თუნდაც ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, რომელიც ევროპის საუკეთესო მწვრთნელად ოთხჯერ აღიარეს... ფეხბურთი ხომ საერთოდ დამარხეს.
- წლევანდელ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად სპორტის პოლიტიზება დაასახელეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ იყო სხვა მიზეზებიც...
- დავაკონკრეტებ და კრივზე გეტყვით: ოლიმპიადაზე ერთი ქართველი მოკრივე მოხვდა, გვარად, მგონი, თურქაძე და მისი მონაწილეობაც სამარცხვინოდ დასრულდა - ზედმეტი წონა აღმოაჩნდა.
მოკრივემაც და მწვრთნელმაც სრული უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ამიტომაცაა ეს ამბავი სამარცხვინო!
- ბატონო დავით, წლების განმავლობაში ქვეყნისა და საკუთარ ღირსებას კრივის რინგზე იცავდით და დიდი წარმატებითაც. ახლა სხვა ბრძოლაში ჩაებით, პოლიტიკურ რინგზე მოხვდით და ამბობთ - აქაც საქართველოს, ქართველებისა და საკუთარი ღირსების დასაცავადო...
- სამწუხაროდ, არჩეული ხელისუფლება არ გამოგვადგა. ქვეყნის დასაკნინებლად ყველა ღონეს ხმარობს. სპორტი, ხელოვნება, მეცნიერება - სფერო არ არის საქართველოში, ფეხზე რომ იდგეს. ამიტომაც ჩავები ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში და ვიტყვი, რომ ეს გაცილებით მძიმე და სერიოზული ბრძოლაა - დამცირებულად მივიჩნევთ თავს და ადამიანების შელახული ღირსების აღდგენა გვინდა. საშინელება ხდება - ინტელიგენციას "ჩარეცხილები" უწოდეს, საკუთარ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველანი ლტოლვილებად ვიქეცით და სულ უფრო ხშირად მახსენდება ამერიკული მხატვრული ფილმი "მაიმუნების პლანეტა", რომლის სიუჟეტიც საოცრად წააგავს დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ერთმა მუჭა ხალხმა შექმნა საკუთარი თავის დასაცავი პოლიცია და არმია, ხალხს კი საშინელ მდგომარეობაში ამყოფებენ. არც სოფლის მეურნეობა განავითარეს, არც ქარხნები და ფაბრიკები ააშენეს და მხოლოდ "გზას" გაიძახიან. კეთილი, ბატონო, ეს ერთი გზა გააკეთეს, მაგრამ - არა სოფლებში, თითქოს იქ არ სჭირდებათ ადამიანებს სიარული. ერთხელ ვთქვი, ისე რყევა-რყევით დავდივართ სოფლის გზებზე, ამდენი რინგზე არ ურტყამთ ჩემთვის-მეთქი (იცინის).
- 1993 წლის 14 აგვისტო და 2008 წლის 8 აგვისტო - ეს თარიღები ქართველებს ორი საშინელი ომის დავიწყების უფლებას არ გვაძლევს - ხანგრძლივი და ხანმოკლე ომების, საშინელი სისხლისღვრითა და დასასრულით.
- აფხაზეთის ომის დროს საქართველოში ვცხოვრობდი, შემდეგ წავედი სანკტ-პეტერბურგში, აგვისტოს ომის დროს კი სწორედ მისი დაწყების წინა დღეს ჩამოვედი და დავრჩი. ეს საშინელება იყო და აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ომით ვერაფერს დავიბრუნებთ, მხოლოდ დავკარგავთ კიდევ. სამაჩაბლოს სოფლებში რომ სპეციალურად მომზადებული კითხვებით გვახვედრებენ კონკრეტულ ადამიანებს და ერთსა და იმავეს გვეკითხებიან, - სად იყავით, აგვისტოს ომის დროსო, სად უნდა ვყოფილიყავით? ვინ სად იყო? - მთავრობა დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, თვითონ კი წითელ ხიდთან იდგა. ან ამდენი გამოუცდელი ახალგაზრდა ფრონტის ხაზზე რომ მიატოვეს... გვსაყვედურობენ, ბიძინა ივანიშვილი სად იყოო? ბიძინა ივანიშვილმა ამდენი სიკეთე გაუკეთა ამ მთავრობას და ქართველ ხალხს, შეიარაღება, ეკიპირება შეუძინა, სამხედროებს საცხოვრებელი აუშენა და კიდევ ავტომატით უნდა მდგარიყო იქ, რომ ეს უვარგისი მთავრობა დაეცვა?..
- სად უფრო რთულია ბრძოლა, კრივის თუ პოლიტიკურ რინგზე?
- პოლიტიკურ რინგზე ბრძოლა გაცილებით რთულია. ჩვენ პროფესიონალი რევოლუციონერები არ ვართ. შეწუხებული ხალხი ვართ, ჩვენნაირად შეწუხებულ ადამიანებთან სალაპარაკოდ და აზრის გასაზიარებლად რომ მივდივართ. ზოგჯერ ადამიანები გვეუბნებიან, თანამდებობებს მიიღებთ, მინისტრები გახდებით და ჩვენც დაგავიწყდებითო. ეს არ არის მართალი. არასდროს მიფიქრია თანამდებობაზე. მინდა, იმდენი მქონდეს, ოჯახის სარჩენად რომ მეყოფა და მერე სხვა ოცნებებს მივცემ გასაქანს, მთავარია, ჯერ ეს ოცნება ავიხდინოთ!