პედოფილია ის უბედურებაა, რომელსაც ყველა უნდა აუმხედრდეს. არადა, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში კვლავაც ღრმად არის გამჯდარი ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში მძლავრობდა და ამა თუ იმ "დელიკატური" მოსაზრებით, სრულიად შეუწყნარებელი მოვლენის მიჩქმალვას განაპირობებდა: ვიღაცა ოჯახის პრესტიჟს "უფრთხილდება", ვიღაცა - სახელოვანი, თავის სფეროში გამოჩენილი, მაგრამ პირად ცხოვრებაში უზნეო ადამიანის, არამზადის სახელს!.. ჰოდა, ჭირი ჭირად რჩება და მისი ფესვიც დროდადრო აქა-იქ ცოცხლდება.
ბოლო ხანებში (სულ რამდენიმე თვის განმავლობაში), არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ხან ერთი, ხან მეორე კუთხიდან ვრცელდებოდა. რამდენიმე შემთხვევა დედაქალაქშიც მომხდარა; მათგან ზოგი გამოიძიეს, ზოგი -მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა. ის იყო, უმწვავესი პრობლემის შესახებ ვრცელი სტატიის მომზადება დავიწყეთ, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებში, ძველი სკანდალის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მომსწრენი გავხდით...
ლაპარაკია 1977 წელს თბილისში მომხდარ დანაშაულზე, რომელიც იმ პერიოდში თურმე, მთელი ქალაქის მითქმა-მოთქმის საგანი იყო, ოღონდ, საბჭოთა ცენზურის "საუკეთესო ტრადიციის" შესაბამისად, ამაზე არა საჯაროდ და მასმედიაში, არამედ - მხოლოდ "სამზარეულოებში" მსჯელობდნენ; დაობდნენ და კამათობდნენ იმ გარყვნილების შესახებ, რომელშიც მოზარდი გოგონები, უმეტესად - ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის მოსწავლე გოგონები რამდენიმე ცნობილ ასაკოვან მამაკაცს ჰყავდათ ჩათრეული. დამნაშავეებს შორის, ოთარ კობერიძესა და კიდევ რამდენიმე ცნობილ მსახიობს ასახელებდნენ. ამჯერად კი ეს საქმე იმის გამო ამოტივტივდა, რომ პოლიტიკურ აზრთა შეხლა-შემოხლის საბაბით, სწორედ კობერიძეს ესროლეს ბრალდება ძველი ცოდვების გამო. კერძოდ, მისი ცხოვრების ეს "შავი ლაქა" მსახიობს ლიტერატორმა ელიზბარ ჯაველიძემ შეახსენა. და კვლავ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია: პედოფილობაში ეჭვმიტანილი კობერიძე (და სხვებიც) მაშინ პატიმრობას თურმე ედუარდ შევარდნაძემ გადაარჩინა, თორემ ისიც მისი მეგობრის მსგავსად, ციხეში უნდა გამოეკეტათო; მსახიობი მაშინ, საზღვარგარეთ გაამგზავრეს, ვიდრე აჟიოტაჟი ჩაცხრებოდაო... თავად კობერიძემ ჯაველიძის ბრალდებას ცილისწამება უწოდა და, ღირსების შელახვისთვის, იმ გაზეთის რედაქციას, სადაც ინტერვიუ გამოქვეყნდა, სასამართლოს წესით, მორალური ანაზღაურების საკომპენსაციოდ დიდძალი თანხა მოსთხოვა. მოსთხოვა და პროცესი მოიგო კიდეც: სასამართლომ გაზეთს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
მაგრამ ამით ხომ ხალხს ვერ გააჩუმებ. და თუმცა სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება დღესაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხალხი მაინც ლაპარაკობს; ლაპარაკობს იმას, რაც გაუგონია და რაზეც ხელი მიუწვდება. ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ მაშინ სასამართლო მაინც შედგა: 1977 წელს მუსიკალური ათწლედის ხელმძღვანელი (ერთ-ერთი ვერსიით - ერთ-ერთი ხელმძღვანელი ან, კიდევ ერთი ვერსიით, - უბრალოდ მასწავლებელი) კონსტანტინე ანთაძე დააპატიმრეს და არასრულწლოვნებზე განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს. ამბობენ, მთელი ჯგუფის ჩადენილი დანაშაულისთვის ჯოხი მასზე გადატყდა, სხვა არამზადები კი პატიმრობას გადაურჩნენო... ისიც დავადგინეთ, რომ ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შალვა მახარაძემ განიხილა, სხდომები კი დახურული იყო. დაზარალებული გოგონები თურმე საშინელ დეტალებს ჰყვებოდნენ. ისინი უმეტესწილად, ქალაქში პატივცემული ოჯახების შვილები იყვნენ და პროცესი მათი მშობლების მოთხოვნით, დახურულად წარიმართა. ცნობილია ისიც, რომ პატიმრობას გადარჩენილი კობერიძე ანთაძის პროცესზე მოწმის სტატუსით დაჰკითხეს. ბრალდებულ კონსტანტინე ანთაძეს 5 წელი მიესაჯა და სასჯელი ბოლომდე მოიხადა.
არქივში დღემდე ინახება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ორ ტომად არის შეკრული. ალბათ იქ აღწერილი დეტალები ბევრ რამეს ახდის ფარდას, მაგრამ საქმის მასალების გაცნობა ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ და ასეც რომ იყოს, ბუნებრივია, ყველა დეტალის გამომზეურებას არც ვიფიქრებდით თუნდაც იმიტომ, რომ იმ დროს უზნეობისა და გარყვნილების მსხვერპლად ქცეული გოგონები დღეს მოწიფული ასაკის ქალბატონები არიან და თავს გადახდენილი უმსგავსობის შეხსენებით მათთვის ახალი ტრავმის მიყენება დაუშვებლად მიგვაჩნია...
სამწუხაროდ, მათ მსგავსად, მოზარდები დღესაც ხდებიან მოძალადეების მსხვერპლნი. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ხარაგაულში, 13 წლის გოგონა ჩინელმა იმიგრანტმა გააუპატიურა, მაგრამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არც აღძრულა. უფრო მეტიც - "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი - გია ყრუაშვილი ირწმუნება, რომ გოგონას ოჯახი სოფლიდან გადაიხვეწა.
გია ყრუაშვილი:
- სოფელი მოსაკიდელი მთის ძირასაა. ირგვლივ ტყეა, სადაც სულ 25 ოჯახი ცხოვრობს. ფაქტის გადასამოწმებლად გოგონას სახლში მივედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, ამ შემთხვევის შემდეგ სოფლიდან მთელი ოჯახი წავიდა და მათი ადგილსამყოფელი არ ვიცითო. როცა ამ საკითხზე ხარაგაულის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ველაპარაკე, მითხრეს, ეს სოფელ მოსაკიდელში კი არა, სოფელ ხევში მოხდაო... როგორც გავარკვიე, ასეთი ფაქტი სხვა სოფელშიც მომხდარა, იქაც ჩინელმა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მაგრამ ოჯახმა იგი აიძულა, ბავშვი ცოლად შეერთო... არც ერთ ფაქტზე საქმე არ აღძრულა, რადგან დაზარალებულ ოჯახებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, რა მიმართვა უნდა ამას? ხომ შეიძლება, ყველაფერი გამოიძიონ და დამნაშავე დასაჯონ!.. მოსახლეობა შვილებს შიშით სკოლაში მარტო ვეღარ უშვებს. არადა, ბავშვებს სკოლამდე 6-8 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ... ის 13 წლის გოგონაც სკოლიდან მოდიოდა, როცა ჩინელმა ჯიპი გაუჩერა და სახლამდე მიყვანა შესთავაზა. იმ კაცმა არასრულწლოვანი გააუპატიურა და სახლში გვიან დააბრუნა. მისი ოჯახი რატომ არ ჩივის, ნამდვილად არ ვიცი. არის ინფორმაცია, რომ ჩინელმა მათ, გაჩუმებისთვის, ფული გადაუხადა და აიძულა, იქაურობა დაეტოვებინათ... გოგონას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ამ სოფელში ისინი ომის შემდეგ დაბრუნდნენ. ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან არასრულწლოვანია. ვერ გამიგია, რატომ ვტოვებთ ჩვენს ხალხს დაუცველად?!.
ამ ინფორმაციის გადამოწმება სხვა წყაროსთანაც ვცადეთ და ერთი ადამიანის მოყოლილი ამბავი გაცილებით შემზარავი აღმოჩნდა.
ლია, ხარაგაულის მკვიდრი (სტილი დაცულია):
- ეს ნამდვილი ამბავია. გოგონა მართლა გააუპატიურეს. ამბობენ, ჩინელმა ჩაიდინაო. მერე, რომ არ ეჩივლათ, თბილისში ბინა აყიდვინეს ამ ჩინელს და ახლა ის და გოგონა იქ ცხოვრობენო. მაგრამ სოფელში ასევე აქტიურად საუბრობენ სხვა ვერსიაზე. მეზობლებმა მითხრეს, - ჩინელმა კი არა, ბავშვის ბიძამ, დეიდის ქმარმა გააუპატიურა და ამის შემდეგ აქაურობა დატოვესო... გოგონას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და დეიდასთან და ბიძასთან იზრდებოდა. ეს რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით. ბიძას რომ შეხედავ, საწყალი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს; ვერ წარმომიდგენია, მას ეს დანაშაული ჩაედინა. დეიდას არაფერი უთქვამს და პოლიციამდე ამბავი არ მისულა. ვფიქრობ, ჩინელმა გააკეთა და ბიძას აბრალებენ. ეს არ არის მათგან პირველი შემთხვევა. ჩინელმა კაცმა ხარაგაულის სხვა სოფელში ასევე, 16 წლის გოგონაც შეაცდინა.
ამ ფაქტზე რატომ არ აღიძრა საქმე, უცნობია, მაგრამ ცხადია - ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა დამნაშავე დაუსჯელი დარჩა.
ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, რომ არასრულწლოვნებზე მოძალადეებად ხშირად, მათი ოჯახის წევრები ან უახლოესი ნათესავებიც გვევლინებიან და ასეთი ფაქტები არ ხმაურდება. თუმცა ხდება გამონაკლისებიც. ალბათ საზოგადოებას ახსოვს თბილისში მომხდარი შოკის მომგვრელი ამბავი - 13 წლის გოგონა საკუთარ ძმასა და მამას სექსუალურ ძალადობაში ამხელდა. ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. სხდომა დახურული იყო, განსასჯელის სკამზე კი, საკუთარი შვილის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობაში ბრალდებული მამა და მისი ვაჟიშვილი ისხდნენ. მართალია, ბრალდებულები ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ, მაგრამ გოგონა მათ ამხელდა, უფრო მეტიც -ის საკუთარი ძმისგან ფეხმძიმედ იყო და შვილიც კი გააჩინა.
ბრალდებული მამა-შვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მამას, მისი 13 წლის შვილის გაუპატიურებისა და მის მიმართ ძალადობით, გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტისთვის, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ძმას დის გაუპატიურებისთვის - 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა.
ამაზრზენია საქმეში მოყვანილი დეტალები: ჩატარებული სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ საბურთალოს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მამამ ისარგებლა ქალიშვილთან მარტო ყოფნით და ძალის გამოყენებით, ლოგინზე დააგდო, ტანსაცმელი გახადა და, მიუხედავად შვილის წინააღმდეგობისა, მასთან სქესობრივი კავშირი ძალადობით დაამყარა. რამდენიმე დღეში მან საკუთარ სახლში კვლავ ძალით გახადა შარვალი შვილს და გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კონტაქტი. სასამართლო გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გოგოს ძმაც ანალოგიურად მოიქცა - როცა სახლში მარტონი იყვნენ, დასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, სწორედ ძმა იყო მუცლად მყოფი ჩვილის ბიოლოგიური მამა.
შემზარავი ფაქტი მოხდა ხაშურში. ადრე ნასამართლევი, 56 წლის კურტანიძე ძალოვნებმა 10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დააკავეს. როგორც გაირკვა, მსხვერპლი მოძალადის შვილთან ერთად, ინგლისურ ენას სწავლობდა. ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ მამაკაცმა ბავშვს შინისკენ გაცილება შესთავაზა. გზად, მიტოვებულ შენობაში შეიყვანა და გააუპატიურა.
რამდენიმე ანალოგიური შემთხვევა კახეთში მოხდა. 15 წლის გოგონა თანასოფლელ ბიჭს გაუპატიურებაში ამხელდა. გოგონას მამის თქმით, მოძალადე მისი დის ოჯახში მწყემსად მუშაობდა.
რამდენიმე წლის წინ ასევე არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ამხილეს 3 პირი - ნიკვაშვილი, ზედელაშვილი და ქოქოაშვილი. მართალია, ისინი თავს უდანაშაულოდ აცხადებდნენ, მაგრამ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მათ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
18 წლის სანდროს კი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. შემთხვევა გლდანში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სანდრომ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა, მერე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გოგონას ოჯახმა რაიონულ პოლიციას მიმართა და საქმე აღიძრა, თუმცა დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხეს და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. როგორც დაზარალებული ამბობდა, სკვერში იჯდა, როცა მას სანდრო მიუახლოვდა და ახლომდებარე სკოლის უკან გაიყვანა, სადაც გააუპატიურა. ამის შემდეგ ბიჭმა ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა, სადაც გოგონასთვის უცნობ ბიჭებს შეხვდა. იმავე დღეს გოგონა სანდროს ნაცნობებმაც გააუპატიურეს. როგორც დაზარალებული ამბობს, ბიჭები მასთან რიგრიგობით ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს.
არანაკლებ გამაოგნებელი იყო ქუთაისში, მესხის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა. 53 წლის ნემსაძე მეზობლებმა 15 წლის ავადმყოფი გოგონას გაუპატიურებაში ამხილეს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა, მაგრამ ის მკაცრ სასჯელს გადაურჩა. დაზარალებულის მეზობელი დამნაშავეს ამხელდა. მან დაინახა მისი სახლიდან გამოსული ავადმყოფი გოგონა, რომელსაც მუჭში სამი ოცთეთრიანი ჰქონდა. რომ ჰკითხეს, - ფული ვინ მოგცაო? - ბოროტმოქმედი დაასახელა. მეზობლებმა ისიც ჰკითხეს, - ხომ არ მოგეფერაო? გოგონა აიწურა და თანხმობის ნიშნად, თავი დაუკრა. ფაქტის შესახებ დედამისს აცნობეს და მან სასწრაფოდ, პატრული გამოიძახა. მეზობლები დამნაშავის ჩაქოლვას ითხოვდნენ. მისი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ გოგონას დედას პროკურატურაში უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად საკმარისი არ იყო და შეიძლებოდა, ნემსაძე გაეთავისუფლებინათ. ამას მეზობლების საპროტესტო აქცია მოჰყვა და ნემსაძეს ბრალი არა გაუპატიურებისთვის, არამედ გარყვნილი ქმედებისთვის წაუყენეს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გოგონა გონებრივად ჩამორჩენილი ყოფილა, ამიტომ მისი ჩვენება ძალოვნებისთვის ნაკლებად სარწმუნო იყო. ბრალდებული ყველაფერს უარყოფდა, მოზარდის ახლობლები კი ირწმუნებოდნენ, რომ გოგონა დეტალურად ჰყვებოდა, რომ იმ კაცმა გაუკუღმართებული ფორმით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ექსპერტიზის დასკვნით, მას საქალწულე აპკი დარღვეული არ ჰქონდა და ამიტომ დამნაშავე მკაცრ სასჯელს გადაურჩა.
კიდევ ერთი ბოროტმოქმედი გადაურჩა პატიმრობას, მაგრამ მან სხვა ხერხით დააღწია თავი სასჯელს: ციხეში წასვლას გაუპატიურებულ გოგონასთან შეუღლება არჩია. რომ არა ეს ნაბიჯი, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, ქალ-ვაჟი მეზობლები იყვნენ. მათ შორის ინტიმური კავშირი პეტრე-პავლეს სახელობის ე.წ. "დამპალოს სასაფლაოზე" მოხდა...
საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 5-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 5.000-ლარიანი ჯარიმაც დააკისრა. ასეთი ჰუმანური სასჯელი მხოლოდ იმიტომ გამოუტანეს, რომ მან გოგონა ცოლად შეირთო.
16-წლიანი პატიმრობა კი ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 55 წლის მამაკაცს გამოუტანა. მას საყვარლის არასრულწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის 13 წლის შვილიშვილთან სქესობრივი კავშირის დამყარება განიზრახა. 2011 წლის 15 ივნისს, საღამოს 5 საათზე გოგონას საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, მასთან განმარტოება მოახერხა, მაისური და საცვალი ძალით გახადა და სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შემდეგ გოგონას დაემუქრა, - თუკი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვები, სიცოცხლეს გამოგასალმებო, - და შემთხვევის ადგილი დატოვა... მოგვიანებით გოგონას დედამ დამნაშავე ამხილა და ბოროტმოქმედი ამ უმძიმესი ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგა.
რატომ ძალადობენ არასრულწლოვან ბავშვებზე მამაკაცები? - ამის გარკვევა ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილთან ვცადეთ. ეს ქალბატონი წლების განმავლობაში, ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის თანამშრომელია და ბევრ მსხვერპლთან ჰქონია შეხება.
მანანა სოლოღაშვილი:
- როდესაც ვხვდებით ადამიანებს და ვარკვევთ, თუ რა სახის ძალადობის მსხვერპლია, უმრავლეს შემთხვევაში ირკვევა, რომ ყველა სხვა სახის ძალადობასთან ერთად, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ყოფილა. არასრულწლოვნის გაუპატიურება მისი ფსიქიკის დანგრევას იწვევს, რთულ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას და ეს ტრავმა მთელი ცხოვრება მიჰყვება. არაერთი მსგავსი შემთხვევა მქონია, მაგრამ ზოგადად, ეს თემა ტაბუდადებულია. მსხვერპლსაც არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როცა სხვა მხრიდან შემოვუვლით, ძალიან ხშირად ირკვევა, რომ ის ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასეთი ადამიანი მომავალში ისევ მსხვერპლი ხდება - ქმართან, დედამთილთან და ა.შ. ურთიერთობისას. ორი წელი ციხეში, პატიმარ ქალებთან ვმუშაობდი - დედებთან, რომლებმაც თავიანთი შვილები დახოცეს. წარმოიდგინეთ - მათი უმრავლესობა ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 16 ასეთი დედიდან 11-მა - ანუ უმრავლესობამ საკუთარი შვილი მოკლა, ზოგმა ლიფტში მიატოვა, ზოგმა უკანონოდ გააშვილა, ზოგმა მეცხრე თვეზე აბორტი გაიკეთა.
- თუ ასახელებენ ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც მათზე სექსუალურ ძალადობას ახდენდა?
- სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ამას ოჯახის წევრები სჩადიან. ძირითადად, ამას სრულწლოვანი მამაკაცი სჩადის, ხშირად - ოჯახის ახლობელი: მამის ნათლია, მამის ბიძა, ნათესავი... უფრო ხშირად სექსუალურ მოძალადეებად ასაკოვანი მამაკაცები გვევლინებიან.
- როგორი ფსიქიკის ადამიანები სჩადიან ასეთ დანაშაულს? თქვენი აზრით, ეს ერთგვარი ფსიქიკური გადახრაა?
- ზოგადად, მოძალადე არავითარ შემთხვევაში, ძლიერი პიროვნება არ არის. ის გაუწონასწორებელი, ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური პრობლების მქონე ადამიანია. ასაკოვნები ვახსენეთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა 18 წლის ახალგაზრდა გვევლინება სექსუალურ მოძალადედ. ასეთი ფაქტები უმეტესწილად, არ ხმაურდება.
- რატომ?
- ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე, ბევრი ქალი ამას მალავს. იცის, რომ მერე მის ქმრობას არავინ მოინდომებს. ოჯახის წევრებიც მალავენ, რადგან მსგავსი ფაქტების მიმართ საზოგადოება შეუწყნარებელია. ხშირად ასეთ ადამიანებს ფსიქოსოციალური განვითარების პრობლემაც აქვს. სამწუხაროდ, მსხვერპლს თავდაცვის უნარიც არა აქვს გამომუშავებული, რომლის წყალობითაც ამისგან დაცვას შეძლებდა. ხშირად მსხვერპლად განვითარების საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური დონის მქონე ადამიანები იქცევიან. პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობა 8-11 წლის მოზარდის მიმართ მომხდარა; ამ ხნის ბავშვს ხომ მოძალადესთან გამკლავება არ შეუძლია!.. მქონდა შემთხვევა, როცა 12 წლის ასაკში გოგონა დეიდის ქმარმა გააუპატიურა და 10 წელი გამუდმებით აიძულებდა, მასთან კავშირი ჰქონოდა. გოგონა ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე 22 წლის იყო. სამწუხაროდ, მას ბოლომდე ვერ დავეხმარეთ. ეტყობა, ბიძამ გაიგო, აქ რომ დადიოდა და აქედან საერთოდ გადახვეწა - მის კვალს ვეღარსად მივაგენით. ჩვენთან გოგონა სხვა პრობლემით მოვიდა და მერე გაგვიმხილა, რომ ბიძა მასზე ძალადობდა. ამ კაცმა ფაქტობრივად, ის მეძავად აქცია. ფინანსურად უზრუნველყოფილი ჰყავდა და ყველა კაპრიზს უსრულებდა... მსხვერპლმა არასრულწლოვნებმა მომხდარის შემდეგ არ იციან, რა უნდათ, დაბალი თვითშეფასებით ყალიბდებიან, დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ, მუდმივად შფოთავენ და ამბობენ, რომ რაღაც არ ჰყოფნით. მეძავების პირადი ცხოვრების კვლევის დროს ასევე ბევრჯერ დაგვიდგენია, რომ ისინი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ასეთ ფაქტებზე დუმილი არ შეიძლება. გამომზეურებით სხვასაც გადავარჩენთ და მოძალადესაც ახალი მსხვერპლის მოძებნაში შევუშლით ხელს. რაც დროზე გამომჟღავნდება ფაქტი, მსხვერპლი გოგონების ფსიქორეაბილიტაციაც უფრო იოლად მოხდება. ჩვენთან დადიოდა 25 წლის ქალი, 3 შვილის დედა, რომელიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და მისი ფსიქორეაბილიტაციის განხორციელება ვერაფრით მოვახერხეთ. ფაქტი მხოლოდ ჩვენთან გაამჟღავნა და ეშინია, რომ გახმაურების შემთხვევაში ოჯახი დაენგრევა, ახლობლები ზურგს შეაქცევენ... აქვე ვიტყვი: როცა ფსიქოლოგიური ტრავმა ხანდაზმულია, ანუ რაც უფრო დიდი ხნის წინ მიიღო იგი ადამიანმა, მით უფრო რთულია განკურნება და ამის გამო სუიციდის შემთხვევაც ბევრია. ასეთ ადამიანებს მიდრეკილებაც აქვთ თვითმკვლელობისკენ. ჯგუფური თერაპიის დროს ხდება ხოლმე - ერთ-ერთი გაიხსნება და მერე აღმოჩნდება, რომ იქ მყოფი სხვაც არის ამ პრობლემის მსხვერპლი. ჯგუფის თანდასწრებით ამას რომ იტყვის, ესეც ერთგვარი რეაბილიტაციაა.
სექსუალური ძალადობა და მით უფრო - პედოფილია ისეთი "შავი ჭირია", რომლის სიმძიმე ყველა სხვა ფაქტორს ფარავს: მას ხანდაზმულობის ვადა არა აქვს და მისი მიჩქმალვა ე.წ. "ოჯახის სახელის" დაცვის გამართლებით - დაუშვებელია. მით უმეტეს შეუწყნარებელია საზოგადოებაში ცნობილი თუ ამა თუ იმ სფეროში სახელმოხვეჭილი ადამიანების "ხათრით" იმათი დანდობა, ვისაც გამრუდებული ფსიქიკისა თუ "ახალ შეგრძნებათა ძიების" გამო ეს სიმახინჯე ჩაუდენიათ.