ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებაზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივობების თავისებურებებზე, მედიაში არსებული პრობლემების გამო, რამდენად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება მოუწევს 1 ოქტომბერს ამომრჩეველს, "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემოკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა. არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საზოგადოებაში განსხვავებული, მაგრამ უმეტეს წილად მაინც კრიტიკული აზრი სჭარბობს. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებულ ვითარებას?
- ყოველ შემთხვერვაში, ის რაც ხდება, მოსალოდნელი იყო. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, წინააღმდეგობა კიდევ უფრო ხისტი იქნება და დაძაბულობა იმატებს.
- არჩევნებში ყოველთვის ორი ძირითადი მხარე მონაწილეობს, ხელისუფლება და მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი. პრაქტიკულად, ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია უკანონო დაყადაღებების, უკანონო დაჯარიმებების, ფინანსური შეზღუდვების, გენერალური აუდიტის პოლიტიკურად მოტივირებულ ბრძანებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ სხვადასხვა სახის აქტივობებზე, რეგიონებში ოპოზიციის აქტივისტების შევიწროებაზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კანონის ჩარჩოდანაა გასული. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ქმედებებს?
- მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ხელისუფლება კანონის ჩარჩოდან ხშირად გადის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ხელისუფლება თავისივე უკანონო მოქმედებებით ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლებასთან შედარებით გამჭრიახობას ოპოზიცია უფრო ავლენს. ამის თქმის საშუალებას იძლევა ისიც, რომ ქვეყნის ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც იციან, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში. ეტყობა, ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი ქმედებებით ხალხში სულ უფრო მეტად კარგავს ნდობას.
- როგორ შეაფასებდით, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის მოქმედებას? ერთი მხრივ ხელისუფლების ძირითად კონკურენტად მიჩნეული "ქართული ოცნების", ხოლო მეორე მხრივ დანარჩენი ოპოზიციის აქტიურობას?
- როგორც წინააღმდეგობრივს. ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს თავისი გეგმა და არჩევნებამდე თავისივე გეგმის შესაბამისად ნორმალურად მიდის, "ქართული ოცნებაა", დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მოქმედებას შევაფასებდი, როგორც ქაოტურს. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით გამონაკლისი "ქრისტიან-დემოკრატები" იყვნენ.
- "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მათი კონკურენტია არა პარტია "ნაციონალური მოძრაობა", არამედ მთელი სახელისუფლო მანქანა, ისინი და სხვა პოლიტიკური სუბიექტები "ნაცმოძრაობასთან" შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან . . .
- ეს ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ასეა და აი, რატომ - ხელისუფლება დაკომპლექტებულია წინა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრებით. ისინი, როგორც პარტიის წევრები, ვალდებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, მეორე მხრივ კი სახელმწიფო მოხელეები არიან. ამიტომ, ჩვენს ცნობიერებაშიც ხელისუფლების ქმედება აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის ქმედება. ის, რომ არჩევნების წინ უამრავი მშენებლობებია დაწყებული, ხელისუფლებას არჩევნების წინ გაახსენდა ლოზუნგი - მეტი სარგებელი ხალხს, ეს ყველაფერი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება სათავისოდ საარჩევნო ტექნოლოგიებს კარგად იყენებს.
- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ლოზუნგები. "ნაცმოძრაობის" ლოზუნგია - "მეტი სარგებელი ხალხს", "ქართული ოცნების" - "ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება", ქდმ-ს - "ერთიანი საქართველო ყველა თაობისათვის. შვილებს - განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს - დაფინანსება". მემარჯვენეების" - "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად". თქვენი აზრით, ამ ლოზუნგთაგან ამომრჩევლისთვის ყველაზე მისაღები რომელი შეიძლება აღმოჩნდეს?
- საერთოდ, მე ლოზუნგების არ მჯერა. 20-წლიანი საარჩევნო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პარტიებს ლოზუნგები არჩევნების წინ ახსენდება და საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მათი ნაკლებობა ნამდვილად არაა. არჩევნების შემდეგ კი, სევდიანი რეალობის დრო დგება. არ მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებულ პარტიას არ სურს თავისივე დანაპირების შესრულება, მაგრამ, როგორ გამოუვა, ეს სხვა საქმეა.
მე არა მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება დიდად აქცევდეს ყურადღებას პარტიულ ლოზუნგებს. ვიცი მხოლოდ ის, რომ ყველას განახლება და ახალი ხელისუფლება უნდა. როგორც წესი, ჩვენთან ლოზუნგებს და საარჩევნო პროგრამებს არავინ კითხულობს. საინტერესო ის არის, რომ საქართველოში იმაზე გაცილებით მეტი პარტიაა, ვიდრე საჭოროა. თუ საფრანგეთსა და გერმანიაში 4-4 პარტიაა, აშშ-ში კი - ორი. გაუგებარია, ჩვენთან რატომ მონაწილეობს არჩევნებში 28 პარტია. საინტერესო კიდევ ისაა, რომ ამ პარტიებს შორის მსოფმხედველური განსხვავება რეალურად არ არსებობს.
გასაგებია, რომ ყველა პარტიას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. თუ "ლეიბორისტებს" არ ჩავთვლით, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იქნება ნატო-სკენ სწრაფვა, ყველა პარტიის ლოზუნგი იქნება ლიბერალური ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა არჩევნების პრობლემა იმაშია, არჩევნების შემდეგ თუ რამდენად უფრო პატიოსანი ხელისუფლება გვეყოლება.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ წინასაარჩევნოდ მედიაში არსებული ვითარება ცალკე საუბრის თემაა. პარტიების ლოზუნგებს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლება "მასტ ქერის" ამოქმედებით თავს იწონებს, თუმცა რეგიონებში მცხოვრებლების მხოლოდ ნაწილს აქვს საშუალება, მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. რეგიონებში საკაბელო კომპანიების აბონენტთა რაოდენობა მხოლოდ 200-დან 400-ს შორის მერყეობს. ასეთ ვითარებაში, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ამომრჩეველს 1 ოქტომბერს არაინფორმირებული და გაუთვითცნობიერებელი არჩევანის გაკეთება მოუწევს?
- რასაკვირველია, არსებობს. ამ ტექნიკურ პრობლემას ხელისუფლება სათავისოდ კარგად იყენებს. თუ არ მეშლება, აშშ-ში 35 საკაბელო ტელევიზიაა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს. ჩვენთან კი 200-ია. ჩვენთან არსებობენ საკაბელო ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ 5-6 სოფელს უწევენ მომსახურებას. ამ საკაბელო ტელევიზიებს შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ, რასაც ხელისუფლება სათავისოდ საკმაოდ კარგად იყენებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებამ თეფშების დაყენების უფლება კერძო კომპანიებს არ მისცა.
- ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს მთლად კარგად საქმე. საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანლის, მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, 3,5 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 2.1 მილიონის იდენტიფიცირება მოხერხდა, გაურკვევლია იმ 700 000-ის ადგილსამყოფელი, ვინც შიდა მიგრაციაში იმყოფება, ასევე იმათი, ვინც ემიგრაციაშია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. . .
- ამ სიების სიზუსტეზე პასუხიმგებლობა თავის თავზე მამუკა კაციტაძემ უნდა აიღოს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთან, "კარდაკარის" წარმომადგენლების გარდა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ, სიაში მკვდარი სულები მაინც დარჩა. აშკარაა, რომ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა ეფექტური არ აღმოჩნდა.
- თუ ბევრ ევროპულ ქვეყანაში საარჩევნო სიებზე პასუხიმგებლობა შინაგან საქმეთა სამიმისტროს ეკისრება, ჩვენთან რატომ გახლდა აუცილებელი სიების დასაზუსტებლად სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნა?
- სხვადასხვა ქვეყანებში ამომრჩეველთა სიების წესრიგში მოყვანა სხვადასხვანაირად ხორციელედება. საფრანგეთსა და გერმანიაში სიებს მართლაც შინაგან საქმეთა სამინიტრო აწესრიგებს. აშშ-ში ამ საკითხის მოგვარება გუბერნატორების სამსახურების პრეროგატივაა. ჩვენთან, ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმდენად პოლიტიზირებული ორგანო გახდა, რომ მის მიმართ პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობაში ნდობა საკმაოდ დიდი ნაწილში დაბალი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამით იყო განპირობებული სიების საზუსტების სახელმწიფო კომისიის შექმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ სიებთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი სურათი მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენთან არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ არ გამოვრიცხავ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, "ქართული ოცნების" გარდა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სიებში არსებული უზუსტობები და ე.წ. მკვდარი სულები, მათ შორის დაუზუსტებელი სიების გამოც, 1 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობას არ გამოვრიცხავ.
- ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა 2012 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. იმის ფონზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ხდება, შეიძლება გვქონდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი?
- საერთოდ, ტექნოლოგიურად არჩევნების შედეგების 6%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელია. ასეთ აზრს გამოთქვამენ არჩევნების გაყალბების ის დიდოსტატები, რომლებიც ჩვენ მთავრობაში მრავლად გვყავს. ცხადია, წინა არჩევნებმა საზოგადოებაში რეალურად არსებული განწყობები ვერ ასახა. მაგრამ, ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, წინა არჩევნებზე ხელისუფლებას რეალური ალტერნატივა არ ჰყავდა. ამიტომაცაა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული და ძირითადი კონკურენტები მხარი მხარ ივლიან.