«კარვის ქალებიდან» «ზონდერ-ქალებამდე»

«კარვის ქალებიდან» «ზონდერ-ქალებამდე»

«ნაცმოძრაობამ» «ზონდერ-ქალების» დაჯგუფება შექმნა!» _ ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა და ისიც განმარტა, რომ «ზონდერ-ქალებს» ხელისუფლება ჯამაგირსაც აძლევს. საერთოდ, ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში «ზონდერებზე» ლაპარაკი ერთობ აქტუალურია. აქვე, შეგახსენებთ, რომ სიტყვა «ზონდერი» ფაშისტური გერმანიის «პირმშოა» _ «ზონდერ-ბრიგადები» ჰიტლერის რეჟიმის განმტკიცებაში დიდ როლს ასრულებდნენ. «ქალ-ზონდერებსა» და, საერთოდ, ქართული «ზონდერიზმის» თავისებურებაზე «ქართული სიტყვა» საქართველოს პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

_ ბატონო დიმიტრი, კოდაში, კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილთა უბანში მომხდარ ინციდენტის მონაწილე ქალბატონებს,,ზონდერ-ქალები» უწოდეთ. შეგიძლიათ, ამ ქალბატონებზე უფრო კონკრეტულად ისაუბროთ და, საერთოდ, რაე ემსახურება «ქალ-ზონდერების» დაჯგუფებების შექმნა?
_ კოდაში, სადაც კოდორსა და სამაჩაბლოდან დევნილები არიან ჩასახლებულნი, ასეთი ინცინდენტი, მართლაც, მოხდა. იქ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია და ყველას თავისი მაყურებელი, ანუ სუპერვაიზერი ჰყავს. 8 აგვისტოს ამ დასახლებას «მე-9 არხის» გადამღები ჯგუფი ეწვია, რომელსაც ნასვამი და აგრესიულად განწყობილი ქალბატონები _ თამარ ტურაშვილი, სონია მენაბდე, მაკა ხადური, მარიკა ტუაევა შეგებნენ და ჟურნალისტ თამარ გოგესაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე, _ ფიზიკური. დასახლების კორპუსებს მამასახლისებიც ჰყავთ, რომელთა უფროსიც მე-10 კორპუსის მამასახლისი ზურაბ რომელაშვილია. ამ ქალებსაც სწორედ ის ხელმძღვანელობს. ისინი «მე-9 არხს» ბიძინა ივანიშვილთან აიგივებენ და მათი ტექსტი იგივეა, რაც ბევრჯერ მოგვისმენია _ ყველაფერი რუსეთთან ომით დავკარგეთ და არ გვინდა რუსეთუმე ივანიშვილის ტელევიზიაო. აბა, გაბედოს რომელიმე დევნილმა და გადამღებ ჯგუფს გაესაუბროს, დაკარგავს 28-ლარიან შემწეობას, სახელმწიფო შეღავათებს, სოციალურ დახმარებას. სვეტლანა ჩხვიმლიანი გამოესარჩლა ჟურნალისტს, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. «ზონდერ-ქალები» მას დაპირდნენ, შენი დროც მოვაო. იმავე საღამოს სვეტლანას ოჯახში მამასახლისების და «ახალი ამორძალების» კოორდინატორი ვინმე ტარიელაშვილთან ერთად მივიდა. ტარიელაშვილსა და მამასახლისების კოორდინატორსაც მაისურები ეცვათ, რომლებზეც 5-იანი იყო გამოსახული. ისინი დაემუქრნენ სვეტლანას, თუ დასახლებას ოპოზიციონერი ჟუნალისტებისგან არ დაიცავს, სერიოზული პრობლემები შეექმნება. მე, როგორც ადამიანთა უფლებების დამცველმა, საქმის კურსში ჩავაყენე შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. აქ ორი დანაშაული იკვეთება: ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა, მუქარა და ბოროტი ხულიგნობა. არსებობენ მოწმეები, ამასთან, ვიდეომტკიცებულება _ 40-წამიანი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც სვეტლანას ქალიშვილმა «გააკეთა». სამართალდამცავებმა მომხდარს მსვლელობა და შეფასება უნდა მისცენ, თუმცა ამას არ ჩქარობენ. ქალბატონი სვეტლანა ჩხვიმლიანს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. სხვათა შორის, ქალბატონი სვეტლანა, თავის მხრივ, ცდილობს, რომ მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანებს შიშის სინდრომის დაძლევაში დაეხმაროს.

საქართველოში «ზონდერ-ქალების» მოქმედების უკვე 4 შემთხვევა დაფიქსირდა: ყვარელში ,,ქართული ოცნების» წარმომადგენელებს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, დაუპირისპირდნენ ქალები. განსაკუთრებით აქტიურმა მიმართა ყვარლის რაიონის მოსახლეობას: «მე ვარ მიშას ქალი, ვინც ხმას არ მისცემს ,,ნაცმოძრაობას», შევადგენ სპეციალურ სიას და შემდეგ, მათ ხელისუფლება გაუსწორდება ისე, როგორც საჭიროა!» ფაშისტური გერმანიის დროსაც «ზონდერ-ბრიგადები» სწორედ შიშის სინდრომის დასათესად შეიქმნა. ანალოგიური მეთოდები, ოღონდ მცირე მასშტაბით, ხელისუფლებამ კარალეთში, იმერეთში, კოდასა და ყვარელშიც გამოიყენა. «ზონდერ-ქალებისგან» კიდევ მრავალ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ხელისუფლება ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს, რომ ხელოვნურად მოახდინოს იმის იმიტაცია, თითქოს მხარდამჭერები ჰყავს. ამასთან, ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპოზიციას რუსეთის იარლიყი მიწებოს.

_ «რუსეთის იარლიყის» მიწებება, როგორც იტყვიან, არახალია, მაგრამ «ზონდერ-ქალების» დაჯგუფების შექმნა დღის წესრიგში რატომ დადგა?
_ ქალბატონებთან, მძიმე სოციალური ფონის გამო, უფრო ადვილად ახერხებენ გარიგებას და მათზე ზემოქმედებას. სვეტლანა ჩხვიმლიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ქალები გაფორმებულნი არიან არარსებულ სამსახურებში მზარეულებად, მრეცხავებად და მათი ხელფასი 100-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ზურაბ რომელაშვილს, მთავარ «მაყურებელს», ჯამაგირი 1500 ლარი აქვს, იმ ქალებს კი, ვისაც კაპასობა და უზრდელობა ევალებათ, _ 100-100 ლარი. დევნილთა დასახლებაში სიდუხჭირე და განუკითხაობაა,  დათრგუნული და ტრამვირებული ადამიანები გაუსაძლის ყოფაში არიან. დევნილთა ჩასახლებებში, მათზე კონტროლის დაწესების მიზნით, იერარქიები შეიქმნა. ეს არის გეტო, უფრო მეტიც, თავისუფლების აღკვეთის ადგილი, მაგალითად, გულაგის ტიპის ბანაკი, სადაც სიტუაციას მართავენ ქურდული მენტალიტეტის პიროვნებები, რომელთაც აქვთ თავიანთი რეგალიები და  ხელისუფლებისგან არიან მართულნი. 28-ლარიან დახმარებაზე მყოფი ადამიანები გარე სამყაროს მოწყვეტილნი არიან, ღრმა დეპრესიაში მყოფთ თავზე მამასახლისები ასხედან, რომელთა მოვალეობაც ისაა, რომ გარანტირებული ხმები მიუტანონ ხელისუფლებას და გააკონტროლონ, რომ უკმაყოფილოთა რიცხვი არ გაიზარდოს.

_ ბატონო დიმიტრი, იმ ქვეყანაში, სადაც დედის კულტია და ქართლის დედის ქანდაკება დგას, რატომ ჩნდება ე.წ. კარვისა «ზონდერ» ქალებზე მოთხოვნილება?
_ ჩვენს ისტორიას შავ ლაქად დარჩა ,,კარვის ქალების» ამბავი. ფანატიზმი საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება. «ზონდერ-ქალები» უიმედო დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები არიან. საქართველოში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ქალები სამშვიდობო პროცესებში ჩაბმულან. როგორ არ გავიხსენოთ საზოგადოება ,,თეთრი მანდილის» შესანიშნავი ქალბატონები, რომლებიც ძალიან რთულ და განსაცდელით სავსე დროს გალში გაემგზავრენ, რათა მოწინააღმდეგეებს შორის თეთრი მანდილი ჩაეგდოთ. დღესაც არსებობს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,თამარიონი», რომელსაც ლანა დავითულიანი ხელმძღვანელობს, ამ ორგანიზაციას ჩვენს ფრაქციასთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ,,კარვის ქალების» ფანატიკური სიყვარული უანგარო იყო, «ზონდერ-ქალებს» კი, ვერცხლისმოყვარეობა სძლევთ და ეს ხდება მართლმადიდებლურ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სადაც დედის სახე შარავანდედითაა მოცული. «ახალი ამორძალები», რომლებიც შინაგანი რწმენით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, სინდისს მიწას მიაყრიან და, გროშების სანაცვლოდ, ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. საწყენია, რომ ქალი მშვიდობისმოყვარე უნდა იყოს და აგრესიას ეწინააღმდეგებოდეს. ამ შემთხვევებში კი, თავად არის აგრესიის წყარო და ინიციატორი. ეს გასაკვირიც არაა, თუ გავიხსენებთ იმ ცინიზმისა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მაგალითებს ეროვნულ-მართლმადიდებლური ფასეულობების მიმართ ხელისუფლების მხრიდან, რაც  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ «ნაციონალებმა» გამოავლინეს. «ზონდერ-ქალების» წახალისება კი, სწორედ ამ დამოკიდებულების გაგრძელებაა.