სომხური თემა კვლავ აქტუალურია _ ამჯერად აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯავახეთში შესაძლოა, სირიიდან დევნილი სომხები ჩამოასახლონ. პოლიტექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სირიელი სომხების საქართველოში და, კერძოდ, ჯავახეთში ჩამოსახლება საზოგადოებაში მორიგ პროტესტს გამოიწვევს და ისედაც დაძაბულ საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაამწვავებს. ვისი პროექტია და ვის ინტერესში შედის სირიელი სომხების საქართველოში ჩამოყვანა? რა პოლიტიკური სარჩული აქვს ამ პროექტს და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ თავი აარიდოს ლტოლვილი სირიელი სომხების მიღებას? ამ შეკითხვებით «ქართულმა სიტყვამ» კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძესა და «სახალხო ფრონტის» ლიდერ ნოდარ ნათაძეს მიმართა.
მამუკა არეშიძის არგუმენტები
მამუკა არეშიძე: _ სირიელი სომხების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ შეძლებული ხალხია და არ მგონია, მათთვის ჯავახეთში დასახლება სასურველი იყოს, რადგან ინვესტიციების განხორციელებისა და მოგების შესაძლებლობას მოკლებულნი იქნებიან. გარდა ამისა, ჯავახეთის კლიმატი მკვეთრად განსხვავდება სირიულისაგან, რაც მათთვის ნაკლებად მიმზიდველია. ამდენად, სირიელი სომხების ჯავახეთში ჩამოსახლება არარეალურად მეჩვენება. საქართველოში მათი ჩამოსახლების სხვა გეგმა არსებობს, რომელიც, თავის დროზე, არაბულ პრესაში გაჟღერდა. როგორც გავლენიანი არაბული გამოცემა წერდა, სავარადოა, რომ სირიელი სომხები ლაზიკაში ჩასახლდნენ, რადგან ამ ქალაქის მშენებლობაში დიდი წვლილი ექნებათ და ამ საკითხზე საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე მოხდაო. ვერ დავიწყებ მტკიცებას, ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ არა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს გაზეთი გავლენიანია და დიდი ავტორიტეტი აქვს არაბულ სამყაროში.
საერთოდ, სირიაში მყოფი სომხების პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოსახლების პროცესი დაწყებულია _ მცირერიცხოვანი ჯგუფი უკვე ჩამოვიდა აფხაზეთში, გარკვეული ჯფგუფი ყაბარდოს დედაქალაქ ნალჩიკში ცხოვრობს და, ასევე, _ ადიღეის რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში. სირიელი სომხების ჩამოსახლება პროცესია, რომელსაც, როგორც ჩანს, რუსული მხარე უწყობს ხელს. არ გიჩნდებათ შეკითხვა, თუ რატომ აკეთებს ამას რუსული მხარე?
_ სირია პრორუსული სახელმწიფოა, სირიელი სომხებიც პრორუსული ორიენტაციისანი არიან?
_ რა თქმა უნდა, სირიელი სომხები პრორუსული ორიენტაციის არიან ისევე, როგორც _ სირიელი აფხაზები და სირიელი ჩერქეზები. სირიელი აფხაზები განსაკუთრებული დასაყრდენია რუსეთისათვის. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, უმეტესად სირიელი აფხაზები მსახურობენ და ამავე კონტესქტში განიხილებიან იქაური ჩერქეზებიც. რაც შეეხებათ სომხებს, აზიის სივრცეში ისინი ყოველთვის რუსული ორიენტაციისანი იყვნენ. მაგალითად, სოხუმს არ უნდოდა სირიელი აფახაზების ჩამოსახლება, მაგრამ რუსეთმა ამის საშუალება არ მისცა. თუ მუხაჯირების შთამომავლების ჩამოსახლებაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, ოფიციალური სოხუმი თურქეთში მცხოვრები აფხაზების ჩამოსახლებით იყო დაინტერესებული, რადგან მათ რუსული ორიენტაცია არ აქვთ. რუსებმა ჩიხში შეიყვანა ოფიციალური სოხუმი და უთხრა, თუ მუხაჯირების შთამომავლების ჩამოსახლება გინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სირიიდან იქნებიან ისინი თუ თურქეთიდანო. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისყფლებამ უარის თქმა ვერ გაბედა და იძულებული გახდა, ისინი მიეღო.
_ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტუალური ხდება რუსული ფაქტორი როგორც პოლიტიკური, ასევე, _ კრიმინალური კუთხით: ახლახან მოკლეს შავ სამყაროსთან დაკავშირებული ბონდო შალიკიანი. ბურუსით მოსილია გენერალ დუმბაძის მკვლელობაც. რუსულ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გენერლის მკვლელობის კვალი საქართველომდე მოდის. ახლა კი ამბობენ, მომდევნო სამიზნე შესაძლოა, კახა თარგამაძეა, ან რომელიმე რევოლუციამდელი ჩინოვნიკი იყოსო...
_ მე, მაგალითად, რომან დუმბაძის მკვლელობას სუფთა ბიზნეს-გარჩევებს მივაკუთვნებ, თუმცა მკვლელობების ასეთი თანმიმდევრობა მაფიქრებინებს, რომ მათში პოლიტიკური ელემენიტიცაა. ვიცი, რომ მოსკოვში, შავი სამყაროს ავტორიტეტებს შორის გარკვეული გარჩევები იყო, როგორც ჩანს, ერთი პირი არ აღმოაჩნდათ და ვინც წინაღმდეგი წავიდა, მათი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.
რაც შეეხება თარგამაძეს, ხელაღებით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ლოგიკა მკარნახობს, რომ თარგამაძე სხვა სტილის ფიგურაა. თარგამაძე რუსულ ძალოვან სტრუქტურებშია ინტეგრირებული და არ მგონია, რომ «შავი ავტორიტეტების» კონტექსტში გადიოდეს.
_ ბატონო მამუკა, წეღან თქვით, შავი სამყაროს გარჩევებზე ერთი პირი არ ჰქონდათო. ამ გარჩევას საქართველოსთან კავშირი ჰქონდა?
_ როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წარმომადგენელი კონტაქტორი პირი ჩასული იყო რუსეთში იმ მიზნით, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით შავი სამყაროს ავტორიტეტების სწორი ორიენტირება და მათი გავლენების გამოყენება ჰქვია. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს ციხებიიდან შავი წარსულის მქონე უამრავი ადამიანი გამოვიდა. ბევრი ავტორიტეტი, რომელმაც საქართველოს უშიშროებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ციხეში დარჩა. იგივე ვითარება იყო მოსკოვში _ იყო ავტორიტეტების შეხვედრა და ნაწილმა უარი თქვა საარჩევნო პროცესში ჩართვაზე, ნაწილი კი, დასთანხმდა. ვინც უარი თქვა, შედეგად ის მივიღეთ, რაც მოხდა. მეტის დამატება არ შემიძლია...
ნოდარ ნათაძის ლოგიკა
_ ბატონო ნოდარ, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო კონვენციის ლტლვილთა შეფარების დოკუმენტზე. საუბარია სირიელ სომხებზე, რომელთა დიდი ნაკადიც არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ჯავახეთში ჩასახლდეს...
_ მსოფლიოში, დაახლოებით, 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოში კი, დაახლოებით, _ 4 მილიონი, ე.ი., რაც სირიაში ლტოლვილი გაჩნდება, იმის ოთხი მეათეათასედი იქნება აღჭურვილი კანონიერი უფლებით, რომ საქართველოში შემოვიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ 10 ათასი ლტოლვილი იქნება სირიაში, საქართველოს ევალება, მიიღოს 4 ადამიანი. თუ 100 ათასი იქნება, მაშინ კი, 40 სულის შეფარება გვევალება. 100 ათასზე მეტი ლტოლვილი, ცხადია, არ იქნება. გარდა ამისა, ლტოლვილები კი არ უნდა ჩაასახლონ ჯავახეთში, არამედ, თავშესაფარი უნდა მისცენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება იმდენად ანტიქართველია, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უამრავი ლტოლვილი შემოყაროს.
ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფაქტზე: ერთ-ერთ ქართულ პუბლიკაციაში ნათქვამია _ «ჯავახეთის ავტოქტენური სომხური მოსახლეობა...» რა ავტოქტენური, რისი ავტოქტენური?! სომხები 1820-1831 წლებში ჩაასახლა ჯავახეთში რუსეთმა ქართველების საწინააღმდეგოდ. მუსლიმანი ქართველები, რომლებიც გასული იქვნენ თურქეთში, აღარ შემოუშვეს საქართველოში და მათ მაგივრად სომხები მოიყვანეს. ეს სომხები ძალადობრივი გზით არიან საქართველოში შემოყვანილნი და მათ ჩაუნერგეს, თითქოს ავტოქტენურები, ანუ ადგილობრივი წარმოშობის არიან. სომხების ჩამოსახლების შემდეგი ეტაპი კი, ქართველი მენშევიკების დამსახურებაა. თურქებისაგან დევნილი ათასობით სომეხი შემოყარეს ჯავახეთში. არაპროპორციულად შემოიყვანეს და თავის თავზე აიღეს ტვირთი, რომელიც სხვა ქვეყნებს არ აუღიათ. რატომ? რისთვის? რას გვერჩოდნენ შთამომავლობას?
პუბლიკაციაში, რომელიც ზემოთ ვახსენე, აგრეთვე წერია: «სირიელი სომხები ჩვენს მშობლიურ კუთხეში უნდა მივიღოთ». მშობლიური კუთხე სომხებს საქართველოში არ აქვთ და ეს მათ უნდა იცოდნენ. საქართველოს ტერიტორია მშობლიური მხოლოდ ქართველებისათვისაა. სომხები საქართველოში ცხოვრობენ როგორც დიასპორები და, კი ბატონო, იცხოვრონ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ.
_ თვლით, რომ სირიელი სომხების შემოსვლა საქართველოში ადვილი შესაძლებელია?
_ რუსეთი დაინტერესებულია, რომ არჩევნების წინ გაამწვავოს ქართულ-სომხური ურთიერთობა. ერთხელ სცადა და სომხურ ეკლესიას აგრესია დააწყებინა ქართველების წინააღმდეგ. ჩვენმა პატრიარქმა მშვიდად და წყნარად ჩაახშო ეს აგრესია, მაგრამ რუსები მაინც შეეცდებიან ახალი პროვოკაციების აგდებას. მათ ზეგავლენა აქვთ სირიის სომხურ დიასპორაზე და ამას გამოიყენებენ, მაგრამ ყველაფერი ეს დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზეა: პირველი _ თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში. არ მგონია, ეროვნული ნიშნით წმენდამდე მივიდეს საქმე, რადგან სირია მსოფლიოს ყურადღების ფოკუსშია. ასე რომ, თუ სირიიდან საქართველოში წამოვლენ სომხები, წამოვლენ რუსეთის პირდაპირი დავალებით, სხვა მოტივით იქიდან არავინ არ წამოვა.
მეორე ფაქტორი _ მსოფლიო და, კერძოდ, დასავლეთი, როგორ პოზიციას დაიჭერს საქართველოს მიმართ, შესაძლოა, დასავლური და რუსული ინტერესი ერთმანეთს დაემთხვეს და სირიელი სომხების შემოსვლა საქართველოში გარდუვალი აღმოჩნდეს.
მესამე და მთავარი ფაქტორი _ როგორ პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება რომ უსაზღვროდ ორგული და ნებისმიერ ღალატზეა წამსვლელი, ცხადია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ არაპროპორციულად შემოიყვანს ლტოლვილებს, მაშინ ეს იმიგრაცია ჩაითვლება უკანონოდ და ლტოლვილებს საქართველოს დატოვება მოუწევთ.