"ეშმაკის ბორბალი" ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაზე

რამდენიმე დღის წინ აკადემიკოსმა თემურ ნანეიშვილმა სოციალურ ქსელში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფოტოები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ შენობის ბოლო, 35-ე სართულზე ეშმაკის ბორბალის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპლუატაცია ჯერ არ დაწყებულა და როდის დასრულდება მისი მშენებლობა, უცნობია. ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ ამ შენობაზე ამერიკის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უარი თქვა და სასწავლო პროცესისთვის უვარგისი უწოდა.

თემურ ნანეიშვილი:
- მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების იდეა მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილი დათანხმდა. ეგონა, რომ სიტყვა "მაღალში" ივანიშვილმა მაღალი შენობა იგულისხმა. ბიძინა ივანიშვილი კი სასწავლო პროგრამებს და პროფესურას გულისხმობდა. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ივანიშვილის ჯიბრზე ააშენა ეს მაღალი სასწავლებელი და იმ სისულელეს, რაც იქ ვნახე, ვერ შევაფასებ. როდესაც მოვკარი ყური, რომ 35-სართულიანი შენობის ბოლო სართულზე "ეშმაკის ბორბალი" უნდა განთავსებულიყო, არ დავიჯერე, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე, რომ კარუსელის გაკეთება დაწყებულია. ეს არის სააკაშვილის ახირება და ბავშვობის ოცნების ასრულება. უკვე გაკეთებულია მესამედი ეშმაკის ბორბლისა, სადაც გოგო და ბიჭი უნდა შევიდნენ წიგნით ხელში და რაღაც გააკეთონ.