რუსთავის ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის იმ რუსთაველების მიმართ, რომლებიც 19 აგვისტოს „ოცნების“ აქციაზე გავლენ.
„ჩვენ კოალიციას ალტერნატივად ვთავაზობთ მეგობრობის №1 და №2 შენობებთან მდებარე მეგობრობის მოედანს. თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ამ რეკომენდაციას მაშინ 19 აგვისტოს შარტავას მოედანზე აქციის ჩატარებისას პასუხისმგებლობა კოალიციას ეკისრება“, - უხსნიდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს რუსთავის მერიის პრესსამსახურის უფროსი, ნინო კორძაია.
რუსთავის თვითმმართველობას არ სურს კოალიციის აქცია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, შარტავას მოედანზე გაიმართოს. მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია ამბობს, რომ შარტავას მოედანზე აქციის გამართვის საწინააღმდეგოდ საფუძვლიანი არგუმენტები არსებობს. მისი თქმით, შარტავას მოედანზე გადის რუსთავ-გარდაბნის დამკავშირებელი გზა. ასევე, აქციის ჩატარების შემთხვევაში მოხდება „საცხოვრებელი კორპუსების ბლოკირება“.
ცნობისთვის, რომელიც ალბათ, კორძაიამ ისედაც იცის - რუსთავს და გარდაბანს სულ ცოტა სამი ალტერნატიული გზა აკავშირებთ. დედაქალაქიდან გარდაბანში მოხვედრა უპრობლემოდ შეიძლება შარტავას მოედნის გვერდის ავლით სასტუმრო „რუსთავის“ ხელმარცხნივ მდებარე ლომოურის ქუჩით.
ასევე, გარდაბნის რაიონში ჩასვლა შარტავას მოედნის შემოვლის გარეშე - რუსთავი-თბილისის გზიდან გაჩიანის მონაკვეთზე გადასვლითაა შესაძლებელი. ასე რომ, ამ მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს შეუძლია საერთოდ არ შემოვიდეს რუსთავის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება შენობების ბლოკირებას, რაზეც რუსთავის თვითმმართველობა აპელირებს - ქალაქის ყველა კორპუსს აქვს ორი შესასვლელი. მოსახლეობას ამ მხრივაც აქვს ალტერნატივა.
ცოტა წარმოუდგენელია ისე როგორ უნდა შეივსოს აღნიშნული მოედანი, რომ მოქალაქემ საკუთარ სადარბაზოში ვერ შეაღწიოს. რაც შეეხება მანქანების პარკირებას და ავტომობილით კორპუსებამდე მისასვლელ გზებს - ეს ადგილობრივი საპატრულო პოლიციის საზრუნავია.
კანონი „მანიფესტაციების შესახებ“ ერთადერთს, რასაც აქციის ორგანიზატორება ავალებს, მანიფესტაციის შესახებ შეტყობინების გაკეთებაა. სწორედ, ეს შეტყობინება არის იმისი გარანტი, რომ აქციის გამართვის ადგილას შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და აქციის მშვიდობიან ჩატარებაზე იზრუნებენ. კოალიციამ შეტყობინების მოვალეობა უკვე შეასრულა.
„ოცნებამ“ სამჯერ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას აქციისთვის ადგილის შერჩევის სურვულით და სამი არა მიიღო მათგან. თავდაპირველად თვითმმართველობა კოალიციას არც მეგობრობის მოედანს უთმობდა, რაზეც მათი მხრიდან კეთდება განცხადებები.
„ჩვენ წერილით მივმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. ასევე, ჩვენი აქციის შესახებ ვატყობინეთ ადგილობრივ საპატრულო პოლიციას და სახანძრო სამსახურს. ვითხოვთ ყველა სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა.
რაც შეეხება თვითმმართველობის ახალ განცხადებებს, ჩვენ არ ვიღებთ მათ წინადადებას, რადგან ეს შემოთავაზება დაგვიანებულია. მათ თავდაპირველად მეგობრობის მოედანზეც უარი გვითხრეს. აღნიშნული ტერიტორია კი სწორედ მაშინ შემოგვთავაზეს, როდესაც კოალიციამ უკვე, დაანონსა აქციის 19 აგვისტოს შარტავას მოედანზე ჩატარება და შესაბამისი ვიდეო, თუ ბეჭდვითი მასალა გაავრცელა“, - ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, ვახტანგ ყაველაშვილი.
რუსთავის ხელისუფლება კი პოზიციას არ ცვლის და იმეორებს, რომ 19 აგვისტოს შარტავას მოედანზე დაგეგმილი მანიფესტაციის შესახებ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
იზრუნებენ თუ არა თანაქალაქელების უსაფრთხოებაზე ადგილობრივი საპატრულო პოლიცია აქციის მიმდინარეობისას - გაირკვევა. ასევე, გამოჩნდება სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურების პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.