სააკაშვილის მომხრეთა პრიმიტივიზმი სწორედ იმაშია, რომ არასოდეს აყენებენ ეჭვის ქვეშ პრეზიდენტის ამა თუ იმ განცხადებას

სააკაშვილის მომხრეთა პრიმიტივიზმი სწორედ იმაშია, რომ არასოდეს აყენებენ ეჭვის ქვეშ პრეზიდენტის ამა თუ იმ განცხადებას

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსსა და კულტურის ანთროპოლოგს, ზაზა შათირიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, წინასაარჩევნო პერიოდია და აზრთა პოლარიზაცია გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენივე კლასიფიკაციით პრეზიდენტ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები "პრიმიტივისტები", ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები "პოზიტივისტები" არიან. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ხელისუფლების მხარდამჭერთა "პრიმიტივიზმი" და ოპოზიციის მხარდამჭერთა "პოზიტივიზმი?"
- ამგვარი მოსაზრებები გადაცემა "კონსილიუმში", ჩემს კოლეგებთან საუბარში გამოვთქვი. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური გროტესკი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო გარკვეული მისტიფიკაცია, ანუ გროტესკული მისტიფიკაცია. სხვათა შორის, აბასთუმნის სოფლებიდან დაწყებული თბილისის მაყურებლის ჩათვლით, ჩვენი პოლიტიკური გროტესკი მისტიფიკაციით აბსოლუტურად ყველამ ადეკვატურად აღიქვა.

რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა ამგვარი კლასიფიკაცია ირონიული სქემაა. მეორე მხრივ, როგორც ყველა ხუმრობაში, ამ პოლიტიკურ იუმორში სიმართლეც საკმაოდ ბევრია. მხარდამჭერთა ამგვარი კლასიფიკაცია პრეზიდენტის გამონათქვამებისადმი ამომრჩეველთა დამოკიდებულების თვალსაზრისით გაკეთდა. როგორც წესი, პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის ყველა ნათქვამს ჭეშმარიტებად აღიქვამენ. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორც ერთ ძველ ანეკდოტში - ერთი მეორეს ეკითხება - ნიანგი დაფრინავს? - არა. - აბა, რაიკომის მდივანმა რომ თქვა დაფრინავსო? - მთლად არწივივით არ დაფრინავს, მაგრამ მაინც დაფრინავს. სააკაშვილის მომხრეთა პრიმიტივიზმი სწორედ იმაშია, რომ არასოდეს ეჭვის ქვეშ არ აყენებენ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამა თუ იმ განცხადებას.

პრეზიდენტის გამონათქვამები შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც რაღაცის სიმპტომი, რიტორიკული ანდა მხატვრული გამონათქვამი. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში ხშირად იყენებს ვიდეოიგავს, რომელსაც მისი მხარდამჭერი პრიმიტივისტები იჯერებენ.
რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერ პოზიტივისტებს, ჩემი აზრით, ადამიანთა ეს კატეგორია ცდილობს მაინც არა მარტო პოზიტიურად მიუდგეს ხელისუფლების, ანდა ოპოზიციის გამონათქვამებს, არამედ კრიტიკულად გაანალიზოს ყველაფერი ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვა სულაც არ ხდება ამა თუ იმ მსოფმხედველობისა და იდეოლოგიისადმი ერთგულების გამო.

პრეზიდენტის მომხრე არის ის, ვისაც სააკაშვილის შესრულებით ოდის სტილში გაკეთებული განცხადებები უფრო მოსწონს. ოპოზიციის მომხრეა ის, ვისაც ელეგიის სტილში გაკეთებული განცხადებები ხიბლავს. გამოდის, რომ ჩვენს შემთხვევაში დაპირისპირებაა პოლიტიკური ოდისა და პოლიტიკური ელეგიის თაყვანისმცემლებს შორის.

- "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სხვა პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს აშკარად სჭარბობენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებსაც თავისი მხარდამჭერები ჰყავდეთ. თუ "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მომხრეებს ოდა და ელეგია ხიბლავთ, ლიტერატურული ჟანრის თვალსაზრისით, როგორია სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა პოლიტიკურ-ლიტერატურული გემოვნება?
- მაგალითად "პადოშასა" და მის მიმდევრებს მე დავარქმევდი ჰიპერპრიმიტივისტებს. ჰიპერპრიმიტივისტებად მივიჩნევდი ასევე ედპ-ს და მათ მხარდამჭერებს, თუ ასეთები ბუნებაში არსებობენ. ხოლო რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატებს", ესენი უფრო კვაზიპოზიტივისტებს მიეკუთვნებიან. ანუ იმ ტიპის პოზიტივისტებს, რომლებიც ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ისინი არ არიან ხელისუფლებისგან მართულნი როგორც ამას მათზე ხშირად ამბობენ, არამედ ავტონომიურები არიან. რაც შეეხება "ახალ მემარჯვენეებს", ისინიც უფრო კვაზიპრიმიტივისტებს უნდა განეკუთნებოდნენ.

- ცნობილი დირიჟორის გოგი ჭიჭინაძის აზრით, "ხალხში ტოტალური კონფორმიზმი მძვინვარებს". თქვენც მიიჩნევთ, რომ ჩვენი საზოგადოება მკვეთრად გამოხატული კონფორმიზმით ხასიათდება?
- რამდენადაც მახსოვს, გოგი ჭიჭინაძე არა იმდენად ხალხზე, არამედ სახელოვნებო წრეებზე საუბრობდა. საზოგადოებაში კონფორმიზმის ხარისხი სხვადასხვაა. როგორც წესი, ყველაზე მეტად კონფორმისტები არიან ხელოვნების სფეროსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ისინი ხშირად გვევლინებიან ხელისუფლების "ფეისებად", ამიტომაც არის, რომ მათი კონფორმიზმის ხარისხი მათივე ცნობადობის პირდაპირპროპორციულია. შემოქმედებითი სფეროსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების კონფორმიზმი იმას უკავშირდება, რომ როგორც წესი, ყველა ეპოქასა და დროში ისინი პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდნენ.

მაგრამ, სხვა მაგალითებიც გვაქვს. ამ სფეროს ადამიანების პროტესტიც სხვაგვარად ისმის და ჟღერს. ბოლო 200 წლის ისტორიიდან ბევრი ამგვარი ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ. ანდრე შენიედან დაწყებული, რომელიც საფრანგეთში რევოლუციის დროს ეშაფოტზე ავიდა, ჯუზეპე ვერდით გაგრძელებული, როდესაც იტალიელი პატრიოტი ავსტრიის იმპერიას დაუპირისპირდა და ალექსანდრე სოლჟენიცინით დამთავრებული, რომელიც საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდა.

- ხომ არ უკავშირდება საზოგადოებაში კონფორმიზმის მომძლავრება იმას, რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენია ის, ფერმერი, მასწავლებელი, ექიმი, ჟურნალისტი, შემოქმედი, პენსიონერი, ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები?
- კონფორმიზმი სხვადასხვა სახის არსებობს. კონფორმიზმი შეიძლება არსებობდეს როგორც ხელისუფლებისადმი, ისე პოპულარული, გაბატონებული მოსაზრებებისადმი. კონფორმიზმი შეიძლება არსებობდეს ოპოზიციური აზრის მიმართაც. მილან კუნდერამ თავის არაჩვეულებრივ რომანში "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" მთელი თავი მიუძღვნა დისიდენტურ კონფორმიზმს. ამ ნაწარმოების პერსონაჟ ტომაშს ერთი მხრივ არ მოსწონს ხელისუფლება, საბჭოთა კავშირი, მაგრამ მეორე მხრივ, ხედავს ამ დისიდენტების ტოტალიტარიზმსაც. მისი აზრით, დისიდენტურ ტოტალიტარიზმსაც საკმაოდ დიდი დოზით ახასიათებს შეუწყნარებლობა. ადამიანი ნონკონფორმისტული უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლების კონიუქტურისადმი, არამედ პოპულარული და გაბატონებული მოსაზრებების მიმართაც. სხვათა შორის, კონფორმიზმი ახალი აღთქმიდან მოდის. კერძოდ, პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ასეთ ფრაზას ამბობს, რომელიც ლათინურად ასე ჟღერს - ნოლიტე კონფორმარი, რაც ქართულად ნიშნავს შემდეგს - ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს. ადამიანს ეშინია არა მარტო ხელისუფლების, არამედ ამა თუ იმ გაბატონებული აზრის და ანგარიშს უწევს იმას, თუ რას იტყვიან მასზე ამა თუ იმ ელიტურ წრეებში. როდესაც ადამიანს ეშინია სხვისი აზრის და ახდენს თავისი იმიჯის კორექციას, ეს არის სწორედ კონფორმიზმი.

- იმავე გოგი ჭიჭინაძის აზრით, "ქვეყანაში ტერორია" და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაარკვევს, "იქცა თუ არა ხალხი საზოგადოებად" და გაცნობიერებული აქვს თუ არა საზოგადოებას, რომ "ხალხს დემოკრატიას არავინ აჩუქებს". თქვენი დაკვირვებითა და შეფასებით, რამდენად შეიძლება არსებობდეს იმის მოლოდინი, რომ ქართველოს ხალხი საზოგადოებად იქცევა და გაცნობიერებული აქვს, რომ ხალხს დემოკრატიას არავინ აჩუქებს?
- ჩემი აზრით, ზოგადად ხალხის საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია. 2007 წელს გაჩნდნენ ჯგუფები და ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს პასუხიმგებლობაზე საუბარი. ამ ჯგუფებმა არა ხალხის სახელით, არამედ თავისი სახელით დაიწყეს საუბარი თავისივე ინტერესებზე, ღირებულებებზე. ოქტომბერი შეიძლება აღმოჩნდეს ის მილესტონე, ანუ ერთ-ერთი ნიშანსვეტი გარკვეულად ამორფულის სტრუქტურულად კრისტალიზების. გასული საუკუნის 80-იან წლებში საოგადოებას გარკვეული სტრუქტურა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ იგი გაიდღაბნა და ახლა ახალ ფორმასა და კონფიგურაციას იღებს. სხვათა შორის, მე არ ვსაუბრობ იმაზე, ის კარგია თუ ცუდი, პროგრესზე ან რეგრესზე. არსებული ვითარება შეიძლება კალეიდოსკოპსაც შევადაროთ, სადაც გარკვეულად ყველაფერი დალაგდება და მერე აიშლება. 90 წელს იყო ერთი სურათი, შემდეგ იყო აყრის პროცესი და ახლა თითქოს რაღაც ლაგდება.

- ეს გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფელ ბეშუმში განაცხადა - "ეგღა მაკლია, აშენებული ქვეყანა ამათ ჩავაბაროო", ხოლო დიდგორობაზე გამოსვლისას სწორედ არჩევნების კონტექსტში არაორაზროვნად შენიშნა - "გამარჯვება ნებისმიერ ფასად". წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკოსთაგან ამგვარი გამონათქვამები გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრეზიდენტის ამ განცხადებებს ოპოზიციიდან საპასუხო, ამავე ტონალობისა და დატვირთვის განცხადებები არ მოჰყოლია?
- პრეზიდენტის პირველი განცხადება აზიელი ფადიშაჰის სტილში გაკეთებული განცხადებაა. მეორე განცხადება - გამარჯვება ნებისმიერ ფასად, სულ სხვა რამეს ნიშნავს. პრეზიდენტი პრინციპში რელიგიური ტერმინებით ლაპარაკობს. სააკაშვილისთვის არჩევნები, ანუ 1 ოქტომბერი არის არა მარტო დიდგორი, არამედ არმაგედონიც. პრეზიდენტის აზრით, ჩარეცხილ და ჩასარეცხ ადამიანთა ამბავი მათ ასაკს უკავშირდება. ლიბერალურ ენაზე პრეზიდენტის აზროვნება ეიჯისტურია. ანუ ასაკი უკვე დანაშაულია. გახსოვთ მისი ცნობილი გამონათქვამი - 40 წლის ხეც აღარ ვარგა. როდესაც ის ასაკზე ლაპარაკობს, მისთვის 35-40 წლის ასაკის ხალხი უნდა გადარჩეს, ხოლო 40 წელს ზევით ხალხი ვერ გადარჩება. იგი იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არსებობს სტატიკური თეთრი და შავი. სამყაროს მხოლოდ თეთრ და შავ ფერებში აღქმა არაქრისტიანულია.

პრეზიდენტის გამონათქვამებს ოპოზიცია ვერაფერს ვერ უპასუხებს, რადგანაც იგივე ბიძინა ივანიშვილი რაციონალურ ენაზე ლაპარაკობს. თუ სააკაშვილის ამგვარ განცხადებების პასუხს დაიწყებ, აუცილებლად ჩავარდები მისი სასაუბრო ფსევდორელიგიური მეტყველების ტყვეობაში. იგივე ივანიშვილი არ საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტი ბუნებით ბოროტი ან მუმიაა. იგი სავსებით ლოგიკურად და საკმაოდ მშვიდად აცხადებს, რომ პრეზიდენტს ქვეყნის განვითარების მცდარი გზა აქვს არჩეული.

- 19 აგვისტოს რუსთავში "ქართული ოცნების" მორიგი აქცია დაიგეგმა, მაგრამ ყველა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით ამჯერად "ქართულმა ოცნებამ" აქციის ჩასატარებლად ხელისუფლების შეთავაზებაზე უარი თქვა და საჯაროდ განაცხადა, რომ თავის ღონისძიებას რუსთავში შარტავას მოედანზე ჩაატარებს. გასაგებია, რომ აქციის ჩატარებაზე მისმა ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, ხოლო ხელისუფლებამ აქციის ჩატარების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა წინა შემთხვევაში "ქართული ოცნება" ასე არ იქცეოდა. თქვენი აზრით, ახლა რა ხდება? "ქართული ოცნება" ბრძოლის სხვა სტრატეგიაზე გადადის, თუ რასთან გვაქვს საქმე?
- ვერ გეტყვით. მე არასოდეს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება ივანიშვილისადმი, მაგრამ ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, მართლაც ახალი სტრატეგიის ნაწილი იყოს, მაგრამ მართლა არ ვიცი. "ქართულმა ოცნებამ" აქციის ჩატარების ადგილსა და დროზე ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდა. არაფერი უკანონო იმაში, რომ "ქართულმა ოცნებამ" იქ ჩაატაროს აქცია, სადაც მან თავად დაგეგმა, არაფერია. თუ ხელისუფლებას აქციის დარბევა უნდა, არ ვიცი.

"ოცნების" აქციაზე იმდენი ხალხი იკრიბება, დარბევაზე ფიქრი ხელისუფლების მხრიდან მორიგი სისულელე იქნებოდა. თუ 2007 წლის აქციის დარბევა იყო იდიოტიზმი, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა იყო სადიზმი. იმის გათვალისწინებით, რომ კოალიციის აქციები ხალხის სიმრავლით გამოირჩევა, არა მგონია, ხელისუფლების მხრიდან "ქართული ოცნების" რუსთავის აქციის დარბევაზე ფიქრი რაციონალური გადაწყვეტილება იყოს.