ფინანსური კრიზისი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბუმი

ფინანსური კრიზისი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბუმი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები მხოლოდ 2012 წლის პირველ კვარტალში 2010 წლის დონესთან შედარებით დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 474 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 180%-იანი ზრდაა. გამოდის, რომ 2 წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები თითქმის 2–ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის მოცულობას, იგი ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის I კვარტლის მდგომარეობით 382 მილიონი ლარია, 2010 წელს კი მთლიანი სესხების მოცულობა 180 მილიონი ლარი იყო, ანუ 2 წელიწადში მთლიანი სესხები 212%–ით გაიზარდა.

ეს მონაცემები „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას წარმოადგინა. ორგანიზაციამ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორი სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამის მიზეზი არამარტო სპეციფიკური, ზოგადად ამ სფეროსთვის დამახასიათებელი ფაქტორებია, არამედ სხვა მაკროფაქტორებიც, ისეთი როგორიცაა ქვეყანის ეკონომიკის მდგომარეობა, სოციალური ფონი, ფინანსური ბაზრის მდგომარეობა და ა.შ.

„მოგეხსენებათ, ფინანსური კრიზისის და 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ბანკები კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემის წინაშე დადგნენ, რის გამოც ბანკებმა საგრძნობლად შეზღუდეს სესხების გაცემა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახდა საბანკო კრედიტი. ამასთანავე, კრედიტების დაუბრუნებლობის გამო, ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ხსენებული მიზეზების გამო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა. გარდა ამისა, ბანკების კლიენტებს ვალის დაფარვა ყოველთვიურად უწევთ, ვალის გადავადებასა თუ რესტრუქტურიზაციაზე ბანკები, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, ვინაიდან მათ მიერ შემოთავაზებული სესხი, რომელსაც მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში, ბანკის სესხის გადასაფარად მიმართავს, უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და სუბიექტებს მისი მიღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ უხდებათ.

ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ გარდა ბანკების მიერ საკრედიტო პოლიტიკის შეზღუდვისა და ე.წ. „გაშავებული“ კლიენტებისა, მიკროფინანსების სფეროს ზრდას ფინანსური ბაზრების განვითარების დაბალი დონე განაპირობებს, რის გამოც მოსახლეობა ვერ იღებს მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებას, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია შესაძლებელი და იძულებულია მაღალ ფასად ისესხოს ფინანსური რესურსი.

ფინანსისტის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, გაცილებით მსუბუქად რეგულირდება, მათი პასუხისმგებლობის დონე და მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ვალდებულების ხარისხი გაცილებით დაბალია.

„ყველა ხსენებული ფაქტორი ამ ბაზარს სხვადასხვა სუბიექტებისთვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის და სფეროც არნახული ზრდის ტემპებით ხასიათდება. მიკროსაფინანსო სფერო თითქმის ერთადერთია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს და დარგებს შორის, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ფინანსური კრიზისის ფონზე გაიზარდა, თანაც საკმაოდ დიდი მასშტაბებით“, - აღნიშნავს აფბა-ს პრეზიდენტი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ აღსანიშნავია, რომ საკრედიტო პორტფელის მსგავსი ზრდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ხდება. აფბას კვლევის შედეგების თანახმად, დღეისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდეგი საპროცენტო განაკვეთები ფიქსირდება: ბიზნეს სესხებზე 31,9%, სამომხმარებლო სესხებზე – 28,9%, ავტო სესხებზე – 58,5%, იპოთეკურ სესხებზე – 34,8%, სალომბარდო სესხებზე – 40,1% და აგრო სესხებზე – 29,8%. საშუალო განაკვეთი კი 37%–ია. მაშინ, როცა ევროპაში საშუალო განაკვეთი 5%–ია (უფრო დეტალურად იხილეთ დანართი 1). გამოდის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სესხებზე განაკვეთი საქართველოში დაახლოებით 7–ჯერ მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

„როგორც აღინიშნა, მიკროსაფინანსო ბაზარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით ვითარდება. თუმცა, რამდენად განაპირობა ეს თამაშის სამართლიანმა, მორალურ-ეთიკურმა წესებმა და საბაზრო ტენდენციებმა, ვფიქრობთ, სადაო საკითხია. მიკროსაფინანსოების დიდმა ნაწილმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ საბანკო კრედიტები მოსახლეობისთვის სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდებოდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც სხვა გზა აღარ ჰქონდათ ფინანსური რესურსის მისაღებად, იძულებული გახდნენ დეფიციტური ფულადი სახსრები მიკროსაფინანსოებისგან მიეღოთ კაბალური პირობებით. ანუ ადგილი ჰქონდა კლიენტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას, რამაც განაპირობა სწორედ მიკროსაფინანსო სექტორის ზრდა“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ერთი შეხედვით, სექტორის ზრდა შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რა კატეგორია მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ასაღებად, აქ შეიძლება დიდი საფრთხე დავინახოთ. ჭიჭნაძე ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების დიდ ნაწილს ბანკებთან გაფუჭებული ურთიერთობების მქონე სუბიექტები წარმოადგენენ, რომლებიც გამოსავლის არქონის გამო, თანახმა არიან მიკროსაფინანსოებში გაცილებით მძიმე პირობებით აიღონ სესხი. მიკროსაფინანსო სექტორის სწრაფი ზრდა კი სწორედ კლიენტურის რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი პრობლემური მსესხებლების კატეგორიაში გადადის და ბანკთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს და მისთვის საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით მომსახურება მიიღოს.