გლდანში „ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დეპუტატობისთვის ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ნიკოლოზ ხაჩირაშვილის დამარცხების მიზნით დათანხმდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ივერონთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ერთადერთი კონკურენტი სწორედ ხაჩირაშვილია.
„ხაჩირაშვილი, ისევე როგორც მე, საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარეა. მე მისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ამიტომ პირდაპირ ეთერში ვიწვევ და სწორედ იქ უნდა დავუმტკიცო, რომ მან როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ხალხს ნაგვისა და დენის გადასახადი გაუერთიანა. სხვა კანდიდატებს მე კონკურენტებად არ აღვიქვამ და არა იმიტომ, რომ მათ ავტორიტეტი, წონა, ან პარტიული ზურგი არ აქვთ, არამედ უბრალოდ ჩემი მთავარი ინტერესი ხაჩირაშვილის დამარცხებაა“, - განაცხადა გრიგოლიამ.
რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოსო ჯაჭვლიანს, ინგა გრიგოლია მას წარმატებას უსურვებს.
რას ფიქრობს გრიგოლიასა და ხაჩირაშვილთან კონკურენციაზე და საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სოსო ჯაჭვლიანი, ამასთან დაკავშირებით for.ge „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს თავად ესაუბრა.
სოსო ჯაჭვლიანი: „საერთოდ მე მივესალმები ინგა გრიგოლიას მანდ მობრძანებას, ნიკო ხაჩირაშვილსაც მივესალმები და ყველას, ვინც მანდ კანდიდატად დადგება. კარგი იქნებოდა, სააკაშვილიც მაჟორიტარ კანდიდატად რომ დამდგარიყო. ხაჩირაშვილმა ერთი ასეთი კარგი თემა შემოაგდო, რომ თურმე მისი კონკურენტი სოსო ჯაჭვლიანი კი არა, არამედ გლდანის პრობლემებია. მე მომწონს ასეთი საუბარი. ნახეთ, რა კარგია, უკვე პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს. გლდანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია და ვინც აქ მოვა, ერთხელ და სამუდამოდ, მთელს საქართველოს მივცეთ მაგალითი, რომ ვიფიქროთ პრობლემებზე და ერთმანეთს მივუტანოთ ჩვენი სათქმელი. ისე კი არ მოვიქცეთ, ირგვლივ გიენებივით რომ ესხმიან თავს და ქვებს უშენენ.
ხალხი ბრძენია და ჩვენი წონითი კატეგორიები მან უნდა განსაზღვროს, რადგან ამაზე თავად ჩვენ რომ ვისაუბროთ, არაკორექტური იქნება.
იმ ადამიანში ეჭვის შეტანა, რომლის გუნდსაც მე წარმოვადგენ, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს ადამიანი წლების განმავლობაში უამრავ ქველმოქმედებას ეწეოდა და თან ისე, რომ მისი სურათიც კი არავის ენახა. არ შემიძლია არ შევეხო იმ ჟურნალებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობაში დაარიგა. იმდენად ჯუჯები და ტვინმიბრეცილ-მობრეცილები არიან, რომ ამ ჟურნალში ყველა შენობა შეიტანეს, რომელიც ასევე თითქმის სულ ივანიშვილის ფულით არის აშენებული (მათი ვალი მხოლოდ წითელი ლენტის გაჭრა იყო ხოლმე). მხოლოდ ერთი შენობა არ შეიტანეს ამ ჟურნალში და ისიც იმიტომ, რომ ეს შენობა იმდენად ივანიშვილის აშენებულია, რომ ამაზე არც არავინ დავობს. იცით ეს რა შენობაა? სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ალბათ 21-ე საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძეგლია.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ინგა გრიგოლიასაც მივესალმები, ნიკო ხაჩირაშვილსაც და საერთოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან მისვლა და ხელის ჩამორთმევა. ასეთი საქართველო უნდა ავაშენოთ და მაშინ იქნება საამური ცხოვრება.
ნაციონალებს იმდენად ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი, რომ არჩევნების ეშინიათ. „ქართული ოცნება“ მათთან შედარებით არაკონკურენტულ მდგომარეობაშია. ყველანაირი სახელმწიფო რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ თითქოს აქამდე გასაკეთებელი არაფერი იყო. როდესაც ამ რესურსს ასე გამოიყენებ, მე კი ლარიანით წაქცეულ კაცს რომ ვალიდოლი უნდა ჩავაწვეთო, ამის გამო დამსჯი და გაათმაგებულ ჯარიმას დამაკისრებ, ეს არასწორია. ამიტომ, ნებისმიერი კონკურენტი ვინც იქნება, სჯობს პიროვნულ შეურაცხყოფებზე არ გადავიდეთ, ვისაუბროთ საკუთარ გუნდზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებზე და საკუთარ ავტორიტეტზე.
ბატონო სოსო, დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირებულ ორ პოლიტიკურ ძალას (ანუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“) შორის განსხვავება არ არსებობს და რომ პირველ ოქტომბერს ხალხმა ცხვრის ტყავში გახვეული მგლების გარჩევა უნდა შეძლოს. რას გვეტყვით მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით?
- გიორგი თარგამაძეს ასე ვუპასუხებდი - საიდან გაქვთ ამხელა იუმორის გრძნობა? ხალხს უნდა ვკითხოთ, ყველაფერი ხომ აშკარად ჩანს. მარტო ის რად ღირს, გურჯაანში ჯარისკაცის მამის ძეგლთან ხუთმეტრიანი სიმაღლის ღორის მწვადები რომ ეყარა და ასმეტრიანი წალამი იყო დაყრილი. ეს რომ „ქართულ ოცნებას“ გაეკეთებინა, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ ისედაც მიკერძოებული სახელისუფლებო მედია-საშუალებები? ამაზე დაფიქრება თქვენს მკითხველს მივანდოთ, მათ თვითონ განსაზღვრონ ყველაფერი.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და რომ ახლა საქართველოში ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე 8 წლის წინ. ეთანხმებით მის ნათქვამს?
- მიხეილ სააკაშვილს სულ რომ აეშენებინა საქართველო, ის მაინც ნულის ტოლი იქნებოდა, რადგან ყველაფერი პოლიტიზირებულია. ყველაზე დიდი პრეზიდენტი დედამიწის ზურგზე იყო რონალდ რეიგანი (ასეთი იყო გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ამერიკელებმა ჩაატარეს) და მან საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ აქ ხალხი შიმშილით კვდებოდა, ან რაიმე ამგვარი ხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს არაფრის უფლება ჰქონდათ, ქვეყანაში უსამართლობა იყო გაბატონებული, არ არსებობდა სასამართლო და ყველაფერი დიქტატურაზე იყო დამყარებული. ქართველი კაცის გენეტიკურ მეხსიერებაში დევს ის, რომ იგი უნდა შეხვდეს ახალ წელს, აღდგომას, კვირიკობას, დიდგორობას, იმ დიდგორობას, რომელიც ამათ დიდღორობას დაამგვანეს. როდესაც შენ ადამიანებს სახალხო დღესასწაულზე მისვლას უკრძალავ და იძახი, რომ მარტო შენი პარტიის წევრები უნდა მივიდნენ, რეიგანი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ამას მოსწრებოდა, იტყოდა, რომ ეს არის ბოროტების იმპერია აყვანილი კვადრატში.
36 სტრატეგიული ობიექტიდან უმეტესობა სააკაშვილმა პირწმინდად ჩააბარა რუსეთს. მაგალითად ენგურჰესი, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გადაუფორმა რუსებს. ჩვენი ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას კი, რომელსაც თურქეთს 1.5 თეთრად აწვდიან, ჩვენ გაათმაგებულ ფასად ვყიდულობთ. ამასთანავე, გვეკაიფებიან და ნაგავიც ზედ მიაწერეს და რა აღმშენებლობაზეა საუბარი. აღარაფერს ვამბობ, 140 ახალგაზრდა რომ არის დახვრეტილი, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს რომ ჩააბარეს და ა.შ. სხვათაშორის ძალიან მომეწონა ვასილ მაღლაფერიძის გადაცემაში ჩემთვის ღრმადპატივცემული სამი ადამიანი რომ იჯდა მაღრაძე, შათირიშვილი და მაღლაფერიძე და ძალიან კარგად იღადავეს. იქ ერთი რამ ძალიან მომეწონა, მათ თქვეს ჩვენს პრეზიდენტსა და ერეკლე მეფეს შორის დიდი მსგავსებააო. კერძოდ, ერეკლე მეფე თავის დაცვას გაექცეოდა და ომში შევარდებოდაო, ეს კი თავის დაცვას ომიდან ასწრებსო. ასე რომ, შერცხვეს, როდესაც აღმშენებლობაზე ლაპარაკობს.
ირანის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, 8 წელი გავიდა, საპრეზიდენტო ვადა მეწურება და წავალ და ჩემს სამეცნიერო მუშაობას გავაგრძელებო. ირანის პრეზიდენტმა როგორ უნდა გაჯობოს? გავიდა 9-10 წელი და წადი რა, თავი დაგვანებე!
უკვე ცნობილია თბილისში როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები. ორივე მხარე მისი კანდიდატების წარმატებაში დარწმუნებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით ორივე პოლიტიკური ძალის კანდიდატების შანსებს?
- მოგეხსენებათ, ხალხი თავისებურ ანალიზს აკეთებს. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ლიდერი. იქით მხარეს არის სააკაშვილი, აქეთ მხარეს კი - ბიძინა ივანიშვილი. დავდოთ სასწორზე მისი გაკეთებული საქმეები და საერთოდ მოვუსმინოთ ამ კაცს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია, უბრალოდ სასაცილოა. აქამდე არ იყო მისი ფული რუსული, სანამ თვითონ ხარჯავდნენ მას?
ზოგს კითხვა უჩნდება, ივანიშვილი ამათ რატომ აძლიერებდაო, მაგრამ ის სააკაშვილის რეჟიმს კი არ აძლიერებდა, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას აძლიერებდა. ხოლო როდესაც მიხვდა, რომ ამათ ყველაფერი უკუღმა მიჰყავდათ, მაშინ ადგა და ყველაფერი სასწორზე შეაგდო. ამაში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო, როდესაც ეს ისე ცხადია, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
შეიძლება მტრის გუნდიდან პიროვნულად ვიღაც მოგწონდეს, მაგრამ ყველაფერი არის გუნდი. გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე ერთი რაღაც მინდა ვთქვა - მოდით, ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, მაჟორიტარების თემას ვგულისხმობ, თუ ეს ყველაფერი იმ სიბრტყეში იქნება გადაწყვეტილი, რასაც თანასწორობა ჰქვია, დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიში 90-ით 10 იქნება, მაგრამ ჩემზე უკეთესად თქვენ იცით, ამათ რა მექანიზმები აქვთ. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმე იქით მიჰყავთ, რომ ხალხს იწვევენ და არ უნდათ, არჩევნები რომ შედგეს. ალბათ, დედამიწის ზურგზე არავის აუკიდებია ამხელა ჯარიმები პოლიტიკური ოპონენტებისთვის. ამათ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ, მაგრამ ჩვენ ამას არ წამოვეგებით, ყველაფერს ავიტანთ და გეტყვით, რომ ძალა ხალხშია. „სახალხო კრების“ დევიზი იყო - ძალა ხალხშია და სრულად ვეთანხმები ამ აზრს.