„საერთაშორისო თანამეგობრობა სააკაშვილს კადაფიზაციისგან იცავს“

„საერთაშორისო თანამეგობრობა სააკაშვილს კადაფიზაციისგან იცავს“

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კოალიციის მხრიდან შეხვედრას მანანა კობახიძე, სოზარ ზუბარი, გოგი თოფაძე, ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე ესწრებოდნენ. ისინი შვეიცარიის ელჩს, ასევე სხვადასხვა საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და NDI-ს ხელმძღვანელს ლუის ნავაროს შეხვდნენ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს ხელისუფლების მიერ კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესახებ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კოალიცის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

„სახელმწიფოს და ხელისუფლების მთავარი მიზანი პრაქტიკულად ყველა რაიონში ის არის, რომ ჩაშალოს და ხელი შეუშალოს კოალიციის საარჩევნო კამპანიას“ - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სადაზვერვო საშუალებების გამოყენებას“ აგრძელებს. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს ფაქტიურად ჟანგბადი გადაუკეტა, რადგან კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარების ეშინია“.

დიპლომატებთან შეხვედრის დეტალებზე for.ge კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, სოზარ სუბარს ესაუბრა.

სოზარ სუბარი: „შეხვედრაზე საუბარი იყო იმ დარღვევებზე, რაც ხდება. პრაქტიკულად ამას დარღვევებიც აღარ ჰქვია, რადგან სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები კი არა, ომი იქნება. მან განაცხადა, პირველი ოქტომბერი ჩვენი დიდგორიაო. ამ ადამიანს არჩევნების ეშინია და შესაბამისად, სურს ეს პროცესი სხვა დისკუსსში გადაიყვანოს, ანუ არჩევნების ნაცვლად ისაუბროს დაპირისპირებაზე, ომზე და ა.შ. მან იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოქტომბრამდე საარჩევნო გარემო საერთოდ აღარ არსებობდეს. ამას მოწმობს ეს დაპირისპირებები, რაც ხდებოდა ბეშუმში, დიდგორში, მანამდე კარალეთში, მესტიაში, ასევე მაჟორიტარების და მათი ნათესავების დევნა, მათი მხარდამჭერების და „ქართული ოცნების“ წევრების დევნა. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანოს.

ამას ემატება ის აბსურდული დაჯარიმებები, რომლებიც ერთის მხრივ ლიდერებს, მეორე მხრივ რიგით წევრებს შეეხო. პრაქტიკულად გამოდის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლება პოლიტიკურ აქტივობას კრძალავს, რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები დააჯარიმეს არა პარტიისათვის შეწირულობის გაკეთების გამო, არამედ იმის გამო, რომ მათ საწევრო გადასახადი გადაიხადეს.

მაგალითად, კონსერვატიული პარტიის წევრებმა გადაიხადეს საწევრო, რაც მათი წესდებით არის გათვალისწინებული, ხოლო კონტროლის პალატამ და შემდეგ სასამართლომ, ეს ადამიანები ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამას კანონთან არაფერი აქვს საერთო. ხელისუფლება პრაქტიკულად გვეუბნება, არჩევნებს არ ჩაგატარებინებთო. ჩვენ კი პირიქით, ჯიუტად ვამბობთ, რომ მივდივართ არჩევნებისკენ და სწორედ არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება.

ყველა ეს ინფორმაცია დიპკორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეთ?

- დიახ, არა მხოლოდ ეს, არამედ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანების სია, ასევე ვიდეომასალა, სადაც პოლიტიკური დევნის თუ ქვების ცვენის შემთხვევები ჩანს და ა.შ. ამდენად, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად გადავეცით მათ ეს ინფორმაცია, არამედ დოკუმენტური მასალაც მივაწოდეთ.

დიპკორპუსის წარმომადგენლებმა რაიმე კომენტარები თუ გააკეთეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით?

- საერთოდ, მოგეხსენებათ, ისინი შეფასებებისგან თავს იკავებენ ხოლმე. ასევე, როდესაც რაიმე ინფორმაციას ვაწვდით, უბრალოდ იღებენ ამ ინფორმაციას და შეხვედრა ამით სრულდება ხოლმე. დღეს კი მათი მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, იყო დაზუსტებები, გარკვეულ დეტალებზე ჩაძიება და ა.შ. რაც ერთი მხრივ, საკითხისადმი მათ მაღალ ინტერესზე მეტყველებს, ხოლო მეორე მხრივ, ცხადჰყოფს, რომ პრინციპში ისინი ისედაც კარგად არიან ინფორმირებულები.

ამ შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენ თითოეულ ხმას დავიცავთო. თქვენს სამოქმედო გეგმებზეც ესაუბრეთ დიპლომატებს?

- ამ თემაზე დღეს არ გვისაუბრია, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების მხირდან ჩადენილ დარღვევებზე იყო ლაპარაკი, თუმცა ბუნებრივია, რომ ჩვენ ხმებს დავიცავთ, სხვანაირად ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრიც არ ექნებოდა. რა არის არგაყალბების და ხმების დაცვის მთავარი მეთოდი? ეს არის სანდო და კვალიფიციური დამკვირვებლები და კომისიის წევრები. გაყალბების 1001 მეთოდიც რომ არსებობდეს, ამის წინააღმდეგ საკმარისია ერთი მეთოდი და ეს არის სანდო და კვალიფიციური დამკვირვებლები და კომისიის წევრები. ძირითადი დარღვევები ხდება მაშინ, როდესაც დამკვირვებელმა და კომისიის წევრმა არ იცის, როგორ იმოქმედოს, ან ის მოსყიდულია. ამის რესურსი ჩვენ გვაქვს და შესაბამისად, დაცვის მთავარი გარანტი სწორედ ეს არის. ამას ემატება უცხოელი დამკვირვებლები და ვიდეოფიქსაციის საშუალებები, რაც აქტიურად იქნება გამოყენებული. ამის იქით გაყალბების ერთადერთი საშუალება დარჩება ხელისუფლებას. ეს არის უბნებში შევარდნა, დარბევა და იმ ციფრის დაწერა, რაც მას უნდა. ეს ყველაფერი კი ავტომატურად ნიშნავს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი.

ცესკო- მონაცემებით დღეის მდგომარეობით ოქტომბრის არჩევნებისთვის ორი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დამკვირვებლად რეგისტრირებული, ესენიაNDI დაIRI“. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ ქართულ საზოგადოებაში ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, როგორ ფიქრობთ, საკმარისია ამ ორგანიზაციების დამკვირვებლად ყოფნა?

- ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილები და ამიტომ ბუნებრივია, რომ პირველები ისინი დარეგისტრირდნენ, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ჩამოდის „ეუთოს“ ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია და ასევე დამკვირვებლები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც. ასე რომ, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითქართული ოცნებადიპკორპუსისგან შესაბამის რეაგირებას ელის. როგორი შეიძლება იყოს ეს რეაგირება?

- ეს უნდა იყოს ადექვატური განცხადებები და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მათ ეს ძალადობრივი ქმედებები შეწყვიტონ. საერთოდ, ჩვენთან ხშირია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადექვატური, მაგრამ ერთი წუთით რომ დავუშვათ, საერთაშორისო საზოგადოება რომ არ არსებობდეს, დღეს საქართველოში ასადის, ან კადაფის რეჟიმი გვექნებოდა. ასე რომ, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობაა ის, ვინც სააკაშვილს ამ ეტაპზე კადაფიზაციისგან იცავს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვამბობთ, რომ მათი რეაგირება ხშირად არაადექვატურია, ესეც გასაგებია და ამაშიც მართლები ვართ, რადგან იგივე ქმედებების გამო, რასაც სააკაშვილი სჩადის, მაგალითად ლუკაშენკოზე მთელი მსოფლიო იტყოდა, რომ ეს თავგასული დიქტატურის ნათელი ნიმუშია. სააკაშვილის მიმართ ასეთი მკაცრი განცხადებები არ კეთდება იმ დისკურსის გამო, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს იყო ერთგვარი იმედი, რომ აქ დემოკრატია შენდებოდა, რომ დემოკრატიული პროცესები დაიძვრებოდა და ა.შ. ამისი სჯეროდა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ ამისი ჩვენც გვჯეროდა. ჩვენი იმედგაცრუება გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ასე მალე ვერ ცვლის და არ ცვლის პოზიციას. ამიტომაც მათ მუდმივად უნდა მივაწოდოთ ისეთი ფაქტები, რომლებზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელი იქნება.