მურმან დუმბაძე ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან ჩართულია პოლიტიკაში."ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატს, წინ დიდი ბრძოლა ელის. " ეგ არ მაშინებს, 25 წელია ბძოლაში ვარ. ერთი ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ სხვა არაფერი დამკლებია-" ამბობს ბატონი მურმანი.
_ბატონო მურმან, მთლად თავდაჯერებულიც ნუ იქნებით... პოლიტიკური მოვლენები ისე გამძაფრდა, შესაძლოა, ერთი კი არა, რამდენიმე ქვა ერთდროულად დატრიალდეს თქვენს თავზე.
-აბა, კაცო?! ქვების სროლა "ნაციონალური მოძრაობისთვის" სპორტის სახეობად იქცა. რა ქნან, ამოწურეს ყველა რესურსი და დარჩნენ ქვების იმედად. ჩარჩა სააკაშვილი და მისი გუნდი ქვის ხანაში, თუ ატყობთ თქვენ? ისე, გავუძლებ ამ ქვების სროლასაც და თავის ერთხელ კიდევ გატეხვასაც ავიტან, ოღონდ ესენი წავიდნენ და უარესს ნუღარ იზამენ.
_ ე.წ. ნაციონალურმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ჩანაწერი, სადაც მოსახლეობას ხუმრობით მიმართავთ, რომ ვინც არჩევნებზე მარჯვენა ხელით ხუთიანს მოხაზავს ბიულეტენში, მას კიბო გაუჩნდება, ვინც მარცხენათი - ხელი გაუხმებაო. რატომ წყევლით "ნაციონალთა" მხარდამჭერებს?
-კი, კი, ეგ ჩანაწერი "რუსთავი-2"-მაც აჩვენა და "იმედმაც"... არ ვწყევლი, კაცო, მაგათ კიდევ დაწყევლა და ჯადო უნდათ? დაწყევლილები და გათვლილები არ არიან სააკაშვილის ხელში? "ვიხუმრე, აფრასიონ, ვიხუმრე, კაცო"-სააკაშვილს მივმართავ, მაგრამ მაგათ ხუმრობაც არ იციან. მურმან დუმბაძე რომელი კაშპიროვსკია ახლა... საასაცილო რა არის იცი? აქ, ბათუმში ისეთი რამ მოხდა, არ დამიჯერებ რომ გითხრა.
_რა მოხდა ასეთი სასწაული?
_მე რომ ვიხუმრე ხალხთან, ვინც ბიულეტენში ხუთიანს მოხაზავს, იმათ ასეთი და ასეთი დაავადებები შეეყრებათ-მეთქი, მეორე დღეს "ნაციონალებმა" თავიანთ მხარდამჭერებში დიპლომიანი ექიმები გააგზავნეს. ამ ექიმებმა ეს ხალხი დაამშვიდეს - ნუ გეშინიათ, მურმან დუმბაძე ხუმრობს, მოხაზეთ ხუთიანი, არც ხელი გაგიხმებათ და არც კიბო დაგემართებათო.
_კარგით რა, ბატონო მურმან, ხუმრობთ, ალბათ...
_არა, არ ვხუმრობ, გეფიცებით, მართლა ასე იყო. ბათუმის რამდენიმე უბანში იყვნენ ექიმები და ხალხს ამშვიდებდნენ - მოხაზეთ ხუთიანი, არაფერი დაგემართებათ, ჩვენ ექიმები ვართ, დუმბაძე- მათემატიკოსია და მაგას არ დაეჯერებაო. ახლა მითხარი, რა არის ეს, თუ არა "პოლიტიკური შიზოფრენია"?
_ისე, მაინც მოხაზავენ ხუთიანებს "ნაციონალთა" მხარდამჭერები, მართლა კიდურების გახმობის საფრთხე რომ ემუქრებოდეთ. ბოლო-ბოლო, 1 სექტემბრიდან სამედიცინო დაზღვევა აქვთ და იმკურნალებენ.
_არ გამოვა ეგ საქმე. მე ვიცი "ნაციონალთა" სადაზღვევო პოლისში რა სამედიცინო მომსახურებაც შედის, "საარჩევნო ტრავმების" მკურნალობაზე იმ პოლისში არაფერია ნათქვამი. ისე, მე მაქვს იდეა. ხელისუფლებაში რომ მოვა "ქართული ოცნება", აუცილებლად ავამუშავებთ "ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას".
_მერე, ვის უნდა უმკურნალოთ?
_მაგას კითხვა უნდა, შე კაცო? პრეზიდენტი გვყავს იმ დღეში, "გიჟის ხალათი" უნდა ჩააცვა სასწრაფოდ. მიშა ცალკე პალატაში გვეყოლება. ხომ არიან ფსიქიკურად აშლილი ადამიანები, დიდი პიროვნებები რომ ჰგონიათ თავი-ზოგი ნაპოლეონია, ზოგი-ჰანიბალი. აი, მიშასაც ალექსანდრე მაკედონელისა და იულიუს კეისრის გვერდით პალატაში მივუჩენთ ადგილს, თავი მაინც დავით აღმაშენებელი ჰგონია. აგერ, დიდგორობასაც არ თქვა, აღნაშენებლის მერე ამდენი რამ არ აშენებულა საქართველოშიო? კაცმა დააქცია ქვეყანა და ჰგონია-აშენებს.
_ბატონო მურმან, თქვენ ასლან აბაშიძის დამხობაში დიდი წვლილი მიგიძღვით. ახლა ლევან ვარშალომიძესა და მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანისთვისაც ბევრი იბრძოლეთ. წყალში გადაგეყარათ ამდენი შრომა?
-მე კი არა, ნახევარი საქართველო გაწბილებული დარჩა. ასლან აბაშიძესთან საბრძოლველი იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ესენი თუ ამდენ საშინელებას დაატრიალებდნენ. არა, ასლანს ამათ როგორ შევადარებ... იუმორის გრძნობა მაინც ჰქონდა იმ კაცს. მაშინაც ბევრს ვხუმრობდი ასლანსა და "აღორძინებაზე", მაგრამ ტელევიზიებით არ უჩვენებიათ. მაშინაც უამრავ მიტინგს ვაწყობდით იმავე აჭარის ტელევიზიასთან, მაგრამ აქციის მონაწილეებს არ იჭერდა ის კაცი. არადა, შარშან, 26 მაისს, აჭარის ტელავიზიასთან გამართული მიტინგის 7 აქტივისტი, დღემდე ციხეში ზის-ესენი პოლიტ-პატიმრები არიან.
_არადა, აბაშიძეს ერთი პოლიტ- პატიმარი ჰყავდა-თენგიზ ასანიძე და ამის გამოც იყო, ლამის შეაკვდით ასლანს, ამოხადეთ კაცს სული. ყოფილიყო ის კაცი აჭარაში, რატომ გააქციეთ? ამათზე უარესს მართლა რას აკეთებდა?
- მე მაშინაც დემოკრატიისთვის ვიბრძოდი და ახლაც დემოკრატიისთვის ვიბრძვი.გავუშვით ცუდი და მივიღეთ უარესი. ამას მაშინ ვერ ვიფიქრებდით ვერც მე, ვერც ჩემი თანამრბრძოლები. ასლანის რეჟიმი შესაცვლელი იყო, მაგრამ არა უარესით, არადა, ათასგზის უარესი ხელისუფლება მივიღეთ.
_ხულოს რაიონში, სოფელ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე, მიხეილ სააკაშვილმა მაჭანკლობაც დაიწყო. ლევან ვარშალომიძეს ლამის იქვე შეურჩია საცოლე.
_კი, აძალებდა მიშა ლევანს, აირჩიე საცოლეო. მიშა არც მაჭანკლად ივარგებს, დამიჯერე მე. ეგ ისეთივე მაჭანკალი იქნება, როგორიც "სუტ-კნეინა" იყო. ხომ გახსოვთ, ლუარსაბ თათქარიძეს მახინჯი დარეჯანი რომ შეართვევინა აფერისტობით?
_ბეწვზეა გადარჩენილი ლევან ვარშალომიძე.
_კი, მიშას ხელში მაგას სიკეთე არ უწერია და ამაში არჩევნების შემდეგ დარწმუნდება. იქ მთავარი რა იყო იცით? მიშამ ეს რომ უთხრა, ლევან ვარშალომიძეს იქვე სილა უნდა გაეწნა.
-ვისთვის, კაცო?
_ვისთვის და მიშასთვის. რა იყო, რა გაგიკვირდა?
_რას ამბობთ, ბატონო მურმან, მიშას დაცვა იქვე დაამტვრევდა ძვლებში ვარშალომიძეს, ეგ რომ გაებედა. თანაც, ახლა უკვე ციხეშიც იჯდებოდა.
_სამაგიეროდ, ღირსეულად მოიქცეოდა. ამგვარი რამ რომ გაებედა ჩემთვის უფროსს, თუნდაც პრეზიდენტს, იქვე, ხალხში შემოვკრავდი ხელუკუღმა. მაგრამ დაკარგა ღირსება ვარშალომიძემ და თანაც, დიდი ხანია უკვე.
_იქვე, ბეშუმში, მიშამ ხალხს შეაცოდა ვარშალომიძე-ქოხში ცხოვრობს, საქვეყნო საქმეს გადაყვა და თავად ერთი სახლი ვერ აიშენაო.
_კაი, ნუ მაცინებ ახლა... ვარშალომიძეს როგორი "ქოხი" აქვს იცი? ბათუმის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე აქვს უზარმაზარი სახლი. 12 მეზობელი გაასახლა 2005-06 წლებში და გაფართოვდა, ვერ დაეტია , რაც ჰქონდა, იმ სახლში. კაცი 13 ოჯახის სამყოფ ფართში ცხოვრობს და ესაა ქოხი? ეგ ზღაპრები მიშამ ბავშვებს მოუყვეს.
_ბატონო მურმან, მათუმში მაჟორიტარად იყრით კენჭს "ქართული ოცნებიდან." "ნაციონალებიდან" ვინ გეყოლებათ კომკურენტი?
_თუ უნდა, თავად სააკაშვილმა იყაროს ბათუმში კენჭი, მაინც მოვუგებ! არ მისცემს ხალხი ხმას მაგათ კანდიდატს, უეჭველია ეს. ჯერ ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის კანდიდატურას განიხილავდნენ, მერე-ვარშალომიძისას. მათივე კვლევებით აღმოჩნდა, რომ ორივეს ვაჯობე რეიტინგით. ახლა "ნატოს მინისტრი" და ვიცე-პრემიერი რომ არის გიორგი ბარამიძე, მის კანდიდატურაზეა ლაპარაკი.
_არ გეშინიათ ბარამიძის?
_ გული მისკდება შიშისგან, რაც ეგ ამბავი გავიგე, მას აქეთ "ვალერიანის" წვეთებით დავდივარ... ვისი უნდა მეშინოდეს, კაცო? "ნაციონალის"? დათვლილია ამათი დღეები. 44 დღე დარჩა "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლამდე, ანუ 1 ოქტომბრამდე.
-რობიზონ კრუზოსავით ითვლით ზუსტად დღეებს?
-კი, მართლა მასე ვითვლი... კედლის კალენდარი მაქვს სახლში და ყოველ დილას თითო დღეს ვაკლებ ამათ სიცოცხლისუნარიანობას. უიმედო პიციენტებივით არიან. 44 დღის სიცოცხლეღა დარჩენიათ...პოლიტიკურად.
_ბატონო მურმან, რამდენი ხანია პოლიტიკაში ხართ?
_უჰ, უხსოვარი დროიდან კაცო... 1988 წლიდან, როცა ეროვნული მოძრაობის ტალღა აგორდა.
_ბევრი გადაიტანეთ მას აქეთ, შარშან, 26 მაისს გცემეს კიდეც, ნეკნიც გქონდათ გატეხილი. 1 თვე ციხეშიც გაატარეთ. "ნაციონალები" ამბობენ, მურმან დუმბაძეს ცემა და ციხე ხომ არ მოენატრა, გაჩერდესო.
_მაგათ გადაეცი, დამთავრდა თქვენი დრო და ტყუილად ნუ იყურებიან მუშტებზე. შარშანდელი მიპატიებია ყველასთვის, მარა აწი ძალით ვეღარაფერს მიაღწევენ. 1 ოქტომბერს, ახალი ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას-ეროვნული, პატრიოტული და კაცთმოყვარე.
-იმედია, რამდენიმე წლის მერე არ მოგვიწევს საუბარი თემაზე-"როგორ მოვიცილოთ "ქართული ოცნება".
-არა, გამორიცხულია! "ქართული ოცნება" გამოიყვანს ქვეყანას იმ მრავალმხრივი კრიზისიდან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ შეიყვანა. ნამდვილად არ მოგვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი.